ნანახია: 536
საქართველო ბერდება
1990-იანი წლებიდან დღემდე განვლილი პერიოდი საქართველოს ისტორიაში შევა არა მარტო როგორც დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პერიოდი, არამედ როგორც დიდი მიგრაციის პერიოდი. საყოველთაოდ ცნობილი მიზეზებმა (ომები, სამოქალაქო და ეთნიკური დაპირისპირებები 1990-იანი წლების დასაწყისში), აგრეთვე ღია საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლამ და ქვეყანაში შექმნილმა რთულმა სოციალურ-ეკონომიკურმა ვითარებამ მძლავრი იმპულსი მისცა საქართველოდან მოსახლეობის გადინებას. ქვეყანაში წარმოების მკვეთრი შემცირების, გასაღების ბაზრების თითქმის მყისიერი დაკარგვით 1990-იანი წლების დასაწყისში ასეულობით ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო. - მარტო მრეწველობაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა თითქმის 400 ათასით. მკვეთრად შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ახერხებდა მიღებული განათლების პროფილით პროფესიულ საქმიანობას. - მოსახლეობის 20002 წლის აღწერით, საქართველოში დარჩენილი უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მქონეთაგან დიპლომის შესატყვისი სპეციალობით საქმიანობდა მხოლოდ 14,4 პროცენტი, მაშინ როდესაც უმუშევარი იყო თითქმის ყოველი მეორე დიპლომიანი სპეციალისტი (47.5%). სამუშაო ადგილების მკვეთრი შემცირების გამო საქართველო დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა, ანუ 1990-იანი წლების დასაწყისისათვის საქართველოს მცხოვრებთა თითქმის მეხუთედმა. ემიგრაციის ცალმხრივი და ძლიერი ნაკადი დღეისათვის, მართალია, რამდენადმე შესუსტდა, მაგრამ ჯერაც არ შეწყვეტილა. შესაბამისად, ქვეყნიდან გასულთა რაოდენობა ფაქტობრივად კიდევ უფრო მეტია... ქართველები, რომლებიც საბჭოთა კავშირში ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებმობილური ეთნოსი იყო (1990-იან წლებამდე საბჭოთა კავშირში ქართველთა 96 პროცენტი საქართველოში ცხოვრობდა...), ბოლო ათწლეულში მასობრივად “მოედვნენ” დედამიწას. მიგრაციის ძირითადი მიზეზი - ეკონომიკურია. ქვეყნიდან გასულთა 70 პროცენტზე მეტი საქართველოდან სამუშაოდაა გასული. თავისთავად, ეს ციფრი საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ მის უკან სხვა, არანაკლებ დრამატული პროცესი იკვეთება: მსოფლიო პრაქტიკა და შრომითი მიგრაციის სტატისტიკით, შრომით მიგრანტთა ნახევარი (აშშ-ში მყოფ მიგრანტთაგან - თითქმის ორი მესამედი) ვეღარ ახერხებს დაბრუნებას თავის ისტორიულ სამშობლოში და დროთა განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობაში ასიმილირდება... სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბოლო წლებში საქართველოდან გასული თითქმის 0,5 მილიონი ადამიანი საქართველოში აღარ დაბრუნდება. ყოველივე ამის გამო შეიძლება ითქვას, რომ 1990-იანი წლების შემდგომდროინდელ პერიოდში მიგრაციის “წყალობით” საქართველოსათვის მიყენებული პირდაპირი დემოგრაფიული დანაკარგები მეორე მსოფლიო ომში განცდილი დანაკარგების ექვივალენტურია. – 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში საქართველოდან მონაწილეობდა დახლოებით 700 ათასი კაცი, აქედან შინ ვერ დაბრუნდა დაახლოებით 300 ათასი კაცი. საქართველოში 1990-2000-იან წლებში, 1970-1980-იან წლებთან შედარებით, შობადობა 1.5-ჯერ და მეტად შემცირდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადრინდელი შობადობის შენარჩუნების პირობებში საქართველოში დამოუკიდებლობის წლებში შეიძლებოდა ფაქტობრივთან დამატებით დაბადებულიყო კიდევ 0.5 მლნ.-ზე მეტი ბავშვი. მოსახლეობის ბუნებრივი მატების სფეროში ამგვარი მძიმე მდგომარეობა გამოწვეულია არა მარტო ეკონომიკური პირობებით, არამედ იმ გარემოებითაც, რომ საქართველოდან გასულ შრომით მიგრანტთა უდიდესი ნაწილი სწორედ ყველაზე ნაყოფიერ, რეპროდუქციულ ასაკშია (ორჯერ და მეტად მაღალია მათში 20-50-წლიანების წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში ამ ასაკობრივი კონტინგენტის წილთან შედარებით...) და აქ, სამშობლოში, არ “მონაწილეობს” მოსახლეობის აღწარმოების პროცესში. - მთელი მოსახლეობა 2002 წელს 1989 წელთან შედარებით შემცირდა 19,1 პროცენტით, 25-34 წლიანების რაოდენობა შემცირდა 30,8 პროცენტით, დანარჩენი მოსახლეობისა კი - მხოლოდ 16,8 პროცენტით. (გასულთა 85 პროცენტი 20-50 წლისაა, მაშინ როდესაც აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის წილი მთელ მოსახლეობაში 40 პროცენტზე ნაკლებია...). ანუ, ემიგრანტთა საერთო რიცხოვნობის უცვლელობის პირობებში მათი ასაკობრივი სტრუქტურა ქვეყნის მოსახლეობის იდენტური რომ ყოფილიყო, საქართველოში ყოველწლიურად დამატებით, სულ ცოტა, 15-20 ათასი ბავშვი მაინც დაიბადებოდა. - 2002 წლის აღწერამ დააფიქსირა, რომ 0-4 წლის ასაკის ბავშვები წინა აღწერის პერიოდთან შედარებით განახევრდა, ხოლო 5-9 წლიანებისა – თითქმის 1/3-ით შემცირდა. უფრო გვიანდელ მდგომარეობაზე ინფორმაცია არ მოიპოვება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსახლეობის ახალი საყოველთაო აღწერის ჩატარების აუცილებლობას. საქართველოდან შრომითი მიგრაციის მასშტაბებზე მეტყველებს შემდეგი გარემოებაც: მათი ბოლოდროინდელი, მუდმივად მზარდი ფულადი გზავნილები (მარტო 2010 წელს 2003 წელთან შედარებით - 4.8-ჯერ) სულ უფრო და უფრო მეტად აღემატებიან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას. უფრო მეტიც, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი წლის (რვა კვარტალის!) მანძილზე მარტო რუსეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა მცირედით (დაახლოებით 2%-ით), მაგრამ მაინც აღემატებოდა ჩვენს ქვეყანაში მთელი მსოფლიოდან განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობას. 2010 წელს რუსეთიდან განხორციელებული ელექტროგზავნილების მოცულობა კი მხოლოდ 4 პროცენტით ჩამორჩა საქართველოში დანარჩენი მსოფლიოდან განხორციელებული ინვესტიციების მთლიან მოცულობას (შესაბამისად, 530.2 მლნ. აშშ დოლარი და 553.1 მლნ. აშშ დოლარი). დღეისათვის საქართველო ერთერთია იმ რამდენიმე სახელმწიფოთა შორის, რომელთაც დაქირავებული შრომით დაკავებულები საზღვარგარეთ უფრო მეტი ჰყავთ, ვიდრე თავისთან, სამშობლოში (არანაკლებ 30%-ით). საქართველოდან გასულები შრომითი მიგრანტებზე ნამდვილად ვერ იტყვი, რომ “ქერის ორმოში ვარდებიან” და უზარმაზარ შემოსავლებს იღებენ. შრომითი მიგრანტი, ერთეული შემთხვევების გარდა, ვერ იღებს მიმღები ქვეყნის რეზიდენტზე მეტ ანაზღაურებას. ისინი საქმდებიან პირველ რიგში თავისუფალ (როგორც წესი, ნაკლებად პრესტიჟულ) თანამდებობაზე, ხშირ შემთხვევაში იკავებენ იმ სამუშაო ადგილებს, რომლებიც ვაკანტური გახდა ამ ქვეყნის რეზიდენტების, ასევე, შრომით მიგრანტებად წასვლის გამო კიდევ უფრო მაღალანაზღაურებად ქვეყნებში. ძნელია აბსოლუტურად ზუსტი სურათის შექმნა საქართველოდან გასულების ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. - ოჯახის აქ დარჩენილი წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციით (რომელიც, გასაგები მიზეზებით, უფრო ოპტიმისტურია რეალურ მდგომარეობასთან შედარებით) საქართველოდან გასული შრომითი მიგრანტების მხოლოდ მეოთხედი ახერხებს საკუთარი პროფესიით ან სპეციალობით საქმიანობას, ამაზე ნაკლებია მათი რაოდენობა, ვინც პრესტიჟული საქმიანობითაა დაკავებული; შრომით მიგრანტებში არაკვალიფიციურ სამუშაოზე დასაქმებულთა რაოდენობა ორჯერ აღემატება კვალიფიციურ სამუშაოზე დასაქმებულთა რაოდენობას; დაახლოებით 40 პროცენტი მხოლოდ საკუთარი შიშისა და რისკის ფასადაა წასული, ხოლო შრომითი მიგრანტების 15 პროცენტი ჯერაც უმუშევარია. შრომითი მიგრანტის საქმიანობა ზრდის მიმღები ქვეყნის დოვლათს და ეკონომიკურ ძლიერებას, უფრო ეფექტურს ხდის მის ეკონომიკურ პოლიტიკას. შრომითი მიგრანტები მიღებული ანაზღაურების არანაკლებ ნახევარს იმავე ქვეყანაში ხარჯავენ. მაგალითად, ქართველი შრომითი მიგრანტების მიერ რუსეთის ფედერაციაში დახარჯული თანხა (ერთობლივი მოთხოვნა) ამ ქვეყანაში ქმნის არანაკლებ 100 ათას სამუშაო ადგილს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიგრანტების რაოდენობრივი ზრდა ფაქტობრივად ვერ ახდენს რაიმე ნეგატიურ გავლენას ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის დასაქმების დონესა და ნამუშევარი დროის მოცულობაზე.
|