ვინ დაეპატრონება ბულვარს ცრუმაგიერი პირების მეშვეობითპრემიერ ნიკა გილაურის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ "საქართველოს რკინიგზის” მფლობელ კომპანიას "რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტს” ბათუმის ბულვარის 4504 კვადრატული მეტრი ტერიტორია აჩუქა. ერთი შეხედვით, ასეთი გულუხვობა საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი დარჩებოდა, ადგილობრივ თვითმმართველობას დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, რომ არ მიეღო. საუბარია უკვე გაჩუქებული ადგილიდან ასწლოვანი ხეების ვანდალურ ამოძირკვასთან და ტერიტორიის მესრით შემოღობვასთან დაკავშირებით, რომელიც კომპანიამ სასტუმროს მშენებლობისთვის დაისაკუთრა. პროტესტი, რომელმაც ბათუმის მოსახლეობა და ადგილობრივი პოლიტიკური ისტებლიშმენტი გააერთიანა, ერთადერთი მოწოდებით დაიწყო: "ჩემი სახელი და გვარი ბათუმია", "ნუ გავჩეხავთ ბათუმის გულს", "გადავარჩინოთ ბულვარი".
ადგილობრივების ინფორმაციით, აქ სასტუმრო კომპლექსი "რიც კარლტონი" აშენდება, რომელიც რამდენიმე თვის წინ ზღვისპირა პარკში ყოფილი საზაფხულო თეატრის ადგილზე უნდა აშენებულიყო. ყოფილი საზაფხულო თეატრის ტერიტორიაზე, თავდაპირველად, ოპერის თეატრის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა პრეზიდენტის მიერ შენობის საძირკველის ჩაყრიდან რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ თეატრს გალერეა ჩაანაცვლებდა, რომელი პროექტიც ესპანელმა არქიტექტორმა მოამზადა, ქალაქის მთავრობამ კი მას 700 000 ლარი გადაურიცხა. რაც შეეხება ბულვარში 60-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას, დაგეგმილია, რომ 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და დაგეგმილია 175 მეტრი სიმაღლის შენობის აღმართვა. (ასაშენებელი ფართობი _ 20 500 კვ. მეტრი), თავდაპირველად, აღნიშნული ინფორმაცია მკაცრად უარყვეს და გაასაიდუმლოეს ბათუმის მერიაში და საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება დაისახეს მიზნად. კერძოდ, მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა ირაკლი სურმანიძემ განაცხადა, რომ მოცემულ მიწის ნაკვეთზე დაგეგმილია საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობა. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სარეკრიაციო ზონაში შესაძლებელია ამ ზონის ფუნქციის უზრუნველსაყოფად შესაბამისი შენობა-ნაგებობის მშენებლობაც. `ჩემთვის ცნობილია, რომ ადგილზე მიმდინარეობს გარკვეული მიწის სამუშაოები, რომელიც არ ითხოვს მშენებლობის ნებართვის გაცემის აუცილებლობას”, – ამბობდა სურმანიძე, თუმცა მშენებლობის უკანონობას, მშენებლობის დაწყებამდე საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლობას, თავიდანვე მშენებლობის ნებართვის არქონას სატელევიზიო კომენტარში აჭარის განათლების მინისტრმა გია აბულაძემ უკანონო უწოდა. კერძოდ, მინისტრმა თქვა, რომ ბულვარის შესასვლელში არსებული სამშენებლო მესერი 24 აპრილამდე უკანონო იყო.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ დოკუმენტში, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა სოფო ლაზიშვილმა გასცა და რომლის საფუძველზეც დაიწყო ბულვარიდან ხეების ამოძირკვა და მწვანე საფარის განადგურება, წერია: `ნებართვა გაცემულია ბათუმის ზღვისპირა ბულვარის ნაწილში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის”, მაშინ როდესაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომპანია ეწევა ძეგლის – ბათუმის ბულვარის არა რეაბილიტაციას, არამედ მის ხელყოფს, რადგან კულტურულ მემკვიდრეობას ის ასწლოვანი ხე-მცენარეები წარმოადგენენ, რომლებიც 130 წლის წინათ მოწვეულმა სპეციალისტებმა გააშენეს ბულვარში.
ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. მას ძეგლის სტატუსი განმეორებით 2006 წელს მიანიჭეს. ბათუმის მაშინდელმა მოსახლეობამ ფული შეაგროვა, ეს ადგილი რუსი გენერლის ქვრივისგან რომ შეესყიდა ბულვარის გასაშენებლად. ბულვარი ცნობილმა გერმანელმა მებაღემ რესლერმა შექმნა. შემდეგ ეს საქმე ფრანგმა მებაღემ დალფონსმა გააგრძელა. ბაღის კეთილმოწყობაში დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ მებაღე-დეკორატორს იასონ გორდეზიანსაც, რომელსაც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მსოფლიოში ცნობილი ლონდონის ბოტანიკური ბაღის დეკორირებაში. ერთი სიტყვით, ოფიცრის ქვრივისგან ტერიტორია 1884 წელს იქნა გამოსყიდული და საქართველოს მთავრობის საკუთრებას დღემდე არ წარმოადგენს, არადა, თანამედროვე პირობებში ამ ადგილას, თქვენ უკვე არაბი შეიხის ნაჩუქარ პალმებსაც ნახავთ, მათი სახელობის ქუჩასაც, სურვილებსაც, გონიოს საუკეთესო მიწები დაიკანონონ და ადგილობრივი მოსახლეობა მამა-პაპისეული სახლ-კარიდან გაყარონ.
Nეტგაზეტ.გე-ის ცნობით, `რელვეი ფროფერთი მენეჯმენტის” დირექტორი მეგი მუმლაძე დარწმუნებულია, რომ მშენებარე ობიექტს ექნება საოფისე დანიშნულება. მედიასთან საუბარში მუმლაძე განმარტავს, რომ `ყველა სართულზე განთავსდება ჩვენი ოფისები, ჩემი საკუთრება იქნება, რატომ იქნება სახელმწიფო საკუთრება. ჩემი შპს არის რკინიგზის მიერ დაფუძნებული, რკინიგზა სახელმწიფო კომპანიაა, მე ვარ რკინიგზის მიერ დაფუძნებული კომპანია. ბულვარი არ შეგვისყიდია, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ჩაგვიდო კაპიტალში, მაგრამ ყველა დანარჩენი პროცედურები მანამდე დაცული იყო, რადგან ჯერ იყო მერიის საკუთრება, მშენებლობას მალე ვიწყებთ~. თუმცა, როგორც ჩანს, მას უნდა შევახსენოთ 2011 წლის აპრილის თვეში ქართული სახელმწიფოს გულუხვობის ისტორიაც. `საქართველოს რკინიგზას” 15 აპრილს ქვეყნის ბიუჯეტიდან მოულოდნელად 20 მილიონი ლარი მისცეს, საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სხვა უძრავი ქონებაც მიიღო. მაგალითად, `რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი~-ს 3814 კვ/მ მიწა მისცეს აბაშაში და 9388 კვ/მ – ზესტაფონში. შპს `საქართველოს რკინიგზას~ თბილისში ვარკეთილის მეურნეობაში გადაეცა 908 კვ/მ ფართობი, 28 671 კვ/მ– წალკაში, 87 614 კვ/მ– ნინოწმინდაში, 894კვ/მ კი დიდ დიღომში. განმარტება ამ დამთხვევებზე, რატომღაც, არ ჩანს.
ამ საკითხთან დაკავშირებით `საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელის, ირაკლი ეზუგბაიას მხოლოდ ერთი კომენტარი არსებობს, რომელიც მან საინფორმაციო სააგენტო `ჯი ეიჩ ენ”-ის ჟურნალისტს მისცა. მისი თქმით, ბათუმის ბულვარის დასაწყისში `საქართველოს რკინიგზის~ შვილობილი კომპანია `რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი~ `ბათუმი ბიზნეს-თაუერს~ ააშენებს. ამ პროექტის მიზანი უცხოური კომპანიების მხრიდან ბათუმით დაინტერესების ზრდა და, საბოლოოდ, ინვესტიციების მოზიდვაა. ეზუგბაია ინვესტიციის მოცულობასა და მშენებლობის დაწყების ვადას, ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთების დოკუმენტის შედგენამდე ვერ აკონკრეტებს.
რიგითი, ძირძველი ბათუმელები კი ასე ფიქრობენ:
ალიკ ინწკირველი, სასტუმრო `ალიკის” მეპატრონე, - მშენებლობის წინააღმდეგი მე არა ვარ, მაგრამ ასეთ ადგილას, ნამდვილად წინააღმდეგი ვარ, ნამდვილად არ უნდა გაიჭრას ხეები.
მარინა გიორგაძე, პროფესორი, - ბულვარი ჩვენი ქალაქის სახეა და მის გადასარჩენად ყველა ბათუმელი აქ უნდა იყოს. ამ ხეების მოჭრა დაუშვებელი და საშინელებაა. ეს ბულვარის განადგურებაა.
ზეინაბ დიასამიძე, დიასახლისი, - მე მივმართავ იმ ბათუმელებს, ვინც დღეს იცოდა, რომ ამ აქციაზე უნდა მოსულიყო და არ მოვიდნენ. მე მათ ვეკითხები, ეს სიზარმაცეა თუ შიში? ამ გრძნობით ისინი ვერც თავის ქვეყანას დაიცავენ, ვერც თავის ქალაქს, ვერც ბულვარს და ვერც საკუთარ ოჯახს. ამიტომ, მინდა მივმართო მათ, რომ იყვნენ გამბედავები და დაიცვან თავიანთი წარსული, აწმყო და მომავალი.
ასლან ჭილაძე, "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” დირექტორი - ეს არის სამოქალაქო პროტესტი. ახლა დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რადგანაც ხშირად ეს ხელისუფლება აპელირებს, რომ ჩვენ სამოქალაქო ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთო. დღეს უამრავი ადამიანი შეიკრიბა და ეს თუ არ არის საზოგადოება და თუ სხვა საზოგადოება ითხოვს, რომ ხეები მოჭერით, ბულვარის ტერიტორია გააჩუქეთ, მაშინ მოგვიყვანონ ეს საზოგადოება და გვაჩვენონ და გვითხრან, რომ ესენი არიან ამის მხარდამჭერები. თუ ხელისუფლება არ გააკეთებს სწორ დასკვნებს, მაშინ ეს სამოქალაქო პროტესტი უფრო და უფრო გაძლიერდება.
არჩილ კაიკაციშვილი