ნანახია: 612
ვინ შემოდის სუფსაში 800 მილიონიანი ინვესტიციით და ვინ ანადგურებს ქართულ ეკოსისტემას
სუფსაში პორტის მშენებლობის პროექტის უდიდეს მნიშვნელობაზე მთავრობაში ბევრს საუბრობენ. იმასაც ამბობენ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც გურიიის რეგიონისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონში 700 მილიონიანი პროექტის განხორციელება, შეიძლება ითქვას, მშენებლობის დაწყების პირველივე დღეებში გახდეს ადგილზე დასაქმების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. სუფსის პორტის მშენებლობის იდეა, ბათუმის პორტის განტვირთვის გამო გაჩნდა, ბათუმში უნდა დარჩეს მხოლოდ 3 ნავსადგური, დანარჩენი კი უნდა გადავიდეს სუფსაში. პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, საზოგადოება, განსაკუთრებით გურიაში, ყურადღებით ადევნებს თვალს სუფსის პორტის მშენებლობის შესახებ გავრცელებულ ყველა ინფორმაციას. თუმცა, ეს ინფორმაცია ძალიან მწირია, და ეს ფაქტი გარკვეული ეჭვების საფუძველს იძლევა. "პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს ფაქტობრივად ყველაფერს, ნავმისადგომების და ადმინისტრაციული შენობის აშენებასაც კი, შესაბამისად, წარმოუდგენელია უკვე რა შეიძლება იყოს მეორე ეტაპი, შეიძლება ეს არის გამოსავალი, რომ ამას პირველი ეტაპი დაერქვას და უფრო ნაკლები ყურადღება მიექცეს საფრთხეებს, რომელიც შეიძლება ამ პროექტმა კოლხეთის ეროვნულ პარკს შეუქმნას და შემდეგ, როცა პირველი ეტაპი დასრულდება, უკვე ფაქტის წინაშე აღმოვჩნდეთ, რომ ის უკვე აშენებულია. ფაქტობრივი მდგომარეობა ის არის, რომ იქ ჯერ არაფერი არ არის გაკეთებული. პირველი, რაც გააკეთეს, დაიწყეს ტბის დაშრობა, რომელიც რიონის კალაპოტის ცვლილების შემდეგ დარჩა იმ ტერიტორიაზე, სადაც თევზი იყო მოშენებული და ამითი გრიგოლეთის მცხოვრებთა უმრავლესობა თავს ირჩენდა. დაშრობის შედეგად კი წვიმის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა იტბორება, ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მხოლოდ ეს არის გაკეთებული", - აცხადებს ადგილობრივი ორგანიზაცია `არგომედიას~ თავმჯდომარე ირაკლი აბსანძე. რაც შეეხება საკითხის ეკოლოგიურ მხარეს, ქართულ-უცხოური კომპანიის ,,ბლექ სი პროდაქტის", რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო პორტის მშენებლობაზე და სამეცნიერო-კვლევითი ფირმა ,,გამას” დასკვნების მიხედვით, რომელმაც სუფსის პორტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მოამზადა, მშენებლობა აღნიშნულ რეგიონში მნიშვნელოვან ბუნებრივ ცვლილებებს არ გამოიწვევს. თუმცა, ასე არ ფიქრობენ ადგილობრივი გარემოს დამცველები და აღნიშნავენ, რომ მშენებარე ნავსადგური, როგორც მინიმუმ, ძალიან ახლოსაა კოლხეთის ეროვნულ პარკთან და უნიკალურ ეკოსისტემაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს. "საფრთხე თავისთავად უკვე ჩანს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს პროექტი მოიცავს თვითონ კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიასაც. ეროვნულ პარკს კი იცავს რამსარის საერთაშორისო კონვენცია. ამიტომ გავრცელდა ხმები, რომ შეიძლება სახელმწიფო რამსარის კონვენციიდან გამოვიდეს, რადგან ეს კონვენცია პრობლემას შეუქმნის ამ პორტის მშენებლობას თუ პროექტი ისე განვითარდა, როგორც პირველი ეტაპში არის მითითებული. შეგახსენებთ, რომ რამსარის კონვენცია, გარდა იმისა, რომ რაღაც საკითხებს ზღუდავს, ძალიან კარგი საშუალებაა ბევრი ეკოლოგიური პროექტის დასაფინანსებლად", - აღნიშნავს აბსანძე. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ უცნობია, თუ როგორ მოხდა ამ პროექტის განხილვა. კანონით აუცილებელია, რომ გარემო ზემოქმედების ანგარიში განიხილებოდეს საზოგადოების თანდასწრებით და წინასწარ უნდა იქნეს გამოქვეყნებული ხელმისაწვდომ ადგილას. განცხადება განხილვის შესახებ ასევე უნდა გამოქვეყნდეს ადგილობრივ პრესაში, თუ იქ ასეთი არსებობს და შეგახსენებთ, რომ ფოთშიც და გურიაშიც გამოდის გაზეთი, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია მათთვისაც არ მიუწოდებიათ. არ მოხდა გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შეთანხმებაც. თავისთავად ის ფაქტი, რომ საზოგადოებას არ უთანხმდება პროექტი, რომელიც დასახლებულ პუნქტში უნდა განხორციელდეს, უკვე პრობლემა და კანონის დარღვევაა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის შესახებაც, რომელმაც სუფსის პორტის მშენებლობის პროექტისთვის 700 მილიონი უნდა მოიზიდოს, ინტერნეტსივრცეშიც კი ხელშესახები ინფორმაცია არ მოიპოვება. თუმცა, "ბლექ სი პროდაქტის" წარმომადგენელი შალვა წაქაძე და ოფიციოზი კატეგორიულად აცხადებენ, რომ სუფსის პორტი - ეს რეალობაა და ის დიდ შემოსავლებს მოუტანს როგორც ლანჩხუთს, ასევე მთლიანად ქვეყანას. "ეს არის ძალიან დიდი პროექტი, სუფსის პორტი ქვეყანაში გახდება #1 პორტი. ყოველივე განპირობებულია იმით, რომ მდინარე სუფსას, სადაც პორტი კეთდება, აქვს ის სიღრმე, რაც სხვა ქართული პორტებისთვის მიუწვდომელია. იგი 18-მეტრის სიღრმისაა, ზოგიერთ ადგილზე კი 20-მდეც აღწევს. სწორედ ეს სიღრმე იძლევა იმის წინაპირობას, რომ ჩვენ შეგვეძლება მივიღოთ ყველა გემმზიდი, რომელსაც ბოსფორის სრუტე გაატარებს. ეს პროექტი კონტინენტური მნიშვნელობისაა - თუ აქამდე რიგი ევროპული ქვეყნებისთვის გემების ჩამოცლა ხდებოდა მალტაში, იტალიასა თუ საბერძნეთში, სადაც ასევე არის შესაძლებლობა სიღრმის გამო, ახლა ეს მოსახერხებელი გახდება საქართველოშიც და კონკრეტულად ეს მოხდება სუფსის პორტში. რა უპირატესობა გვექნება, თუნდაც ზემოხსენებულ პორტებთან შედარებით? დიდი სიახლე არავისთვისაა, რომ ტვირთის გადატანა უფრო იაფი ჯდება, რაც უფრო მეტ ნაწილს დაფარავს წყლით. სუფსის პორტის ამოქმედება ამ მხრივ მისწრებაა და ეს იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი", - აღნიშნავს ახალი პორტის მფლობელი "ბლექ სი ფროდაქთის" გენერალური დირექტორი შალვა წაქაძე. რას წარმოადგენს "ბლექ სი ფროდაქთი" და რამდენად რეალურია მის მიერ 700-800 მილიონი დოლარის მოტანა, ამის შესახებ ირაკლი აბსანძეს განსხვავებული აზრი აქვს. "აღმოჩნდა, რომ არსებობს კომპანია, რომელიც ამ ნავსადგურის მფლობელია, მისი სახელწოდებაა "ბლექ სი ფროდაქტი", თავიდან ინფორმაციის მოძიებისას გაირკვა, რომ ეს კომპანია დარეგისტრირებული შვეიცარიაში, საწესდებო კაპიტალი იყო 200 ევრო, შემდეგ ეს კომპანია გადატანილია იტალიაში. ამჟამად ის რომელიღაც ოფშორულ კუნძულებზეა დარეგისტრირებული. ამიტომ რეალურად ვინ შემოდის მილიონიანი ინვესტიციით და ვინ ანადგურებს ქართულ ეკოსისტემას – უცნობია", - აცხადებს "არგომედიას" თავმჯდომარე.
ნინო თამაზაშვილი
|