ნანახია: 388
სომხეთის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებას უცხოელი ექსპერტები სწავლობენ
კომისია OSART, რომელიც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ეგიდით მუშაობს, სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის უსაფრთხოების საკითხს შეისწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური საინფორმაციო სააგენტო არკა.ამ სომხეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომისიის სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან ატომური ენერგეტიკის საუკეთესო ექსპერტები 11 ქვეყნიდან. ატომური ენერგეტიკის სომეხი ექსპერტები კომისიის შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ, თუმცა ისინი პერიოდულად მონაწილეობას იღებენ კვლევების წარმოებაში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ატომურ სადგურებზე ტარდება. როგორც ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის უსაფრთხოება მუდმივი ყურადღების ცენტრშია და ეს საკითხი უმაღლეს დონეზე განიხილება. ამაზე მოწმობს სხვა საერთაშორისო კომისისების პერიოდული მონიტორინგი. ენერგეტიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. სომხეთის ატომური ელექტროსადგური რეგიონის მასშტაბით ერთადერთია. იგი აღჭურვილია პირველი თაობის რუსული რეაქტორით ВВЭР-440. ამჟამად სადგურზე მეორე ბლოკი, სიმძლავრით 407,5 მგვტ, მუშაობს და ქვეყნის მოთხოვნილების 40-50%-ს აკმაყოფილებს. პროექტის მიხედვით, მისი საექსპლუატაციო ვადა 2016 წლამდეა. ატომური სადგურის აქციების 57,3%-იანი წილის მფლობელი რუსული კორპორაცია `როსატომია”.
|