
ბოლო დღეებში თბილისში ხორცის დეფიციტი შეიქმნა. საქონლის ხორცის ფასმა 3-4 ლარით მოიმატა. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში კი აღნიშნული პროდუქტის ფასი 100%-ითაა გაძვირებული. შარშან ამ დროს 1 კილოგრამი ხორცი აგრარულ ბაზრებში 8 ლარი ღირდა. ამჯერად, ყველაზე დაბალი ხარისხის ხორცი 14 ლარიდან იწყება და 20 ლარამდე ადის. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ამ პროდუქტის ღირებულება ევროზონის ფასებს მიუახლოვდა. მაგალითად, ბრიუსელში 1 კილოგრამი ღორის ხორცი 18 ლარი ღირს, ხოლო ძროხის ხორცი - 22 ლარი. ხაზგასასმელია, თუმცა მაგალითად ბელგიაში საშუალო ხელფასი 1500-1700 ევროა.
ხორცის გამყიდველები და ხორცის მაღაზიის მფლობელები ფასის მატებას სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციას უკავშირებენ, რომლის მიხედვითაც, თბილისში ხორცი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუკი ის სპეციალურ სასაკლაოზე დაიკვლება.
თბილისს ამ ეტაპისათვის რამდენიმე სასაკლაო ემსახურება, მომსახურების ფასი კი ერთ კილო ხორცზე ერთი ლარია. თავად სასაკლაოს მეპატრონეები და სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებენ, რომ ხორცზე ფასის მატება გარკვეულმა სპეკულაციურმა ჯგუფებმა გამოიწვიეს და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხორცის ფასმა კვლავ დაიწიოს.
ხორცი რომ 15 ლარს გადასცდებოდა, მაშინვე ცხადი გახდა, როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქონლის მხოლოდ სასაკლაოებზე დაკვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შეიქმნა სასაკლაო `იბერმით ჯორჯია~, რომელმაც თბილისში ხორცის მაღაზიების `იბერულას~ ქსელის გახსნა დაიწყო.
რამდენიმე თვის წინათ `იბერულაში~ სტუმრად მყოფი სოფლის მეურნეობის მინისტრი და კომპანიის ხელმძღვანელები ირწმუნებოდნენ, რომ მათ ხელში გადასული ხორცის ძალაუფლება, ამ პროდუქტს არ გააძვირებდა. მეტიც: მაღაზიის მფლობელებმა ისიც კი აღნიშნეს, რომ ხორცზე ყველაზე დაბალი ფასი მათ მაღაზიებში იქნებოდა. მაშინ "იბერულაში" 1 კილოგრამი ხორცი 9 ლარი ღირდა.
მეხორცეები პირდაპირ მიუთითებენ, რომ არა ნატახტრის სასაკლაო, ხორცის ღირებულება მაქსიმუმ 9-10 ლარი იქნებოდა. მათი თქმით, გაძვირებულმა პროდუქტმა მოთხოვნაც შეამცირა.
ნატახტრის სასაკლაოს გარდა, კიდევ რამდენიმე სასაკლაო მოქმედებს, რომელიც კონკრეტულად თბილისის ხორცით მომარაგებას ემსახურება. ახალი რეგულაცია, რომელიც ბაზარზე ხორცით ვაჭრობას აწესრიგებს, სურსათის უვნებლობის სამსახურმა მიიღო. თბილისის ტერიტორიაზე ხორცი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაიყიდოს, თუკი საქონელი სპეციალურ სასაკლაოებზე დაიკვლება.
ცხოველების სახორცედ დაკვლა, მათი რეალიზაციის მიზნით, დაიშვება მხოლოდ შესაბამის სასაკლაოებზე ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის ქვეშ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ვერიკო გულუას განცხადებით, ვეტერინარიის შესახებ საქართველოს კანონის 321-ე მუხლის თანახმად, 2011 წლის პირველი იანვრიდან „ცხოველების სახორცედ დაკვლა, მათი რეალიზაციის მიზნით, დაიშვება მხოლოდ შესაბამის სასაკლაოებზე ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის ქვეშ~. რაც შეეხება ხორცზე ფასის ზრდას, მისი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხორცზე ფასმა კვლავ დაიწიოს:
”სასაკლაოები არის კერძო. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი გახსნა. ფასთა წარმოებაში სახელმწიფო არ ერევა. ბოლო პერიოდში შექმნილ სკანდალთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეული სპეკულაციური ჯგუფები ცდილობდნენ ხელოვნურად შეექმნათ საქონლის ხორცის დეფიციტი, ამით იყო განპირობებული ბოლო პერიოდში საქონლის ხორცის ფასის მატებაც, თუმცა საქონლის ხორცის მიმწოდებელი სასაკლაოები სრულიად აკმაყოფილებენ თბილისის მოთხოვნას და უახლოეს დღეებში ხორცის ფასი დასტაბილურდება”, - ამბობს ვერიკო გულუა.
ხელისუფლების მხრიდან მონოპოლიების შექმნის მცდელობაზე საუბრობენ ეკონომიკის ექსპერტები. მონოპოლიების შექმნის ხელშეწყობაზე ლაპარაკობდა საბურთალოს ბაზარში მისული `”ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურიაც. მისი თქმით, ”საქონლის ხორცი კორუმპირებულმა კლანებმა ხელოვნურად გააძვირეს. ეს გამოიწვია პარლამენტის გადაწყვეტილებამ, რამაც ხელი შეუწყო მონოპოლიის დაწესებას”.
ა/ო ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის განმარტებით, ხორცის გაძვირება ხელისუფლების მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა გამოიწვია, რომელმაც ბაზარზე პროდუქტის დეფიციტი გამოიწვია, რაც თავისთავად ფასების ზრდაზეც აისახა. ჯანიაშვილისთვის სასაკლაოების შემოღების აუცილებლობა გაურკვეველია, რადგან მისი თქმით, ახალი რეგულაციის შემოღებამდე ცხოველები იკვლებოდა წინასწარ შერჩეულ ადგილებში ვეტსანიტარული ზედამხედველობით. ”ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პირუტყვი მხოლოდ გარკვეული ტიპის სასაკლაოებზე უნდა იყოს დაკლული, მაშინ როდესაც თბილისის მახლობლად მხოლოდ ორი სასაკლაოა. საინტერესოა, ხელისუფლებამ რატომ დაიწყო მაინც და მაინც ახლა ხორცის ხარისხის კონტროლზე ფიქრი და თან მხოლოდ თბილისში. დანარჩენი საქართველოს მასშტაბით რა ხდება? იქ არ ცხოვრობენ ქართველები, რომლის ჯანმრთელობაზეც სახელმწიფო ზრუნავს? გარდა ამისა, სანამ სასაკლაოები გაკეთდებოდა, ბაზრობების ადმინისტრაციები ვალდებულნი იყვნენ ჰყოლოდათ ვეტერინარი, რომელიც დააკვირდებოდა საქონლის დაკვლას და მოეხდინა ხორცის ლაბორატორიული შემოწმება. სახელმწიფომ ამაზე უარი თქვა და გადაწყვიტა ვეტერინალური შემოწმების უფლება მხოლოდ კონკრეტულ სასაკლაოებს ჰქონოდა”, - აღნიშნავს მერაბ ჯანიაშვილი.
"აფბას" პრეზიდენტისთვის ასევე გაუგებარია ის, რომ საქართველო ევროკავშირს უარს უცხადებს სურსათის ხარისხის კონტროლის აღდგენაზე, პარალელურად კი რეგულაციებს და შეზღუდვებს სურსათის მხოლოდ ერთ სახეობაზე აწესებს. "რატომ მაინცდამაინც ხორცზე და არა კვერცხზე? კვერცხთან დაკავშირებით ეს პრობლემები არაა, რადგან ამ ბაზარზე მცირე მეწარმეები არ თამაშობენ, აქ ვხვდებით ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს და მათ ხარისხის კონტროლი არ სჭირდებათ. ან სხვა პროდუქტები ავიღოთ, ვინმე ახდენს სხვა რომელიმე პროდუქტზე ხარისხის კონტროლს? რატომ ვქმნით შიდა ბაზარზე, ჩვენივე მეწარმეებისთვის ხელოვნურ შეზღუდვებს? ხარისხის კონტროლს თუ აღვადგენთ, მაშინ ყველა პროდუქტისთვის აღვადგინოთ და ევროკავშირთანაც გავაფორმოთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება”, - განმარტავს მერაბ ჯანიაშვილი.