ნანახია: 391
სურსათის უვნებლობის კანონში ცვლილებები შედის
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონმდებლობის შესაბამისად, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც დამრღვევ სურსათის მწარმოებელთა და დისტრიბუტორთათვის საჯარიმო სანქციები ამოქმედდება. პირის საქმიანობა სურსათის მწარმოებლად ან დისტრიბუტორად რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს მის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული ცვლილება ძალაში უკვე შევიდა. როგორც სურსათის ეროვნულ საგენტოში იუწყებიან, ძირითადი ცვლილებები სურსათის უვნებლობის სამსახურში 2012 წლის 3 იანვრიდან შევა. კანონმდებლობა 2013 წელიდან უნდა გამკაცრებულიყო, თუმცა, სამსახურის განმარტებით, საკონტროლო შემოწმებისას გამოვლენილმა დარღვევებმა ცხადყო, რომ რადიკალური ზომების მიღება გაცილებით ადრე იყო საჭირო. რამდენიმე დღის წინ, “მომხმარებელთა ფედერაცია”- მ გამოაქვეყნა კარაქის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ქართული კარაქის უმრავლესობა ეტიკეტზე მითითებულ სტანდარტს, არათუ ვერ აკმაყოფილებდა, არამედ ზოგიერთი მათგანი სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერებასაც შეიცავდა. სურსათის უვნებლობის სამსახურში აცხადებენ რომ, სურსათის უვნებლობის სამსახური, მწარმოებელებისათვის მხოლოდ შენიშვნების და რეკომენდაციების მიცემას აღარ დასჯერდება და მათ უკვე კონკრეტულ ვადებს და ჯარიმებს განუსაზღვრავს. კომპანიებს მიეცემათ შეფასება, არაკრიტიკული შეუსაბამობა და კრიტიკული შეუსაბამობა. სააგენტოს უფლებამოსილი მოხელის მიერ, არაკრიტიკული შეუსაბამობის დროს გაცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობისას ჯარიმა განისაზღვრება 400 ლარის ოდებობით, ხოლო იმავე რეკომენდაციის კვლავ შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება 1200 ლარიით განისაზღვრება. რაც შეეხება კრიტიკულ შეუსაბამობას, რეგისტრირებულ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, საწარმო დაჯარიმდება 1000 ლარით და საერთოდ გაჩერება მოუწევს, კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებამდე. ჯარიმაა მათთვისაც, ვინც სააგენტოს წარმომადგენელს არ დაემორჩილება. 400 ლარით დაჯარიმდებიან სურსათის ის მწარმოებლები, რომლებიც საგენტოს უფლებამოსილ პირებს, არ მისცემენ მათთან თანამშრომლობის უფლებას. როგორც სურსათის ერვნულ სააგენტოში იუწყებიან, ზემოაღნიშნული ცვლილებები ევროკავშირში ექსპორტირებული საწარმოებისათვის, უკვე შევიდა ძალაში, ხოლო ყველა სხვა სურსათის საწარმოებისთვის 2012 წლის 3 იანვრიდან შევა. ეს საკითხი უკვე გახდა განხილვის და კრიტიკის საგანი. მოვაჭრეთა დიდი ნაწილის განცხადებით, ეს გამოიწვევს ფასების ზრდას. მათი შეშფოთება აშკარად არ ჩანს უსაფუძვლო, რადგან რამდენიმე თვის წინ, ხორცის პროდუქტებზე ხარისხის გამკაცრებამ და მისი მიწოდების ერთპიროვნულმა განსაზღვრამ, გამოიწვია ხორცის დეფიციტი და ფასის კატასტოფული მატება.
ნატო ლომსაძე
|