ნანახია: 574
თბილისი მოსახლეობა სასმელი წყლით ჟინვალის წყალსაცავიდან მარაგდება. აქ ამბობენ, რომ ეს ყველაზე სუფთა წყალია, თუმცა, ეს მხოლოდ რამდენიმე კილომეტრზე. მდინარე არაგვი ჟინვალ ჰესიდან ბოდონის წყალსაცავში ჩადის, საიდანაც დედაქალაქი სასმელი წყლით მარაგდება. ჟინვალის წყალსაცავსა და ბოდონის წყალსაცავს კანალიზაცია უერთდება. როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, წყალი დაბინძურებულია. "წყალი კი გვაქვს, მაგრამ ეს წყალი არ არის სუფთა, ეს არის არაგვის სარწყავი წყალი". ჟინვალში კანალიზაციის პრობლემა უკვე წლებია არსებობს. დაზიანებული მილიდან ფეკალური მასები ზედაპირზე ამოდის და მიმდინარე ტერიტორიას აბინძურებს. საკანალიზაციო მილსადენი აქ ჯერ კიდევ 1985 წელს გაკეთდა, რომელიც თბილისში გამოვიდოდა და შემდეგ მტკვარში ჩაიღვრებოდა. მართალია მილსადენი დამონტაჟდა, თუმცა არასოდეს უმუშავია, რადგან დამონტაჟების დროს სამშენებლო მასალებით დაბინძურდა, მიწა კი ფეკალური მასებით გაიჟღინთა. არის ადგილი, სადაც, წესით, მილი უნდა იწმინდებოდეს, თუმცა ამ ადგილას მხოლოდ კანალიზაციის წყალი ამოდის და სუნიც ტერიტორიასთან მიახლოებისთანავე იგრძნობა. კავკასიის გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელმა და გარემოს დაცვის ინსპექციამ აღნიშნული ადგილი ჯერ კიდევ 2003 წელს შეამოწმა და მაშინ გარემოსა და სასმელი წყლის ფეკალური მასით დაბინძურების ფაქტი დაადასტურა. "ყველაზე ცუდ მდგომარეობაში სოფელი და ადგილობრივი მცხოვრებნი არიან. იგივე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, რომლებზეც მოჰყავთ სხვადასხვა პროდუქტი, დაბინძურებულია. ასევე უნდა აღვნიშნოთ თბილისის პრობლემა, თბილისის მოსახლეობაც აქედან მარაგდება წყლით. რა თქმა უნდა, ეს წყალი იფილტრება და ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს წყალი ჯანმრთელობისთვის საშიშია, მაგრამ თბილისის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს წყალი გაფიტრული კანალიზაციაა~, - აცხადებს CENN-ის წარმომადგენელი, რეზო გეთიაშვილი. კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის რეგიონალური კოორდინატორი, მცხეთა-მთიანეთის წარმომადგენელი გიორგი იორამაშვილი ამბობს, რომ 1100 ოჯახზე გათვლილი მილი დაზიანებულია, იქიდან კი ფეკალური მასები არაგვში ჩადის. `გვაქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებაც, რომ როგორც არ უნდა გაიფილტროს კანალიზაცია, მაინც შეიძლება გამოიწვიოს რაიმე ნაწლაური ინფექცია. არაგვის წყალი ჟინვალის წყალსაცავიდან ბევრია გამოშვებული, მაგრამ როდესაც წყალი ბევრი აღარ არის, მაშინ თვითონ არაგვიც ცოტა მოდის, მაგალითად გვალვის დროს ან ზამთარში. ახლა პროცენტული რაოდენობა კანალიზაციისა, არაგვთან შედარებით ცოტაა, მაგრამ როცა წყალი ცოტა მოდის, მძიმე ვითარებაა". საპირისპიროს ამბობს დუშეთის გუბერნატორი ლაშა ჯანაშვილი. გამგებელი ფეკალური მასების ჟინვალში ჩადინებას უარყოფს და პასუხისმგებლობას გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას აკისრებს. მისი თქმით, დაზიანების ადგილას სპეციალური წყალგამწმენდი ნაგებობის აშენებაა საჭირო, ამისათვის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან, სავარაუდოდ, 2010 წელს გამოიყოფა. ბოდონის წყალსაცავში, საიდანაც ქალაქი თბილისი იღებს სასმელ წყალს, ნამდვილად არ ხდება ფეკალური მასების ჩადინება. მასში წყალი გვირაბით შემოდის. თუ საუბარია იმაზე, რომ დაზიანებულია ჟინვალის საკანალიზაციო მილი, ამის შესახებ საკითხი დაყენებულია მთავრობაში და მიმართვა გაგზავნილია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაშიც. ამ თემასთან დაკავშირებით, სპეციალური განხცადება გააკეთა `თბილისის წყალმა". მათ თბილისისთვის ფეკალური მასებით დაბინძურებული წყლის მიწოდება უარყვეს. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისში წყლის მოხმარება უსაფრთხოა, იგი აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციებს.
მოამზადა ნინი ლეკიშვილმა
|