ნანახია: 389
იმ ავარიული შენობების დემონტაჟი, რომელთა არსებობაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე მოხდება. შესაბამისი ცვლილება ?ივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ კანონში მთავრობის ინიციატივით შედის. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განმარტებით, მერიის თანამშრომლები საკუთარი ხარჯით მოახდენენ ასეთი საშიში შენობების დემონტაჟს და მის ნაცვლად ახალი სახლი აიგება, რომელშიც მესაკუთრეს კუთვნილ ფართს უფასოდ გადასცემენ. ხუროშვილის განცხადებით, საქართველოში დადგენილია სარეაბილიტაციო არეალი, რომლის თანახმადაც თუ შენობა ავარიულია და მისი არსებობა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და მისი გამაგრება შეუძლებელია, შენობის დემონტაჟი მესაკუთრის თანხმობის გარეშე მოხდება. ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი მისულა და შეუთავაზებია მესაკუთრისთვის, რომ თავიანთი ხარჯით გააკეთებდნენ შენობას, მაგრამ მესაკუთრეს უარი უთქვამს და ერთ თვეში შენობა ჩამონგრეულა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ შენობა იმ ტიპის ავარიულია, რომ მისი არსებობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, მესაკუთრის თანხმობის გარეშე მოხდება მისი დემონტაჟი და ახლის აშენება იმავე ადგილას, განაცხადა ხუროშვილმა. იურისტ ვახტანგ ხმალაძის აზრით კი უნდა გაიწეროს მიზეზები, რატომ გახდა შენობა ავარიული. უნდა არსებობდეს ისეთი ნორმა, როდესაც ხელისუფლება დაავალდებულებს მესაკუთრეს ავარიული მდგომარეობის გამოსწორებას. თუ მესაკუთრე ამ ვალდებულებას არ შეასრულებს, მაშინ ხელისუფლებას აქვს უფლება, მისი დემონტაჟი მოახდინოს, აცხადებს ხმალაძე. მისივე თქმით, შენობა შეიძლება თვითმმართველობის დაუდევრობით იყოს დაზიანებული, მაგალითად, წყლის მილი იყოს გამსკდარი, რამაც ავარიული მდგომარეობა შექმნა, ან გვერდით სხვა შენობა შენდებოდა და დაზიანების მიზეზი ესეც გახდა. ხმალაძის განმარტებით, კანონში ეს შემთხვევაც უნდა იყოს გაწერილი ისევე როგორც კომპენსაციის საკითხი. მშენებლობის სფეროს ექსპერტის გიორგი ბარვენაშვილის განცხადებით, დემონტაჟი სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, ხოლო მესაკუთრემ საკუთრების საბაზრო ღირებულების შესაბამისი კომპენსაცია უნდა მიიღოს.
|