IRI-ც დროულად გამოჩნდაველოდი, რომ ამ დღეებში რაღაც გამიხარდებოდა. და აჰა, ამ დაძაბულ დღეებში, IRI-მ სოციოლოგიური კვლევის შედეგები გვტყორცნა. NDI-მ ხომ ამას წინათ გაგვახარა და სულ მარცვალ-მარცვალ ჭეშმარიტების კენჭებით მოჭიქული უტყუარი მონაცემები გვამცნო, მის მიერვე ამდაგვარი მიზნებისთვის შექმნილი "კავკასიის რესურს-ცენტრის" მიერ გამოკვლეულ-ჩაგვირისტებული სიმართლის თაობაზე, ტრადიციული პრინციპით: "ტყუილი, ტყუილი, ტყუილი და პაპიროსი პირში". იქაც ისე იყო, როგორც აქ – რამდენიმე სიმართლე და ბევრი მნიშვნელოვანი ტყუილი.
ვერ გავიგე, რას ერჩიან ამ გოჩა ცქიტიშვილს. IPM-ის ხელმძღვანელზე მოგახსენებთ. უაღრესად განათლებული პიროვნება და კარგი სოციოლოგია. თუმცა მოუვიდა "იაღლიში": 2003 წლის, ასე ვთქვათ, რევოლუციის წინ გამოკითხვებში, ჟვანიას `ბურჯანაძე-დემოკრატებს~ უფრო მაღალი რეიტინგი დაუწერა IPM-ს კვლევაში, თან რამდენჯერმე, ვიდრე სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას, არადა, არ იყო საქმე ასე. გაიმარჯვა რა სააკაშვილმა, ცქიტიშვილი შერისხულთა კატეგორიაში აღმოჩნდა. ახლა, რას ერჩის IRI-ის ამ IPM-ს. სულ რომ 0% ჰქოდეს "ნაცმოძრაობას", მაინც პირველ ადგილზე იქნება IRI-IPM-ის კვლევაში. აქეთ გოჩა ცქიტიშვილი უზრუნველყოფს ამას, იქეთ ჯონ მაკეინი.
IRI-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მმართველი პარტიის – "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი მნიშვნელოვნად, 33%-მდეა დაცემული. საიდან სადამდე, არავინ უწყის. არადა, კეთილი ლუის ნავაროს NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამ ცოტა ხნის წინ, "ნაცმოძრაობას" 46%-იანი რეიტინგი ჰქონდა. რამ დასცა ამ ძლევამოსილი პარტიის პოპულარობა?
მაგრამ აქ სხვაა მთავარი. ეს იცის IRI-მ. ამ გამოკითხვაში ოპოზიციაა გაფარჩაკებული. ქრისტიან-დემოკრატები, ტრადიციულად, საპატიო მეორე ადგილს იკავებენ – 10%-ით. ყველა დანარჩენი გაუჩინარებულია და არსად მოსჩანს. ათმა საერთო ეროვნულმა ტელემაუწყებელმა, თავისი პროპაგანდისტული მანქანით, მოსრა ოპოზიცია, ხოლო IPM-მა ეს ფაქტი "გააპრავა".
"თავისუფალ დემოკრატებს", "ლეიბორისტებს", "ეროვნულ ფორუმს" დაახლოებით 2%-იანი რეიტინგი აქვთ, დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს კი - 1%-ზე ნაკლები.
1500 რესპონდენტმა ქვეყნის მასშტაბით IPM-ს ასეთი სურათი მისცა.
ამ ზღაპარს ამით ვამთავრებ. აქვე "ბანკები და ფინანსების" მკითხველს სანაძლეოს ვთავაზობ: თუ პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში არ შეიცვალა, თუ წარმატებით გაგრძელდა "მუშაობა საარჩევნო გარემოს გაკეთილშობილებაზე", შემდეგი არჩევნები ასეთ განლაგებას მოგვცემს პოლიტიკური სპექტრის: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 75%, ქრისტიანულ-დემოკრატიულ პარტია – 20%, თავისუფალი დემოკრატები – 3%, ლეიბორისტები და ეროვნული ფორუმი – 1-1%. გინდ მაჟორიტარული წესით ჩატარდეს არჩევნები (საპარლამენტოს ვგულისხმობ, რასაკვირველია), გინდ პროპორციულით, გინდ შერეულით და თუ გნებავთ, "ნოვგოროდის ვეჩეს" პრინციპით. ისედაც რუსეთიდან იმართება მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ ქვეყანაში და რაღა სხვა პრინციპი უნდა ვეძებოთ.
ლევან მზიანიშვილი