ნანახია: 644
კაბალური "შრომის კოდექსი" სასწრაფოდ შესაცვლელია
საქართველოში უმუშევრობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა და მისი დაძლევა ახალმა პრემიერმა, მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა კიდეც. თუმცა, პრობლემა მხოლოდ დასაქმებაში არ მდგომარეობს. საკმაოდ ხშირია სამსახურებიდან დაქირავებულთა დათხოვნა მათი უფლებების დარღვევით. ამის წინააღმდეგ უძლურია ქართული შრომის კოდექსი, რადგან მასში უკიდურესობებამდეა გათვალისწინებული დამქირავებლის უფლებები, ხოლო დაქირავებულის ბედი კოდექსს არ ადარდებს. ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელს გიორგი გუგავას მიაჩნია, რომ " მუშა - მოსამსახურის უფლებრივი და სამართლებრივი მდგომარეობა დღევანდელ საქართველოში რაიმე ფორმით დარეგულირებული არ არის. მას შემდეგ, რაც ბენდუქიძის რეკომენდაციით მიიღეს ახალი შრომის კოდექსი, პრაქტიკულად, დააკანონეს მონური შრომა. დღეს ნებისმიერ დამქირავებელს ყოველგვარი მოტივაციის, დასაბუთებისა და კომპენსაციის გარეშე ნებისმიერი დროს შეუძლია გაათავისუფლოს დაქირავებული. ჩვენ გვაქვს ვითომ ლიბერალური შრომის კოდექსი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია მსოფლიოში. არადა, როდესაც ერთის უფლებები აღემატება მეორის უფლებებს, იქ უკვე საქმე გვაქვს დისკრიმინაციასთან, მონურ შრომასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან. ჩვენი შრომის კოდექსის მიხედვით ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაყარონ სამსახურიდან მუშა-მოსამსახურეები და მათ კომპენსაციაც კი არ მისცენ. ჩვენს ქვეყანაში ამ პროცესს უკვე მასობრივი ხასიათი აქვს, რადგანაც დამქირავებელი სრული უფლებებით არის აღჭურვილი. მაგალითად, ცოტა ხნის წინ "თბილისის წყლიდან"გაყარეს თანამშრომლები, ყოველგვარი მიზეზის გარეშე და ვინც დატოვეს, იმას 2-3 ცვლაში დაავალეს მუშაობა მაშინ, როდესაც იგი რვა საათს არ უნდა აღემატებოდეს. ამ შემთხვევაში დამქირავებელს ზურგს უმაგრებს სწორედ ის შრომის კოდექსი, რომელშიც, პრაქტიკულად, არაფერია ნახსენები დაქირავებულის უფლებების შესახებ. იმ სოციალური სიდუხჭირის პირობებში, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი, დაქირავებული იძულებულია საკუთარი ანაზღაურების არაადეკვატური პირობები მიიღოს. ისეთი დისბალანსი, ჩვენ ქვეყანაშიც კი, არცერთ კანონში არ არის, როგორც შრომის კოდექსშია", - აცხადებს გუგავა. მთავრობის დეკლარირებული გეზი ეკონომიკის ლიბერალიზაციაა, თუმცა, საინტერესოა, ლიბერალიზაცია და დემოკრატიზაცია მხოლოდ დამქირავებელს ეხება თუ დაქირავებულსაც? მაშინ რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ ქართული შრომითი უფლებების კანონი მხოლოდ დამქირავებულზეა მორგებული და მხოლოდ მის ინტერესებს ითვალისწინებს. იქნებ, ახლა მაინც, როდესაც "მძიმეწონოსანი" კანონშემომქმედი ბენდუქიძე ოფიციალურად მაინც აღარ არის მთავრობაში, დაიძლიოს წინააღმდეგობები, ხელისუფლებამ გამოიჩინოს ადეკვატური პოლიტიკური ნება და მოხდეს კანონში გარკვეული ცვლილებების შეტანა, რითაც დაქირავებულთა უფლებების მეტად დაცვა გახდება შესაძლებელი. ამ კუთხით, ფასდაუდებელი სამუშაოს გაწევა ძალუძს პროფკავშირულ გაერთიანებას და ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე დაინტერესებული საზოგადოება ხედავს კიდეც გააქტიურებული პროფკავშირების ძალისხმევას. თუმცა, პროფკავშირების ძალისხმევა აშკარად არასაკმარისია და ვერც იქნება საკმარისი, რამდენადაც მთავარი სხვაა... კერძოდ, ის რომ საზოგადოებამ კომპლექსურად და მთლიანობაში უნდა აღიქვას პრობლემის სიმძაფრე და კანონის ფარგლებში, შესაბამისად გამოხატოს საკუთარი პროტესტი. მხოლოდ ასე თუ აიძულებს იგი მმართველ ძალას და მის სატელიტ, მასზე სასიცოცხლოდ დამოკიდებულ მონოპოლისტ ბიზნეს-სტრუქტურებს საკუთარი უფლებების კანონში გათვალისწინებას. თუ არა ასე, სხვაგვარად, ვხედავთ, რომ მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოების მიერ აპრობირებული შრომითი კანონმდებლობით ცხოვრებას მთავრობა კეთილი ნებით არ აპირებს.
შოთა ბუჩუკური
|