ნანახია: 744
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი საქართველოს არ შეხებიაო, გაიგებდით. კრიზისამდეც უხეირო ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანა, თანაც ომგამოვლილი, კრიზისს როგორ გადაურჩაო, დაფიქრდება ჭკვიანი კაცი, მაგრამ რახან გვეუბნებიან, ესე იგი, მართალია და ჩვენც გვჯერა. ის იყო დავიჯერეთ და გადარჩენის ვთქვით, რომ კიდევ ერთი ახალი ფაქტი გაგვიხდა დასაჯერებელი. საქართველოში ბენზინის ფასი გაიაფდა. ეს ბევრად უფრო გვიან მოხდა, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, ჩვენს ნავთობმაგნატებს ბენზინის საოცრად ტევადი ავზები აქვთ და ძვირად ნაყიდი საწვავის ერთი ხელაღებით გაიაფება უჭირთ. გასულ წელს, საწვავის ყველაზე მაღალი ფასი 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე დაფიქსირდა და საწვავის ტიპების მიხედვით ასე გამოიყურებოდა: 1 ლიტრი სუპერი - 2.20 ლარი პრემიუმი 2.10ლარი რეგულარი2.00 ლარი
დღეს კი ფასები ასეთია: სუპერი - 1.40 პრემიუმი - 1.30 ლარი რეგულარი 0,95 ლარი საწვავის ფასის გაიაფება, შეღავათია მათთვის, ვისაც ავტომანქანა ჰყავს, ვინც საქალაქო ტრანსპორტით მოძრაობს და შეღავათი უნდა იყოს მათთვისაც, ვისაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტით უწევს მოძრაობა. ეს მაშინ, თუ ყველაფერი ლოგიკურად მოხდებოდა. ბენზინის გაიაფებას, ისევ ზემოდხსენებული ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ, უნდა გამოეწვია მგზავრობის ფასის კლება. თბილისში მოძრავმა "მარშუტკებმა" მართალია დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მაგრამ, მაინც გააიაფეს მგზავრობის ღირებულება, და ბენზინის სიძვირის დროს გაბერილი ფასი 70 თეთრი, ისევ 50 თეთრამდე დაიყვანეს. ამ თემაზე დიდხანს აღარ შევჩერდებით და პირდაპირ ძირითად საკითზე გადავალთ. საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე ფასები არ შეცვლილა. თუ მაგალითად ძვირი საწვავის პირობებში თბილისიდან ქუთაისამდე 10 ლარად მგზავრობდით, თელავამდე 8 ლარად და ხაშურამდე 6 ლარად, სულ ტყუილად გგონიათ, რომ გეტყვით, საწვავის ფასთან ერთად, მგზავრობის ღირებულებაც გაიაფდა-თქო. უცნაური ფაქტის ახსნა, თავად სადგურებზე მისვლით გადავწყვიტეთ. სადგურებში ბილეთის გაყიდვის კონტროლიორებმა, ანუ "დისპეჩერებმა" ვერაფრით გაამართლეს ძველი ფასების დატოვება, და ბევრი იფიქრეს თუ საერთოდ არ იფიქრეს, განაცხადეს, რომ ბენზინი კი გაიაფდა, მაგრამ, სათადარიგო ნაწილები იმდენად გაძვირდა, ვერა და ვერ მოვახერხეთ მგზავრობის ღირებულების შემცირებაო. ავტოსადგურ "ოკრიბაში" სადისპეჩეროს უფროსმა, ბატონმა დავით სანიკიძემ, ჯერ იუარა ჩვენთვის რაიმე აეხსნა, ბოლოს კი გვითხრა: "სათადარიგო ნაწილების ფასებთან ერთად, მოიმატა ტრანსპორტის შეკეთების ხარჯებმაც. იმ ფასით, რითაც ადრე 2 მანქანის შეკეთება იყო შესაძლებელი, ახლა საბურავს ვერ შეცვლი. ასევე, მგზავრობის ფასებს იმ მიზეზითაც ვერ ვაიაფებთ, რომ სადგურებზე ხშირია ე.წ. "ხიშნიკები", რომლებსაც დაბალ ფასებში გადაჰყავთ მგზავრები და თუ ჩვენც მათსავით გავაიაფეთ ფასი, ელემენტარულად ზარალზე უნდა ვიმუშაოთ". საოცარია, თუ დაბალი ტარიფით მგზავრთა გადაყვანა წამგებიანია, რა დარჩენიათ ,,ხიშნიკებს~ სადგურებზე და რატომ მუშაობენ წაგებაზე და თან არალეგალურად. მაგრამ რახან ბატონმა დავითმა გვითხრა, დავიჯერეთ და უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის ავტოსადგურ "ნიგეს" მივაშურეთ. ეს ის სადგურია, მეტროსადგურ "დიდუბის" ქვედა გამოსასვლელში რომ მდებარეობს და სადგურის უფროსის გარდა, რომ არავინ იცის, რომ მას "ნიგე" ჰქვია. სადგურის დირექტორმა ვინაობა მკაცრად გაასაიდუმლოვა, თუმცა ბევრი საინტერესო რამ გვიამბო. "ძველი ფასების შენარჩუნება, სხვა სადგურების ბრალია. როცა ისინი ფასებს თვითნებურად ცვლიან, ჩვენ იძულებულები ვართ, რომ მყარი ტარიფი შევინარჩუნოთ. სათადარიგო ნაწილები კი ძვირდება და ძვირდება".შეგნებულად მომყავს ციტატა და მასში ლოგიკის პოვნაც თქვენთვის მომინდვია. გარდა ამისა, ბატონმა დირექტორმა აგვიხსნა, რომ ,,მარშუტკების ფასების რეგულირებას, ტრანსპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს. როცა ამის დასადასტურებლად, ვთხოვეთ, აეხსნა, როდის მიიღეს მათ ბოლოს მაღალი ფასების შენარჩუნების დირექტივა ტრანსპორტის დეპარტამენტიდან, ნათქვამი ოდნავ შეცვალა და გვითხრა, ფასებს ჩვენ ვადგენთ, მაგრამ თითოეულ მგზავრზე 2,50 ლარს, ტრანსპორტის დეპარტამენტი იღებსო. ოდნავ გვეჩოთირა იმის წარმოდგენა, რომ ტრანსპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელი დგას სადგურში, თვლის მგზავრებს და ამრავლებს 2,50 ლარზე. თუმცა რახან ბატონმა დირექტორმა ბრძანა, ყველაფერი დავუჯერეთ. ეკონომიკის სამინისტროს, ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსმა, ბატონმა მამუკა ვაწაძემ დაწვრილებით აგვიხსნა, რა შედის დეპარტამენტის მოვალეობაში და რას არეგულირებს სადგური დამოუკიდებლად. "დეპარტამენტი ატარებს პოლიტიკას სატრანსპორტო საშუალებების მუშაობაში და არ ერევა ტარიფის რეგულირებში. არსებობს თავისუფალი კონკურენციის სისტემა და სადგურები თავად ადგენენ მგზავრობის ღირებულებას". მანვე გვითხრა, რომ დეპარტამენტი თვალ-ყურს ადევნებს მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის ნორმების შესრულებას.(!?) უშუალოდ მძღოლები კი სადგურთან აფორმებენ ხელშეკრულებას, ხდებიან ოფიციალური გადამყვანები და მათ საქმიანობაში და განრიგისა და ფასების დადგენაში, დეპარტამენტი არ ერევა. თითოეულ მგზავრზე 2,5 ლარის მითვისების შესახებ, კი კომენტარი გულიანი სიცილით გააკეთა და ამ ფაქტს უბრალოდ დიდი სისულელე უწოდა. როცა დავადგინეთ, რომ ტრანსპორტის დეპარტამენტი არ იყო შუაში, სათადარიგო ნაწილების ფასების განუხრელი ზრდა გადავამოწმეთ. "თეგეტა მოტორსის" გაყიდვების სამსახურში გვითხრეს, რომ ფასები არათუ გაიზარდა, პირიქით, სულ მალე საგრძნობ გაიაფებასაც ელოდებიან. ამასთან დაკავშირებით გაყიდვების მენეჯერმა, გიორგი ლაგოზაშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა:"ჩვენ იმპორტს ვახორციელებთ უკრაინიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან და რუსეთიდან. ბოლო პერიოდში, რუსეთში მაღალი ინფლაციის დონემ, სავალ ნაწილებზე ფასების კლება გამოიწვია და უახლოეს მომავალში ჩვენც დაბალი ფასებით შემოვიტანთ მათ. მომავალში ფასების ზრდა არც ერთი ქვეყნის პროდუქციაზე არ იგეგმება, პირიქით, ვვარაუდობთ, რომ სავალი ნაწილების ფასები კიდევ უფრო გაიაფდება". "თეგეტა მოტორსი" არ ყოფილა ერთადერთი ადგილი, სადაც სავალი ნაწილების ფასები გადავამოწმეთ. ელიავას ბაზრობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებში, უკვირთ ასეთი აზრის არსებობა და კითხვაზე კითხვით გვპასუხობენ: "როცა მნაქანების ფასები ასე კატასტროფულად ეცემა, თქვენი აზრით, სავალი ნაწილები როგორ გაიაფდება?" მოკლედ, პატარა ექსკურსით დავრწმუნდით, რომ საქალაქთაშორისო მარშრუტებზე არსებული ფასები, უმიზეზოდაა გაბერილი. მათგან დასახელებული ყველა მიზეზი, გაბათილდა და ისღა დაგვრჩენია, თავნება მძღოლებისა და დისპეჩერების ტყუილები "დავიჯეროთ". დავიჯეროთ ზუსტად ისე, როგორც იმის გვჯერა, რომ საქართველოს ეკონომიკური კრიზისი ვერას დააკლებს. თათია არაბიძე
|