სათვალეების ბაზრის გადანაწილების ჩვენებური პარადოქსები

ცნობილი ბრენდების სათვალეები ქართულ ქსელებში უფრო იაფია, ვიდრე თავად საბრენდე მაღაზიებში საზღვარგარეთ
"ქართულ ბაზარზე ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის ფალსიფიცირებული სათვალე, ჩვენი წარმომადგენელი იყო გასული ლილოს ბაზრობაზე, სადაც მან ნახა, რომ იქ საკმაოდ იაფად იყიდება სათვალე, რომელსაც აწერია "რეიბანი", - აცხადებს სათვალეების ქართული ბაზრის ლიდერი კომპანიის "რონიკოს" მფლობელი როლანდ ჯავახია.
ზოგადად, სათვალის შერჩევა რთული საქმეა, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება საქართველოს შემთხვევაში, ჩვენთან ხომ "მარკეტინგი გოიმებისთვის" ისევ წარმატებით მუშაობს. საუბარია, შემთხვევაზე, როდესაც პროდუქტის ფასი და ხარისხი ერთმანეთს ნამდვილად არ შეესაბამება. ხშირად მომხმარებელი გადაწყვეტილებას პროდუქტის მარალი ფასის მიხედვით იღებს და უპირობოდ მიიჩნევს, რომ თუ პროდუქტი ძვირია, ესე იგი, ის ხარისხიანია.
აღნიშნული პრობლემა ჩნდება სათვალეების ბაზარზეც, მომხმარებლის ნაწილს აქვს განცდა, რომ ელიტარულ მაღაზიებშიც კი დაბალი ხარისხის პროდუქტი იყიდება, ელიტარული ფასებით. ბოლო პერიოდში, გავრცელდა ხმები, რომ საქართველოში სათვალის ბაზარზე ფალსიფიცირებული ჩინური პროდუქცია შემოდის და ცნობილი სათვალეების მაღაზიები აღიარებული ბრენდების პატენტებითაა გაჯერებული.
ამ ეჭვებს რამდენიმე ფაქტორიც აძლიერებს, საქმე ისაა, რომ ელიტარულ მაღაზიებში, სადაც ამტკიცებენ, რომ ცნობილი ბრენდების ორიგინალ სათვალეებს ყიდიან, პროდუქტი იმაზე გაცილებით იაფად იყიდება, ვიდრე თავად ამ ბრენდების ოფიციალური ვებ-გვერდით არის მათი შეძენა შესაძლებელი.
ამ უცნაურობას, კიდევ უფრო საინტერესოს ის ფაქტიც ხდის, რომ პატენტი პროდუქციის საქართველოში ორიგინალად რეალიზაცია საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა. ჩვენთან ორიგინალ პროდუქტს ხშირად ჩინურით ანაცვლებენ.
სათვალეების ბაზარზე, ზოგადად, არც თუ დალაგებული სიტუაციაა, მომხმარებელს თითქმის ყველგან ხვდება ცნობილი ბრენდების სარეკლამო პლაკატები, თუმცა ამ პლაკატების გარდა არანაირი ხელჩასაჭიდი საბუთი არ არსებობს, რომ ქართულ ბაზარზე ნამდვილად ორიგინალი პროდუქტი იყიდება. შექმნილ ვითარებაში დიდ მნიშვნელობას იძენს მომხმარებლისთვით ამ კითხვებზე პირდაპირი პასუხების გაცემა და რეალური სურათის ჩვენება. სწორედ ამ მიზნით, "ბანკები და ფინანსები" სათვალეების ცნობილი მაღაზიების წარმომადგენლებს დაუკავშირდა.
თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ კომპანიებმა კითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემის ნაცვლად, თვითრეკლამას მიმართეს. ზოგადად, ეს არ არის ცუდი, მაგრამ ყველაზე მწვავე და აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია საიდუმლოდ დატოვეს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ არავინ ასახელებს, საქართველოში იმპორტირებული სათვალის რეალურ ღირებულებას, შესაბამისად, ჩვენ არ შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა ღირს პროდუქტი, რომელშიც საკმაოდ დიდ თანხას ვიხდით.
საქართველოში სათვალეების ყველაზე დიდი ქსელი "რონიკოს" აქვს, შესაბამისად, პირველ რიგში ამ ფირმის PR მენეჯერის, თინათინ ჭუჭულაშვილის განმარტებები მოვისმინეთ.
- ვინ არიან "რონიკოს" პარტნიორები და რომელი ქვეყნებიდან ახორციელებთ სათვალეების იმპორტს?- "რონიკოს" მთავარი და უცვლელი პარტნიორი "ლუქსოტიკა გრუპია", რომელთანაც უკვე 15 წელია ვთანამშრომლობთ. ეს არის იტალიური კორპორაცია, რომელიც თვითონაც აწარმოებს ბრენდებს და ასევე, აქვს ლიცენზირებული ბრენდები. ყველა ბრენდი, რომელიც "ლუქსოტიკა გრუპშია" გაერთიანებული, ჩვენს მაღაზიებშია წარმოდგენილი.
რაც შეეხება პროდუქციის ნამდვილობას, ჩვენ უფლებაც არ გვაქვს მომხმარებელი მოვატყუოთ.
- თქვენს მაღაზიებში წარმოდგენილი ბრენდები საზღვარგარეთ გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე საქართველოში. როგორ ახსნით ფასებს შორის დიდ განსხვავებას ერთი და იმავე ბრენდის სათვალეებზე?- ჩვენ შუამავალი არ გვყავს, "ლუქსოტიკა გრუპი" არის ჩვენი უშუალო მომწოდებელი, ჩვენ ვმუშაობთ სადისტრიბუციო ქსელების გარეშე, ანუ პირდაპირი ხელი ვართ, ამიტომ ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს ფასზე. სწორედ ამით გვაქვს დაბალი ფასები, ჩვენ შუამავლების გარეშე ვთანამშრომლობთ მათთან. ასევე, გაითვალისწინება იმ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, სადაც შეაქვთ საქონელი და ამის მიხედვით ხდება ფასწარმოქმნა.
- სად ხდება საქონლის წარმოება?- ძირითადად იტალიაში. 7-ზე მეტ ქვეყანაში აქვს "ლუქსოტიკა გრუპს" ქარხნები, მაგრამ სათვალეების უმეტესობა იტალიაში იწარმოება. თუმცა არის ნაკლებად ცნობილი ბრენდები, მაგრამ ხარისხიანი, რომლებიც დამზადებულია კორეაში. მას ზედ წარწერაც აქვს, ფასები იწყება 38 ლარიდან, და მომხმარებელი ყოველთვის ინფორმირებულია ამის შესახებ. ფასიც განსაზღვრულია ბრენდის მიხედვით.
- ისევ დავუბრუნდები ჩინური სათვალეების თემას, როგორც ვახსენე, ადამიანებში არის ეჭვი, რომ "ბრენდი სათვალეები" ჩინეთიდან შემოგაქვთ.- საქმე ისაა, საქონლის ჩინური წარმოშობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უხარისხოა. შესაძლებელია, რომ სხვადასხვა ბრენდების ქარხნები ტერიტორიულად მდებარეობდნენ ჩინეთში, თუმცა, არ ნიშნავს, რომ იქ ნაწარმოები საქონელი უხარისხოა და მიუღებელია მომხმარებლისთვის. მაგრამ ისეთი ბრენდები, როგორიც არის PRADA, BVLGARI, CHANEL, ესენი ჩინეთში ნაწარმოები ნამდვილად არ არის, ისინი იტალიაშია დამზადებული. თუმცა, ასევე შემოგვაქვს დაბალფასიანი მზის სათვალეები, ასევე, რაღაც ნაწილები, დაბალშემოსავლიანი მომხმარებლისთვის, რომლებიც კორეაში და ჩინეთშია ნაწარმოები, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი უხარისხოა. ასევე, მომხმარებელს აქვს ინფორმაცია, თუ სად არის სათვალე ნაწარმოები.
ინტერვიუს ჩაწერისას "რონიკოში" ცნობილი კომპანია "ესელორის" წარმომადგენელს ბატონ ტომი ჰაბერსტალს შევხვდით, რომელიც გაყიდვების ტექნოლოგიებში "რონიკოსა" და "კენარის" თანამშრომლებისთვის ტრენინგს ატარებს. ცოტა არ იყოს, უცნაურია, როცა ორი კონკურენტი მაღაზიის თანამშრომლებს ერთი და იგივე ადამიანი უტარებს ტრენინგს (?!). რაც ცხადყოფს, რომ ეს ორი კომპანია, ფაქტობრივად, ერთია. ეს ფაქტი სამეწარმეო რეესტრიის ამონაწერებითაც დასტურდება.
დაახლოებით იმავე კითხვებით მივმართეთ "კენარის" PR მენეჯერს ანა ღონღაძეს, რომელმაც კითხვაზე, თუ რატომ არის განსხვავებული ფასები ერთსა და იმავე ბრენდის სათვალეებზე საქართველოში და საზღვარგარეთ ასე გვიპასუხა, - პასუხი მარტივია. ჩვენი პარტნიორები არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც წლებია ჩვენთან თანამშრომლობენ, იციან ჩვენი ბაზარი, მომხმარებლების მოთხოვნები და შესაძლებობები, ყოველივე ამის გათვალისწინებით ხდება ამ ყველაფრის დადგენა. თუ რატომ არის ფასები უფრო იაფი ჩვენთან, ვიდრე საზღვარგარეთ, ეს ხდება იმიტომ, რომ მაღაზიის რენტები საზღვარგარეთ არის გაცილებით ძვირი, ვიდრე საქართველოში. ასევე, ჩვენ არ გვყავს შუამავლები, ჩვენი პარტნიორები პირდაპირი მომწოდებლები არიან, და ამის საფუძველზე ხდება რეალური ფასის წარმოქმნა.
- სად ხდება თქვენს ქსელში არსებული სათვალეების წარმოება?ძირითადად იტალიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში. გარდა ცნობილი ბრენდებისა, როგორიცაა FERRE, GALLIANO და ა.შ. გვაქვს ასევე ნაკლებფასიანი სათვალეები, რადგან ყველანაირი შემოსავლის მქონე მომხმარებელზე გავდივართ. "კენარის" უშუალო დაკვეთით, კენარის დიზაინითა და სტანადარტების დაცვით ჰონგ-კონგში ხდება სათვალის ჩარჩოების დამზადება.
- როგორც ვიცი, თქვენსა და "რონიკოს" თანამშრომლებს ერთი და იგივე პიროვნება გიტარებთ ტრენინგებს. რა ურთიერთობა გაქვთ თქვენს კონკურენტ მაღაზიებთან?- ეს პიროვნება არის ფრანგული ფირმა "ესილორის" წარმომადგენელი. "კენარი" არის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში "ესილორის" კომპანიის. ხოლო "რონიკოს" "კენარის" ქსელიდან მიაქვს პროდუქცია და რეალიზებას უკეთებს მას.
"რონიკოსა" და "კენარის" "თბილი" ურთიერთობების შესახებ სათვალეების კიდევ ერთი ქსელის "საფილოს" წარმომადგენლებმაც ისაუბრეს. პირად საუბრებში, ისინი აცხადებენ, რომ "რონიკო" და `კენარი" ერთი ოჯახის ბიზნესია. რაც შეეხება მთავარ საკითხს, ხარისხიანი პროდუქციით "საფილოც" იწონებს თავს. ის ბაზარზე მყვირალა ბრენდებით არის წარმოდგენილი. Giorgio Armani, ivesSaintLoran, Valentino და სხვა, ის ბრენდებია, რომლის ყიდვაც "საფილოში" შეგიძლიათ. "საფილოს" გენერალური მენეჯერი, თემურ გველესიანი ფასებს შორის განსხვავებას ქვეყნებსა და ქალაქებს შორის, ფასების დონის სხვაობით ხსნის. როგორც თვითონ აღნიშნა, დაბალი ფასები, ასევე, გამოწვეულია იმით, რომ ხდება საიტებიდან ერთი წლის წინანდელი კოლექციების გამოწერა, რომელიც ფასდაკლებულია და ჩვენთან ხდება მათი რეალიზება.
- თქვენმა ერთ-ერთმა კონკურენტმა ჩვენთან პირად საუბარში აღნიშნა, რომ თქვენ Safilo group-ის სახელს უკანონოდ იყენებთ. ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით?- საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ჭორია. ეს ასე რომ იყოს, Giorgio Armani, Gucci არ იქნებოდა ჩვენს ქსელში. მაგალითად, Giorgio Armani ადრე ჩვენს კონკურენტ მაღაზიაში იყო, ახლა კი, მხოლოდ ჩვენ გვაქვს მათი ჩამოტანის უფლება. თუ დაუკვირდებით, ჩვენი კონკურენტებისგან აბსოლუტურად განსხვავებული ბრენდები გვაქვს. ოფიციალური წარმომადგენლები რომ არ ვიყოთ, ვერც სახელს დავირქმევდით, ეს უფლება ჩვენ ნაყიდი გვაქვს.
- რატომ არ აქვს Safilo group-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული საქართველო, როგორც პარტნიორი?- ეს იმითაა გამოწვეული, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, Safilo group-ისთვის. საქართველო, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი გაერთიანებულია ერთ ჯგუფში, რომლის სათაო ოფისიც სტამბოლშია.
რაც შეეხება ჩინურ პროდუქციას, "საფილოში" ამტკიცებენ, რომ ჩინური სათვალეები მათ ქსელში არ იყიდება. "ჩინეთიდან მხოლოდ ოპტიკური იაფიანი სათვალეები შემოდის, რომელთა ფასიც 5-დან 20 ლარამდე მერყეობს. ასევე, კორეაშია დამზადებული ლინზები და ხელსაწყოები. მაგრამ იმისთვის, რომ დაბალშემოსავლიან სეგმენტზეც გავიდეთ, ვთანამშრომლობთ ნაკლებად ცნობილ, მაგრამ მაღალი ხარისხის მქონე ევროპულ, კერძოდ, ჰოლანდიურ და გერმანულ ფირმებთან და მათგან ვახდენთ სათვალეების შემოტანას. ეს ნაკლებადცნობილი ბრენდების სათვალეების რაოდენობა დაახლოებით 1 %-ია", – ამბობს ბატონი თემური.როგორც ვხედავთ, საკმაოდ უცნაური პასუხები მივიღეთ. კითხვაზე თუ რატომ არის ერთი და იგივე ბრენდის სათვალე ამ ბრენდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უფრო ძვირი, ვიდრე საქართველოში, გვიპასუხეს, რომ ჩვენ პირდაპირ მომწოდებლებიდან ვიღებთ პროდუქტს და შუამავლის მომსახურების ხარჯებს ვზოგავთო. საინტერესოა, Giorgio Armani ან PRADA-ს წარმომადგენლები, რატომ უნდა იღებდნენ იმ პროდუქტს შუამავლებიდან, რომელსაც თავად ქმნიან.
ეს სტატია, ჩვენ "რონოკოს" დამფუძნებლის როლანდ ჯავახიას სიტყვებით დავიწყეთ, ბატონმა როილანდმა დააფიქსირა პრობლემა, რომელიც ზოგადად სათვალეების ბაზარზე ფიქსირდება. უხარისხო და ფასთან შეუსაბამო ხარისხის მქონე პროდუქტის ბაზარზე არსებობის პრობლემა თავდაპირველად "ბანკები და ფინანსებმა" დასვა "რონოკოს" დამფუძნებლის წინაშე. გაზეთის მიერ სათვალეების ბაზარზე ჩატარებული მცირე კვლევამ სხსენებულ საკითხზე ამომწურავი პასუხი მაინც ვერ გაგვცა. სწორედ ამის შემდეგ მივმართეთ შესაბამისი კითხვებით "რონიკოს" დამფუძნებელს. - არის თუ არა ცნობილ ბრენდებზე, თავად ამ ბრენდების მაღაზიებთან შედარებით, დაბალი ფასი იმის მანიშნებელი, რომ ეს ბრენდები არ არის ორიგინალი და არის ჩინური ან თურქული პროდუქცია?- დღეს კომპანია რონიკოს აქვე 14 მაღაზია ქსელში, ჩვენი პორთფელი არის ძალიან ძლიერი, მომწოდებლები არიან სხვადასხვა და, ბუნებრივია, ფასებიც და ქვეყნებიც არის სხვადასხვა. ჩვენ ვართ ლიდერი კომპანია. რონიკო შედის "ლუქსოტიკა ჯგუფში", რომელიც მსოფლიოში ცნობილი ჯგუფია. ყველაზე ძვირიანი ბრენდი ჩვენ პორთფელში არის "კარტიე". ამ ბრენდთან შეთანხმების მიღწევას 12 წელიწადი დასჭირდა. რეგულარულად ხდება ახალი ბრენდების შემოტანა. ჩვენ შემოგვაქვს ყველაზე მეტი პროდუქცია, შესაბამისად, ჩვენ ვყიდით ყველაზე მეტს. გამორიცხულია, რომ ჩვენს ქსელში ძვირადღირებული ბრენდების ნაცვლად იყიდებოდეს, დაბალი ხარისხის პროდუქტი. თუმცა, ჩვენთან არის აზიიდან შემოტანილი პროდუქტი. ესენია დაბალფასიანი ბრენდები, რომლებიც ჩვენთანაც დაბალ ფასში იყიდება.
- ასეთი ეჭვი, თქვენი მომწოდებლის ვინაობის მიუხედავად, როგორც ბიზნესმენს, გაგჩენიათ თუ არა თავად და როგორ ხდება თქვენს კომპანიებში პროდუქციის ხარისხის და ბრენდთან შესაბამისობის კონტროლი?- ჩვენ პირდაპირ ვართ დაკავშირებული "ლუქსოტიკა ჯგუფთან”, ანუ არ გვყავს შუამავალი. შესაბამისად, ჩვენ გვექმნება საშუალება მაღალი ხარისხის პროდუქტი ბაზარზე შედარებით დაბალ ფასად გავიტანოთ. მაგალითად რუსეთში, ისეთი კომპანია, რომელიც "ლუქსოტიკა ჯგუფთან" პირდაპირ თანამშრომლობს, მუშაობს საბითუმო გაყიდვებზე საცალო ქსელში კი უკვე პროდუქტი სხვა კომპანიას გააქვს, რაც იქ პროდუქტს აძვირებს. ამგვარი სქემა, ჩვენ საშუალებას გვაძლევს ევროპულ ფასებთან შედარებითაც კი იაფად გავყიდოთ სათვალე, ფასებში სხვაობა, დაახლოებით, 10-15 ევროა.
- გასაგებია, რომ ამგვარი სქემით მუშაობა გაძლევთ საშუალებას, პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად გაყიდოთ. მაგრამ, საზოგადოებას ზუსტად აინტერესებს, როგორია პროდუქტის თვითღირებულება, ანუ რა ფასად შემოდის სათვალე საქართველოში, რომელიც შემდეგ, მაგალითად, 400 ლარად იყიდება. და ზოგადად, როგორ ხდება ამ ბიზნესში ფასწარმოქმნა?- ყოველი საცალო ფასი არის ჩვენი საიდუმლოება და ის ფასნამატიც არის ჩვენი საიდუმლოება, შეიძლება მეტს ვიგებთ, შეიძლება ნაკლებს, მაგრამ ჩვენ კანონი გვავალდებულებს მხოლოდ იმას, რომ გადავიხადოთ გადასახადი. კომპანია "რონიკო" არის საუკეთესო გადამხდელი ოპტიკის ინდუსტრიაში. ჩვენთან არსებული ფასი დიდად არ განსხვავდება იმ ფასებთან, რაც არის, მაგალითად, დუბაიში, სადაც, როგორც ამბობენ, საუკეთესო ფასებია. ჩვენ გვაქვს უკეთესი ფასები ვიდრე არის აზრებაიჯანში, რუსეთში, თურქეთში, მთელ ჩვენ სამეზობლოში და იმავე ევროპაში.
ასე რომ, სათვალის რეალური ფასი, რომელიც ქართულ ბაზარზე საკმაოდ ძვირად იყიდება, "რონიკოს" დამფუძნებელმაც საიდუმლოდ დატოვა. ასევე საიდუმლოდ დარჩა, ფასწარმოქმნის რეალური პრინციპები და ისიც თუ რამხელა მოგების მარჟით მუშაობს სათვალეების ბაზრის ლიდერი კომპანია და ზოგადად ეს ბაზარი. გასაგებია, რომ სხვადასხვა ბაზრობებზე წარმოდგენილი იაფფასიანი პროდუქტი ნამდვილად არ არის იმ ბრენდების მიერ წარმოებული, რომელთა იარლიყიც პროდუქტს აქვს მიკრული. თუმცა, ბაზრობების შემთხვევაში, ასეთი რამ მაინც მისაღებია, იმიტომ, რომ იქ პროდუქტი ძალიან იაფი ღირს და თავსაც არავინ დებს, რომ სათვალე ნამდვილად ორიგინალია. სხვა შემთხვევაა, ძვირადღირებული ფასებით გამორჩეული მაღაზიები, სადაც მომხმარებელი, დარწმუნებულია, მის მიერ გადახდილი მაღალი ფასი ხარისხის შესაბამისია.
ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, ყველაზე საინტერესოა, პროდუქტის თვითღირებულებისა და გასაყიდი ფასის შეფარდება. თუმცა, ამ თემას კომპანიები ასაიდუმლოებენ. ასაიდუმლოებენ, კომერციული საიდუმლოების დაცვის მოტივით, თუმცა ისიც ცხადია, რომ თუ ისინი ღიად განაცხადებდნენ, რა არის მათი პროდუქტის რეალური თვითღირებულება, და ის საცალო ფასის ადეკვატური იქნებოდა, ეს მხოლოდ გაზრდიდა მათ გაყიდვებს.
არის კიდევ ერთი სუსტი წერტილი კომპანიების მტკიცებებში, რომ ისინი ნამდვილად ორიგინალ პროდუქციას ჰყიდიან. ცხადია, "ლუქსოტიკას" ვენდობით, თუმცა, ეს ვერაფერი არგუმენტია. თაღლითობა, თეორიულად, ყველა მხარესაა დასაშვები. თემა საინტერესო და აქტუალურია. ჩვენ მდიდარი ქვეყანა არ ვართ, მაგრამ სათვალეების ყიდვისას მაინც არ უნდა გააცუცურაკონ ჩვენი მოქალაქეები.
"ბ&ფ" მიიჩნევს, რომ აუცილებელია ამ თემის გაღრმავება და უფრო სრულყოფილად წარმოჩენა, მომავალში. ჩვენ ფირმების წარმომადგენლებს მივმართავთ, რომ "კომერციული საიდუმლოს” მოშველიება, ყოველთვის არ გამოადგებათ, - არის უფრო სარწმუნო მონაცემები. "ორიგინალებიც" და "პადელკებიც" განბაჟებისას, ერთნაირად როგორ იბეგრება? თუ იბეგრება, სწორედ აქ არის `ძაღლის თავი~ დამარხული. ეს კი ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების სამომავლო სამუშაოა, რის შედეგსაც ასევე გაეცნობა "ბ&ფ"-ს მკითხველი.
ეკა ღვინჯილია
ნოდარ ჭიჭინაძე