ნანახია: 996
გლობალური კრიზისი, რომელიც ბოლო დროს ბ&ფ-ის მთავარი თემაა, კვლავაც აქტუალურია. ამჯერად ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა ფინანსური მდგომარეობაა სახელმწიფო თუ საკუთარ დაფინანსებაზე მყოფ თეატრებში, რამდენად შეეხო ან რა გავლენას იქონიებს ეკონომიკური კრიზისი ქართული თეატრების ცხოვრებაზე. ამ საკითხებთან დაკავშირებით ქართული თეატრების ხელმძღვანელებს გავესაუბრეთ:
ზაალ ჩიქობავა, რუსთაველის თეატრის მმართველი: "შემიძლია ვთქვა, რომ ეკონომიკური კრიზისი თეატრს დღეს არ შეხებია, ის უფრო დიდი ხნის წინ დაიწყო, თუნდაც იმის გამო, რომ მაყურებლის დიდ რაოდენობას, რომელსაც შესაძლოა, ძალიან დიდი სურვილი აქვს თეატრში მოსვლის, ეკონომიურად უჭირს და არ აქვს საშუალება მოვიდეს თეატრში, თუნდაც იმ პირობებში, როდესაც თეატრი მაყურებელს ბილეთებს ძალიან დაბალ ფასში სთავაზობს. გლობალური ეკონომიური კრიზისი კი შეეხება იმ მხრივ, რომ კომპანიები, რომელთაც თეატრისთვის დახმარების გაწევა შეუძლიათ სპონსორობის მხრივ და ა.შ., ალბათ, შეიზღუდება, თუმცა, ამ ტიპის დახმარება არც აქამდე იყო ძალიან აქტიური, ყოველთვის მცირედ დახმარებებზე ვმუშაობდით. ამ შემთხვევაში არ მაქვს ლაპარაკი ,,ქართუ ჯგუფზე~, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს თეატრს, არამედ ბევრ სხვა თეატრს ეხმარება და დღეს რომ ეს თეატრები გამართული, ტექნიკურად აღჭურვილი და გამთბარია, სწორედ მათი დამსახურებაა. რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, ჯერ ზუსტად არ ვიცით, წელს რამდენი იქნება, თუმცა ვიცით, რომ მოიმატებს. სწორედ ახლა ვმუშაობთ სახელფასო ფონდზე და ალბათ, ხელფასებიც გაიზრდება. დიდ თანხებზე არ არის საუბარი, მაგრამ მაინც შეღავათი იქნება თეატრის პერსონალისათვის. მსახიობის მინიმალური ხელფასი დღესდღეობით 420 ლარია, მაქსიმალური კი 960. სულ ახლახანს ჩამოვედი ლონდონიდან. ნაციონალური თეატრის სტუმარი გახლდით და რომ გითხრათ კრიზისი ძალიან შეეხოთ-ქო, არ არის ასე, თუმცა გარკვეულწილად გავლენა მაინც იქონია. იქ უფრო მეტად იგრძნობა პარტნიორებისა და სპონსორების კლება, მაგრამ იქაურ თეატრს მეტი საშუალება აქვს, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც თეატრს ძალიან უწყობს ხელს. ინგლისში ასეთი ლოზუნგი არსებობს _ თუ ხარ ნამდვილი ინგლისელი, შენ აუცილებლად უნდა წახვიდე თეატრში! ყველა სკოლაში ისწავლება დრამის საგანი. სპექტაკლი ცუდი იქნება თუ კარგი, დარბაზები ყოველთვის სავსეა დიდსა თუ პატარა თეატრებში, ჩვენგან განსხვავებით მაყურებლის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან".
ეკა მაზმიშვილი, მარჯანიშვილის თეატრის მმართველი: "მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, საფრანგეთმა და გერმანიამ კულტურის დაფინანსება გაზარდა. კრიზისი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მაყურებელს უკავშირდება და მათზე ბილეთების გაყიდვის თვალსაზრისით მოქმედებს. კრიზისზე ლაპარაკი უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საბედნიეროდ, ამ ბოლო პერიოდში ეს ჯერ არ შეგვიმჩნევია, როგორც ამბობენ, კრიზისის მეორე ტალღა მარტი-აპრილისთვისაა მოსალოდნელი, ვნახოთ, რა იქნება. საერთოდ, მძიმე პერიოდში ხალხი უფრო მეტადაა ხელოვნებისა და კულტურისაკენ მიმართული, გამოცდილებით რომ გითხრათ, 1998-იანი წლებიდან სარდაფი სავსე იყო მაყურებლით. ასეთ დროს ადამიანი უფრო გართობაზე, ხელოვნებაზე, სულიერ საზრდოზე ფიქრობს, ასეთი ტენდენცია არსებობს, მაგრამ ახლა როგორ იქნება, ვერ გეტყვით. ჩვენს თეატრს რაც შეეხება, გავზარდეთ საქველმოქმედო აქციების რაოდენობა, დევნილების, სოციალურად დაუცველი ფენების მიმართ, რაც არანაირად არ ასახულა ბილეთების საერთოდ არსებულ ფასზე. ვცდილობთ, სხვა სახის აქციებიც განვახორციელოთ. მაგალითად, ახლა `მაგთისთან~ ერთად ბალი-აქციის ჩატარებას ვგეგმავთ, გარკვეულ დღეებში გარკვეული ფასდაკლება იქნება `ბალის~ აბონენტებისთვის, რომ მეტ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა მოვიდეს და ჩვენი სპექტაკლები ნახოს. იანვრის მონაცემების მიხედვით კი შემოსავლები ცოტათი, მაგრამ მაინც გაიზარდა. კულტურა და კერძოდ, თეატრი, რომელიც ცოცხალი ხელოვნებაა, გასაჭირის დროს ყველაზე უფრო აქტუალური ხდება ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. სახელმწიფო დაფინანსება წელს ჩვენთან 50%-ით გაიზარდა, შესაბამისად, ხელფასებიც მოემატა, მუშაობის პირობები შეიცვალა და თვისობრივად სულ სხვა ეტაპზე გადავედით. ადამიანებს ბევრად უფრო უკეთესი სამუშაო პირობები აქვთ და გარდა აუცილებელი მოთხოვნებისა, მსახიობს საშუალება აქვს განვითარდეს კიდეც. ზრდა სხვადასხვაგვარად მოხდა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში გაორმაგებულიც კია ხელფასები. სახელმწიფოს მხრიდან ეს უზარმაზარი ნაბიჯი, განსაკუთრებული სტიმულია კრიზისის პირობებში. 20 თებერვალს ჩვენთან ლევან წულაძის სპექტაკლის -"ქალი ძაღლით" პრემიერა გაიმართება, 4 მარტს გოგი ქავთარაძის სპექტაკლის - "გიორგი მაზნიაშვილი", მარტის ბოლოს კი ლევან წულაძის - "ხანუმა"და გიზო ჟორდანიას "ლუარსაბ თათქარიძე". მაისის ბოლოს ისრაელსა და რუმინეთში ვგეგმავთ გასტროლებს".
მერაბ თავაძე, სამეფო უბნის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: "ზოგ თეატრს სახელმწიფო დაფინანსება აქვს, ზოგს _ არა, პრაქტიკულად კრიზისი იმ გარემოებას შეეტყო, რომ ხალხს უჭირს და არ აქვთ თეატრში წასვლის და ბილეთის შეძენის საშუალება. თეატრის არსებობას, გარდა ყველაფრისა, მაყურებლის დასწრებაც განსაზღვრავს და ამდენად, ე.წ. კრიზისი თითოეულ ადამიანს, თითოეულ მაყურებელს ეხება, რომელიც თეატრში მოდის. დღეს, ჩემი თეატრის ჩათვლით, არსებობენ ისეთი თეატრები, რომელთაც არანაირი სახელმწიფო დაფინანსება არ გააჩნიათ და რომლებიც მხოლოდ მაყურებლის დასწრებაზე არიან დამოკიდებულნი, რა თქმა უნდა, კრიზისი ასეთი ტიპის თეატრებზე უფრო მეტად აისახება. მიმაჩნია, რომ ასეთი თეატრების დაფინანსება, ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის და ქალაქისთვის, რაზეც, სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა არ ფიქრობს. არცერთი სპონსორი არ დააფინანსებს დარგს, რომელიც პრაქტიკულად მომგებიანი არ არის, ეს უფრო ადამიანის სულიერი სამყაროა, სადაც თავს კარგად გრძნობენ და არავითარი მოგება, გარდა სულიერებისა, არ აქვს. ბილეთის საშუალო ფასი ჩვენთან 5 ლარია. ჩვენ თეატრში თანამშრომელთა რაოდენობა ძალიან მცირეა, უსახსრობის გამო რამდენიმე თანამდებობას ვითავსებთ, ყველა საშუალებას ვიყენებთ, რომ ერთად ვაკეთოთ ის საქმე, რაც თეატრისთვისაა საჭირო. შარშან ძალიან საინტერესო პროექტი განვახორციელეთ, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ეს იყო ახალგაზრდა რეჟისორების, მხატვრების, დრამატურგების წარმოჩენა, რომელთაც საშუალება მიეცათ ასპარეზზე გამოსულიყვნენ და ისინი სხვა თეატრების ხელმძღვანელებს გაეცნოთ. ამჟამად, ამ ფესტივალში გამარჯვებულები მუშაობენ სპექტაკლზე, რომლის პრემიერაც სულ მალე შედგება ჩვენს თეატრში."
დიმა ჯაიანი, სოხუმის თეატრის მმართველი: "საერთოდ, თეატრის მდგომარეობა საქართველოში მძიმეა. ჩვენთან მხოლოდ ხელფასები ფინანსდება, სადადგმო ხარჯები ნულია. მიზერული ხელფასი არაფერს ნიშნავს, მთავარია, თუ როგორ დგამ სპექტაკლს, რა გიჯდება დეკორაცია, კოსტიუმები, მხატვარი როგორ მუშაობს, ამაზე არავინ ფიქრობს. შეიძლება 16 წელი ენთუზიაზმით მართო თეატრი? ჩვენ სახელმწიფო, თანაც მაღალი დონის თეატრი ვართ, სადაც ლორთქიფანიძე, ჩხეიძე, სტურუა, დავაძე დგამენ სპექტაკლებს, სხვა დონის თეატრია. კულტურის სამინისტრომ 20 ათასი ლარი გამოგვიყო, უმადური არ ვარ, მაგრამ ამით შეუძლებელია თეატრმა თავი გაიტანოს. მინიმალური ხელფასი 150 ლარზე ნაკლები არ შეიძლება იყოს, ასეა კანონით, მაქსიმალური კი – 500 ლარია და ისიც სამ ადამიანს ეძლევა. შენობა არ გვაქვს, ახმეტელის და თავისუფალ თეატრში ვთამაშობთ სპექტაკლებს, ალბათ, გაზაფხულზე მარჯანიშვილშიც ვითამაშებთ. რადგან დარბაზი არ გვაქვს, ვქირაობთ მანქანას, დეკორაცია მიგვაქვს იქ, სადაც სპექტაკლს ვთამაშობთ, შემდეგ კი ახმეტელის თეატრში მიგვაქვს. ძალიან ძნელია ასე ყოფნა. აფხაზეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეგვიწყოს, მაგრამ . . . გვაქვს გეგმა, რომ მსახიობის სახლში, სადაც ჩვენი დირექციაა, იქ დაფუძნდეს თეატრი, მაგრამ ამას თანხა სჭირდება, სახელმწიფომ 50 000 ლარი რომ გაიღოს, ძალიან უპრობლემოდ მოგვარდება ჩვენი საქმე".
მერაბ შალიკაშვილი, ახმეტელის თეატრის მმართველი: "კრიზისული მდგომარეობა, როგორც ასეთი, ჩვენს თეატრში ნამდვილად არ არსებობს. სახელმწიფო დაფინანსება წინა წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა, თბილისის მერია დაგვიდგა გვერდში და ეს რეალურად დიდი დახმარებაა იმის ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება. ხელფასებმა ჯერჯერობით 5%-ით მოიმატა, ვინაიდან საგადასახადო სისტემაში თანხები შემცირდა და სავარაუდოდ, მარტის თვის შემდეგ, კვლავ ვვარაუდობთ ხელფასების ზრდას. აგვისტოს შემდგომი და მსოფლიო მოვლენების ფონზე, ჩემი აზრით, თეატრის დღევანდელი მდგომარეობა საკმაოდ ნორმალურია. ახმეტელის თეატრმა მოახერხა ის, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი მაყურებელი მოიზიდა. თუკი ქვეყანაში კრიზისული მდგომარეობა დადგება, მაგრამ როგორც ვიცი საქართველოს ეს ნაკლებ მტკივნეულად შეეხება, შესაძლოა მაყურებელმა იკლოს, მაგრამ ჩვენ ყველა პირობას ვქმნით, რომ ეს არ მოხდეს".
თეა კახაძე, რუსთაველის თეატრალური სარდაფის მენეჯერი: "კრიზისი ნაწილობრივ ჩვენც შეგვეხო, ალბათ, ისევე როგორც სხვა თეატრებს და საერთოდ ყველას, მაგრამ ვცდილობთ, რომ მაყურებელი არ მოგვაკლდეს. რუსთაველის თეატრალურ სარდაფში 104 ადამიანი ეტევა და დარბაზის თითქმის ნახევარი ყოველთვის სავსეა, ჩვენ არანაირი დაფინანსება არ გვაქვს და თვითდაფინანსებაზე ვართ. მარტიდან, შესაძლოა პრემიერა შევთავაზოთ მაყურებელს, მაგრამ, ჯერჯერობით, ვერ დავკონკრეტდები, თუ რა სპექტაკლი იქნება ეს."
მიშა ანთაძე, ნოდარ დუმბაძის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ცენტრალური თეატრის მმართველი: "ჩვენი თეატრი ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობას, მაინცდამაინც არ დაგვტყობია ეკონომიკური კრიზისი. ერთადერთი რაც იყო, აგვისტოს მოვლენების შემდეგ, გარკვეული საგრანტო დამატებები, შეწყდა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ჩვენს პატარა თეატრზე რომ აისახოს, არ მგონია. სახელმწიფო დაფინანსება, რაც წინა წლებში მეტისმეტად მცირე იყო, 100 %-ით გაიზარდა და კიდევ ველოდებით მატებას. ასევე თანამშრომლების ხელფასები _ თუ წინა წლებში სახალხო არტისტს 80 ლარი ჰქონდა ხელფასი, ბოლო პერიოდში გაიზარდა, ახლა კი 500 ლარი აქვს. საშუალო ხელფასი 200-დან 500 ლარამდეა. ჩვენ ძალიან დიდი კოლექტივი ვართ და ბევრი თანამშრომელი გვყავს, შტატიანი _ 150-ს აღემატება, სახელშეკრულებო საფუძველზე კი შემოქმედებითი მუშაკები დაახლოებით 100 ადამიანია. მხარში გვიდგას სამინისტრო, ივანიშვილის დამატებითი ხელფასებიც კვლავ ძალაშია, არაფერი შეცვლილა. წარმატებულ, მაგრამ სპეციფიურ თეატრად შეიძლება ჩავითვალოთ. მოგეხსენებათ, საბავშვო თეატრია და ჩვენი ძირითადი მაყურებელი სკოლაა, ასე რომ, ჩვენ სალაროსა და რეკლამაზე არ ვართ მთლად დამოკიდებული. დარბაზი ყოველთვის სავსეა. აბონემენტის ფასი ხელმისაწვდომია მოსწავლეებისთვის, თუ სალაროში 5 ლარი ღირს ბილეთი, აბონემენტით – დაახლოებით, 3 ლარი. იმის გამო, რომ ასეთი აბონემენტი გვაქვს, ჩვენ ვალდებულნი ვართ მაყურებლის წინაშე, ხშირად ვაკეთოთ ახალი სპექტაკლები, უმცროსი ასაკის ბავშვმა წელიწადში რვა სპექტაკლი უნდა ნახოს, ასევე- უფროსებმა. სხვადასხვა რეპერტუარია, ჩვენი სპექტაკლები 20-ს აღემატება. ძალიან დატვირთულ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ ყველაფერი დროულად მოესწროს, ყოველ თვეში თითო ან მეტი პრემიერა გვაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, ხელფასები მაინც არ არის იმდენი, რომ მსახიობმა ხელგაშლილად და თავისუფლად იცხოვროს, მაგრამ იმედი გვაქვს უკეთესად წავა საქმე, მსოფლიოც თუ გამოძვრება ამ კრიზისიდან, ჩვენი ქვეყანაც ფეხზე დადგება, პირობები კიდევ უფრო გაუუმჯობესდებათ იმ ადამიანებს, ვინც ამდენს შრომობს."
ნანა ფაჩუაშვილი, თეატრი ათონელზე: "ჩვენი თეატრი არ არის სახელმწიფოზე, ბიუჯეტზე დამოკიდებული, კერძოა და როგორც აქამდე ვარსებობდით, ისე გრძელდება ყველაფერი. კრიზისი, ალბათ, უფრო სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ თეატრებს შეეხებათ. თეატრები სხვა დროსაც არ ვიყავით ძალიან განებივრებულნი და ასეთ დროს მითუმეტეს. რომ არა ივანიშვილის ქველმოქმედება, რა თქმა უნდა, მსახიობების მდგომარეობა ბევრად გაუსაძლისი იქნებოდა. ჩვენთან თუ მაყურებელი მოვა და დარბაზი შეივსება, სპექტაკლი უფრო გაიმართება. ჯერჯერობით, ჩვეულებისამებრ ვმუშაობთ, ჩვეული შემადგენლობით, ჩვენ ისედაც ცოტანი ვართ. ჩვენი თეატრის არსებობა გაყიდული ბილეთების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ბილეთი ძირითადად 5-7ლარი ღირს, პრემიერებზე კი-10. ამ უახლოეს მომავალში, ქალბატონი ქეთი დოლიძე ჩვენთან აპირებს დადგას სპექტაკლი ქართველ ემიგრანტებზე, ძალიან აქტუალური და მტკივნეული თემაა. მასში ნინელი ჭანკვეტაძე, რამაზ იოსელიანი, ნუგზარ რუხაძე და მე მივიღებთ მონაწილეობას, ოღონდ ჯერ არ ვიცით როდის განხორციელდება ეს ყველაფერი".
სანდრო მრევლიშვილი, რეჟისორი: "კრიზისი, პირველ რიგში, მოსახლეობას ეხება, თეატრში კი მათ უნდა იარონ. თვითონ თეატრების ფინანსირება - სახელმწიფოსა თუ კერძო სტრუქტურების მხრიდან, გარკვეულად დაეცემა, ალბათ, სტაგნაცია ყველაფერში იქნება. ის დაფინანსება, რაც ქართულ თეატრებს აქვთ, მცირეა, ყველანაირი მასალა, მომსახურება- ძვირია. ასე რომ, თუ რაიმე განსაკუთრებული ზომები არ იქნება მიღებული, თეატრები კარგ დღეში ვერ აღმოჩნდება. ინტერნეტში წავიკითხე, რომ მიუხედავად კრიზისისა, დიდ ბრიტანეთში თეატრებს გაეზარდათ დაფინანსება, ასევეა რუსეთშიც. ასე რომ, ვნახოთ, ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ყველაზე მთავარია, მაყურებელს ჰქონდეს სურვილი და ეკონომიური შესაძლებლობა, რომ თეატრში წავიდეს, ამ საერთო უმუშევრობის ფონზე და ასეთ პირობებში, როგორ მოახერხებს ამას მაყურებელი, სხვა საკითხია."
თამთა დადეშელი
|