ინტერვიუ ნინო ჩხობაძესთან » ბანკები და ფინანსები

ინტერვიუ ნინო ჩხობაძესთან

მთავარისაზოგადოება 11.05.2011

"კანონმდებლობით ტეტრაეთილ ტყვიის შერევა საწვავში კანონით აკრძალულია, მაგრამ ეს საწვავი საქართველოში რეალურად შემოაქვთ"

დედაქალაქში ეკოლოგიური პრობლემები მწვავდება. ანალიტიკოსები ხშირად საუბრობენ დედაქალაქში ავტომობილების გამონაბოლქვის მავნე ზემოქმედების შესახებ ეკოლოგიაზე, კულუარებში იმასაც კი ამბობენ, რომ საწვავში, რომელიც საქართველოში იყიდება, ტყვიის შემცველობა დასაშვებზე დაახლოებით 30%-ით მეტია, ხოლო გოგირდის შემცველობა 15%-ზე მეტით. ბოლო პერიოდში ასევე მწვავედ დადგა რადიაციული ფონის გაუარესების საკითხი, ამ პირობებში კი დედაქალაქში რეკრეაციული ზონები სულ უფრო და უფრო მცირდება. ამ საკითხებზე "ბანკები და ფინანსები" მწვანეთა მოძრაობა - "დედამიწის მეგობრები" თავმჯდომარეს ნონო ჩხობაძეს ესაუბრა.


- ქალბატონო ნინო, თქვენი აზრით, რა გარემოსდაცვითი პრობლემების წინაშე დგას დღეს თბილისი, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პრობლემა თავიდან ავიცილოთ?
- რამდენიმე დღეა, რაც დამთავრდა ეკონომიკური ფორუმი. შარშან თბილისი შეუერთდა ეკონომიკურ ფორუმს, სახელწოდებით `მერების შეთანხმება", რომელიც ავალდებულებს ქალაქს 20%-ით შეამციროს სათბური გაზების გამოფრქვევა (ემისია) ჰაერში. პროექტი ინიცირებულია ევროკავშირის მიერ. შესაბამისად, ქალაქმა უნდა გაატაროს ძალიან ბევრი ეკონომიკური ღონისძიება, რომლის მიხედვითაც უნდა შემცირდეს ქალაქში სათბური გაზების ემისია. ეს არის ძალიან მძიმე ვალდებულება, რომელიც ქალაქმა აიღო თავის თავზე და რისი შესრულებაც შესაძლებელია.
ამის გარდა, ეკონომიკურ ფორუმზე, განხილული იყო ქალაქის სტრატეგია. ქალაქის სტრატეგიის ერთ-ერთ ნაწილი უნდა იყოს მწვანე განაშენიანების გეგმები, რომელიც უნდა არსებობდეს. არსებობს ამორტიზირებული ხეების ცნება. ის ხეები, რომლებსაც სიცოცხლის მოკლე ხანგრძლივობა აქვთ, უკვე ამორტიზირებულია. მაგრამ ეს არ ეხება მუხას, ნეკერჩხალს, წაბლს და სხვა. ყოველ შემთხვევაში, ამის ჩანაცვლება სხვა ხე-მცენარეებით უნდა იყოს დაგეგმილი და ქალაქმა უნდა გვაჩვენოს (საკრებულომ და მმართველობის რგოლებმა), როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განაშენიანება და რამდენად უნდა იყოს დაცული რეკრეაციული ზონა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ბევრი სამუშაო აქვს. პირველ რიგში უნდა განახორციელოს კონტროლი. მან უნდა გაატაროს ეფექტური გარემოს დაცვითი პოლიტიკა.
- თუ გაქვთ ინფორმაცია დიღმის ტყეპარკთან დაკავშირებით, რა სტატუსი აქვს ამჟამად ამ ტერიტორიას და შესაძლებელია თუ არა ამ ადგილზე ტყის ნაცვლად შეიქმნას გარკვეული სახის ინფრასტრუქტურა და ის საზოგადოებრივ-საქმიან ზონად იქცეს?
- ბოლო პერიოდში საკმაოდ ცუდი ტენდენცია ვითარდება - ახსნის გარეშე ხდება გეგმიდან რეკრეაციული ზონების ამოღება. ეს არ არის კარგი პრაქტიკა, ის რომ არ გაგრძელდეს, უნდა გაკეთდეს განაშენიანების გეგმა.
დიღმის ტყეპარკს ამჟამად არ აქვს რეკრეაციული ზონის სტატუსი. ამ ადგილას უნდა იყოს ტყე, არის კიდეც ნაწილობრივ. მას სჭირდება ახალი ნარგავები და აუცილებლად უნდა გაშენდეს როგორც პარკი. სტატუსი, რა თქმა უნდა, უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ პირველ რიგში უნდა იყოს თავისთავად პარკის გეგმიური გაშენება.
- როგორია ამჟამად დედაქალაქში საწვავის გამონაბოლქვის შედეგად არსებული მდგომარეობა? რას ნიშნავს ტყვიის შემცველობა საწვავში, რამდენია დასაშვები რაოდენობა და რამდენად ქმნის ეს ფაქტი საფრთხეს?
- ტეტრაეთილ ტყვიის, როგორც მინარევის, გამოყენება საწვავში იწვევს ტყვიის შემცველობის გაზრდას. ტეტრაეთილ ტყვია ზრდის საწვავის ოქტანობას. ჩვენს ქვეყანაში კანონმდებლობით აკრძალულია ამ მინარევის გამოყენება, მაგრამ არის ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის, რომ ტყვია არის ჰაერში და არის ეჭვი, რომ ამ ხარისხის საწვავი შემოდის საქართველოში. ჩვენ ვთვლით, რომ თუ ენერგეტიკულ პოლიტიკაზე ანუ სათბური გაზების შემცირებაზე საუბრობ, უნდა იყოს გათვალისწინებული, რა ხარისხის საწვავი შემოდის. სათბური გაზის CO2 ის გამოფრქვევა არის დამოკიდებული საწვავის ხარისხზე, გზების მდგომარეობაზე და შუქნიშნებზედაც კი - რამდენად ახლოსაა შუქნიშნები ერთმანეთთან. ჩვენთან ყველა შუქნიშანი ერთდროულად ქრება და ერთდროულად ინთება. მანქანის მსვლელობის რეჟიმი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მას ხშირად არ მოუხდეს ჩაქრობა- ანთება, ეს ნისნავს, რომ ავტომობილმა, პრაქტიკულად, გაჩერების გარეშე უნდა იაროს. ერთ-ერთი მიზეზი ჰაერში ემისიის გაჩენისა არის ის, რომ ავტომობილებს ძალიან ხშირი გაჩერება უხდებათ.
უნდა არსებობდეს დაკვირვების სისტემა საწვავის ხარისხთან დაკავშირებით. კანონმდებლობით, მართალია, უკვე აკრძალულია მინარევების გამოყენება, მაგრამ ეს საწვავი საქართველოში რეალურად შემოაქვთ. ვფიქრობთ, რომ კარგი იქნებოდა გარკვეული სახის მონიტორინგის სამსახურის არსებობა, რომელიც სისტემატურად შეამოწმებდა საწვავის ხარისხს. ქალაქმა შეიძლება შემოიღოს ცალკე თავისთვის მისაღები სტანდარტი, როგორც ბევრი ქვეყნის დედაქალაქს აქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს ჰაერის სისუფთავეს ქალაქში.
- რადიაციის თემა საკმაოდ აქტუალურია, მართალია საქართველოში არ ფუნქციონირებს ატომური ელექტროსადგურები, თუმცა გვაქვს იზოტოპების ინსტიტუტი. რა ეკოლოგიურ საფრთხეს უნდა ველოდოთ მისგან?
- იზოტოპების ინსტიტუტს დიდი რაოდენობით რადიაციული ნივთიერებები საერთოდ არ აქვს. ეს ატომური ელექტროსადგური არ არის, რომ აფეთქდეს. უბრალოდ, უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს მიღებული, რაც თვითონაც კარგად იციან. თუ რაიმე აქვთ, ეს ძირითადად არის ცდებისთვის გამოყენებული, მაგრამ ეს არ არის იმ მასშტაბის, რაც ფუკუშიმაში ან რომელიმე სადგურში. ამიტომ პანიკა ჩემთვის ცოტა გაუგებარია. მე რამდენადაც ვიცი, იზოტოპების ინსტიტუტის ხელმძღვანელობას, წინასაც და ახლანდელსაც, ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ უნდა განახორციელოს უსაფრთხოების ზომები შიგნით. ეს არის ნამდვილად სერიოზული ინსტიტუტი.
- თქვენი აზრით, რამდენად საფრთხის შემცველია იაპონიიდან შემოსული ავტომანქანები? შეიძლება თუ არა მათი მეშვეობით გავრცელდეს რადიაცია? მოწმდება თუ არა ეს პროდუქცია?
- არ მაქვს ინფორმაცია, რამდენად მოწმდება იაპონური პროდუქცია. წესით და რიგით, უნდა შემოწმდეს. ყველა ქვეყანამ, სადაც შედიოდა იაპონიის პროდუქცია, განსაკუთრებული ზომები მიიღო პროდუქციის შესამოწმებლად. საქართველოში ტექნიკური საშუალებები საკმარისია. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე აპარატურა დგას, რომელიც აქედან გასულ ტვირთს ამოწმებს რადიაციაზე, უბრალოდ, ის რეჟიმი უნდა ჩაირთოს, რომელიც შემოსულ ტვირთსაც შეამოწმებს.
რაც შეეხება უკრაინიდან შემოსულ საკვებს, არ მგონია, რაიმე საფრთხე იყოს ამ მხრივ. უკრაინიდან შემოსული პროდუქციაც უნდა გადიოდეს შემოწმებას, მაგრამ მარილი ან სხვა საკვები, რაც შემოდის უკრაინიდან, რადიაციის მატარებელი ნამდვილად არ არის. ეს პროდუქცია იმ რეგიონიდან არ მოდის, სადაც რადიაციის დონე მაღალია. პროდუქცია ხარისხობრივად აუცილებლად უნდა მოწმდებოდეს, რაც არ ხდება. არ ვიცით რას ვჭამთ და რამდენად სანდოა ესა თუ ის პროდუქტი. რადიაციაზეც შესაძლებელია შემოწმდეს, თუმცა მე არ ვიტყოდი, რომ ამ ამ მხრივ რაიმე საფრთხე გვაქვს.
- როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ 20 მაისს გეგმავთ აქციას, თბილისში ველობილიკის გაკეთებასთან დაკავშირებით. რას ითვალისწინებს ეს აქცია და თქვენი აზრით, რამდენად მოგცემთ ამის საშუალებას თბილისის რელიეფი?
- 20 მაისს - "სამსახურში ველოსიპედით მისვლის დღეს", სამი არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა", "მწვანე კლუბი" და "ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის" მიერ იგეგმება. მიმართვის წერილის შემუშავება თბილისის მერიის სახელზე, რათა მოხდეს თბილისში ველობილიკების გაკეთება და შესაძლებელი გახდეს დედაქალაქში ველოსიპედით უსაფრთხო გადაადგილება.
ალპებში თუ შეიძლება ველოსიპედით სიარული, თბილისში რატომ არ შეიძლება. მე ვფიქრობ, რაღაცა უბნები ნამდვილად თავისუფლად შეიძლება გამოიყენო ველოსიპედით გადაადგილებისთვის. ბილიკების არსებობა აუცილებელია, რადგან არსებობს ველოსიპედები, რომლებიც მთიან რელიეფზეა მორგებული.

ესაუბრა მარიამ დედაბრიშვილი


{custom category="2,4,5,15" template="shortstory_2" aviable="global" from="0" limit="10" cache="no"}