
2010 წლის 1 დეკემბრიდან დედაქალაქის მოსახლეობას წყლის ტარიფი 75 თეთრით გაუძვირდა და 3,15 ლარი შეადგინა. როგორც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალური ვებ გვერდი გვამცნობს: "წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებაზე დაწესებულმა ტარიფმა უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ წყლის ხარისხი და მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა, არამედ სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო, პროფილაქტიკური და გადაუდებელ სამუშაოთა ჩატარებაც". დედაქალაქში უკანასკნელ ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა კი ცხადყო, რომ რეალობა სულ სხვაა. წყლის ტარიფის გაზრდის შედეგად მივიღეთ მხოლოდ გაუარესებული ხარისხი და მომსახურება.
ყოველი წვიმის შემდეგ დედაქალაქს წყალმომარაგების პრობლემები უჩნდება და გაურკვეველი ხნით მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მომსახურების და ოპერატიულობის პრობლემები, განსაკუთრებით, უკანასკნელი კვირების განმავლობაში გამოჩნდა, როდესაც ყოველი ძლიერი თუ მცირე წვიმის შემდეგ, წყალი წყდებოდა. მიზეზად კომპანია 900-იანი მილის დაზიანებას ასახელებს, რომლის აღსადგენადაც კომპანიას ერთ კვირაზე მეტი დრო დასჭირდა.
კომპანიაში ამბობენ, რომ დედაქალაქის წყალმომარაგებაში პრობლემები გახშირებულმა წვიმებმა და ამის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა შექმნა. "პრობლემა არა კონკრეტულად დედაქალაქში მოსულ წვიმას, არამედ წყალდიდობებს უკავშირდება", – აცხადებენ კომპანიაში.
გარდა წყალმომარაგების პრობლემებისა, მოსახლეობა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" წყლის ხარისხისა და გემოს გაუარესებასაც უჩივის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, იმ მოქალაქეებს, რომელთაც წყლის ხარისხი არ აკმაყოფილებთ, შეუძლიათ მოითხოვონ წყლის ლაბორატორიული შემოწმება და ნახავენ, რომ წყლის ხარისხი სტანდარტებს შეესაბამება. თუმცა, კომპანიის განცხადება არ ცვლის მოქალაქეების დამოკიდებულებას წყლის ხარისხის მიმართ. მოსახლეობა მოითხოვს იმავე ხარისხისა და გემოს წყალს, რაც წინათ მიეწოდებოდა დედაქალაქს.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია, მათ შორის აღდგა ღრმაღელის ტუმბო-აგრეგატები, მთლიანად არის რეაბილიტირებული 900 მეტრიანი წყალმდენი, რომელიც ადიდებულმა მდინარე გლდანულამ მოშალა.
კომპანიაში ალოგიკურად მიიჩნევენ გართულებული წყალმომარაგების პირობებში ტარიფის გადახედვის საკითხის განხილვას. მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ წყალმომარაგების პრობლემის მიუხედავად მათ გაძვირებული ტარიფის გადახდა უწევთ. "წყალდიდობების მიერ შექმნილ პრობლემებთან ერთად, უფრო მეტი სამუშაო და რესურსია საჭირო", – დასძინეს კომპანიაში.
ამჟამად, დედაქალაქში წყალომომარაგება, მეტ-ნაკლებად, აღდგენილია, თუმცა მოსახლეობა ძველებურად ვეღარ ენდობა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" და წყლის საკუთარი მარაგი აქვს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ხშირად ხდება. მოსახლეობას ისღა დარჩენია, იხადოს გაზრდილი გადასახადები, სანაცვლოდ კი ყოველ წვიმას იმის ფიქრით ელოდოს, ვაითუ წყალი შეწყდეს და დაუბანელი დარჩეს.
ნანა მუკბანიანი