ყველა სიტყვა უძლური აღმოჩნდა...მეხივით გავარდა ლელას სიკვდილის ამბავი და სხვადასხვა კონტინენტზე გაფანტული ფიროსმანელები ისევ ჩვენს საერთო მიმოწერას დაგვაბრუნა. და აღმოვჩნდით ამ უეცარი სიკვდილის პირისპირ, სიტყვით უძლურნი და მწუხარებით დამუნჯებულნი.
ამონარიდები ფიროსმანელთა მიმოწერიდან: "ეს რამდენიმე დღეა სათქმელს თავს ვერ ვუყრი. არ ვიცი რა ვთქვა, რა დავწერო, ვეცადე რამე დამეწერა, ყველა სიტყვა უძლური აღმოჩნდა... სიკვდილამდე ვწუხვარ და ცრემლები მახრჩობს... სიტყვის პოვნა რომ უჭირს ადამიანს, ზუსტად ისეთ მდგომარეობაში ვარ...…თითქოს ვერასდროს წარმოვიდგენდი სიკვდილს ლელასთვის, ისეთი ხალისიანი და კარგი იყო, ვერც ვიჯერებ ვერაფრით... შოკში ვარ. სიტყვები არ მყოფნის...როგორ უნდა გავუძლოთ ამ ტკივილს? როგორ უნდა გადავიტანოთ?...ზოგჯერ ღმერთსაც ეშლება და შეცდომით მიჰყავს ადამიანი... როცა ამხელა ტკივილია, ენა დუმს... ნეტავ სულ არ ჩამერთო დღეს ეს კომპიუტერი... წამი ყოფილა ადამიანი..."
უძლურია ყველა სიტყვა, რაც შენი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს გამოხატავს, ლელა! იმდენად წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო ეს შემზარავი ამბავი, რომ დიდხანს გვიჭირდა დაჯერება. ყველანი გაოგნებულები და გულდამდუღრულნი ვართ. შენთან სიკვდილს რა უნდოდა, როცა ასეთი ენერგიული, ხალისიანი, კეთილი, სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე იყავი. შენ ხარ ის ნათელი პიროვნება, ურომლისობასაც ვერასდროს შეეგუებიან შენი მეგობრები. სიკვდილი სულაც არ მოუხდა შენს სახელს, ლელა...
ჟურნალ "ფიროსმანის" სრული შემადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შენი გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს შენს ოჯახს, ახლობლებს, კეთილისმსურველებს, ყველას, ვისაც გული სტკივა შენი იმქვეყნად უდროო წასვლით.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი ერთგული მეგობრის, ლელა დადიანის, ნათელი სული... მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის მშობლიური მიწა.
ჟურნალ "ფიროსმანის" რედაქცია