
"შრომის უფლება ადამიანის უმნიშვნელოვანეს, სასიცოცხლო უფლებათა რიგს განეკუთვნება, ნებისმიერი საზოგადოების წევრთა უმრავლესობისათვის შრომითი შემოსავალი ფიზიკური არსებობისა და მატერიალური კეთილდღეობის საფუძველს წარმოადგენს. ამასთანავე, შრომა არის პიროვნების თვითრეალიზაციის, საზოგადოებაში დამკვიდრების, მისი გონებრივი და სულიერი პოტენციალის გამოვლენის საშუალება. ამის გამო უმუშევრობა აღიარებულია არა მარტო ეკონომიკურ, არამედ სოციალურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ პრობლემად. სწორედ ამიტომ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება მიზანმიმართულად უნდა ზრუნავდეს საკუთარი მოქალაქეების დასაქმებაზე, ებრძვის უმუშევრობას.
დასაქმება და უმუშევრობა უცილობლად დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონესთან. ცხადია, რომ ეკონომიკური ზრდა მთლიანობაში ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, მაგრამ თავის მხრივ, დასაქმების სტრუქტურა, მისი ეფექტურობა (მწარმოებლურობა) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თვით ეკონომიკის განვითარების დინამიკაზე.
თუკი 1988 წელს საქართველოში წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის სიდიდე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) შემავალი ქვეყნების ანალოგიური დონის 40%–ს შეადგენდა, 2009 წელს იგი 12,8%–მდე დაეცა. 90-იანების კრიზისის დაძლევა ჭიანურდება იმიტომაც, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში არსებული არცერთი ხელისუფლება არ ატარებდა და არ ატარებს თანმიმდევრულ, სტრატეგიულად გათვლილ ეკონომიკურ პოლიტიკას.
მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის მატება არ იწვევს ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებას, პირიქით - ბოლო წლებში იგი განუხრელად იზრდება. სადღეისოდ, ოფიციალური სტატისტიკური მოინაცემებით, საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 17% უმუშევარია, ეს შედარებით მოკრძალებული მონაცემი, შეიძლება ითქვას, ხელოვნური მანიპულირებით არის მიღებული და მდგომარეობის ნამდვილ სურათს ვერ ასახავს.
საქმე ისაა, რომ ე.წ დასაქმებულთაგან (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 83%) მხოლოდ 600–630 ათასი ადამიანი ეწევა დაქირავებულ შრომას (აქედან სახელმწიფო სექტორში, დაახლოებით, 300 ათასი), ხოლო მილიონზე მეტი (დაახლოებით 65%) განეკუთვნება ე.წ. თვითდასაქმებულ მოსახლეობას. ამ მეორე ჯგუფში გაერთიანებულია ყველა, ვინც სტატისტიკური სამსახურის ყოველკვარტალური კვლევის მონაცემებით შერჩეული ერთი საკვლევი კვირის განმავლობაში ერთი საათი მაინც იმუშავა – ანაზღაურებით თუ უსასყიდლოდ (!).
ახლა შევეცადოთ გავარკვიოთ თუ რამდენად ახერხებენ დასაქმებული ადამიანები თავიანთი შრომისთვის მიღებული ანაზღაურებით მატერიალური და სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ხელისუფლების წარმომადგენლები მუდამ აღნიშნავენ, რომ ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაქირავებულ მომუშავეთა ანაზღაურება განუხრელად იზრდება და რომ ხელფასმა დაიბრუნა თავისი სოციალურ–ეკონომიკური ფუნქცია და სტატუსი. მართლაც, თუ 2003 წელს საშუალო ხელფასი 128 ლარი იყო ბოლო, 2010 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, იგი თითქმის ხუთჯერ გაიზარდა და 609,5 ლარი შეადგინა. ეს ყოველივე ძალზე სასიხარულო იქნებოდა, რამდენიმე გარემოება, რომ არა. ამავე პერიოდში ფასებმა საშუალოდ 87%–ით მოიმატა. ძნელი დასანახი არ არის, თუ რამდენად დააზარალა ამან ეს ,,საარაკოდ” გაზრდილი `საშუალო ხელფასი~ მაგრამ, მარტოოდენ ეს ციფრები არ კმარა სრული სურათის შესაქმნელად. საშუალო ხელფასის ასეთი ზრდა ძირითადად განპირობებულია სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამიანების, განსაკუთრებით კი ე.წ. "ზედა ეშელონის" მუშაკთა ანაზღაურების მკვეთრი მატებით. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ დღესდღეისობით ქვეყანაში ძალიან მაღალი რჩება ე.წ "ღარიბ დასაქმებულთა" წილი.
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 2006 წლის მონაცემებით დაქირავებით მომუშავეთა 44%–ს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა. ექსპერტული კვლევები ადასტურებს, რომ დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავალი შინამეურნეობების საერთო შემოსავლების ნახევარსაც კი არ შეადგენს (2006 წელს 31%, 2009 წელს 44%), თვითდასაქმებულთა შემთხვევაში კი ეს მონაცემები სამჯერ დაბალია.
შრომითი კანონმდებლობა”დასაქმების სფეროში არსებული მძიმე მდგომარეობა მნიშვნელოვნად განპირობებულია დღევანდელი შრომითი კანონმდებლობით, 2006 წელს მიღებული "შრომის კოდექსი" ფაქტობრივად უდიდეს უფლებებს დამქირავებელს ანიჭებს და დაქირავებულთა პირდაპირი დისკრიმინაციის ყველა პირობას ქმნის. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა 10–12 (ზოგ შემთხვევაშ კი 14–16) საათიანი სამუშაო დღე, 6–7 დღიანი სამუშაო კვირა, საარსებო მინიმუმზე ნაკლები სახელფასო ანაზღაურება, ხელფასის დაგვიანებით გაცემა ან საერთოდ არ მიცემა, სამუშაოდან უმიზეზოდ დათხოვნა, ასაკის, პოლიტიკური შეხედულების, გენდერული და სხვა სუბიექტური ნიშნების მიხედვით თანამშრომელთა დისკრიმინაცია, ხანმოკლე შრომითი კონტრაქტები, ყოველგვარი სოციალური გარანტიების გარეშე სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ სამუშაოზე ადამიანების დასაქმება, ორსული ქალებისა და მცირეწლოვანი ბავშვების, დედების უფლებების დაუცველობა.”ექსპერტთა აზრით, მოქმედი შრომის კოდექსი არა მარტო დისკრიმინაციული, არამედ არარაციონალურიც არის. იგი არ ემსახურება მთლიანად საზოგადოების სახელმწიფოსა და თვით დამსაქმებლის ინტერესებსაც, რადგან ხელს უშლის მომუშავეთა შრომის მოტივაციისა და მწარმოებლურობის ამაღლებას.
მოამზადა ალექსანდრე ჭელიძემ