
საქართველოსა და ირანის მოქალაქეებს უფლება აქვთ მეორე მხარის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ორმოცდახუთი დღე დაყონ. ამის საშუალებას იძლევა 2010 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული და 26 იანვარს ამოქმედებული ხელშეკრულება, რომლის კომენტირებისას პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი ხაზს უსვამს საერთაშორისო კონტექსტს - ამერიკა-ირანის დაძაბულ ურთიერთობას და, აქედან გამომდინარე, რისკების ინტენსივობას. თუმცა, ირანი არ აღმოჩნდა საკმარისი და პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ალბანეთის, სერბიის, მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცოგოვინას და ერაყის მოქალაქეებიც საქართველოში უვიზოდ შემოვლენ.
საბოლოო ჯამში, დედამიწაზე არსებული დაახლოებით 200 სახელმწიფოდან 88-ის მოქალაქეეებს უფლება ექნებათ უვიზოდ შემოვიდნენ საქართველოში.
მთავრობა გამოსავალს ეძებს – ქვეყანას, რომელშიც დასავლური ინვესტიციები სულ უფრო იშვიათად და მწირად შემოედინება, მზერა აღმოსავლეთისკენ გადააქვს, რომელიც დასავლეთზე არადემოკრატიულია, მაგრამ უსახსრობას ნამდვილად არ უჩივის.
სავიზო რეჟიმის გაუქმებას რისკის შემცველ გადაწყვეტილებად მიიჩნევს უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, რომლის თქმითაც, ურთიერთობის დათბობა სახელმწიფოსთან, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაშია დასავლეთთან და რომლის შიგნითაც სამოქალაქო დაპირისპირების დიდი მუხტი არსებობს, საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს.
"არ არის გამორიცხული, გარკვეული არეულობის შემთხვევაში, რისი ალბათობაც მაღალია, ლტოლვილთა ნაკადიც კი მოაწყდეს საქართველოს საზღვრებს. ფაქტობრივად, უვიზო რეჟიმში მყოფი ირანიდან დაძრულ ამ ნაკადს ვერანაირად ვერ შევაჩერებთ", - მიიჩნევს ირაკლი სესიაშვილი.
თუმცა, საქართველოს საგარეო უწყებაში, მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ საზღვრები იყოს ღია და გამჭვირვალე. ყველა დაინტერესებული სახელმწიფოს მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, რაც შეიძლება გამარტივებული გზით შეძლონ საქართველოში შემოსვლა ტურისტული, ეკონომიკური და სავაჭრო მიზნით.
"საქართველო მაქსიმალურად გახსნილი უნდა იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან საქართველოში შემოსვლით და, შესაბამისად, აუცილებელია, რომ ნებისმიერი სახის დამატებითი ბარიერები, თუ ბიუროკრატიული წინააღმდეგობა მოვხსნათ", - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე.
უვიზო რეჟიმი, რომელიც აწ უკვე ბირთვულ ქვეყანასთან დამყარდება, გვაფიქრებინებს, რომ საქართველომ ერთგვარად უღალატა საკუთარ დასავლელ პარტნიორებს. დასავლეთი, რომელსაც ძალიან აღიზიანებს ირანის ზესახელმწიფოს და აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოების გარდაქმნის პერსპექტივა, მაქსიმალურად ცდილობს არ დაუშვას სხვა ქვეყნების ახლო ურთიერთობები ოფიციალურ თეირანთან. სწორედ ამ პრობლემებზე საუბრობენ ექსპერტები და აცხადებენ, რომ უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, სერიოზულ საფრთხეებს შექმნის.
"საქართველოს ხელისუფლება დროზე ადრე გადახტომას ცდილობს, ანუ რასაც აკეთებს აშშ და ევროკავშირი. ერთი მხრივ, ეს არის მიმართულება იქით, საითკენაც ცივილიზებული სამყარო მიდის, ხოლო ჩვენ მისი ორიგინალური ნაწილი ვართ და ამისკენ უნდა წავიდეთ.
ალბანეთი პრობლემური ქვეყანაა. ერაყში რაც ხდება, კარგად ვხედავთ. რა სიხარულის მომტანი უნდა იყოს პრობლემურ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა?!
ის, რომ აქ პოლიტიკური საკითხები, ადრე თუ გვიან, თავს იჩენს, თავისთავად ცხადია. რეალური ცხოვრებიდან გამომდინარე, პოლიტიკური და ეკონომიკური მოთხოვნებიდან და თვალსაზრისიდან დანახული ეს გადაწყვეტილება გამართლებული არ არის და შედეგიც ამისა, დღევანდელი გადასახედიდან იქნება უარყოფითი. ეს უფრო კრიმინალურ მდგენელს გაუხსნის გზას, ვიდრე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობად მოგვევლინება" - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე.
ნინო დარბაისელი