ნანახია: 375
დევნილები გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების დარიგების პროცესზე მეთვალყურეობის დაწესებას ითხოვენ
იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგია ითვალისწინებს რამდენიმე უმთავრეს მიზანს: მხარდაჭერა აღმოუჩინონ, დაეხმარონ და ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობები შეუქმნან დევნილებს, საქართველოს მთავრობამ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საქართველოს დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლებმა, მოწვეული ექსპერტებმა თუ კონსულტანტებმა უნდა იზრუნონ, დევნილების საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებისთვის, უნდა იყოს დიალოგი მთავრობას და იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის, რათა გადაწყვეტილებების მიღებაში თანამონაწილეობის საშუალება დევნილებსაც ჰქონდეთ. მიუხედავად ამ ვალდებულებებისა, დღეს უამრავი გადაუჭრელი პრობლემა არსებობს, მაგალითად, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა მთავრობისგან კომპენსაციას მოითხოვს, ამ ადამიანებს რუსმა ოკუპანტებმა და ოსმა სეპარატისტებმა აგრესიის დროს სახლები გადაუწვეს. დაზარალებულებმა მთავრობისგან 15 ათას დოლარიანი კომპენსაცია მიიღეს, თუმცა კონფლიქტის ზონის მოსახლეობა აცხადებს, რომ ეს თანხა არ არის საკმარისი. 15 ათას დოლარად ვერც საცხოვრებელ სახლს ვერ შეიძენენ და ვერც იმ ნივთებს, რომელიც ამ სახლებში გააჩნდათ. არსებობს ასევე უამრავი სხვა პრობლემაც. იმ პირებს, რომელთაც ოფიციალურად აქვთ მინიჭებული დევნილის სტატუსი, ეძლევათ ე.წ შემწეობები, რომელთა რაოდენობა აუცილებელ მინიმუმზეც კი ნაკლებია. ხშირად დევნილების საჩივარი ვერ ან არ აღწევს მინისტრის ყურამდე. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ყოეელდღიურად უამრავი პიროვნება მიდის, რომლებიც ითხოვენ სხვადასხვაგვარ დახმარებას. ითხოვენ ფულად დახმარებას, ჩივიან საცხოვრებელ ადგილებზე, აგრეთვე ხელოვნურად გაბერილ სიებზე, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდა ჩაწერილია თბილისის მაცხოვრებლები, რომლებიც იღებენ დევნილებისთვის განკუთვნილ თანხას. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ამბობენ, რომ ესენი არიან არადევნილი, აგრეთვე გარდაცვლილი, არასრულწლოვანი პირები და ის ადამიანები, რომლებიც ფიქსირდებიან ბევრ სხვადასხვა ადგილას. სამინისტროდან გაიცა პირობა, რომ აუცილებლად მოხდება სიების კორექტირება და დევნილთა სრული ანკეტირების წარმოება, ამ პროექტს სამინისტრო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის უშუალო დახმარებით განახორციელებს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, დევნილებს ახალი პრობლემაც დაემატათ. იძულებით გადაადგილებული პირები გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების დარიგების პროცესზე მეთვალყურეობას ითხოვენ, დევნილების მტკიცებით, მათთვის განკუთვნილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილი დახმარება არამიზნობრივად გამოიყენება. მათ, ასევე, გააჩნიათ სკანდალური ფოტოები, რომლებზეც ნათლად ჩანს, რომ ლტოლვილებისთვის განკუთვნილი - ზეთი, ბრინჯი, წითელი ლობიო, ფქვილი და სხვა პროდუქტები ვადაგასულია. ეს პროდუქტები 2008 წელსაა გამოშვებული და მათ ვარგისიანობის ვადა 2010 წლის ივლისამდე ჰქონდათ. პროდუქტი, რომელიც დევნილების პრობლემებს უთუოდ შეამსუბუქებდა, გისოსებს მიღმაა დაწყობილი და ფუჭდება. დევნილები ჩივიან, რომ მიუხედავად მათი უმძიმესი სოციალური მდგომარეობისა, სამინისტრომ მათ არ მიაწოდა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება. დევნილების მტკიცებით, საერთაშორისო ორგანიზაციები ჰუმანიტარულ დახმარებას დიდი რაოდენობით აგზავნიან, თუმცა ეს დახმარება დევნილებამდე არ აღწევს. შემოსულ პროდუქტს კი საქართველოს სხვადასხვა ბაზრებზე გასაყიდად გატანილს ხედავენ. "ჩვენ საქმე გვაქვს კორუფციასთან, რომელიც მოქმედებს დევნილთა და განსახლების სამინისტროში. ჰუმანიტარული პროდუქტების დარიგება არ ხდება და ამის პარალელურად დევნილებს ასახლებენ სახლებიდან. პროდუქტებს, რომლებიც დევნილებს ძალიან სჭირდებათ, მათ არ აძლევენ და აფუჭებენ, რადგან საქართველოში სუფევს კორუფცია და მთავრობა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს ეხმარება", - აცხადებს კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. დევნილები ხელისუფლებისგან მეტ სერიოზულობას და საკითხის დეტალურ გამოკვლევას მოითხოვენ. სრულიად უყურადღებოდაა მიტოვებული დევნილები აფხაზეთიდან. მათ არ გააჩნიათ არც ჰუმანიტარული დახმარება, არც სამუშაო ადგილები, არც მუდმივი საცხოვრებელი და არიან საზღვარგარეთ წასული ნათესავების თუ ახლობლების იმედად. სახელმწიფო მათ მხოლოდ 28 ლარით ეხმარება.
რუსუდან გაბესკირია
|