ნანახია: 890
მსოფლიოში პურის ფასი გაიაფდა, საქართველოში კი პურის ფასს ხელოვნურად ზრდიან
მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის დაცემა გაზაფხულიდან დაიწყო, თუმცა საქართველოში პურის ფასის გაიაფებას დღემდე უშედეგოდ ელიან. ფქვილის იმპორტიორები, მეწისქვილეები, პურის მწარმოებლები და რეალიზატორები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. პურის გაუიაფებლობის ერთ - ერთ მიზეზად გაძვირებული გაზის ტარიფი სახელდება, თუმცა "ყაზტრანსგაზ - თბილისში" აცხადებენ, რომ თბილისში არსებული ყველა მსხვილი პურის ქარხანა გაზს შეღავათიან ფასად იღებს, რომელიც მოსახლეობისთვის დაწესებულ გაზის ტარიფს დიდად არ აღემატება. პურის გაუიაფებლობას მეპურეები მეფქვილეებს აბრალებენ, ფქვილის იმპორტიორები კი აცხადებენ, რომ მათ ფქვილის ფასი 12 ლარამდე შეამცირეს და ამ ეტაპზე პროდუქციის უფრო გაიაფება წარმოუდგენელია. მორიგი ბრალდებები მაღაზიის მეპატრონეების მიმართ ისმის, რომ ისინი საბითუმო ფასს საცალო ვაჭრობაში 10 თეთრზე მეტს უმატებენ. საცალო ქსელში პურის ფასი 60 თეთრიდან იწყება და 1 ლარს აჭარბებს. "საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის" თავმჯდომარე არკადი მექერიშვილი კი სწორედ მაღაზიებისკენ მიუთითებს და აცხადებს, რომ ქარხნულ ღირებულებას ფასს მაღაზიებიც უმატებენ და კონკურენციიდან გამომდინარე, ეს ფასები შეიძლება სხვადასხვაც იყოს. მექერიშვილის განცხადებებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ პურის ძვირი ფასით დაინტერესებულნი სწორედ მაღაზიები არიან. "ბ&ფ" დაუკავშირდა საცალო ქსელის წარმომადგენლებსაც, სადაც გაიაფება კატეგორიულად უარყვეს. "პურს იგივე ფასად გვაბარებენ და ჩვენ მაქსიმუმ 5-7 თეთრს ვამატებთ, ხოლო ქარხნის მიერ 58 თეთრად ჩაბარებულ პურს, 65 თეთრად ვყიდით, 63 თეთრიანს კი 70 თეთრად", - აცხადებენ მაღაზიებში. კომპანიებმა, რომლებმაც ხორბლის მარაგი შექმნეს აგვისტოში შექმნილი მდგომარეობის გამო, დიდი ფინანსური ზარალი განიცადეს. მაგალითად, წისქვილკომბინატ `ალაფმა~, რომელიც ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან მოღვაწეობს, იმის გამო, რომ 3000-ტონიანი მარაგი ჰქონდა, 500 ათასი დოლარი დაკარგა. "ძვირად ნაყიდი ხორბალი კონკურენციას ვერ უწევს უკრაინულ ფქვილს, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში წარმოებული ფქვილის ერთ-ერთ ყველაზე დიდი კონკურენტია. მეხორბლეებს ახალი სეზონისთვის ფინანსური რესურსი სჭირდებათ", - განმარტავს ასოციაციის გენერალური დირექტორი არკადი მექერიშვილი. ამ პრობლემის გამო 2008 წელს "ალაფმა" საწარმოო სიმძლავრის მხოლოდ 40-50%-ის შესრულება შეძლო და დღიური 100-120 ტონის ნაცვლად, მხოლოდ 50 ტონის გადამუშავება მოახერხა. მიუხედავად ამისა, მათთვის ბაზრიდან გასვლა უფრო დიდ რისკთან არის დაკავშირებული, ამიტომ იძულებულნი არიან გარისკონ და მიჰყვნენ დინებას. საქართველო ყოველწლიურად 700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ხორბლის ადგილობრივი წარმოება საქართველოში მოხმარების მხოლოდ 20%-ს აკმაყოფილებს. საქართველოში ხორბლის იმპორტი ძირითადად რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან ხორციელდება. მსოფლიო ბაზარზე ერთი ტონა ხორბლის ფასი ერთ კვირაში 200-დან 240 დოლარამდე გაიზარდა. როგორც ექსპერტები განმარტავენ, ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდა იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ რუსეთის მთავრობამ ადგილობრივი ფერმერებისაგან ხორბალი თავადვე შეისყიდა და ხორბლის იმპორტის მაჩვენებელი შემცირდა. შესაბამისად, შავი ზღვის აუზში მცირედი დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც ფასები გაიზარდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფასები ხორბალზე ახალი მოსავლის მიღებამდე მცირედ, მაგრამ მოიმატებს, თუმცა მოსავლის აღებისთანავე ფასები დასტაბილურდება. ბაზარზე 1 ტომარა ფქვილის ფასი 30-31 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როდესაც ივლისისთვის მისი ფასი 60 ლარიც კი იყო. რთული სათქმელია, დაეხმარება თუ არა ეს წისქვილკომბინატებს მდგომარეობის გამოსწორებაში, თუმცა ქართველ მეპურეებს უცნაური ლოგიკა აქვთ და აცხადებენ, რომ ვიდრე მსოფლიოში ფინანსური კრიზისია, საქართველოში პურის ფასის დაწევაზე საუბარიც ზედმეტია. ამავე დროს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვაცნობეს, რომ "საქართველოში პურის ფასი 2010 წლამდე არ გაიზრდება". მიზეზად კი არსებული მარაგების ოდენობა და ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან უკვე გაფორმებული ხელშეკრულებები დაასახელეს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ სახელმწიფო ფასების დადგენაში ვერ ჩაერევა და ამ პროცესს ბაზარი დაარეგულირებს, თუმცა ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ქვეყანაში პურის ფასის კლების ტენდენცია აუცილებლად იქნება და დახმარების სახით ხორბლის ბაზარს სიახლეს სთავაზობს. ნოვაციის ფარგლებში ხორბლის საელევატორო მეურნეობის სერტიფიცირება დაიწყება, რომლის დასრულებას სამინისტროში წლის ბოლომდე ვარაუდობენ. ამ ეტაპზე ქვეყანაში 20-მდე ელევატორი არსებობს, სადაც 1 მლნ. ტონამდე ხორბლის დავარგულება შეიძლება. დაინტერესების შემთხვევაში, სამინისტროში არც ახალი ელევატორის მშენებლობის დაწყებას გამორიცხავენ, თუმცა გაგანია კრიზისში, მაშინ როდესაც კომპანიები გაკოტრების პირას არიან, მოსურნე ძნელად თუ გამოჩნდება. სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი განმარტავს, რომ სერტიფიცირებული ელევატორი სავსე ელევატორს ნიშნავს და ხორბლის უზრუნველყოფის პრობლემაც მარტივად მოიხსნება. "ალაფის" გენერალური დირექტორი არკადი მექერიშვილი, რომელიც ამავე დროს მეხორბლეთა ასოციაციის პრეზიდენტიც არის, განმარტავს, რომ ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოში დასაქმებულ მეწარმეებსა და ფერმერებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ ისეთ სისტემაში, რომელიც საბოლოო ჯამში მათ მისცემს შესაძლებლობას იაფი კრედიტის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. თუმცა, სხვა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქართული ბაზარი და ქართველი ფერმერები არ არიან მზად ამ სისტემის ამოქმედებისთვის და ამ ინიციატივას ქართველი ფერმერების მხრიდან დიდი ინტერესი არ მოჰყვება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართველ მწარმოებლებს ხორბლის დიდი მარაგი არ გააჩნიათ. ფერმერს ურჩევნია ხორბალი მაშინვე გაყიდოს, რადგან ხორბლის შემთხვევაში ფასების პროგნოზირება ძნელია, მით უმეტეს, რომ არცერთ ფერმერს არ ექნება სურვილი ახალი კრედიტი აიღოს. ყველაფრის მიუხედავად საქართველოში პურის ფასი ბოლო დროის განმავლობაში ოდნავადაც არ შემცირებულა. თუკი ქვეყანაში შემოტანილი ფქვილისა და ხორბლის ფასი გაიზარდა, თუკი ადგილობრივი მოსავალიც კარგი იქნება, თუ გადასახადები მცირდება და ნავთობპროდუქტები იაფდება, საინტერესოა, რატომ არ მცირდება პურის ფასი, რომელიც სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის ხშირად არსებობის ერთადერთი წყაროა. პასუხი მარტივია, რადგან საქართველოში არცერთი მაკონტროლებელი ორგანო არ მუშაობს, რადგანაც ქვეყნის ეკონომიკაში ქაოსია, რადგან ადგილობრივი ბიზნესმენები ბიზნესის საერთაშორისოდ აღიარებულ კანონებს არად დაგიდევენ, ყველა ცდილობს მღვრიე წყალში მსხვილი თევზი დაიჭიროს.
ნინო თამაზაშვილი
|