ნანახია: 612
ქართულ სპორტში რომ არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა, ეს არახალია. პრობლემა ბევრია - ინფრასტრუქტურის არარსებობა, გამოუცდელი კადრები და ა.შ. ეს ყველაფერი კი სახსრების ნაკლებობასთანაა დაკავშირებული. დაფინანსება სპორტის თითოეულ სახეობაში მეტად მწირია. ფაქტია, რომ ამ სფეროში ფულის ჩადების სურვილი მაინცადამაინც არც სახელმწიფოს აქვს და არც სპონსორებს. ქართული სპორტის დღევანდელი მდგომარეობის, იქ არსებული პრობლემებისა და სიახლეების შესახებ საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, მერაბ მეტრეველს გავესაუბრეთ. - ბატონო მერაბ, 2009 წლის ბიუჯეტში რა რაოდენობის თანხაა გათვალისწინებული სპორტისთვის? - 2009 წლის ბიუჯეტში, სპორტისთვის 15 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეს ინფორმაცია არაა დახურული და ყველას შეუძლია ნახოს ინტერნეტში. ამ თანხის ძირითადი ნაწილი ნაკრები გუნდების მომზადებაზე მოდის, ნაწილი - მასობრივი სპორტის განვითარებაზე და ნაწილიც - სპორტსმენთა სტიპენდიებზე. სიახლეა ის, რომ სპორტსმენთა მსგავსად, ახლა უკვე მწვრთნელებიც იღებენ ოფიციალურ ხელფასს. ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, შარშანდელთან შედარებით, წელს ნაკლები თანხაა გამოყოფილი. წინა ორ წელიწადში ამ მხრივ ბევრი რამ გაკეთდა. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება, მაგრამ ნაკლები მასშტაბებით. - ანუ, ახალი სავარჯიშო მოედნებისა და დარბაზების გახსნა წელს არ იგეგმება? - წელს გეგმაში, ძირითადად, ძველი მოედნებისა და დარბაზების აღდგენაა. - წინა წელთან შედარებით, დაფინანსება გაიზარდა თუ პირიქით, შემცირდა? - წინა წელთან შედარებით, მატებაა. დაიწყო რაგბის დაფინანსების პროგრამა, რომელიც 4 მლნ. ლარს მოიცავს. ასე რომ, მატება, რა თქმა უნდა, არის. როგორც ვთქვი, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ნაკლები თანხაა გამოყოფილი, მაგრამ სამაგიეროდ სხვა სფეროების დაფინანსებაა გაზრდილი. - გაიხსნა თუ არა პრეზიდენტის დაპირებული რაგბის მოედნები და რა ეტაპზეა ეს პროექტი? - ამ პროექტის ფარგლებში მთელი რიგი ღონისძიებები ხორციელდება. პირველ რიგში, შეირჩა სტადიონები, შემდეგ მოგვარდა იურიდიული საკითხები და ბოლოს დაიწყო ამ სტადიონების რეაბილიტაცია. მაგალითად, დიდ დიღომში დაიწყო ბაზის რეაბილიტაცია და არის მოლოდინი, რომ კიდევ ბევრი გაკეთდება. რა თქმა უნდა, უწინდელი მასშტაბებით ვეღარ, რადგან ომმა საკმაოდ დიდი დაღი დაასვა მთლიანობაში ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა, სპორტსაც. - ქართული სპორტი ყოველთვის უჩიოდა სპონსორების ნაკლებობას. რა არის ამის მიზეზი? - ამ საკითხთან დაკავშირებით არის რამდენიმე მიდგომა. არსებობს ქვეყნები, სადაც მეტნაკლები იძულების წესით დაიწყეს სპონსორების მიზიდვა. მაგალითად, თურქეთში მსხვილ ბანკს აუცილებლად უნდა ჰყოლოდა თავისი საფეხბურთო ნაკრები, რომელსაც დააფინანსებდა. ეს იყო პირდაპირი სახელმწიფო პოლიტიკა. არსებობს მეორე ხერხი სპონსორების დაინტერესებისა. ეს არის ირიბი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან - როცა სახელმწიფო სპონსორებს ათავისუფლებს გადასახადებისგან. ასეთი შემთხვევები ქართულ რეალობაშიც იყო. მაგალითად, 1996 წელს, როდესაც ექვსი ორგანიზაცია იყო გათავისუფლებული გადასახადებისგან. თუმცა, როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ვერც ამ მიდგომამ გაამართლა. ყველაზე კარგი და მისაღები მოდელი, რომელიც დანერგილია განვითარებულ ქვეყნებში, არის ის, რომ თავად სპონსორი არის დაინტერესებული, სპონსორობა გაუწიოს რომელიმე გუნდს. დაAამას აკეთებს რეკლამის ან ქველმოქმედების მიზნით. სამწუხაროდ, საქართველოში არ არის სერიოზული კონკურენცია მეწარმეებს შორის, ასევე არ არსებობს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს სპონსორობის, ასე ვთქვათ, ინსტიტუტის ჩამოყალიბებას. სახელმწიფო არ ერევა ამაში და აქედან გამომდინარე, სპონსორების დაინტერესებაც უმნიშვნელოა. - გამოდის, რომ კომპანიებს, რომლებიც დააფინანსებენ სპორტსმენებსა თუ გუნდებს, სახელმწიფოს მხრიდან არანაირი შეღავათი არ აქვთ და არც ექნებათ? - ამ საკითხზე ლაპარაკი ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში იყო, რომ ასეთ კომპანიებს ჰქონოდათ გარკვეული შეღავათები, თუნდაც განთავისუფლებულიყვნენ გადასახადებისგან, მაგრამ მთელი რიგი მიზეზების გამო, ამან განხორციელება ვერ ჰპოვა. ამის წინააღმდეგები არიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც. ჩემი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან კერძოO ბიზნესში ასეთი უხეში ჩარევა, სწორი არ არის. თუმცა სპორტის განვითარებისთვის შეიძლება კარგიც იყოს. - როგორი კანონმდებლობა უნდა არსებობდეს სახელმწიფოში, რომ სპონსორებს გაუჩნდეთ სპორტში ფულის ჩადების სურვილი? - პირველ რიგში, ჩემი აზრით, აქ ლაპარაკი უნდა იყოს ირიბ ჩარევაზე. მაინცადამაინც გადასახადების არგადახდა, სწორი არ არის. ერთ მაგალითს მოვყვები: ანტალიაში, სადაც წყლის დეფიციტია, თურქეთის მთავრობამ საფეხბურთოO მოედნებს მოუხსნა წყლის გადასახადი. ამან გამოიწვია ის, რომ ახლა ანტალიაში სავარჯიშოდ უამრავი გუნდი ჩადის, მათ შორის ევროპის წამყვანი კლუბებიც. ასე რომ, დათვური სამსახური გამოვიდა. - თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი? - რა შემოსავალი აქვთ დღეს მცირე საფეხბურთო გუნდებს? ძირითადად ესაა მოსწავლეების მშობლების მიერ გადახდილი გადასახადი. ასე რომ, ძირითადი სიმძიმე ისევ მოსახლეობას აწვება. მე საუკეთესო გამოსავლად მიმაჩნია ის, რომ მუნიციპალიტეტებმა, რომლის ტერიტორიაზეცაა ესა თუ ის სტადიონი და გუნდი, რომელიც მართლა აკეთებს საქმეს, გადაიხადოს თუნდაც კომუნალური გადასახადი. ამჟამად აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ სპორტული ბაზების რაღაც ნაწილი გადაეცეთ ფედერაციებს. მე მომხრე ვარ, არსებობდეს მუნიციპალური კლუბები. ასეა მაგალითად, რუმინეთში, ხორვატიაში. ჩემი აზრით, სწორი იქნება შეიქმნას მრავალპროფილიანი კლუბები. აი, ესაა ირიბი დახმარება. არსებობს კიდევ სხვა ამის მსგავსი საკითხები, რომელთა დიფერენცირებაც შეიძლება და რომლებიც დახმარებას გაუწევენ ქართულ სპორტს. - რა სიახლეებია ამჟამად ქართულ სპორტში? - პირველი სიახლე ესაა ოლიმპიური კომიტეტის სხვა კუთხით წარმოდგენა. ოლიმპიურ კომიტეტს საკმაოდ საინტერესო პროექტები აქვს. მოგეხსენებათ, რომ წლების მანძილზე ოლიმპიური კომიტეტი მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ოლიმპიური ორგანიზაციიდან ფინანსდებოდა, შემდეგ კი ბადრი პატარკაციშვილი ეხმარებოდა თავისი ფინანსებით. ახლა უკვე ეს ორგანიზაცია ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან (გათვალისწინებულია მილიონნახევარი ლარი) და ამას გარდა, გამოჩდნენ სპონსორები. ასევე სიახლეა ისიც, რომ ოლიმპიურ კომიტეტში სპორტსმენებს სტიპენდიებს მისცემენ არა საერთაშორისო ფონდების დახმარებით, არამედ შიდა რესურსებით. რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. შემდეგი სიახლეა ის, რომ დაიწყო კადრების გადამზადება საზღვარგარეთ, რაც აქამდე არ ხდებოდა და რისი შედეგიცაა ის, რომ საქართველო ყოველთვის უჩიოდა კვალიფიციური კადრების ნაკლებობას. განსაკუთრებით დიდი ჩავარდნა ამ მხრივ არის სპორტულ თამაშებში. ეს კი ძალიან აფერხებს სპორტის განვითარებას. ასევე, სამინისტროს ინიციატივაა, რომ ამ წლიდან აქტიურად დაიწყოს სასკოლო სპორტის აღორძინება, რომლის მიზანიც, ზოგადად, სპორტის განვითარებაა. ესაუბრა თაკო მათეშვილი
|