"მივმართავ ალეკო ელისაშვილს, "თბილისის ჰამქრის" უსტაბაშს - ჩაუდგეს სათავეში და სომეხი მრეწველების და მეცენატების მიერ თბილიში აგებულ ყველა მნიშვნელოვან შენობას გავუკეთოთ შესაბამისი მემორიალური დაფა"ვაჟა ბერიძექართველთა და სომეხთა დაპირისპირების მცდელობა- ბატონო ვაჟა, რამდენად სერიოზული შედეგები მოჰყვება ქართულ-სომხურ ურთიერთობებში გარკვეული დაძაბულობის გაჩენას, როგორ შეაფასებდით სომეხთა კათალიკოსის, გარეგის II-ის ვიზიტს საქართველოში და რამდენად სახიფათოა ჩვენი პრეზიდენტის წარმომავლობასთან დაკავშირებული ინსინუაციები?- მიუხედავად იმისა, რომ შენს მიერ ფაქტობრივად სამი შეკითხვა იქნა დასმული, რომლებიც სომხური თემატიკიდან მოდის, მათ საერთო არაფერი აქვს. და მაინც, მთლიანობაში ეს საიდანღაც მართული პროცესი მგონია. მე მას შევაფასებდი, როგორც ქართველთა და სომეხთა დაპირისპირების მცდელობას. თუ ქართული საზოგადოება დროზე არ აღუდგა წინ ამდაგვარ ექსცესებს, ჩვენ, გამორიცხული არ არის, კონფლიქტის ახალი კერა მივიღოთ კავკასიაში.
ბრიყვები არც ჩვენ გვაკლია და არც სომხებს. არც თვითმკვლელის სინდრომის ნაკლებობას ვუჩივით. კავკასიაში ხელების ფათურის მოსურნეც ბევრია, ოკეანის გაღმაც და რუსეთშიც. მე მაინც მგონია, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში ჩაჯდება. დღეს ეს ორი ერი თავისი სახელმწიფოს პატრონია, ფორმალურად მაინც დამოუკიდებელია, ამიტომ მიუხედავად ჩვენი მეგობრობისა დასავლეთთან, შეერთებულ შტატებთან და რუსეთის განსაკუთრებული როლისა, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან ვაწარმოოთ გულახდილი დიალოგი და ყველა სადაო საკითხზე შევთანხმდეთ შუამავლების გარეშე. ისტორიული ტერიტორიების თემა იქნება ეს, ეკლესია-მონასტრების კუთვნილების თუ თბილისის სომხურ ქალაქად გამოცხადების. ამ თვალთახედვით, მე ჩვენს მკითხველებს ვთავაზობ დიალოგის დაუყონებლივ დაწყებას, ჩვენს მოძმე სომხებთან სამოქალაქო საზოგადოების დონეზე. კეთილი ნების პირველ ნაბიჯად კი მივმართავ გონიერ კაცს და `თბილისის ჰამქრის~ უსტაბაშს, ვგონებ, ასე ჰქვია, ბატონ ალეკო ელისაშვილს, ჩაუდგეს სათავეში და სომეხი მრეწველების თუ მეცენატების მიერ XIX-XX საუკუნეებში აგებული ღირსშესანიშნავი არქიტექტურის ნიმუშებს გავუკეთოთ მემორიალური დაფები, ვისი სახსრებით აშენდა, ვინ ააგო, რა დაწესებულებები და ორგანიზაციები იყო იქ ადრე განთავსებული. რუსთაველის თეატრი, საკრებულოს შენობა, კინოთეატრ `აპოლოს~ შენობა, ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვები, სომხების მიერ ან მათი სახსრებითაა აგებული. ისინი ჩვენი ქალაქის სიამაყეა და მათ, ვისაც ეგების, უნდა დავუფასოთ ამაგი. ამდაგვარი დამოკიდებულება ბოლოს მოუღებს პროვინციულ ბაქიბუქს - თბილისი ჩვენ ავაშენეთ, თბილისი სომხური ქალაქია (ისე, უფრო დიდხანს `არაბული~ ქალაქი იყო) და მისთანანი.
ჩვენ ვერ ჩავერთვებით იდიოტურ დისკუსიაში, რომელსაც ზოგჯერ ქართველი და სომეხი სწავლულებიც კი აწარმოებენ და კადრულობენ, ვგულისხმობ რუსთველის სომხობას, ბაგრატიონების სომხურ წარმომავლობას, გიორგი სააკაძის სომხობას და ასე შემდეგ. თბილისი, გორგასალის მიერ დაარსების დღიდან, ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართული ქალაქი და საქართველოს დედაქალაქი. იმავდროულად, გნებავთ, კავკასიის ცენტრი გახდეს, და გნებავთ, ახალი მსოფლიოს საშო და უფსკრული, როგორც ამას სალვადორ დალი მიიჩნევდა.
რაც შეეხება, პრეზიდენტის ეთნიკურ წარმომავლობას, ეს საკითხი მე არ მაინტერესებს. ბატონი პრეზიდენტი ქართველია, ისე როგორც თითოეული ჩვენგანი, ასევე ქართველები არიან აზერბაიჯანელები, სომხები, აფხაზები და ოსები, ვინც თავიანთ ეროვნულ კუთვნილებას ასე განსაზღვრავს და საქართველოში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეა. ვერანაირი `ეროვნება-მოქალაქეობა ქართული~ საქართველოში ამ საუკუნეში ვერ დამკვიდრდება, XXII-ში ვნახოთ! თუმცა ჩვენი აზერბაიჯანელები - ქართველი აზერბაიჯანელები არიან, ჩვენი მოქალაქეები და მოკეთეები, ასეა სხვებიც. კიდევ უფრო აბსურდულია საუბარი გვარგადაკეთებულთა სიმრავლის თაობაზე, ჩვენს ამჟამინდელ ხელისუფლებაში. ამგვარი საუბრები ცივილიზებული საზოგადოებისთვის მიუღებელია. ადამიანებს აქვთ უფლება შეიცვალონ, როგორც გვარი, ისე ეროვნება, დაიკავონ ნებისმიერი თანამდებობა დემოკრატიულ ქვეყანაში, თუმცა მათ არ აქვთ უფლება ზიანი მიაყენონ ქვეყნის ინტერესებს, იყონ არაკომპეტენტურები და იღვაწონ საქართველოს ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ასეთ შემთხვევაში გვარგადაკეთებულებსაც და თბილისელი ხოხბის დროიდან მოკიდებულ წმინდასისხლიან ქართველებსაც საზოგადოებამ მკაცრად უნდა მოსთხოვოს პასუხი. ქართველ რადიკალებსაც და ნაციონალ-რადიკალებსაც - რეზო ამაშუკელს, ელიზბარ ჯაველიძეს, თუნდაც რობერტ სტურუას აზრის თავისუფალი გამოთქმის უფლება აქვთ, კანონის ფარგლებში, ხოლო მათთვის `სირის~ დაძახება არავის უნდა ეპატიოს. რაც შეეხება ქსენოფობიას, სამწუხაროდ მისი გამოვლინებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. ვინ-ვინ და სტურუამ იცის, რა არის ქსენოფობია. ამ საკითხზე აურზაური დაუშვებელია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც წარსულში ქართველების თავდაცვის ინსტინქტი იყო, დღეს ევროინტეგრაციის ფარგლებში მიღებული ნორმა არ არის. ამავე დროს ჩვენ ვერ ვიქნებით რომის პაპზე კათოლიკენი. ჩვენ კარგად ვიცით, რა ხდება ირლანდიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ბალკანეთში, უკრაინაში, პოლონეთში, ბელარუსში. სახელმწიფოებრივი ცხოვრების გამოცდილებაც დიდი არ გვაქვს. ამიტომ სომხებთანაც და აზერბაიჯანელებთანაც დღესვე გვმართებს დიალოგის დაწყება. მერე, ისიც მალე დადგინდება ჯვრის მონასტერი სომხებმა ააგეს თუ ქართველებმა და ისიც, ლორე-ტაშირი ქართული მიწაა თუ სომხური და ტაო, ქართველების სამკვიდრო იყო თუ ქალკედონიტი სომხების.
სომხებსაც დიდი ამაგი აქვთ ქართველებზე და ჩვენც მათზე. მაგრამ მეტისმეტი ნუ მოუვათ. ისტორიული რემინესცენციების ტყვეობაში დიდხანს ვერ იცხოვრებ. ორივე ერმა სჯობს ხვალინდელ დღეზე იფიქროს. თორემ დიდი ჰუმანისტის, ნოდარ დუმბაძის სომეხი ეროვნების პერსონაჟივით, აღმოხდება ბოლოს ყველა უგუნურს, ქართველსაც და სომეხსაც: "ასტვაწ ინჩუ ჰამარ!" (რატომ, ღმერთო?) და პასუხი არ იქნება. . .
პოლიტიკური კორუფციის ლეგალიზაცია- რამდენად ეფექტურია ხელისუფლების განახლებული წინადადებები "პოლიტიკური რვიანის", ახლა უკვე "ექვსს პლუს ორიანის" მიმართ? - ძნელია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული პერიპეტიების სერიოზულად აღქმა. პროცესის შედეგად ისევ ხელისუფლებამ მოიგო. მან დრო გაიყვანა, დასავლეთს თავი მოაწონა, აქაოდა, დღენიადაგ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ვზრუნავო, დღეს კი მორიგი ტრიუმფისთვის ემზადება - 2012-13 წლებში. მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია: 75% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 13% `ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას~, 3,5-3,5% `თავისუფალ დემოკრატებს~-"რესპუბლიკელებს" და "ლეიბორისტებს".
ყველაზე თავხედური მაინც ამ წინადადებებში ფინანსური საკითხებია. ნაც-მოძრაობა ოპოზიციას უკვე ღიად მოისყიდის და არცხვენს. თუ აქამდე ტელევიზორებს მივჩერებოდით და ვმკითხაობდით ამა თუ იმ პოლიტიკოსის პოზიციის ცვლილების მიხედვით, იმის შესახებ, თუ რამდენი შეიძლებოდა ხელისუფლებისგან მას ქრთამის სახით მიეღო, დღეს აგერაა ყველაფერი გაწერილი. ერთი მილიონი 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვისთვის, 300 ათასი ლარი მიზნობრივად წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად, ოღონდ საარჩევნო სუბიექტის მიერ ცესკოსთვის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში. თუ ვერ გადალახეს ბარიერი, რა ეშველებათ ბედკრულებს, ამაზე პავლე კუბლაშვილი ჯერ-ჯერობით არაფერს ამბობს.
ნაციონალურად მახვლიგონივრული და ცინიკურია შემოწირულობათა ზღვარის ფიზიკური პირებისთვის 60 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 200 000 ლარით განისაზღვრა. ლამაზად ჟღერს, ლამაზად, ლამაზად. . . შსს-ს ნებართვის გარეშე ბოლო 5 წლის განმავლობაში რომელიმე ოპოზიციური პარტია თუ დაუფინანსებია, რომელიმე ბიზნესმენს ან კომპანიას? იქნებ, მოგვაწოდოთ ასეთი ადამიანების სახელები და გვარები. ვერ მოგვაწვდით, თორემ გინესის კომიტეტს გავუგზავნიდით. ეს ექვსიანს პლუს ორიანს არც აინტერესებს, ეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში არ შედის. ამიტომ, ბატონო ზურაბ, ამ საკითხზე მსჯელობას აზრი არ აქვს.
ერთიანი კავკასიის იდეას ბევრი მტერი ჰყავს- ბატონო ვაჟა, რამდენად რეალისტურია ისევ გახშირებული საუბრები ერთიან კავკასიაზე?- ერთიან კავკასიას ალტერნატივა არ აქვს. იგი ჩამოყალიბდება და დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში. გავრისკავ და გავაკეთებ პროგნოზს: დაახლოებით 5-10 წელიწადში. სხვა საქმეა, როგორი იქნება მისი კონფიგურაცია. ისეთი როგორც რუსეთს უნდა, ისეთი როგორიც თურქეთს წარმოუდგენია, თუ ისეთი, როგორც შეერთებულ შტატებს და ევროპას აძლევს ხელს. გაითვალისწინეთ, რომ ერთიანი კავკასია უნდათ აზერბაიჯანელებსაც, თურქული მოდგმის ხალხებთან და სახელმწიფოებთან კავშირის განმტკიცებისათვის და უნდათ სომხებსაც, ამერიკული სომხური ლობის დახმარებით რეგიონში წამყვანი ადგილის დასაკავებლად. მე ვურჩევდი სომხებსაც და აზერბაიჯანელებსაც მოთოკონ თავიანთი უსაფუძვლო ფანტაზიები, რეალისტურად შეხედონ თავიანთი ქვეყნების ისტორიულ პერსპექტივას და დათანხმდნენ ერთიანი კავკასიის ისეთ მოდელს, რომელიც ყველასთვის იქნება ხელსაყრელი, როგორც სოციალური კეთილდღეობის, ისე ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით. ყოვლად მიუღებელია და ამ საინტერესო იდეის ტორპედირების მცდელობას წარმოადგენს ერთიანი კავკასიის იმ ტიპის მოდელი, რომელიც აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს გაერთიანებას გულისხმობს ერთიანი ვალუტით და ერთიანი საბაჟო სივრცით. თუნდაც დროებით, სომხეთის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება დაუშვებელი, მიუღებელი და მძიმე შედეგების მომტანი იქნება რეგიონისთვის, არსებულ კონფლიქტებს გააღრმავებს, თურქეთს და რუსეთს კი დაუყონებლივ აქცევს კონფლიქტის მხარეებად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 9 მილიონიან აზერბაიჯანს თავისი რიცხოვნობის და ენერგომატარებლების იმედი აქვს, სომხებს მსოფლიოში თავიანთი გავლენების, საქართველოს თავისი უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობის, კავკასიონს გადაღმა მცხოვრებთ ცივილიზებული მსოფლიოს თანადგომის. ჩვენ კი გვინდა ისეთი ერთიანი კავკასია, რომელიც ეთნოკონფლიქტებს კი არ მიაფუჩეჩებს, არამედ გადაწყვეტს, რომ გავერთიანდეთ, საჭიროა გავიმიჯნოთ, რომ გავიმიჯნოთ, უნდა შევრიგდეთ. ჰოდა, დავიწყოთ ყარაბახით, მივცეთ გარანტია რუსებს, რომ თუ იგი იქნება დემოკრატიული და ცივილიზებული, ერთიანი კავკასია არ გახდება მისი დაშლის ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი, თურქებს ვუჩვენოთ მაგალითი, თუ როგორ უნდა იცხოვრონ მშვიდობიანად ქურთებთან ერთად, დასავლეთს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი მხოლოდ ტერიტორიული მდებარეობის გამო არ ვართ. ამ ყველაფერს, კავკასიის სამი სახელმწიფოს ლიდერები მათ დასავლეთელ მეგობრებთან და რუსთ ხელმწიფესთან ერთად ვერ გადაწყვეტენ. ეს ჩვენ, კავკასიის ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ, გადავწყვიტოთ ჩვენი პოლიტიკოსების მეშვეობით.
მაგრამ საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში სად არიან პოლიტიკოსები?
- გმადლობთ.ესაუბრა ზურაბ კუკულაძე