
საქორწინო კონტრაქტი - ეს არის შეთანხმება მეუღლეებს/დასაქორწინებელ პირებს შორის, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას. ქორწინება, როგორც გარიგების თეორია, ჯერ კიდევ ძველ რომში გაჩნდა. რომის სამართალი მხოლოდ ქონებრივ და პირად არაქონებრივ ურთიერთობებს აწესრიგებდა, ამიტომ ქორწინების ნებისმიერი ფორმა სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებად განიხილებოდა. მხოლოდ შემდეგ განისაზღვრა ქორწინების, როგორც საღმრთო საიდუმლოს, ხასიათი. ანუ ქორწინება არც მხოლოდ იურიდიულ ფაქტად მოუნათლავთ და არც მხოლოდ საღმრთო საიდუმლოდ. ეს ორი ცნება გაზავებულ იქნა ერთმანეთში და განსაზღვრა ქორწინების (ჯვრისწერის), როგორც იურიდიული ფაქტის ბუნება, და ამავე დროს, აღიარა მისი დიდი სარწმუნოებრივი მნიშვნელობა. ანუ, ძველ რომში ქორწინება, პირველ რიგში, ქონებრივ გარიგებას წარმოადგენდა.
უფრო მოგვიანებით, თანამედროვე სამყაროში, საქორწინო ხელშეკრულება სოციალისტური სამართლისათვის ამორალურ გარიგებად მიიჩნეოდა. ქართულ კანონმდებლობაში ეს ხელშეკრულება სიახლეა, მას ჯერ კიდევ არა აქვს მყარი ნიადაგი რეალურ ცხოვრებაში.
საქორწინო კონტრაქტი არ არის მეუღლეებს შორის ანგარების ან უნდობლობის მაჩვენებელი. პირიქით, ქონებრივი საკითხების განხილვა და დოკუმენტალურად გაწერა ურთიერთობების საწყის ეტაპზე, როდესაც ყოფითი პრობლემები ნაკლებად იჩენენ თავს, არასასიამოვნო და გაუთვალისწინებელი სიტუაციებისაგან თავის არიდების გარანტიას წარმოადგენს ქორწინებისთვის საშიშროების წარმოქმნის დროს. საქორწინო ხელშეკრულება საშუალებას მოგცემთ არ იფიქროთ ქონებრივ შემადგენელზე მაშინ, როცა ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ ურთიერთობების გადარჩენა.
ყოველთვის არსებობს წყვილის განქორწინების რისკი. ასეთ შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს მკაცრად განსაზღვრულ წესებს, რომლებიც ვრცელდება ყველა მოქალაქეზე თანაბრად: მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), რომელიც განქორწინების შემთხვევაში მხარეებს ორის ნაწილდება თანაბრად. 1997 წლიდან მოქალაქეებს მიეცათ ქონების გაყოფის ალტერნატიული შესაძლებლობა - საქორწინო ხელშეკრულება. ასეთი გარიგების გაფორმებისას შესაძლებელია ქონებრივი საკითხების მოწესრიგება როგორც ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაში, ასევე მის განმავლობაშიც (ინდივიდუალური საკუთრების/თანასაკუთრების განკარგვა, მიღებული შემოსავლის განაწილება, კრედიტორების წინაშე პასუხისმგებლობა და ა.შ.).
ხელშეკრულებაში გასათვალისწინებელია მეუღლეთა ინდივიდუალური ქონების განაწილების საკითხი, თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გაყოფის საკითხები. ასეთი საკითხები შეიძლება მოწესრიგებული იყოს გარკვეული ვადით, უვადოდ ან გარკვეული პირობით (მაგ. შვილის შეძენა). საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობანი და - დავის შემთხვევაში - სასამართლოში მიმართვის უფლება. ჩამოთვლილი მოვალეობანი წარმოადგენენ ადამიანის ძირითად და ფუნდამენტურ მოვალეობებს, რომელთა შეცვლა მართლაც დაუშვებელია ხელშეკრულებით, მაგრამ რაც შეეხება სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას, ვთვლი, რომ უმჯობესი იქნებოდა მეუღლეებისთვის დისკრეციული უფლების მინიჭება ამ საკითხის მიმართ. მეუღლეებს უფლება უნდა ჰქონდეთ აირჩიონ დავის განმხილველი ორგანო ასეთის არსებობის შემთხვევაში: სასამართლო ან არბიტრაჟი. სასამართლოში, როგორც წესი, სხდომები ღიად ტარდება. დახურულ სასამართლო სხდომაზე განსახილველ საქმეთა სიაში არ შედის დავა მეუღლეთა შორის ქონების გაყოფის შესახებ, რაც შეიძლება წარმოადგენდეს გარკვეულ უხერხულობას მხარისათვის. მითუმეტეს, საქორწინო ხელშეკრულება ოჯახის სწორედ ქონებრივ მხარეს განიხილავს. აქედან გამომდინარე, კანონით დაშვებული უნდა იყოს მეუღლეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მეუღლეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, მისი განხილვის და გადაწყვეტის პრეროგატივა არბიტრაჟს მიეცემა. თუ მეუღლეებს აქვთ ქონების გაყოფის კანონისგან განსხვავებული წესით მოგვარების სურვილი, მათ აგრეთვე უნდა ჰქონდეთ ნების გამოვლენის უფლება მათ შორის დავის განმხილველ ორგანოზე (მაგალითად, აშშ-ში საქორწინო კონტრაქტის საფუძველზე წარმოშობილ დავაზე იურისდიქცია შესაძლებელია მიენიჭოს არბიტრაჟსაც).
აღსანიშნავია, რომ სწორად შედგენილმა საქორწინო ხელშეკრულებამ შეიძლება გამორიცხოს სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობა. ეს კი, რა თქმა უნდა, დადებით ზეგავლენას მოახდენს როგორც მეუღლეების (და განსაკუთრებით შვილების) ფსიქიკაზე, ასევე მათ ფინანსურ მხარეზე. მეუღლეთა შორის ქონების გაყოფის შესახებ სარჩელზე დადგენილია სახელმწიფო ბაჟი, რომელსაც მოსარჩელე მხარე იხდის საქმის განხილვისათვის და იგი შეადგენს სადავო ქონების ღირებულების 3 %-ს.
დღესდღეობით, საქორწინო ხელშეკრულებას აფორმებენ ძირითადად აშშ-ში, ევროპასა და კანადაში. ხელშეკრულების მხარეები, როგორც წესი, შეძლებული მოქალაქეები არიან. საინტერესოა, რომ სტატისტიკურად, საქორწინო ხელშეკრულებები აღნიშნულ ქვეყნებში მეტად ფორმდება იქ, სადაც ფემინისტური მოძრაობა უფრო აქტიური და მძლავრია. მუსულმანური სამყარო საქორწინო ხელშეკრულებას საერთოდ არ სცნობს. მათ ქვეყნებში მეუღლეთა ქონება იყოფა მხოლოდ რელიგიური სამართლით დადგენილი ნორმებით.
ნოტარიუსთა პალატის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 2009 წლის 1 იანვრიდან დღემდე გაფორმებულია 26 საქორწინო ხელშეკრულება. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მაღალი მაჩვენებელი, რაც ძირითადად განპირობებულია სამოქალაქო წინდახედულობის და ცივილისტური მიდგომის დაბალი შეგნებით.
საზღვარგარეთ ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს კანონმდებლობა საქორწინო ხელშეკრულებით უშვებს მხოლოდ ქონებრივი საკითხების მოწესრიგების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, საქორწინო კონტრაქტის ინსტიტუტს უნდა მივუდგეთ მომავლის რაციონალურად დაგეგმვის, ზედმეტი ხარჯებისგან თავის არიდების და რაც მთავარია - ოჯახის გამყარების თვალსაზრისით.
გვანცა ცატავა