"ჭრელი" აბანოს ჭრელი ამბავი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "ჭრელი" აბანოს ჭრელი ამბავი
ნანახია: 1902

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა. ყველას კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როცა ბიზნესმენები, მცირე მეწარმეები და უბრალოდ, ადამიანები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ - ისინი კანონის ფარგლებში საკუთარ ქონებას ვერ იცავდნენ. ყოველივე ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ ბიზნესმენები და მეწარმეები, წლების წინ დაწყებული ბიზნესის გარეშე დარჩნენ. მათ არა მარტო სამსახური, არამედ ქონებაც დაკარგეს. საკუთრების უფლების შესახებ მოქმედმა კანონმა მესაკუთრეების უფლებები ვერ დაიცვა, რადგან სხვადასხვა ობიექტების მიმართ ცხოველი პოლიტიკური ინტერესი არსებობდა. ასეთ ობიექტთა სიაში აბანოთუბანში არსებული ‘ერეკლესა" და ‘ჭრელი" გოგირდის აბანოებიც აღმოჩნდა, რომელიც მფლობელებს სახელმწიფომ სხვადასხვა ბრალდებებით ჩამოართვა. პროკურატურის თანამშრომლებმა კი მფლობელები პროკურატურაში საკმაოდ დიდი ხანი ატარეს. მათ ბრალად წინა ხელისუფლების დროს ობიექტების თაღლითური გზით შესყიდვა და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის თანხების დამალვა ედებოდათ. როგორც წესი, პროკურატურა ბათილად სცნობდა ყველა იმ საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც მფლობელებს გააჩნდათ.
დღეს საქართველოს პარლამენტში საკუთრების უფლების შესახებ ახალი კანონი მუშავდება. მართალია, ახალი კანონი ძველი საქმეების გადახედვას არ ითვალისწინებს, მაგრამ, იმედია, იგი საკუთრების დაცვის კუთხით მდგომარეობას სამომავლოდ მაინც გააუმჯობესებს. ვინ იცის, იქნებ, ჩვენი კანონმდებლები ახალი კანონით საკუთარი ქონების ხელშეუხებლობისთვის სამომავლოდ თავს იზღვევენ. "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" შეფასებით: "საკუთრების შელახვის ფაქტები განპირობებული საკანონმდებლო ხარვეზებით არ ყოფილა. ჩვენი პოზიციით, საკუთრების უფლების ხელყოფას განაპირობებდა და განაპირობებს პოლიტიკური ნება. სწორედ საკითხისადმი პოლიტიკური დამოკიდებულებაა შესაცვლელი, მხოლოდ კანონმდებლობის შეცვლა სიტუაციას ვერ გამოასწორებს".
აბანოთუბანში განთავსებული "ჭრელი" და "ერეკლეს" აბანოები ეკონომიკის სამინისტრომ 2006 წლის 25 ოქტომბერს აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა და 2.217 მლნ. დოლარად იმ პირობით გაიყიდა, რომ 10 წლის განმავლობაში ობიექტს არსებული პროფილი არ უნდა შეეცვალოს, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, მფლობელს აქ სახაჭაპურის გახსნაც კი შეეძლება. აბანოების ყოფილი მეპატრონეები მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ. მათ ამის შესახებ ღიად არაერთხელ განაცხადეს, თუმცა დღემდე არაფერი შეცვლილა.
გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ‘ჭრელი აბანოს" ყოფილ მფლობელს, გრიგოლ ხიზანეიშვილს ესაუბრა, - "2006 წლის ნოემბერში აბანოების მეპატრონეები პროკურატურაში დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ არასწორი პრივატიზება გვქონდა გაკეთებული, ამიტომ უნდა დაგვეწერა განცხადება და ჩვენი საკუთრება ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის ჩაგვებარებინა. უარის მიღების შემდეგ, პროკურატურის თანამშრომლების, ვინმე ვალერი ლაცუზბაიასა და გიორგი ხვედელიძისგან განხორციელდა მუქარით სავსე ზარები. ისინი დაჭერით გვემუქრებოდნენ, ოჯახის წევრებს გვახსენებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ მათზე დავფიქრებულიყავით. მუქარა ისეთი სახისა და ხარისხის იყო, რომ 2006 წლის 20 ნოემბერს იძულებული გავხდით, ხელი მოგვეწერა საბუთზე და ჩვენი ქონება სახელმწიფოსთვის გვეჩუქებინა. მაშინ ამ ფაქტის გახმაურებას მუქარით გამოწვეული შიშის გამო მოვერიდეთ. ახლა კი ღიად ვაცხადებ, რომ ჩემი საკუთრებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ! დღეს იძულებისა და ძალდატანების გარეშე, ვინ გააჩუქებს ასეთ რამეს?! მით უმეტეს, ეს ჩემი და ჩემი ოჯახის ერთადერთი საარსებო წყარო იყო. სასამართლოში სარჩელი შეტანილი მაქვს, თუმცა მას ჯერჯერობით მცირე რეაგირებაც კი არ მოჰყოლია. "ჭრელ" აბანოში 20 წელი ვმუშაობდი. 1990-1995 წლებში იჯარა-გამოსყიდვა გავაკეთე. იმ დროს სრულიად განადგურებული შენობა შევისყიდე, საკუთარი ხელით გავაკეთე ყველაფერი და ბიზნესი საათივით ავაწყვე. დღევანდელმა მთავრობამ კი ასე უსამართლოდ ჩამომართვა. ასი წელიც რომ გავიდეს, აბანოს მაინც არ დავთმობ. როგორც საკუთარი შვილი ისე ვუვლიდი და მაინც ვერ ვხვდები, რატომ წამართვეს. საქართველოში კანონი არ კანონობს და არც ჩვენი სასამართლოს იმედი მაქვს, ამიტომ საჩივრის შეტანას სტრასბურგის სასამართლოში ვაპირებ", - განაცხადა გრიგო ხიზანიშვილმა.
ამ ისტორიაში ნიშანდობლივი და საგულისხმოა ერთი ფაქტიც _ აბანოებისა და რიყის ტერიტორიაზე მდებარე რესტორნების ჩუქების ხელშეკრულება ერთი ნოტარიუსის, ვინმე ნინო გიუნტერის მიერ არის დამოწმებული. ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ დოკუმენტში ობიექტი უფლებრივად უნაკლოდაა მოხსენებული. ანუ მფლობელები კანონიერი მესაკუთრეები არიან და საკუთარ ქონებას ეკონომიკის განვითარების სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცემენ. ეს ფაქტი კი, რბილად რომ ვთქვათ, საგადასახადო ინსპექციის მიერ ქონების დაყადაღების ფონზე, ცოტა უცნაურად გამოიყურება. ეკონომიკის სამინისტრომ აბანოები, მფლობელებზე ჩამორთმევის შემდგომ, აუქციონზე გასაყიდად ოპერატიულად გაიტანა. გრიგოლ ხიზანეიშვილი - "ჩვენ იმ დროს სახალხო დამცველი ჩავაყენეთ საქმის კურსში და ობიექტის აუქციონზე გამოტანამდე ბრიფინგი გავმართეთ. მომავალ მყიდველს ინფორმაცია ამ ფორმით მივაწოდეთ და იმედი გამოვთქვით, რომ ის კეთილსინდისიერი აღმოჩნდებოდა და ობიექტის შესყიდვაზე უარს იტყოდა. თუმცა, მცდელობამ შედეგი არ გამოიღო და ჩვენი აბანო ვინმე კობა კურდღელაშვილმა შეისყიდა. ნამდვილი მფლობელები კი, რომლებიც მის უკან დგანან, დღეს პარლამენტის წევრები არიან."
ისტორია მეორდება "ერეკლეს აბანოს" გაჩუქების შემთხვევაშიც. დავით ციბირაშვილმა გვიამბო, თუ როგორ დაკარგა ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო. აუქციონზე გამოტანილი თავისივე ქონების ფასი ისეთი მაღალი იყო, რომ მას გამოსყიდვა არ შეეძლო და იძულებული გახდა დანებებოდა. თუმცა, ამ ტერიტორიაზე არსებული აბანოების რამდენიმე მეპატრონემ, ხელისუფლებაში მყოფი ახლობლების დახმარებით, მართალია დიდი თანხის ფასად, მაგრამ ქონების დაბრუნება მაინც მოახერხეს. დავით ციბირაშვილი, ისევე როგორც "ჭრელი აბანოს" ყოფილი მეპატრონე გრიგოლ ხიზანეიშვილი, საკუთარი ქონების დასაბრუნებლად, ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. "გოგირდის აბანოში მე და ჩემი ოჯახი თითქმის 30 წელი ვმუშაობდით. როდესაც ობიექტი იჯარით ავიღეთ, იგი სრულიად ამორტიზირებული იყო. გამოვიყვანეთ წყალი, მოვაპირკეთეთ მარმარილოთი და ერთი სიტყვით, ბიზნესი გავმართეთ. შემდეგ ეს ობიექტი ყოველგვარი კანონის დაცვით შევისყიდეთ და გავხდით მისი კანონიერი მფლობელები. ამის ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი გვაქვს. დღევანდელმა მთავრობამ კი ოჯახის ერთადერთი საშემოსავლო წყარო ჩამოგვართვა.
თავდაპირველად, სანამ ქონებას ჩამოგვართმევდნენ, გოგირდის აბანოში ისეთმა ხალხმა დაიწყო სტუმრობა, რომლებსაც აინტერესებდათ, თუ ვისი იყო ეს აბანო, როგორ მუშაობდა, ვაპირებდით თუ არა გაყიდვას და ა.შ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაყიდვაზე თავიდანვე უარს ვამბობდით. ცოტა ხანში პროკურატურაში დაგვიბარეს, სადაც გამოგვიცხადეს, რომ 1995-1999 წლების განმავლობაში აბანოთუბნის ტერიტორიაზე არსებული აბანოები, რომლებიც იმავდროულად წარმოადგენენ ისტორიულ ძეგლებს და მათი პრივატიზება შეიძლებოდა მხოლოდ საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დანაშაულებრივი გზით, უკანონოდ იქნა გასხვისებული და მოხდა მათი პრივატიზება, რამაც შედეგად გამოიწვია სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითური გზით მითვისება. დაგვდეს ბრალი თაღლითობაში - თითქოს, ჩვენ შ.პ.ს "გოგირდის აბანო", არ ვიცავდით საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ წესებს, არ გაგვაჩნდა შესაბამისი ლიცენზიები და სისტემატურად ვახდენდით სახელმწიფო ბიუჯეტისთვის თანხების დამალვას. პროკურატურის თანამშრომლებმა წინა მთავრობაში მყოფ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსაც დასდეს ბრალი, რათა ჩვენი საკუთრების კანონიერება ვერ დაგვემტკიცებინა. პროკურატურაში გამოგვიცხადეს, რომ ამ ბრალდებების საფუძველზე ობიექტი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის უსასყიდლოდ უნდა გადაგვეცა.Mმე რა თქმა უნდა, უარი განვაცხადე, რადგან არცერთი ბრალდება სამართლიანი არ იყო, მაგრამ მათ დედაჩემისა და ჩემი რძლის თანდასწრებით მითხრეს, თუ ობიექტს არ ჩავაბარებდი, იარაღის უკანონოდ ტარებისა და ნარკოტიკების მოხმარებისთვის დამაკავებდნენ. ერთი თვის განმავლობაში პროკურატურის თანამშრომლები, გიორგი ხვედელიძე და ვალერი ლაცუზბაია, დაგვყვებოდნენ იმ საბუთების მოსაწესრიგებლად, რომელიც გადაბარებისათვის იყო საჭირო. ჩვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონება შეისყიდა ვინმე კობა კურდღელაშვილმა.
ველოდები იმ დროს, როცა პოლიტიკური ნება შეიცვლება, მხოლოდ მას შემდეგ თუ მოვახერხებ ჩემი კუთვნილი ქონების დაბრუნებას. ჯერჯერობით კი არც სასამართლოს და არც ამ მთავრობის კეთილი ნების იმედი არ მაქვს. ჩვენ სახალხო დამცველს შევხვდით და საქმის ვითარება გავაცანით. სოზარ სუბარმა გვითხრა, რომ ყველანაირად დაგვეხმარება. შეიძლება ობიექტი უკან არ დაგვიბრუნონ, მაგრამ სახელმწიფომ კომპენსაცია მაინც უნდა გადაგვიხადოს. ესეც დღევანდელი მთავრობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული."
სანამ ჩვენი სასამართლო, საკუთრებაჩამორთმეული ადამიანების პრობლემებს ყურადღებას მიაქცევს და განაჩენს გამოიტანს, ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტს კახა კოჟორიძეს ვთხოვეთ. ‘ჩემი აზრით, "ერეკლეს აბანოს" ყოფილმა მეპატრონს სამოქალაქო წესით სამართლებრივი დავის საფუძველი არ აქვს. მაგრამ დავით ციბირაშვილისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ჩუქების ხელშეკრულება, ვფიქრობ, იძულებით დადებული გარიგებაა. ეჭვი მეპარება დღესD მილიონიანი ქონება, რომელიც პიროვნებისთვის ერთადერთ საშემოსავლო წყაროს წარმოადგენს, მან სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს. აქედან გამომდინარე, ცხადია, იძულების ნიშნები იქნებოდა. სამოქალაქო კოდექსის 89 მუხლში მითითებულია, რომ იძულებით დადებული გარიგება შეიძლება დავის საგანი გახდეს, ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან. თუმცა, უკვე ის უკვე სასამართლოს ნებაზეა დამოკიდებული, რას გაითვალისწინებს და როგორ შეფასებას მისცემს ამ საკითხს. ჩუქების ხელშეკრულების განსაზღვრული წესით, თუ გამჩუქებელი დავით ციბირაშვილი იტყვის, რომ გაჩუქებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და საარსებო წყარო მოესპო, ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 521 მუხლი საფუძველზე, გამჩუქებელს შეუძლია მოითხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. ჩვენს შემთხვევაში ეს ობიექტი კი არსებობს, მაგრამ მესაკუთრე უკვე მესამე პირია და არა სახელმწიფო. ამავე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ ობიექტის უკან დაბრუნება არ შეუძლია, რადგან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ომგამოვლილი სახელმწიფოსთვის მილიონიანი შენობა არც ისე ცოტას ნიშნავს. ამიტომ სამოქალაქო თვალსაზრისით, რომ "ერეკლეს აბანოს" ყოფილ მესაკუთრეს დავით ციბირაშვილს ქონების დაბრუნების ძალიან მცირე შანსი აქვს. უფრო მარტივი იქნებოდა ამ ყველაფრის გარკვევა სისხლის სამართლის კუთხით. რადგან, ცხადია, რომ გოგირდის აბანოს მეპატრონე თავისი ნებით მილიონიან ქონებას არავის გადასცემდა. აქ რომ მუქარის და ძალადობის ელემენტები იქნებოდა, ამას ობიექტური გამოძიება ადვილად დაადგენს. თუმცა ამ ხელისუფლების პერიოდში ეს შეუძლებელია. დღესდღეობით საქართველოში არ მეგულება ისეთი მოსამართლე, ვინც ამ საქმეს შეეჭიდება და ხელისუფლების წინააღმდეგ წავა.
ჩვენ რამდენჯერმე დავუკავშირდით "ჭრელი აბანოს" დღევანდელ ადმინისტრაციას და კობა კურდღელაშვილთან დაკავშირება ვთხოვეთ, მაგრამ რადგან ბიზნესმენებს უამრავი საქმე აქვთ და ქალაქში ხშირად არ იმყოფებიან, ჩვენ თითქმის ორი კვირის განმავლობაში მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48