
გაზი და ნავთობი ის სფეროებია, სადაც გეოპოლიტიკური თამაშის წესები მკაფიოდ იცვლება ხოლმე. აზიის ქვეყნებში სწრაფი ეკონომიკური ზრდის გამო უკვე 2025 წლისთვის ენერგორესურსები დეფიციტური გახდება, რასაც დაემატება ნავთობის მოპოვების შემცირება ახალი პროდუქტიული საბადოების ამოწურვის შედეგად. შესაბამისად, გაზის ფასი და მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. პროექტი, რომელიც ყველაზე ხშირად განიხილება ქართულ მედიაში, სახელმწიფო მოხელეებისა თუ მთავრობასთან დაახლოებული ექსპერტების მიერ, როგორც ჩვენი ხელისუფლების დიდი მიღწევა, საქართველოს გადარჩენის შანსი და ლამის რუსეთის ნგრევის წინაპირობა - ეს გახლავთ ე.წ "ნაბუკოს” პროექტი. მისი სიმძლავრე უნდა იყოს 31 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში. სანედლეულო გაზის მიწოდება ნაბუკოსთვის შეუძლია სამ ძირითად ქვეყანას: ირანი, თურქმენეთი და აზერბაიჯანი. ირანმა დაიწყო გაზსადენი აგება პაკისტანის მიმართულებით, თუ გავითვალისწინებთ ირანის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და გაზის მოხმარების ზრდას ქვეყნის შიგნით, ეს მიმართულება ირანის თავისუფალი გაზის რესურსებს თითქმის მთლიანად წაიღებს, რასაც უნდა დავუმატოთ ინდოეთის მიმართულებით მომავალში მისაწოდებელი გაზი. თურქმენეთმა გააფორმა ხელშეკრულებები ჩინეთთან, რუსეთთან და იმავე ირანთან, რაც ასევე ამცირებს თურქმენული გაზის ნაბუკოს მილში მოხვედრის შანსს. ამასთან, თურქმენული გაზი ვერც მოხვდება ნაბუკოში, თუ არ აიგო წყალქვეშა გაზსადენი კასპიის ზღვის ფსკერზე, რაც თავისთავად გამორიცხულია. რჩება მხოლოდ აზერბაიჯანი, მაგრამ მისი რესურსები არ არის საკმარისი ნაბუკოს შესავსებლად.
"სოკარის” პირველი ვიცე-პრეზიდენტის ჰომბაჰტ იუსიფზადემ განცხადებით - "აზერბაიჯანს "ნაბუკოს" პროექტის გაზმომარაგება დამოუკიდებლად, კასპიის ზღვის აუზის სხვა ქვეყნების დახმარების გარეშეც შეუძლია, რადგან მის ხელთ არსებული მარაგი ამის საშუალებას იძლევა”.
"ნაბუკოს” ირგვლივ ვნებათაღელვა გრძელდება. პროექტის განხორციელებაში ერთგვარი პაუზისა და ეჭვების შემდეგ გაკეთდა რამდენიმე საგულისხმო კომენტარი, რომელთა შინაარსი ცხადყოფს, რომ "ნაბუკოს” პროექტი და, შესაბამისად, საქართველოს, როგორც ტრანზიტორის ქვეყნის, როლი აქტუალურია. რამდენიმე თვის წინ, აშშ სენატის რიჩარდ ლუგარის სპეციალური მრჩევლის, ნეილი ბრაუნის განცხადება გავრცელდა: "გაზსადენი "ნაბუკო” ენერგოუსაფრთხოების ძალზე მყარი პროექტია. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისა და თურქეთის წახალისება, რათა მათ გაზის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ".
"ნაბუკოს" გაზსადენის პროექტში, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში შუააზიური გაზის მიწოდებას რუსეთის გვერდის ავლით ითვალისწინებს, ამ დროისთვის 6 ქვეყანაა: ავსტრია, უნგრეთი, ბულგარეთი, გერმანია, რუმინეთი და თურქეთი. საქართველოს კი ამ პროექტში ტრანზიტორის საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ერგო, რაც ქვეყნის, როგორც ენერგოუსაფრთხოების დერეფნის ფუნქციას ასრულებს. პროექტის მიხედვით, აზერბაიჯანის ბუნებრივი აირი საქართველოში, კერძოდ, ფოთი-ყულევის რეგიონში აშენებულ საწარმოში გათხევადდება და საზღვაო ბორნების მეშვეობით რუმინეთსა და დანარჩენ ევროპაში გადაიტვირთება.
დღეს "ნაბუკოში" სულ სხვა ვითარებაა, გაზსადენში მშენებლობა ორჯერ გაძვირდა და გაირკვა, რომ გაზსადენმა თურქეთის ტერიტორიაზეც უნდა გაიაროს. ინვესტიციის მოცულობა 12-15 მილიარდი ევროა და არა 7,9 მილიარდი, როგორც ეს ადრე იყო ნავარაუდევი. მასალების ფასის ზრდის გათვალისწინებით, პროექტის საინვესტიციო გადაწყვეტილება შეიძლება 2012 წლამდე გადაიდოს. პროექტში შეიცვალა ევროპის გაზის მიწოდების გრაფიკიც, თუ ადრე გაზსადენის ამოქმედება 2013 წლისთვის იგეგმებოდა, ახლა გადაწყდა, რომ "ნაბუკო" ევროპას გაზს 2017 წელს მიაწვდის, ხოლო მშენებლობა 2013 წელს დაიწყება. თუმცა თბილისში მიაჩნიათ, რომ გაზსადენის მშენებლობის გადადება საფრთხეს არ შეუქმნის პროექტის განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ "ნაბუკოს” ღირებულება გაორმაგდა, ეს კი ნიშნავს, რომ მისი ფასი კონკურენტ "სამხრეთის ნაკადის" ფასს გაუტოლდება. 2017 წლამდე კი პროექტი გაყინულია.
"ნაბუკოს" როლი თავისი მნიშვნელობით უფრო დიდია საქართველოსთან მიმართებაში, ვიდრე სხვა პროექტები. მიუხედავად იმისა, რომ "ნაბუკოზე" დაახლოებით 4 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიყო, მაინც არის საუბარი იმაზე, თუ რამდენად განხორციელდება ეს პროექტი. ასე მაგალითად, ევროკავშირის კომისარმა ენერგეტიკულ საკითხებში, პიებალგსმა განაცხადა, რომ "ნაბუკოს" პროექტის განხორციელება დამოკიდებულია, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება ირანს ბირთვულ პროგრამასთან, ვინაიდან ევროპა არ აპირებს ფეთქებადსაშიშ ზონაში ჩადოს მილიარდობით ევრო. გარდა ამ ფაქტორისა, რუსეთი გამოვიდა წინადადებით, მილსადენი რუსეთზე, შავ ზღვაზე და ბულგარეთზე გადიოდეს, რომელსაც "სამხრეთის ნაკადი” ერქმევა. მისი ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე "ნაბუკოსი", თუმცა რუსეთი მზადაა გაიღოს ხარჯები ზემოთ აღნიშნული ალტერნატიული წყაროს შექმნით, "სამხრეთის ნაკადის" დასაფინანსებლად.
ნათელია, რომ სტაბილურობასა და მშვიდობას რეგიონში დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა წარმატებით ხორციელდებოდეს, ისეთი პროექტები, როგორიცაა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-სუფსა და "ნაბუკო". ეს ის პროექტებია, რომლებიც საქართველოს დაუბრუნებს ფუნქციას და აქცევს ძირითად ფაქტორად რეგიონში.
მარიამ ბიბილაშვილი