ნანახია: 374
"ასეთი მოთხოვნა სწორია - ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მაქსიმუმი, რომ მინიმალური სარგებელი მაინც მივიღოთ" - ირაკლი ლექვინაძე
დისკუსია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლასთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (ჭორლდ თრადე Oრგანიზატიონ, აკრონიმი ჭთO) 1995 წელს შეიქმნა, რომელიც მსოფლიო ვაჭრობას არეგულირებს. ეს არის ფორუმი, რომლის მეშვეობითაც სავაჭრო დავები წყდება. ორგანიზაციაში გაწევრიანებით, ყველა ქვეყანა თანხმდება საერთო პრინციპზე - ეს არის თავისუფალი ვაჭრობა. რა თქმა უნდა, ზოგიერთი წევრი ქვეყანა მაინც უფრო მეტად თავისუფალია, ვიდრე სხვა, მაგრამ ეს სხვებიც კი, სულ მცირე, იმაზე მაინც თანხმდებიან, რომ თავისუფალი ვაჭრობა პრინციპულად კარგი რამაა. თავდაპირველად, ქვეყნებს შორის პერიოდული დისკუსიები და მოლაპარაკებები იმართებოდა ტარიფების და სუბსიდიების შესახებ. მოგვიანებით, ამ ურთიერთობებმა ორგანიზაციის სახე მიიღო. შედეგად, ამ ქვეყნების უმრავლესობაში ვაჭრობა ახლა გაცილებით თავისუფალია, ვიდრე, ვთქვათ, ორმოცდაათი წლის წინ იყო. დღესდღეობით ორგანიზაციაში 156 ქვეყანაა გაწევრიანებული, მათ შორის საქართველოც. გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა ხელი მოაწერა რუსეთთან შეთანხმებას, სადაც აღიარებს, რომ ის რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანების მომხრეა. იგივე განაცხადა ამერიკამაც. ბარაკ ობამას თქმით, ამ შეთანხმების განსახორციელებლად ამერიკა ძალისხმევის მაქსიმუმს გამოიყენებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება მომგებიანი იქნება, როგორც თავად ამ ქვეყნისთვის, ისე მთელი მსოფლიოს ეკონომიკისთვის. თუმცა, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას საქართველო ეწინააღმდეგება. თანხმობის სანაცვლოდ, ქართული მხარე რუსეთისგან ფსოუსა და როკის გვირაბთან საბაჟოგამშვები პუნქტების ლეგალიზებას ითხოვს. მეორე პირობა, რომელსაც საქართველო აყენებს, რუსეთის მხრიდან ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნაა. მართალია, მოსკოვში ვარაუდობენ, რომ რუსეთი 2011 წელს უკვე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის 18-წლიანი სურვილის ასასრულებლად აუცილებელია საქართველოს მხარდაჭერა. ორგანიზაცია ახალი წევრის შესახებ გადაწყვეტილებას სრული კონსენსუსით იღებს და, ბუნებრივია, ამისთვის 153 წევრიდან, საქართველოს ხმაც საჭიროა. რუსეთის მხარე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში დათმობაზე არ წავა და პოლიტიკური საკითხებით მანიპულურება მისთვის მიუღებელია. "მსო-ს არსებობის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი, რომ ისეთ პატარა ქვეყანას, როგორც საქართველოა, დაებლოკა კანდიდატი ქვეყნის გაწევრიანება. საქართველოს მხოლოდ საკითხის გართულება და გარკვეული ვადით პროცესის გაწელვა შეუძლია", - განაცხადა მსო-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელმა ალექსეი პორტანსიმ. რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები რამდენჯერმე გაიმართა, თუმცა საერთო აზრამდე ჯერ ვერ მივედით. ბოლო მოლაპარაკება 29 აპრილს ჟენევაში გაიმართა. აღნიშნულ მოლაპარაკების რაუნდზე, რუსული მედიის ცნობით, ოფიციალურმა მოსკოვმა თბილისს საბაჟო საზღვრის კონტროლისთვის ორი ვარიანტი შესთავაზა. ერთი ვარიანტი გულისხმობს საბაჟო კონტროლს თანამგზავრული სისტემის გამოყენებით. მეორე ვარიანტის მიხედვით, თავად რუსეთი გასცემს დე ფაქტო საზღვრებზე ტვირთბრუნვის სტატისტიკაზე სრულ ინფორმაციას ისე, რომ იქ ქართველი მებაჟეების ყოფნა საჭირო არ გახდება. თუმცა ოფიციალური თბილისი საზღვრის არა ვირტუალურ, არამედ სრულფასოვან კონტროლს ითხოვს და მსგავს შეთანხმებას უარყოფს. ამ მოლაპარაკებაზე მხარეები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ მორიგი რაუნდი მაისში შედგება, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებიათ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ბ&ფ" ეკონომიკის ექსპერტს ირაკლი ლექვინაძეს გაესაუბრა:
- ბატონო ირაკლი, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია საქართველოს მთავარი მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მონიტორინგი განახორციელოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში როკისა და ფსოუს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე? - არა მგონია, ეს რეალურად განხორციელდეს, თუმცა ასეთი მოთხოვნა აბსოლუტურად სწორია, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მაქსიმუმი, რომ მინიმალური სარგებელი მაინც მივიღოთ. რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, პირველ რიგში, არის ევროპის და აშშ-ს ინტერესებში, რადგან ეს არის 170 მილიონიანი ბაზარი, მდიდარი რესურსები და ბევრი მილიარდი დასავლური კომპანიებისთვის. მხოლოდ საქართველოს ფაქტორი, დარწმუნებული ვარ, ხელის შემშლელი ვერ იქნება. საქართველო იმოქმედებს ვაშინგტონის და ბრიუსელის ინტრსუქციების შესაბამისად, თუმცა, ამ მოთხოვნის შესრულებით, კარგი იქნება თუ სარგებელს მივიღებთ, თუნდაც ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებით, ან უფრო გამარტივებული სავაჭრო თუ სავიზო რეჟიმები აშშ-თან და ევროპასთან.
- გასული წლის ბოლოს რუსეთის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლას მხარი ვაშინგტონმა დაუჭირა. საქართველო რუსეთისთვის უკანასკნელ დაბრკოლებად იქცა. როგორ ფიქრობთ, რაში გვაწყობს რუსეთის WTO-ში არ გაწევრიანება ან რამდენადაა ეს საკითხი ჩვენზე დამოკიდებული? - არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო არის უკანასკნელი დაბრკოლება რუსეთის გაწევრიანების საკითხში. თვითონ რუსეთშიც არის აზრთა სხვადასხვაობა და პროცესი ამიტომაც გრძელდება. რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება დასავლეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად რუსეთისთვის. ბოლო ინფორმაციით, მიმდინარე წელს, დაგეგმილი გაწევრიანების საკითხი შეიძლება მომავალი წლისთვის გადაიდოს და ამის მიზეზად რუსეთში დაგეგმილი არჩევნები სახელდება. - ხომ არ ჯობია, რომ შევცვალოთ პოზიცია და ვისარგებლოთ რუსეთის WTO-ში შესვლით? - არ ვფიქრობ, რომ პოზიცია უნდა შევიცვალოთ, უნდა მოვითხოვოთ ის, რასაც ვითხოვთ, მაგრამ უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად, რომ არაფრის მიღებას, რაც ისედაც მოხდება თუ ამ საკითხს აშშ და ევროპა კატეგორიულად დაგვისვამს, სხვა მომგებიანი გადაწვეტილებები მაინც იქნას მიღებული ჩვენს სასარგებლოდ. მაგდა ლორთქიფანიძე
|