ნანახია: 642
იოჰან გუთენბერგი - "წიგნების დამზადების" ოსტატი იგი დაიბადა მაინცში, მამის გვარი გენსფლაიში დედის გვარით - გუთენბერგი შეიცვალა. 1420 წელს ოჯახი პოლიტიკური მოტივებით ქალაქიდან გააძევეს. უცნობია, სად შეისწავლა გუთენბერგმა ხელობა, მაგრამ უკვე 1434 წელს სტრასბურგში ოსტატად იქნა აღიარებული, 1438 წელს იოჰანი ანდრეს დრიცენის და ძმები ჰეილმანოვების, ანდრეასისა და ანტონის კომპანიონი გახდა და დათანხმდა მათთვის შეესწავლებინა რამდენიმე საიდუმლო ხელობა, მათ შორის წიგნის ბეჭდვის ხელოვნებაც. იმავე წელს დრიცენის სიკვდილი გახდა სასამართლო პროცესების მიზეზი, სადაც მისი ორი ძმა ითხოვდა გარდაცვლილის შემდეგ მათ გადასცემოდათ კომპანიონის უფლებები. სასამართლოს საბუთებში კარგადაა შენახული ცნობები გუთენბერგის ადრეული საქმიანობის შესახებ. პროცესი გუთენბერგის სასარგებლოდ დასრულდა და მან სტრასბურგში განაგრძო საქმიანობა. 1448 წელს ის მშობლიურ მაინცში დაბრუნდა, სადაც იოჰან ფაუსტთან, უმაღლესი დონის სპეციალისტთან, დადო შეთანხმება "წიგნების დამზადების" შესახებ, რომელმაც გუთენბერგს 800 გულდენი ასესხა რაღაც აპარატის დასამზადებლად. ამის გარდა, ფაუსტი მას ყოველდღიურად 300 გულდენს უხდიდა. გუთენბერგმა მას კიდევ რამდენჯერმე მიმართა ფულისთვის და 1455 წელს ფაუსტმა თავისი თანხის დაბრუნება მოითხოვა. გუთენბერგს არ სურდა, ან არ შეძლო მოთხოვნილი თანხის მიცემა, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებას ჩვენამდე არ მოუღწევია, სავარაუდოდ, იგი იძულებული გახდა ყოფილი პარტნიორისთვის მთელი თავისი საბეჭდი მოწყობილობა გადაეცა. სწორედ ამით აიხსნება, რომ დიდფორმატიანი, 42-ხაზიანი ლათინური მაზარინის ბიბლია, ჩვენამდე მოღწეული პირველი წიგნი, მოძრავი ასოების კრებულითაა დაბეჭდილი, ეს, ეგრეთ წოდებული, გუთენბერგის ბიბლია სინამდვილეში 1456 წელს ფაუსტმა და პეტერ შოფერმა ასოთსაწყობი დაფებით გამოსცეს, რომლებიც გუთენბერგმა დაამზადა. სრულიად შესაძლებელია, რომ ფაუსტთან ერთად 42 ხაზიან ბიბლიაზე მუშაობისას გუტენბერგმა იმავდროულად დაბეჭდა 36 ხაზიანი ბიბლია, რომელიც ცნობილია როგორც ბამბერგული ბიბლია, და ასევე პაპის ინდულგენცია 1454 წელს. 1458 წლიდან მოყოლებული გუთენბერგი ფინანსურ სიძნელეებს განიცდიდა. ბოლო წლები გუთენბერგმა მაინცასა და მეზობელ ელთვილაში გაატარა, 1465 წელს კურფიურისტმა ნასაუ ადოლფმა იგი კარის ბენეფიციარად აიყვანა. გუთენბერგი 1468 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა.
|