"საქართველო მარცვლეულის ექსპორტიორი ქვეყანა ვერ გახდება"საინტერესო და საკმაოდ დასაფიქრებელია ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგმარეობა, რომელიც პროდუქციასა და მათზე ფასების უაზროდ ზრდას ეხება. ფქვილი იაფდება, პურზე ფასები კი მატულობს. ალბათ შეამჩნევდით, რომ ყველაფერი უკუღმა ხდება. რა არის პურზე ფასის მატების მიზეზი მაშინ, როდესაც ფქვილი იაფდება? რა თქმა უნდა ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვებს თუ დავუჯერებთ საგანგაშო არაფერია: „საქართველო მალე მარცვლელულის მიწოდების რეგიონალური ცენტრი უნდა გახდეს“-ო.
მისივე განცხადებით, გეოგრაფიული უპირატესობის გათვალისწინებით ჩვენს ქვეყანას იმდენი მარაგი გააჩნია, რომ აქეთ შეძლებს მთელი კავკასიისა და შუა აზიის მომარაგებას. ასეთივე დამამშვიდებელი განცხადება გააკეთა იმპორტიორი კომპანია "აგრიკომის” დამფუძნებელმა, კოკი ოსიპოვმა. მისი მტკიცებით, პურისა და პურპროდუქტების გაძვირება მოსალოდნელი არ იყო - საქართველოს 100 000 ტონა ხორბლის მარაგი გააჩნია, რაც სერიოზული მაჩვენებელია და დეფიციტის საფრთხე არ არსებობს, ამ მხრივ ქვეყანაში უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება - დაგვაიმედა ოსიპოვმა.
სამწუხაროდ ეს განცხადებები არაფრის მომცემი აღმოჩნდა. საქმე გაცილებით რთულადაა. პროგნოზები და გამოთქმული „ფრიად ყურწარმტაცი“ განცხადებები რეალობას არ შეესაბამება, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს. აქაური ფერმერების წლევანდელმა მოსავალმა არ გაამართლა. კახეთში ყანების დიდი ნაწილი მღრღნელებმა გაანადგურა. როგორც ფერმერები ამბობენ, მათ საწამლავმაც ვერაფერი დააკლო. ბევრი ფერმერი ვალებით აივსო. წისქვილკომბინატში ამბობენ, რომ ადგილობრივი ხორბლის მარაგი მხოლოდ სექტემბრის მეორე ნახევრამდე გაწვდება.
ფაქტია, არ არსებობს ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი იქნება პურის ხარისხის შემოწმება. საცხობებში თუ ფასებს არ ზრდიან, მაშინ პურს ზომაში აპატარავებენ. ცუდ მდგომარეობაშია მყიდველიც და გამაყიდველიც. მართალიაPპრეზიდენტმა თქვა, რომ იაფი პროდუქტების ეპოქა დასრულდა, მაგრამ პროდუქტებზე ფასების ასეთ კატასტროფულ ზრდას მაინც არავინ ელოდა.
საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას განმარტებით, პურის გაძვირება მხოლოდ ფქვილის გაძვირებასთან არ არის კავშირში - გაძვირდა სხვა ძირითადი პროდუქტებიც, მათ შორის წყალი, ზეთი, საფუარი, მარილი და საწვავი. სილაგავას თქმით, პურის ფასში ფქვილის ღირებულებას 50% უკავია, დანარჩენი კი ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე მოდის. თუ 2008 წელს შევადარებთ დღევანდელ სიტუაციას ხორბლის ფასი 38%-ითაა გაიაფებული, პურზე ფასი კი მაინც მატულობს. სხვა ქვეყნებში პროდუქტი 2-3 %-ით თუ ძვირდება, ჩვენ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 10-ჯერ ან „უკეთეს შემთხვევაში“ 20-ჯერ მაღალია.
ასეთი შედეგები საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ ინფლაციის ასარიდებლად, ლარის კურსის მიზანმიმართულად გამყარებამ გამოიწვია. ქვეყანაში არსებულ ინფლაციაში ლომის წილი სწორედ მას მიუძღვის. სებ-ის მაქინაციების გამო ჩვეულებრივი მოქალაქეები იჩაგრებიან, რომელთაც არაკომპეტენტური ცენტრალური ბანკის გამო სხვადასხვა პროდუქტში არაადეკვატურად მაღალი ფასების გადახდა უწევთ. სოფლის მეურნეობის მინისტრი პურის გაძვირებას გამორიცხავდა, ხორბლის იმპორტიორი კომპანია "აგრიკომის” ხელმძღვანელი კოკი ოსიპოვი კი თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ საქართველოში უახლოეს ხანებში პური არ გაძვირდებოდა. თუმცა, მეპურეები საპირისპიროდ მოიქცნენ და ფქვილზე ფასების შემცირების მიუხედავად, პურის ფასი საგრძნობლად გაზარდეს.
რუსუდან გაბესკირია