"სეზონის დასრულების შემდეგ არ არის გამორიცხული საგადასახადო ორგანოებმა "აღმოაჩინონ”, რომ გამქირავებელმა ბრუნვის გადასახადი ან საშემოსავლო გადასახადი დამალა”საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მიმართულება ტურიზმია. მიუხედავად ამ სფეროს დეკლარირებულად პრიორიტეტულობისა, ტურისტული ინდუსტრია დღეს უმძიმეს დღეშია. ზღვის სეზონი ახლოვდება და შესაბამისად, საქართველოს საზღვაო კურორტებზეც სრული სამზადისია. გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო მეტ ტურისტს ელოდებიან, მათ შორის უცხოელებსაც.
მთავრობის ინიციატივით ცვლილებები შედის "საგადასახადო კოდექსში”, რომელიც პარლამენტს წარედგინა განსახილველად. შესატანი ცვლილებების მიხედვით, კერძო საოჯახო სასტუმროების მფლობელები შემოსავლების სამსახურში საკურორტო სეზონის პერიოდში დაარეგისტრირებენ, რომლის განმავლობაშიც ფიქსირებულ გადასახადს გაქირავებული ფართის მიხედვით, 1 კვადრატულ მეტრზე 10 ლარს გადაიხდიან. შეგახსენებთ, რომ აქამდე კერძო საოჯახო სასტუმროების მფლობელები გადასახადს ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით იხდიან.
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი შიშობს, რომ ეს გადასახადი სადამსჯელო მექანიზმად არ იქნეს გამოყენებული. "სეზონის დასრულების შემდეგ არ არის გამორიცხული საგადასახადო ორგანოებმა "აღმოაჩინონ”, რომ გამქირავებელმა ბრუნვის გადასახადი ან საშემოსავლო გადასახადი დამალა”,- ამბობს ახვლედიანი.
აჭარაში ბოლო პერიოდში აშენებული კომფორტული სასტუმროების პარალელურად, დამსვენებლებს რეგიონში საკმაოდ ხარისხიან მომსახურებას კერძო სექტორშიც სთავაზობენ. სტატისტიკის მიხედვით, საოჯახო სასტუმროებში დამსვენებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა ზღვაზე დამსვენებლებს გარუჯვა შარშანდელთან შედარებით წელს გაცილებით ძვირი დაუჯდებათ.
"ხელის შეწყობის ნაცვლად, ბარიერს გვიქმნიან”,- აცხადებენ საოჯახო სასტუმროების მფლობელები.
"პლაჟზე კვადრატულ მეტრზე ფასი დააწესეს, 90 ლარი. გამოაცხადეს ტენდერი და 2000 ლარს ითხოვენ. "ლაზურმა” და "ნეფტუნმა” გადაიხადა 2000 ლარი. ადგილობრივებს კი საშუალებას არ აძლევენ რომ შეზლონგი გაშალონ პლაჟზე”,- ამბობს უკმაყოფილო მოქალაქე.
კვარიათი ძირითადად, ტურისტულ სეზონზეა დამოკიდებული. ასე თუ გაგრძელდება საოჯახო სასტუმროებს სეზონი ჩაუვარდებათ. "თუ ეს ცვლილება კანონის სახეს მიიღებს და ვალდებული ვიქნები 1 კვადრატულ მეტრზე 10 ლარი გადავიხადო. იძულებული გავხდები, აღარ გავაქირავო ფართი. სულ 80 კვადრატული მეტრის ფართს ვაქირავებ და სეზონზე მოგება მოგება 1500 ლარი მაქვს. ამ შემთხვევაში, თუ 80 კვ/მ-ზე 800 ლარი გადავიხადე, 200 ლარისთვის არ მიღირს მუშაობა. მით უმეტეს, რომ დამლაგებელსაც ვუხდი ხელფასს. არა მგონია გამოსავალი ქირის გაძვირება იყოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, კლიენტი უბრალოდ, არ გვეყოლება. იმედია, ის შეღავათი, რომ ძველი სისტემით გადავიხადოთ, დარჩება”,- განაცხადა სასტუმრო "ჩემი სახლის” მეპატრონემ თამარ გოგოლაძემ.
შეიძლება ამ ყველაფერს განზრახ აკეთებენ, ადგილობრივებს ჩაძირავენ და სხვებს ხელ-ფეხი გაეხსნებათ. ასეთია რიგითი კვარიათელის ყოფა, რომელიც ისევე მოტყუვდა საკუთარი პრეზიდენტის დაპირებებით, როგორც მისი ბევრი თანასოფლელი.
მარიამ ბიბილაშილი