ნანახია: 375
"მოსახლეობის შედარებით დაბალშემოსავლიან ნაწილს, მძიმე ინფლაციური მდგომარეობის ფონზე, ყოველდღიური მოხმარებისთვის საჭირო ხარჯები მკვეთრად გაეზარდა და შემოსავლის სულ უფრო ნაკლები ნაწილის დაზოგვას ახერხებენ"
თბილისში უძრავი ქონება უმნიშვნელოდ გაიფდა. დედაქალაქში ერთ წელიწადში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასმა 4%-ით დაიკლო. წლის განმავლობაში დადებული გარიგებების მოცულობა კი 20%-ით შემცირდა. ფასების მცირე კლება ქვეყანაში მიმდინარე არსებული ეკონომიკური მდგომარეობით აიხსნება. იანვარი-მარტის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ბინებზე მოთხოვნამ იკლო. თუმცა, აპრილი უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობის ზრდით გამოირჩევა. ჩვენი ყურადღება ერთმა მნიშვნელოვანმა გარემოებამ მიიპყრო – უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია "გრემიკას” მიერ ჩატარებული კვარტალური კვლევის მიხედვით, თბილისის გარეუბნებში ბინების ფასი მეტად შემცირებულია და მიწოდება მოთხოვნას მკვეთრად აჭარბებს, მაშინ როცა ცენტრალურ უბნებში, განსაკუთრებით ვაკეში, ბინების მიწოდება მასზე მოთხოვნას ჩამორჩება. აღნიშნული გარემოება საზოგადოების მდიდარ და ღარიბ კლასებად დიფერენცირების სიმწვავეს ააშკარავებს. როგორც წესი, ქალაქის გარეუბნების მაცხოვრებელთა საშუალო შემოსავლების დონე ჩამორჩება ქალაქის ცენტრის მცხოვრებთა საშუალო შემოსავლების დონეს. გარეუბანში ბინის ფასი ყოველთვის ნაკლებია ქალაქის ცენტრში ბინის ფასთან შედარებით. უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია `გრემიკას” კვლევას თუ დავეყრდნობით, გარეუბნებში ბინის ფასის საგრძნობი შემცირება ბინების მიწოდების სიჭარბემ განაპირობა. გარეუბნებში ბინების მყიდველთა რიცხვი გაყიდვის მსურველთა რიცხვს მკვეთრად ჩამორჩება. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის შედარებით დაბალშემოსავლიან ნაწილს, მძიმე ინფლაციური მდგომარეობის ფონზე, ყოველდღიური მოხმარებისთვის საჭირო ხარჯები მკვეთრად გაეზარდა და შემოსავლის სულ უფრო ნაკლები ნაწილის დაზოგვას ახერხებენ. შემცირებული დანაზოგები ბინების მოთხოვნაზეც აისახება. გარეუბნის, შედარებით დაბალშემოსავლიან მოსახლეობას საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის შემოსავლები აღარ ჰყოფნის. საპირისპირო მდგომარეობაა შექმნილი ქალაქის ცენტრში. "გრემიკას” მონაცემებზე დაყრდნობით, ვაკეში ბინებზე მოთხოვნა მის მიწოდებას აჭარბებს. ეს მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის რეალური შემოსავლების ზრდაზე მეტყველებს. საინტერესოა, როგორ გაიზარდა მოსახლეობის ერთი ნაწილის რეალური შემოსავლების დონე, მაშინ როცა მეორე ნაწილის შემოსავლები აუცილებელი მოხმარების ხარჯებს ძლივს ფარავს? პასუხი ინფლაციური პროცესების დინამიკასა და საარსებო მინიმუმის გაძვირებაში უნდა ვეძიოთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წლის აპრილში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 163,2 ლარი შეადგინა. მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით არის გაზრდილი. ერთი წლის წინ, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 127,4 ლარს შეადგენდა, 2011 წლის მარტში - 160,6 ლარს. სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის მიუხედავად, მიმდინარე თვეში ინფლაციის დონე წინა თვესთან შედარებით 0,1 %-ით შემცირდა. ერთი შეხედვით, საარსებო მინიმუმის ასეთი ზრდის ფონზე ინფლაციის დონის შემცირება პარადოქსულად შეიძლება ჩანდეს. რეალურად, ქვეყანაში გაძვირდა საკვები პროდუქტები, ხოლო სხვა სამომხმარებლო საქონელი გაიაფდა ან არ გაძვირებულა. ეკონომიკის ექსპერტის, სოსო არჩვაძის თქმით, როცა საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი წინ უსწრებს ინფლაციის მაჩვენებელს (ისე როგორც საქართველოს შემთხვევაშია), მაშინ ღარიბი ფენის მდგომარეობა უარესდება, მათი ისედაც მწირი შემოსავლები მთლიანად სურსათზე იხარჯება. ასეთ დროს, თუკი ოფიციალური ინფორმაციით ინფლაციის დონე 13,5 %-ია, ღარიბი ფენისთვის ინფლაცია 13,5%-ზე გაცილებით მაღალია. როგორც ჩანს, ინფლაცია მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენებისთვის რეალურად 14 %-ზე ბევრად მაღალია. ეს ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი, დაბალი შემოსავლებით, გაძვირებული საკვებისა და აუცილებელი ნივთების ყიდვას ძლივსღა ახერხებს და დასაზოგი მათ აღარფერი რჩებათ. ამის ფონზე კი, მოსახლეობის მაღალშემოსავლიანი ნაწილისთვის ინფლაცია იკლებს და მათი მოხმარება იზრდება. თბილისელთა ნაწილს რეალური შემოსავლები გაეზარდათ და ეს ქალაქის ცენტრში ბინების ფასზეც აისახა. დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის მდგომარეობა კი მძიმეა – ზოგს უძრავი ქონების საყიდლად არ ყოფნის შემოსავლები, ზოგს კი უსახსრობის გამო კუთვნილი ქონების გაყიდვაც კი უწევს. თეონა აფციაური
|