ნანახია: 397
”საქართველოს რკინიგზის” მიერ ფინანსური რესურსების განკარგვა ჯერ კიდევ აკაკი ჩხაიძის პერიოდში იყო პრობლემური საკითხი. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რკინიგზამ რამდენიმე მმართველი გამოიცვალა, ყველაზე დიდ ხანს ამ პოსტს ირაკლი ეზუგბაია შემორჩა. ეზუგბაიას ხელმძღვანელობის დროს ”საქართველოს რკინიგზამ" რამდენიმე პროექტი განახორციელა, აქვე უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიას სამომავლოდ უფრო სერიოზული პროექტები აქვს დაგეგმილი. ”საქართველოს რკინიგზა” ერთ-ერთ დინამიურ და წარმატებულ სახელმწიფო კომპანიად მოიაზრება. კომპანიის მოგება ყოველწლიურად იზრდება, ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიის 2010 წლის დასაბეგრმა მოგებამ რეკორდულ 203 მლნ ლარს მიაღწია, ხოლო დეკლარირებულმა მოგების გადასახადმა - 30,5 მლნ ლარს. "საქართველოს რკინიგზის" პროექტების დაფინანსებისთვის 2011 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც გამოიყო 20 მილიონი ლარი. ერთი სიტყვით, ”საქართველოს რკინიგზას” არ უჭირს. თუმცა, როგორც ”ბანკები და ფინანსებისთვის” გახდა ცნობილი, ძალიან უჭირთ ამ კომპანიის საშუალო და დაბალი რგოლის თანამშრომლებს. საქმე ისაა, რომ უმაღლესი რგოლის მენეჯერებისა და ქვედა რგოლის თანამშრომლების ხელფასები და სამუშაო პირობები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. აქ ერთი საინტერესო ისტორიის მოყვანა შეიძლება, საქმე ისაა, რომ ”საქართველოს რკინიგზის” შეფმა ირაკლი ეზუგბაიამ მხოლოდ 2010 წლის ბოლოს 400 000 ლარიანი პრემია მიიღო, ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც რკინიგზის ჩვეულებრივ მუშაკებს, რომლებიც ყოველდღიურად უმძიმეს სამუშაოს ასრულებენ, თვეში საშუალოდ 300 ლარი აქვთ ანაზღაურება. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ `საქართველოს რკინიგზიდან~ თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა დაიწყო. ეს ინფორმაცია გაზეთს თავად რკინიგზიდან დათხოვნილმა თანამშრომლებმა მიაწოდეს. მათი განცხადებით, დათხოვნები ხდება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, შესაბამისად, გაურკვევლობაში არიან ის თანამშრომლები, რომლებიც ჯერ კიდევ აგრძელებენ საქმიანობას `საქართველოს რკინიგზაში~. `რკინიგზიდან ბოლო დროს დათხოვნილი თანამშრომლები ვერ იღებენ კომპენსაციას. ისეთ ადამიანებს, რომლებმაც ათეულებით წელიწადი გაატარეს რკინიგზის სამსახურში, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და გაფრთხილების გარეშე უშვებენ სამსახურიდან. მათ ეუბნებიან, რომ შტატი გაუქმდა და, შესაბამისად, კომპენსაციასაც ვერ მიიღებენ, თუმცა, ხშირად ასეთი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, შტატი რეალურად არც უქმდება და მხოლოდ თანამშრომელთა შემცირება ხდება, ამ შემთხვევაში კი მათ აუცილებლად ეკუთვნით კომპენსაცია~, - ამ განცხადებას, რკინიგზის პროფკავშირების წარმომადგენელი ვიტალი გიორგაძე. ბატონი ვიტალი კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ინფორმაციას ახმოვანებს. საქმე ისაა, რომ `საქართველოს რკინიგზა~ ოფიციალურად არ თანამშრომლობს პროფკავშირებთან, შესაბამისად, არ ცნობს პროფკავშირების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს, რომლებიც რკინიგზის თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების ზრდას გულისხმობს. ადრე `საქართველოს რკინიგზა~ თანამშრომლობდა რკინიგზის ძველ პროფკავშირებთან, ეს ორგანიზაცია მისი მუშაობის მოძველებული მეთოდების გამო მართლაც არაფექტური იყო. ზუსტად ამ მოტივით, `საქართველოს რკინიგზამ~ მასთან თანამშრომლობა გაწყვიტა, თუმცა, გასაკვირი ისაა, რომ ეს ორგანიზაცია, არც რკინიგზელთა ახალ პროფკავშირებთან თანამშრომლობს. ჩვენთან უკვე 4000-მდე რკინიგზელია გაწევრიანებული და შესაძლებლობების ფარგლებში ვიბრძვით მათი უფლებების დასაცავად. ამის მიუხედავად, `საქართველოს რკინიგზა~ არ იწყებს ჩვენთან თანამშრომლობას, მოტივი საკმაოდ უცნაურია, ეზუგბაიას სტრუქტურაში აცხადებენ, რომ მაშ შემდეგ დაიწყებენ ახალ პროფკავშირებთან თანამშრომლობას, როდესაც ჩვენ რეალურად შევძლებთ შედეგების მიღწევას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რკინიგზელთა უფლებების დაცვაში სწორედ `საქართველოს რკინიგზის~ წინააღმდეგ გვიხდება მთავარი ბრძოლა, შესაბამისად, არსებულ სიტუაციაში `საქართველოს რკინიგზის~ მხრიდან რაიმე პირობების წამოყენება უადგილოა~, - აცხადებს ვიტალი გიორგაძე. მიზეზი, თუ რატომ აცხადებს უარს `საქართველოს რკინიგზა~ რკინიგზელთა პროფკავშირებთან თანამშრომლობაზე უარს, არც თუ ძნელი დასადგენია. ვიტალი გიორგაძე, მოკლედ აყალიბებს იმ პრობლემურ საკითხებს, რომლებიც დღეს რკინიგზელებს უდგას. მისი ინფორმაციით, რკინიგზა არა თუ არ თანამშრომლობს პროფკავშირებთან, პირიქით, ხელსაც უშლის რკინიგზაში დასაქმებულებისა და პროფკავშირების პირდაპირ თანამშრომლობასაც. ბოლო პერიოდში სისტემატურად ფიქსირდებოდა ადმინისტრაციის მიერ პროფკავშირული საქმიანობისათვის ხელის შეშლის შემთხვევები, რაც გამოიხატება მუშა-მოსამსახურეების დამცირება-დაშინებით. არის მუქარებიც. `პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესია გახშირებული და უმართებულო შემცირებები, რომელიც პერმანენტულად და სრულიად გაუმჭვირვალედ ხდება. ამ პრობლემამ გადაფარა ისეთი მწვავე პრობლემაც კი, როგორიც ხელფასების სიმცირე და ინფლაციასთან მიმართებაში ანაზღაურების არაადეკვატურობაა. პროფესიული კავშირი რკინიგზის ადმინისტრაციისგან მოითხოვს ამომწურავ ინფორმაციას განთავისუფლებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით და დასაბუთებას, თუ რატომ გაუშვეს ეს ადამიანები სახლში. უნდა აღინიშნოს, რომ სამსახურებიდან დათხოვნები საკმაოდ საინტერესო მეთოდით ხდება, იმისთვის, რომ დათხოვნები თვალშისაცემი არ გახდეს, სხვადასხვა განყოფილებებიდან რამდენიმე ადამიანს უშვებენ, ანუ არ ხდება სამსახურის წევრთა უმრავლესობის გაშვება. თუმცა, ეს პროცესი ბოლო პერიოდში პერმანენტულად მეორდება და მხოლოდ 2011 წელს, უკვე რამდენიმე ასეული ადამიანია დათხოვნილი სამსახურიდან. ასევე, ძალიან პრობლემური საკითხია, ხელფასები. მაღალი რგოლის მენეჯერების ხელფასები ხშირად 30 000 ლარს აღწევს, მაშინ როდესაც დაბალი რგოლის თანამშრომლებს უკვე 5 წელიწადზე მეტია ხელფასი არ გაზრდიათ. არადა, როგორც ვიცით, რკინიგზა ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი საწარმოა ქვეყანაში, ამ წარმატებას კი ყველა თანამშრომელი ერთად ქმნის და სიკეთეები მათზეც უნდა აისახოს. საგულისხმოა ის, რომ მთლიანად `საქართველოს რკინიგზის~ სახელფასო ფონდი ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ეს მატება კი მხოლოდ მაღალი ეშელონების ხელფასებზე აისახება. ასევე საინტერესოა, რომ იქმნება უამრავი უშინაარსო შტატი, მაგალითად სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებს რამდენიმე მრჩევლი ჰყავს, მათი ხელფასი საშუალოდ 10 000 ლარს აღწევს თვეში, ამ დროს კი ბაქანზე დასაქმებულ თანამშრომელს უმუშევრად ტოვებენ, უკეთეს შემთხვევაში კი მინიმალური ანაზღაურების აღება უხდებათ. მინდა შევახსენო საზოგადოებას და ყველას, ვინც ჩვეულებრივი რკინიგზელების ბედით არის დაინტერესებული, ადამიანებს, რომლებმაც მთელი ცხოვრება რკინიგზის სამსახურს მოახმარეს, უმრავლეს შემთხვევაში სხვა შემოსავლები არ აქვთ და სამსახურის დაკარგვის შემდეგ საშიმშილოდ არიან განწირულნი. ასევე მწვავე საკითხია რკინიგზის თანამშრომელთა დაზღვევა. საქართველოს რკინიგზამ ცოტა ხნის წინ გააფორმა კონტრაქტი ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიასთან, თუმცა ეს შეთანხმება რის საფუძველზე მოხდა და განიხილეს თუ არა სხვა სადაზღვევო კომპანიების ვარიანტები, ამის შესახებ ინფორმაცია დაზღვეულთათვის ხელმიუწვდომელია. ეს გაუმჭვირვალე ხელშეკრულება ბევრ ადამიანში ბადებს იმის საფუძვლიან ეჭვს, რომ აღნიშნული სისტემა იქნება ისეთივე მოუქნელი და გამოუსადეგარი, როგორი ისტორიული პრაქტიკაც აქამდე არსებობდა. ჩვენ საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციისგან მოვითხოვთ, ინფორმაცია მუშა-მოსამსახურეების დაზღვევის შესახებ საჯარო და გამჭვირვალე გახადონ. საქმე ისაა, რომ დაზღვევაზე რკინიგზა ხარჯავს უამრავ ფინანსურ რესურსებს, ამის მიუხედავად, ჩვეულებრივი რკინიგზელებისთვის დაზღვევის პროდუქტები ხელმიუწვდომელია. ხშირად რკინიგზელებმა არც იციან, რომელი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტებით უნდა ისარგებლონ. ეს ბუნებრივიცაა, `საქართველოს რკინიგზა~ ყოველ წელს ცვლის დაზღვევის მომსახურე კომპანიას, ამ ცვლილებებს თანამშრომლები ფეხს ვერ უწყობენ. არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ინფორმაციის მაქსიმალური შეზღუდვა იმიტომ ხდება, რომ აქ დიდი ფინანსური ინტერესები იმალება. კიდევ ერთი პრობლემური საკითხია რკინიგზელთა სამუშაო პირობები, ორგანიზაცია, რომელიც მრავალმილიონიანი პროექტების განხორციელებას იწყებს, თავის თანამშრომლებს ელემენტარულ სამუშაო პირობებსაც არ უქმნის. საუბარია ტუალეტებისა და სხვა ჰიგიენური პრობლემის მოგვარებაზე, ასევე საერთოდ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები...~.
ლევან მარტაძე
|