"სამინისტრომ ეს ინტიტუტი პედაგოგების გასაკონტროლებლად შემოიღო"მანდატურები სკოლაში - ეს არის ნებისმიერი პროფესიის ადამიანთა სამკაციანი ჯგუფი. ერთი ქალბატონი და ორი მამაკაცი ამერიკული პროგრამის ფარგლებში გადის მომზადებას, ხოლო შესაბამისი ტესტირების გავლის შემდეგ, ტრენინგებს ფსიქოლოგიასა და კანონმდებლობაში. მათ მოვალეობაში შედის ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, სკოლაში კონფლიქტების მოგვარება, დანაშაულის პრევენცია და მოსწავლეებისთვის ყველა სახის დახმარების გაწევა. აკონტროლებენ როგორც სკოლის გარე, ასევე შიდა პერიმეტრს, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიატორის როლს ასრულებენ, საგანგებო სიტუაციებში კი სკოლის მოსწავლეებისა და მომუშავე პირთა ევაკუაციას უწყობენ ხელს. მანდატურებს სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ. განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მათ არ აქვთ იარაღის ტარების უფლება, მაგრამ არც დაუცველები იქნებიან. მისივე თქმით, სკოლის შინაგანაწესში უხეშად ჩარევის უფლება არავის ექნება. ანარქია და უდისციპლინობა დასრულდა. ვისაც „ძველბიჭობა“ უნდა პირველ ეტაპზე მას სანქციის სახით სკოლის შენობის და ეზოს დალაგება დაეკისრება, შემდეგ კი, სკოლის შინაგანაწესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში, სამტრედიის სპეცსკოლაში გადასვლა მოუწევს. რაც შეეხება მანდატურს, მთლიანად გაწერილია მისი უფლება-მოვალეობები. მას არ აქვს ბავშვის დასჯის უფლება. პრობლემის შემთხვევაში ხდება საკითხის დირექტორთან განხილვა. მანდატურს ასევე აქვს უფლება მიმართოს სამინისტროს, არსებული პრობლემის მოსაგვარებლად.
მანდატურები კერძო სკოლებშიც გამოჩდნენ. თუ რამ განაპირობა მანდატურის კერძო სკოლაში შეყვანა, ამ კითხვაზე სკოლის მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზვიად ხიდიშელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ კერძო სკოლებს, მართალია, საკუთარი დაცვა ემსახურებათ, მაგრამ მანდატურის შეყვანა მშობლებისა და დირექციის მოთხოვნა იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მანდატურის სამსახურს უფრო მეტად ენდობიან.
ბოლო პერიოდში მანდატურის კერძო სკოლებში შეყვანის სურვილი რამდენიმე ათეულმა კერძო სკოლის ხელმძღვანელმა გამოთქვა, მაგრამ გაჩნდა ეჭვი, თუ რა საჭიროა მანდატურები კერძო სკოლებში, თუ მათ ისედაც ჰყავთ საკუთარი დაცვა? ხელისუფლება სიტუაციის გაკონტროლებას სკოლებშიც ხომ არ ცდილობს? იქნებ, კერძო სკოლებში მანდატურების დანიშვნა ერთ-ერთი მაღალი წოდების პირის განცხადებასთანაა კავშირში - ხელისუფლება ცდილობს ყველგან თავისი ხალხი ჰყავდეს და აკონტროლოს სიტუაცია!
გაჩნდა სხვა პრობლემებიც. მშობლების გარკვეული ნაწილი მიესალმება სკოლებში მანდატურირების შეყვანას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამ ფაქტით უკმაყოფილონი არიან მშობლების გარდა უკმაყოფილებას მოსწავლეები და მასწავლებლებიც გამოხატავენ. მოსწავლეები ამბობენ, რომ მანდატურები პირველი დღიდან ზიზღს იწვევენ. ისინი უხეშად მიმართავენ მოსწავლეებს. პატარა წინააღმდეგობის შემთხვევაში კი ყვირილზე გადადიან და ჯარიმით იმუქრებიან.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მანდატურებს მასწავლებლებზე მეტი გასამრჯელო აქვთ. გარდა დაწესებული პრივილეგიებისა, პედაგოგები ამბობენ, რომ მანდატურები იმაზე მეტის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს, ვიდრე მინიჭებული აქვთ. სკოლაში ხშირად პედაგოგს მაღალ კლასებში მოსწავლეების დამორჩილება სურთ, ამის გამო კი მანდატურისგან შენიშვნას იღებენ. იყო შემთხვევა, როდესაც მანდატურმა 3 პედაგოგს ოქმი დაუწერა და დირექტორს რეაგირება მოსთხოვა, რის გამოც მასწავლებლები სკოლიდან გაანთავისუფლეს. პედაგოგები იმასაც ჩივიან, რომ სამინისტრომ ეს ინსტიტუტი მათ გასაკონტროლებლად შემოიღო. ხშირად მანდატურები კარებთან დგანან, ყური კარზე აქვთ მიდებული და უსმენენ გაკვეთილის მსვლელობას. პედაგოგებისთვის გაუგებარია, მანდატურებს უმიზეზოდ კართან ატუზული დგომის უფლება რატომ უნდა ჰქონდეთ და შუა გაკვეთილის პროცესში კარს პირდაპირ რატომ უნდა აღებდნენ?
სკოლა, მანდატურების გადაჭარბებული სიმკაცრის გამო, გამოსასწორებელ კოლონიას დაემსგავსა. სწავლის იძულება და დისციპლინა აუცილებელია, მაგრამ გარკვეული ნორმის ფარგლებში, ბევრი რამაა დასახვეწი, ბავშვის მენტალიტეტი მეთოდურ მიდგომას მოითხოვს. გადაჭარბებულმა სიმკაცრემ კი შესაძლებელია მათ ფსიქოლოგიაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
რუსუდან გაბესკირია