ნანახია: 1328
სადღეისოდ რეგიონალური და რაიონული ტელევიზიების საკითხი, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დაფინანსების საკითხია. რეგიონალური და რაიონული ტელევიზიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარკვეული თანხა გამოიყოფა. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში არსებობს რეგიონალური ტელევიზია, რომლებიც საკმაოდ შედეგიანად ფუნქციონირებენ, მაგრამ თბილისში არსებული ტელეარხების მსგავსად, რომელთა უმეტესობა საერთოეროვნული მაუწყებლობისაა და რამდენიმე ტელევიზია, რომელიც შეზღუდულია გავრცელების არეალით, მათაც აქვთ გარკვეული შეზღუდვები და გარდა ამისა, გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეჭვქვეშ დგას მათი ფუნქციონირების საკითხიც კი. სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაარსების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თბილისში 11-12 თებერვალს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს მედიასივრცეში დღეს არსებული რთული ვითარების შესახებ ჟურნალისტების ია ანთაძის და ვახო კომახიძის წარდგენილ მოხსენებას საქართველოს ტელემაუწყებელთა ასოციაცია განცხადებით გამოეხმაურა. კახეთის საინფორმაციო ცენტრს, როგორც საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მომუშავე მედიაორგანიზაციას, მიაჩნია, რომ განცხადებაში მოყვანილ ბევრ ფაქტს სინამდვილესთან არავითარი კავშირი არ აქვს. რეგიონალური ტელევიზიების პრობლემებთან სასაუბროდ გთავაზობთ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლის ია ანთაძის ინტერვიუს. - ქალბატონო ია, რამდენად თავისუფალია დღეს რეგიონალური და რაიონული ტელევიზიები როგორც საქმიანობის, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით? რა სახის პრობლემები აქვთ მათ და მოიაზრება თუ არა ამ დაბრკოლებებში ხელოვნურად შექმნილი ბარიერები? - საქართველოში არსებობს ძალიან კარგი რაიონული ტელევიზიები, რომლებიც მიზანმიმართულად ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს. არსებობს გურჯაანის ტელევიზია. რომელსაც აქვს ძალიან კარგი პროექტი, რომელიც ფონდ "ღია საზოგადოება საქართველომ" დააფინანსა, სადაც მიდის ძალიან კარგი დებატები. წამყვანი გახლავთ ლევან ალექსიშვილი და გადაცემას "ძალა-უძალოთა" ჰქვია. ჟურნალისტის საქმეა, რომ გაშუქდეს პრობლემები, თუმცა ამ ტელეარხებზე ნამდვილად არ გადის მხოლოდ პრობლემურ თემებზე გაკეთებული სიუჟეტები, როგორც ამას ამბობენ იქაური ხელისუფლების წარმომადგენლები. მე ვიღებ ამ არხიდან ნიუსებს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს სინამდვილეს არ შეეფერება. ამას წინ იქ დაზიანდა სკოლა, იყო ტრაქტორების პრობლემა, ბუნებრივია, ეს უნდა გააშუქოს ადგილობრივმა მედიასაშუალებამ, მათი ფუნქცია ხომ სწორედ ეს არის. გურჯაანის ტელევიზიის ხელმძღვანელია ქალბატონი თამარ აბელაშვილი, რომლის ინიციატივითაც მოხდა აღნიშნული პროექტის დაფინანსება. ეს გადაცემა საშუალებაა იმისა, რომ მოვიდნენ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და გაუზიარონ თავისი აზრი და ხედვა საზოგადოებას. სიმწვავე ამ გადაცემისა არის ის, რომ არის ზარები პირდაპირ ეთერში. ასეთივე ფორმატის გადაცემაა ქუთაისშიც. ტელეკომპანია "რიონი", ადგილობრივი დაფინანსებით ფუნქციონირებს. მას ჰყავს კარგი წამყვანი და შესაბამისად, არის საინტერესო. ბათუმში არის ტელევიზია "25-ე არხი", რომელიც ნამდვილად თავისუფალია. მან გაახმოვანა ბევრი ისეთი ფაქტი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის. ყველა რაიონული ტელევიზია მუშაობს ისე, როგორც შეუძლია. ძალიან ნაყოფიერად მუშაობს, ასევე, ფოთის ტელევიზია. მან არჩევნების დროს ძალიან სერიოზულად იმუშავა. კარგი ტელევიზიები როგორ არ გვაქვს. სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ყოველ წუთს ვუყუროთ სხვადასხვა სიუჟეტს. თუმცა რაც არის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი, ამას ჩვენ მაინც ვიგებთ. თელავში არის ტელევიზია, რომელიც არც ისე შეხმატკბილებულია ადგილობრივ ხელისუფლებასთან. საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაარსების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მე ვთქვი ერთი რამ, რომ სიტყვის თავისუფლების ხარისხი რეგიონალურ ტელევიზიაში არის ნაკლები, ვიდრე პრესაში და რადიოში. იმიტომ, რომ ტელევიზიის შენახვა არის ძალიან ძვირი სიამოვნება. რადიო და გაზეთი ძირითადად დონორების ფულით არსებობს. ეს ფული დონორებისგან გეძლევა შენ იმისთვის, რომ პატიოსნად თქვა სიმართლე და თუ ამას არ გააკეთებ, იმ ფულს მეორედ ვეღარ მიიღებ. აქედან გამომდინარე, ისინი შედარებით იაფი საშუალებებია და სიტყვის თავისუფლების ხარისხიც უფრო მაღალია. რასაც ვერ ვიტყვით ტელევიზიებთან მიმართებაში. ტელევიზიები არსებობენ ძირითადად თვითმმართველობების ხარჯზე, მათთან დადებული ხელშეკრულებებით. გარდა ამისა, რაც ვთქვი და არ მოეწონათ იყო ის, რომ რაიონული ტელევიზიების ეთერი უჭირავს სამგლოვიარო გადაცემებს, რომელიც მათთვის არის სტაბილური შემოსავალი და ეს ტელეკომპანიები იძულებულები არიან გაუშვან ასეთი ტიპის გადაცემები. - როგორია ამჟამად რაიონული და რეგიონალური ტელევიზიების შემოსავლები ეკონომიკური კრიზისის ფონზე? - ახლა რა მდგომარეობაა ამ კუთხით მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ადგილობრივ მედიაში ყველა ჩიოდა, რომ სოციალური თანხები იყო უფრო ნაკლები, ვიდრე ადმინისტრაციული. ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებისას საკრებულოებმა რაღაც წინააღმდეგობა გაწიეს ამის გამო. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ იმისთვის, რათა ადგილობრივი ამბები გაშუქდეს, თანხები ყოველთვის მოიძებნება. ერთადერთი საყვედური იყო ის, რომ ხელისუფლებამ ტელევიზიები დაავალდებულა გაეკეთებინათ უფასო პოლიტიკური რეკლამები. იგულისხმებოდა ოპოზიციური პარტიებიც. ეს პარტიებისთვის იყო დიდი შეღავათი, მაგრამ ტელევიზიებისთვის იყო დიდი დარტყმა. იმიტომ, რომ მათი შემოსავალი არჩევნების დროს იზრდებოდა. რეკლამა სჭირდება ყველას, ამიტომ პარტიები იძულებულები იყვნენ თავიანთი რესურსის გარკვეული ნაწილი დაეხარჯათ ამისთვის. ახლა, როცა ამის საჭიროება აღარ არის, ტელევიზიებმა მიიღეს სერიოზული ზარალი.Eეს პოლიტიკური საკითხია, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მიუხედავად ფინანსებისა, პარტიებს უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ საზოგადოების წინაშე წარადგინონ თავიანთი კანდიდატურა. - თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ აზრს? - ამ შემთხვევაში მე დავეთანხმები ხელისუფლებას იმიტომ, რომ ჩემი მთავარი ინტერესი, როგორც მოქალაქის, არის ის, რომ ჩემი ნაცნობები, რომლებიც ცხოვრობენ ლენტეხში, ზესტაფონში და სხვაგან, ამის გამო არ დარჩნენ არაინფორმირებულები. იმ ორგანიზაციამ, რომელსაც მე წარმოვადგენ, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა და სოციალური მეცნიერების ცენტრმა ბევრი დონორის დახმარებით ვეცადეთ 2 წელი საზოგადოებისთვს მიგვეწოდებინა ინფორმაცია, ვიმუშავეთ კანონის ფარგლებში, მაგრამ ჩევნ ვერ მივიღეთ საჭირო შედეგი. - როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამის მიზეზი? - ამის მიზეზი გახდა ის, რომ მათ მიერ ხმის მიცემის საფუძველი იყო არა ინფორმაციულობა, არამედ სხვა რამ. როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ის გახდება ყველას ახლო მეგობარი, ვინც შექმნის თუნდაც 100 სამუშაო ადგილს, თუ ამას დავიჯერებთ, მაშინ გამოდის, რომ ბევრი სამუშაო ადგილი ნიშნავს კერძო საკუთრებას. ეს კერძო საკუთრება ნიშნავს თავისუფლების განცდის გაჩენას. ეს არის ათასგზის დადასტურებული. უმუშევართა დიდ არმიას პრეზიდენტი მუდმივად აძლევს პირად საჩუქარს, 5 ლარით მეტი პენსია, 25 ლარით მეტი მასწავლებლის ხელფასი, თითო ტომარა ფქვილი გლეხს. ასე ვერ მივიღებთ თავისუფლებას. ვინც არ უნდა იყოს სათავეში, ასე იმ შედგეს მივიღებთ, რასაც ვიღებთ. - რა უნდა გააკეთონ რაიონულმა ტელევიზიებმა, რომ გაუძლონ კრიზისს? -Mმე ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მოიქცევიან დონორი ორგანიზაციები. ტელევიზია ძვირი შესანახია და თუ არ იქნება დონორების მხრიდან ხელშეწყობა, რომ გადაცემების გარკვეული ნაწილი დააფინანსონ, უკეთეს შედეგს ვერ მივიღებთ.Aადგილობრივ ტელევიზიებში უნდა გაუშვან არა მხოლოდ ნიუსები, არამედ შემეცნებითი, საგანმანათლებლო, თუნდაც პოლიტიკური გადაცემები, რომლის მიზანი იქნება მოსახლეობისთვის სიმართლის თქმა. თუ იქნება დონორების გარდა ხელისუფლების კეთილი ნებაც, რომ ეს ტელევიზიები განვითარდეს, მაშინ სასურველი იქნება,…მაგრამ მე ამას დიდად არ ველოდები, ისევე როგორც არ ველოდები იმას, რომ ხვალ რომ გავიღვიძებ "რუსთავი 2" დამხვდება სხვანაირი, ან იგივე პირველი არხი, "იმედი"…და ა.შ. - ანუ სიტყვის თავისუფლების მხრივ არის შეზღუდვები? - მათ ძალიან უჭირთ ამის აღიარება. ნებისმიერი ჟურნალისტისთვის ეს არის თვითმკვლელობის ტოლფასი და ამას არავინ გააკეთებს. ზოგიერთი ტელევიზია შემორჩა დღემდე იმიტომ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არის ამით დაინტერესებული. კარგი იქნება, ოდესმე ამ ქვეყანაში მოიხსნას ეს წნეხი. მიუხედავად იმისა, რომელ პრესას წარმოადგენ შენ, გაქვს სტანდარტი, რის ქვემოთაც არ უნდა ჩამოხვიდე. სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში, საზღვარგარეთ გაგათავისუფლებენ სამსახურიდან. ჩვენთან ასეთი სტაბილურობა, სამწუხაროდ, არ არსებობს. - რაში ხედავთ გამოსავალს, რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად? - ერთი არის პოლიტიკური ნება, შეიცვალოს არსებული მდგომარეობა. როცა საუბარია დემოკრატიის ახალ ტალღაზე, ეს, პირველ რიგში, უნდა შეეხოს სიტყვის თავისუფლებას, უნდა იყოს უცხოელი დონორების მხარდაჭერა და მათ მიერ გამოყოფილი ფული მასმედიას მიზანმიმართულად უნდა მოხმარდეს. არხი უნდა იყოს ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალი. თუ ვერ მივაღწევთ იმას, რომ "რუსთავი 2" და "იმედი" გახდეს თავისუფალი, მივაღწიოთ იმას, რომ რაღაც ჭუჭრუტანები იყოს, საიდანაც ადამიანი სიმართლეს გაიგებს. მე სხივის გატარებას ვცდილობ "მაესტროს" და "კავკასიის" ეთერში, თუმცა მე არ მომწონს ის, რომ ეს ტელევიზიები გადაიქცეს ოპოზიციურ არხად, ისინი უნდა დაბალანსდნენ თავის თავში და არა "რუსთავი 2" - თან მიმართებაში. ჟურნალისტს უნდა იცავდეს რაღაც, ან უნდა იცავდეს ხელშეკრულება მფლობელთან, ან შრომის კოდექსი რეალურად დაწერილი და მიღებული პარლამენტის მიერ და ან უნდა იცავდეს სასამართლო. ჩვენთან ჟურნალისტს არ იცავს არაფერი, ის არის ამოყირავებული სამკუთხედის ქვედა წვეროზე და მას, ერთის მხრივ, ხელისუფლება აწვება და მეორეს მხრივ, მფლობელი. ამიტომ მე ძალიან მიჭირს ჟურნალისტების დადანაშაულება რამეში, თუმცა საზოგადოებას აგრესია მათზე მიაქვს. უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ვერ დაანებებს სამსახურს თავს. ჩვენ როგორც ვართ ბედნიერად, მაგალითად, რადიო "თავისუფლებაში", ასე ვერ იქნება ყველა, ჩვენ გვიცავს ხელშეკრულებაც და 50 წლიანი ტრადიციაც. არის დიდი ნდობა. მთავრობამ, მფლობელებმა და ჟურნალისტებმა ერთად უნდა შევძლოთ სიტყვის თავისუფლების მაღალ სიმაღლემდე აწევა. მე მაინც მგონია, რომ თუ საიდანმე უნდა დაიწყოს დიდი გარღვევა, ეს უნდა დაიწყოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. იმიტომ, რომ ის ფინანსდება საზოგადოების ფულიდან. სიმართლე სწორედ ამ არხიდან უნდა ისმოდეს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს და თავად უნდა გადაწყვიტოს, რაში უნდა ჩაიდოს მისი ფული, კაბარეზე, სამოთხის ვაშლებზე, იმაზე, რომ ცხოვრება მშვენიერია, თუ დიდ ათეულზე, სადაც ჩვენ ვარკვევთ, ვინ უფრო დიდი ქართველი იყო, ზვიად გამსახურდია თუ შოთა რუსთაველი. ამას როდესაც ღიად გეტყვიან, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მივიღოთ რაიმეზე პასუხი.
თათია ჩაფიჩაძე
|