ნანახია: 972
გლობალური ეკონომიკური კრიზისი მედიაბიზნესსაც უტევს, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. მასშტაბები, რასაკვირველია, შესაბამისია. თუმცა აღმოჩნდა, რომ ბეჭდურ მედიასთან შედარებით, რადიო რეკლამის დამკვეთების ნაკლებობას დიდად არ უჩივის. შექმნილი მდგომარეობა გავლენას ახდენს რადიოს საქმიანობაზე, მაგრამ არა იმდენად, რომ მათი ფუნქციონირება ეჭვქვეშ დადგეს. საქართველოში მოქმედი რადიოსადგურების საბიუჯეტო შემოსავლები ახლა ივსება, ფორმდება კონტრაქტები. ამ დროისთვის რადიოსადგურების ზარალი საშუალოდ 20-30%ს შეადგენს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კომპანიებმა თავიანთი შემოსავლების გადახედვა მოინდომეს. რის შედეგადაც მათ თანხების დაზოგვა გადაწყვიტეს. ამან კი სარეკლამო თანხების გაწევაზე გარკვეულწილად უარის თქმა განაპირობა. ამჟამინდელი მონაცემებით რადიოსივრცეში ყველაზე დაბალი აქტივობა სამშენებლო კომპანიებს აქვთ, რომელთა უმეტესობამ საგრძნობლად შეკვეცა სარეკლამო თანხები და შესაბამისად, საეთერო დრო, ზოგიერთი კი საერთოდ გაქრა რადიოსივრციდან. ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება იმ რადიოსადგურების საქმიანობაზე, რომლის შემოსავლებს მთლიანად სარეკლამო დაკვეთები განსაზღვრავს. ეს მათთვის დიდი დანაკარგია. რადიოსადგურებში არსებული მდგომარეობის შესახებ გვესაუბრებიან რადიოების "იმედი", "უცნობი", "ფორტუნა", "ფორტუნა+", "არ დაიდარდო", "ავტორადიო", "კომერსანტი" წარმომადგენლები.
"ჩვენ ვართ საუკეთესოები საუკეთესოთა შორის" - ხათუნა ლაფაჩი - რადიო "იმედის" გენერალური დირექტორის მოადგილე რადიო "იმედი", შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, რეკლამების შემცირებას არ უჩივის. ამ კრიზისის პირობებშიც კი ძველებურად განვაგრძობთ ფუნქციონირებას. ეს, ალბათ, იქიდან გამომდინარეობს, რომ რადიო "იმედი" საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობს და სპონსორებს და კომპანიებს, რა თქმა უნდა, რეკლამის განთავსება ისეთ რადიოსადგურზე ურჩევნიათ, რომელსაც უფრო მეტი მსმენელი ჰყავს. ჩვენ გვაქვს მრავალფეროვანი პროგრამა, გადის მუსიკაც და საინფორმაციო გამოშვებებიც. თუმცა ძირითადად აქცენტს მაინც საინფორმაციო გამოშვებებზე ვაკეთებთ, დილის 7სთ-დან ღამის 1 სთ-მდე ყოველ ნახევარ საათში გადის ოპერატიული, ობიექტური და დეტალური ინფორმაცია. ეს განსაკუთრებულ სტრუქტურასა და განსაკუთრებულ მსმენელთა ბადეს ქმნის. ამის გამო ხშირად ვამბობთ უარს სხვადასხვა ნაწარმის რეკლამაზე. გასაგებია, რომ ყველა ნივთი საჭიროა, მაგრამ ჩვენი აუდიტორია ყველაფერს ვერ მიიღებს და ამას ანგარიშს ვუწევთ. გარდა ამისა, ვიცავთ რეკლამის გაშვების ხანგრძლივობასაც – სარეკლამო გაჭრაზე მომაბეზრებლად ბევრ რეკლამას არ ვუშვებთ. თითო გაჭრაზე ეს მაქსიმუმ 7-8 რგოლს შეადგენს. ყველაფერი ეს გათვლილია მსმენელთა აღქმის უნარზე. სოციალურმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ რეკლამა საინფორმაციო რადიოსადგურებიდან აღიქმება, არა როგორც გამაღიზიანებელი ფაქტორი, არამედ როგორც ინფორმაცია, სპეციალისტის რჩევა და კომენტარი. ეს კი მსმენელის ნდობას იწვევს და არსებითად ზრდის გარეკლამებული ინფორმაციის ეფექტურობას. ამ ყველაფრის გამო კი ხშირად გვეუბნებიან, რომ თუკი სადმე ჩადებენ რეკლამას, ანუ ექნებათ ამის ფინანსები და საჭიროება, "იმედი" იქნება პირველი, რადგანაც ეს ის რადიოა, სადაც რეკლამის განთავსება მომგებიანია. საერთოდ კი რადიოსადგურებისთვის იანვარი და თებერვალი, რეკლამის განთავსების თვალსაზრისით, ყველაზე ცუდი პერიოდია. ჩვენი დამკვეთები სწორედ ამ პერიოდში ახდენენ ახალი სამუშაო წლის საქმიანობის პრიორიტეტების გამოკვეთას და შესაბამისად, რეკლამისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის დაგეგმასაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამჟამად არის ჩავარდნები, მაგრამ ეს არ არის განსაკუთრებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ასე იყო შარშანაც და მეორდება წელსაც. ცოტა ხანში ყველაფერი მწყობრში ჩადგება. რაც მთავარია, ჩვენგან არ წასულან ძველი კომპანიები, პირიქით, დაგვემატნენ ახლები, რომლებმაც ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ამისთვის ჩვენ შეგნებულად არ გაგვიწევია არანაირი პროპაგანდა, ფასებიც კი რაც იყო, ისევ ის დარჩა, წამების მიხედვით 10, 12, 15, 20 დოლარი და ზევით. რაც შეეხება სიხშირის გადასახადს, ეს არის ფიქსირებული თანხა სახელმწიფოსგან, წლიურად დაახლოებით 6 ათასი ლარის ოდენობით. არა მგონია, ამისგან გათავისუფლება შესაძლებელი იყოს და ჩვენ პრინციპში ამას არც ვითხოვთ. ჩვენ გვაკმაყოფილებს ისიც, რომ ვართ საუკეთესოები საუკეთესოთა შორის.~
"კარგი იქნებოდა სახელმწიფოს დაერთო ნება ღამის საათებში გაგვეშვა ალკოჰოლური სასმელების რეკლამა" - სოფო ქევანიშვილი - რადიო "უცნობის" გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი
"მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჩვენთანაც შემცირდა რეკლამაზე მოთხოვნა. ადრე თუ გვქონდა უამრავი შეკვეთა საბანკო, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანიებისგან, დღეს მათი რიცხვი მკვეთრად შემცირდა. მეტიც, საერთოდ შეწყდა სამშენებლო კომპანიების შეკვეთები. თუმცა იანვარი და თებერვალი ისედაც პასიურია სარეკლამო თვალსაზრისით. მარტის თვიდან ველოდებით შეკვეთებს და კომპანიები მეტ გააქტიურებას გვპირდებიან. წინა წლის კონტრაქტებიდან 70% დაგვრჩა, სამწუხაროდ, 30% უარი თქვა თანამშრომლობის გაგრძელებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფასები 20-25%-ით შევამცირეთ. ჩვენთან თანამშრომლობას აგრძელებენ საკომუნიკაციო და უალკოჰოლო სასმელების, ასევე ლუდის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიები. ახლახანს გავაფორმეთ ტურისტული კომპანიის შეკვეთაც. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ახალი კონტრაქტების გაფორმება. მოგეხსენებათ, მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ძალიან ბევრ კომპანიას უჭირს ფუნქციონირება. რადიოს მაგალითზე რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ რუსეთში მაგალითად დართეს იმის უფლება, რომ გაეშვათ ალკოჰოლური სასმელების რეკლამები, კარგი იქნებოდა, საქართველოშიც მოეცათ ამის უფლება, თუნდაც ღამის 11 საათის შემდეგ. ეს ცოტათი მაინც დაგვეხმარებოდა არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სხვა თხოვნა ხელისუფლების მისამართით არ გაგვაჩნია."
"რეკლამის საფასურს ჯერ-ჯერობით არ შევცვლით" - მაია მაზანაშვილი - რადიოების "ფორტუნა", "ფორტუნა+", "არ დაიდარდო" და "ავტორადიო" მარკეტინგის დირექტორი
"რადიოკომპანიის შემოსავალი ზოგადად დამოკიდებულია სარეკლამო დაკვეთებზე. ჩვენ ვმაუწყებლობთ მთელი საქართველოს მასშტაბით და, როგორც მოგეხსენებათ, გვაქვს ოთხი რადიოსადგური, რაც სარეკლამო ბაზარზე დიდი პრიორიტეტია. რეალურად სარეკლამო ბაზრის შემცირება რადიოდაკვეთებზე საგრძნობლად არ აისახა, თუმცა მცირე გავლენა მაინც იქონია. - წლიური კონტრაქტების გაფორმება ხდება თებერვლის მეორე ნახევარში, ამიტომ ჯერ ზუსტად არ ვიცით როგორი იქნება 2009 წლის ბიუჯეტი. მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია. კომპანიებს ამ ეტაპზე რადიორეკლამების ბიუჯეტების შემცირება სურთ, მაგრამ არა კომპანია რადიო "საქართველოს" ხარჯზე. შეიძლება შეიზღუდოს იმ რადიოსადგურების მუშაობა, რომლებიც მცირე არეალზე მაუწყებლობენ. ახლანდელი მონაცემებით შარშანდელი პარტნიორების 80% კვალავ განაგრძობს ჩვენთან თანამშრომლობას. ჩემი პროგნოზით, მსხვილი კომპანიები ისევ შეძლებენ რადიოეთერის შესყიდვას, იმიტომ რომ რადიორეკლამა, სხვა მედიასაშუალებებთან შედარებით, გაცილებით ხელმისაწვდომია. ჩატარებული კვლევების მიხედვით, ჩვენს კომპანიას რადიობაზარზე ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დამკვიდრებული. ვმაუწყებლობთ მაღალი ხარისხით, ვფარავთ მთელ საქართველოს და გვაქვს სხვა უპირატესობებიც. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კომპანია, რომელიც თავის საქმიანობაში მოიაზრებს რადიორეკლამას, რადიობაზრის მიმოხილვას სწორედ ჩვენგან იწყებს. - ის, რომ ჩვენი კომპანია არის ჰოლდინგი და წარმოადგენს მიზნობრივი კატეგორიის მრავალფეროვნებას, უბიძგებს შემკვეთებს, რომ ჩვენთან ითანამშრომლონ. - რადიოსადგური "ფორტუნა" ერთ-ერთი პირველთაგანი იყო. მისი გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მაშინ მცნება რადიობაზარი არ არსებობდა. ეს "ფორტუნამ" შემოიტანა, რომელიც მაღალი ხარისხით, კარგი სიხშირით და მონატრებული ჰანგებით ძირითადი სარეკლამო საშუალება გახდა. ეს იყო ნოსტალგიური ფორმატი და მთელი საზოგადოება მასზე იყო მიჯაჭვული. როცა მოგვიანებით ბაზარზე ალტერნატიული რადიოსადგურების შექმნა დაიწყო, უკვე ჩამოყალიბდა რადიობაზრის ფართო მცნება და გაიზარდა რეკლამის მოთხოვნილება, შესაბამისად დამკვეთების რაოდენობამაც. - სწორედ ამ დროს შეიქმნა ახალი ტალღა "ფორტუნა +". მისი ასაკობრივი მსმენელი 15-დან 30 წლამდე აუდიტორიაა, ფაქტიურად ის ნაწილი, რომელიც საქართველოს მომავალს ქმნის. მაგრამ დამკვეთების მოთხოვნა ამ რადიოზე სხვებთან შედარებით დაბალია. - საქართველოში დღევანდელობის მანია სჭირთ და ხშირ შემთხვევაში მომავალს არ უყურებენ. ამიტომაც დამკვეთების უმრავლესობისთვის მიზნობრივი აუდიტორია არის 29 წლიდან ზევით. რადგანაც, მათი აზრით, ისინი არიან მყსიდველუნარიანები. ამიტომაც რეკლამების დიდი ნაწილი მოდის რადიო "ფორტუნაზე". თუმცა, მოგვიანებით რადიო "არ დაიდარდომ" უზარმაზარი გარღვევა მოახდინა, იმ დონის, რომ თვენახევარში ის უდაო ლიდერი გახდა და აღარც დაუთმია ეს პოზიცია. შესაბამისად, გაიზარდა მასზე მოთხოვნაც. - იგივე შედეგი აჩვენა "ავტორადიომაც." ამის მიზეზი კი არის კარგი გათვლა აუდიტორიაზე. თუმცა "ავტორადიო" არ არის ჩვენი პროექტი. ეს ფორმატი ევროპაშიც არსებობს. - ჩვენი კომპანია მეტრო მედია ინტერნატიონალ- მა დაარსა, რომელსაც ევროპაში 85 რადიოსადგური ჰქონდა გახსნილი, ანუ ამ კომპანიას რადიოინდუსტრიაში მუშაობის უდიდესი გამოცდილება ჰქონდა. ჩვენთან გათვლილია ყველა დეტალი, მათ შორის, ფსიქოლოგიური ფაქტორებიც, თუნდაც რამდენი წუთი შეუძლია ადამიანს რეკლამის და ლაპარაკის ატანა, ინფორმაციის მიღება. ყველაფერი ეს დაბალანსებული გვაქვს. - არსებობს გერმანული კომპანია "დოიჩე ველე", სადაც გამოცდილი რადიო-კონსულტანტები მუშაობენ. კომპანია მიზანმიმართულად მუშაობს რადიობაზრის განვითარებაზე. ისინი ამბობდნენ, რომ რეიტინგებში პირველი იქნება "არ დაიდარდო", შემდეგ "ფორტუნა", "ავტორადიო" და "ფორტუნა +". ასეც არის. ჩვენი მუშაობის სპეციფიკა გვაძლევს შესაძლებლობას, ამ ოთხი რადიოსადგურის მეშვეობით, გავუშვათ ყველა სახის რეკლამა ისე, რომ მოხდეს მისი გათვლა პოტენციურ აუდიტორიაზე. - თუ რეკლამა არაესთეტიკურია, მას ჩვენვე ვამუშავებთ და ისე ვუშვებთ ეთერში. არ ვაწესებთ არანაირი სახის შეზღუდვებს რეკლამებზე, ვუშვებთ ყველაფერს, თუ ის არ არის კანონით აკრძალული. ვიდრე იქნება ეკონომიკური კრიზისის საშიშროება, რეკლამის ღირებულებას არ გავზრდით, როცა ეს საშიშროება გადაგვიფრენს, მერე ვნახოთ. სიხშირესთან დაკავშირებით გადასახადი ზუსტად არ ვიცი რა რაოდენობისაა, მაგრამ ეს თანხა არც იკლებს და არც იმატებს. დაწესებულ თანხას კვარტალში ერთხელ ვიხდით". "აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ახალ წლამდე, უძრაობის პერიოდი იყო" - გოგა სამუშია - შ.პ.ს. "კომერსანტის" დირექტორი "შექმნილი კრიზისი ნამდვილად აისახა ამ სფეროზე. მაგრამ ამის გამო რადიოს მუშაობა არ შეფერხებულა. სარეკლამო განყოფილებაში ცვლილებები საკმაოა, იქიდან გამომდინარე, რომ რომ წამყვანმა კომპანიებმა თავიანთი სარეკლამო ბიუჯეტის გადახედვა მოინდომეს, რასაც სარეკლამო ბიუჯეტისთვის განკუთვნილი თანხების შეკვეცა მოჰყვა. ასეთი შედეგი ბევრ წამყვან კომპანიაშია. იკლო ერთჯერადი რეკლამების რიცხვმაც. ჩვენ ძირითადად სადაზღვევო, სამშენებლო, საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან ვთანამშრომლობდით. ყველაზე გრძელვადიანი კონტრაქტები სამშენებლო კომპანიებთან გვქონდა, რომელთაგან რაღაც პროცენტი დარჩა და შენარჩუნდა, რაღაც პროცენტი მაინც შემცირდა. არ შეცვლილა სასპონსორო სიტუაცია. გრძელვადიანი კონტრაქტები ისევ ძალაშია, ამ მიმართულებით პრობლემებს ჯერ-ჯერობით თავი არ უჩენია. ჩვენ ვართ ის რადიო, რომელიც უფრო საიმიჯო რეკლამებზე მუშაობს, გავდივართ პრემიუმ კლასსზე. ჩვენი მსმენელი გარკვეულწილად სპეციფიკურია. ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესის ტიპის რადიოს, რომელსაც ყველა არ უსმენს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველას ეს სფერო არ აინტერესებს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საიმიჯო და არა მასიური ინფორმაციული რეკლამა. ეს არის საინვესტიციო კომპანიების, ისეთი კომპანიების პროპაგანდა, რომლებიც გარკვეული ტიპის ბიზნესს ფლობენ. მაგალითისთვის ჩვენთან თანამშრომლობენ ისეთი სამშენებლო კომპანიები, როგორებიცაა "არსი," რომელიც ყველაზე გამართული მენეჯმენტით გადის ბაზარზე, "სასკო" და "აქსისი." მართალია, არც ისე დიდი ხანია რაც ეთერში ვართ, მაგრამ ზრდის ტენდენცია მაინც გვაქვს. აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ახალ წლამდე, უძრაობის პერიოდი იყო. სარეკლამო ბიუჯეტს ამჟამად ვადგენთ. ჩვენთვის ეს პირველი სეზონია, ამიტომ წინა წლებთან შედარებას ვერ გავაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მარკეტინგის სამსახურის ცნობით, რეკლამებზე მოთხოვნა შემცირებულია 40-45%-ით, ზრდის ტენდენცია მაინც ნორმალურია. განსაკუთრებით რადიორეკლამაზე. როგორც აღვნიშნე, ჩვენთან საიმიჯო რეკლამა გადის. ასეთი ტიპის რეკლამებზე მოთხოვნამ მსოფლიო ბაზარზე 70%-ით დაიწია და ბუნებრივია, ეს ჩვენზეც აისახა. კომპანიები გადავიდნენ მხოლოდ პროდუქციის რეკლამირებაზე და აქცენტს სწორედ ამაზე აკეთებენ. კომპანიები საინფორმაციო სახის რეკლამებზე უფრო არიან ორიეტირებულნი, ვიდრე საიმიჯოზე. სახელისთვის და ბრენდის პოპულარიზაციისთვის აღარავის სცალია. სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენ სახელმწიფოსგან არაფერს არ ვითხოვთ, თუმცა ვუერთდებით სხვა რადიოსადგურებს და მხარს ვუჭერთ იმ აზრს, რომ დაიშვას სიგარეტის და ალკოჰოლური სასმელების რეკლამა, თუნდაც შეზღუდული დროით. დავიცავთ ყველა მოთხოვნას. თუმცა ამის შესახებ ღიად საუბარი ჯერჯერობით არსად არ ყოფილა".
თათია ჩაფიჩაძე
|