ნანახია: 977
საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ პროექტ "სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგი"-ს ფარგლებში ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე არსებული 12 დასახელების ყავის კვლევა ჩაატარა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, 6 თებერვალს ფედერაციის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც კვლევის შედეგების პირველადი ანალიზი იქნა წარმოდგენილი. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ყავა "რიო გრანდეს" მავნებლობის შესახებ გაკეთდა განცხადება, ხოლო შემდეგ ასევე გაკეთდა განცხადება, რომ მწარმოებლის მიერ რამდენიმე ლაბორატორიაში გადამოწმდა აღნიშნული ყავის ხარისხი და მიღებულ იქნა დადებითი პასუხი. მომხმარებელი გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდა, მისთვის გაუგებარი გახდა, თუ რომელი ინფორმაცია მიეღო სარწმუნოდ. აქედან გამომდინარე, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციაში არ წყდებოდა მოსახლეობის მხრიდან ზარები. ისინი არა მარტო "რიო გრანდეს", არამედ ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე შემოსული ყველა ყავის უვნებლობის შესახებ ინფორმაციით ინტერესდებოდნენ. სიტუაციის გარკვევის მიზნით, მომხმარებელთა ფედერაციამ სამომხმარებლო ბაზარზე 12 დასახელების დაფქვილი ყავა შეიძინა. მოხდა გამყიდველის მიერ ხელის მოწერა იმის დამადასტურებლად, რომ ეს ყავები ნამდვილად მწარმოებლის მხრიდან და ერთი პარტიის იყო და ნამდვილად მოხდა ფედერაციის მხრიდან მათი შესყიდვა. შეძენილი ყავები დაილუქა. 2 ნიმუშზე გაკეთდა ლაბორატორიული კვლევა, 1 საკონტროლო ნიმუში ლაბორატორიში კვლავ ინახება, ხოლო 2 ნიმუში ფედერაციაში სამომხმარებლო ფედერაციის თავმჯდომარესთან მადონა კოიძესთან, რომელიც დაუკავშირდა ყველა მწარმოებელს და შესთავაზა, დაინტერესების შემთხვევაში, პარალელურ რეჟიმში გაეკეთებინათ მათაც ლაბორატორიული კვლევა. ყავის მიწოდება მათთვის ფედერაციის მხრიდან უნდა მომხდარიყო. მათ მხოლოდ "ბრაზილიერო"-ს დისტრიბუტორები გამოეხმაურნენ, ხოლო"რიო გრანდეს" ქართულმა წარმომადგენლობამ ფედერაციას 5 ლაბორტორიის კვლევის შედეგები მიაწოდა. კვლევა ვარგისიანობაზე, უვნებლობაზე, ხარისხზე, კოფეინის შემცველობასა და სამომხმარებლო თვისებებზე (ორგანოლეპტიკაზე) 2 დამოუკიდებელ ლაბორატორიაში - "მომავალ საუკუნესა" და "მულტი ტესტში" ჩატარდა. თითო-თითო საკონტროლო ნიმუში ლაბორატორიაში კვლავ ინახება, ხოლო ფედერაციაში არსებული დალუქული ყავების თითო ნიმუშის გახსნა პრესკონფერენციაზე მოხდა. "ერთადერთი ყავა, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ მავნებელია, ესაა ყვითელნახატიან ჭიქებში არსებული ყავა, რომელიც თევდორე მღვდლის მიმდებარე ტერიტორიაზე იყიდება. მასში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს გაურკვეველი სახის ნაწილაკები, აქვს სპეციფიკური სუნი და შეფუთვაზე არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია შიგთავსის, მწარმოებლის თუ სახელწოდების შესახებ. კვლევის შედეგებით, ეს ყავა ნამდვილად მავნებელია მომხმარებელთა ჯანმრთელობისათვის", - განაცხადა მადონა კოიძემ. ამ პროდუქტის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მისი შემოტანა სომხეთიდან ხდება. ეჭვს ვარგისიანობაზე კიდევ ერთი ყავა ბადებს, რომლის შეფუთვაზეც დოლარია გამოსახული. ამ ყავას არ გააჩნია არანაირი დასახელება და ინფორმაცია, თუ არ ჩავთვლით შეფუთვაზე აღნიშვნას, რომ სასომხეთიდანაა შემოტანილი. აღნიშნული ყავის შესახებ მომხმარებელთა ფედერაციას მომხმარებელი დაუკავშირდა. ამ ყავაზე კვლევა კვლავ გრძელდება და იგი მე-3 ლაბორატორიაშიც იქნება გამოკვლეული. საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია მომხმარებლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი ყავის შეძენისგან, რომელზეც მწარმოებელი არ იქნება მითითებული. პრესკონფერენციაზე ბიოკოდექსის ექსპერტმა ქეთევან დადიანმა აღნიშნა, რომ ყავაში კოფეინის შემცველობა არის ყველაზე კარგი მახასიათებელი ფალსიფიცირების დასადგენად. ყავაში ყველაზე დაბალი დასაშვები კოფეინის შემცველობა ასეთია: 100 გრამში 0,7%. "თუ 100 გრ ყავაში კოფეინის შემცველობა 0,7%-ზე დაბალია, აქ უკვე კომპოტენტურ ფალსიფიცირებასთან, ანუ ყავაში რაღაც სხვა ინგრედიენტების გამოყენებასთან გვაქვს საქმე". ამ სხვადასხვა ინგრედიენტებს შეიძლება წარმოადგენდეს ლობიო, ბარდა, სოიო, ან თუნდაც მუხის ქერქი, წაბლი, შვრია, კერი და ა.შ. გამოკვლეული ყავის ნიმუშებში კოფეინის შემცველობა ძალიან დაბალი, ზოგში მხოლოდ 0,25% აღმოჩნდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ პროდუქტი 1/3 ყავას, ხოლო 2/3 აბსოლუტურად სხვა ინგრედიენტს შეიცავს. კოფეინზე დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ 6-მა ყავამ აჩვენა. გარდა კოფეინისა, შესწავლილ იქნა აღნიშნული ყავების სინესტის მასური წილი. სწორედ სინესტის მასური წილის დაბალი შემცველობა, კოფეინის დაბალ შემცველობასთან ერთად, გვაძლევს ყავის ფალსიფიცირებულობის შესახებ უტყუარ დასკვნას. ყავა "ბუნდრუკმა" ვერ დააკმაყოფილა ვერცერთი მოთხოვნა; ქართული დაფასოების ყავა "ძველ გემოს" საშუალო ხარისის მაჩვენებელი აღმოაჩნდა (0,7-ის ნაცვლად, კოფეინის შემცველობა 0,5%); ხოლო ყავა "პრინც ლებო" უსაფრთხო, მაგრამ დაბალხარისხიანი აღმოჩნდა. გამოიკვეთა საინტერესო ფაქტი: ყავები "რეალი" და "ამხარა" ერთნაირ დაფასოებებშია და ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მათ არ გააჩნიათ არანაირი ნორმატიული დოკუმენტი. საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის, მადონა კოიძის პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით, ეს აღმაშფოთებელი ფაქტია და ასეთი მსგავსება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. პირველადი ანალიზით, 12-დან მხოლოდ 5-მა ყავამ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა. ესენია: "ბრაზილიერო", "რიო გრანდე", "სტიმუ ვეი" , "როიალ ბრაზილია" და "როიალ არმენია". მომხმარებელთა აზრის გასარკვევად, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ, შედგენილი ანკეტების საფუძველზე, გამოკითხვა ჩაატარა. იმისათვის, რომ ეს კვლევა ყოფილიყო მიუკერძოებელი და გამორიცხულიყო რაიმე სახის ლობირება, სტუდენტებთან დაიდო ხელშეკრულება. მისი შედეგები პრესკონფერენციაზე იქნა წარმოდგენილი: კითხვაზე, როგორ შეაფასებთ სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ყავის ხარისხს, შედეგები შემდეგნაირია: უმაღლესი-25% საშუალო-43% დაბალი-32% მეორე კითხვაზე, თუ "რიო გრანდე"-ს შესახებ, მათთვის რომელი ინფორმაციაა სარწმუნო, პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა: უარყოფითი-18,1% მწარმოებლის განცხადება პროდუქციის ხარისხიანობის შესახებ-12% მწარმოებლის მიერ 3 სხვადასხვა ლაბორატორიაში მიღებული დადებითი დასკვნა-34,4% სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ პროდუქციის ხარისხიანობის დადასტურება-47,5% გამოკითხულთა 30%-მა განაცხადა, რომ მათ სამომხმარებლო ბაზარზე არსებული პროდუქციის შესახებ მეტი ინფორმაცია სჭირდებათ.
საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე რეზო კობახიძემ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართული ბაზარი გაჯერებულია უამრავი დასახელების პროდუქციით, რომელსაც ქართულ ენაზე არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, ეს კი მომხმარებელს უზღუდავს არჩევანს და ადვილია მისი შეცდომაში შეყვანა. "გაეროს რეზოლუციით, მთელს მსოფლიოში აღიარაბული მომხმარებელთა 8 უფლებიდან (მოსმენის, განათლების, ინფორმაციის, სამუშაოს უსაფრთხოების, ჯანსაღი გარემოს და ა.შ) კვლევები გვიჩვენებს, რომ ძალიან ბევრი უფლება ირღვევა. საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით "მომხმარებელთა უფლებების შესახებ". ამ კანონის მნიშვნელოვან მოთხოვნას, პირველ რიგში, წარმოადგენს ის, რომ პროდუქტი უნდა იყოს ქართულად ეტიკეტირებული ანუ, მომხმარებელს ინფორმაცია ქართულ ენაზე უნდა მიეწოდოს. "ქართულ ენაზე ინფორმაციის ეტიკეტირებას არ სჭირდება არანაირი დამატებითი ლაბორატორიული კვლევები და საექსპორტო დასკვნები, ეს ელემენტარული პრობლემა კი არღვევს კანონს", - განაცხადა რეზო კობახიძემ. პრესკონფერენციაზე საინტერესო ფაქტი გამოიკვეთა, რომელიც ფედერაციას მომხმარებელმა მიაწოდა. მომხმარებლის ინფორმაციით, ბაზრის ტერიტორიაზე მინის ჩამბარებელ პუნქტში ყავის ეტიკეტიანი ქილების ჩაბარება ხდება. ეჭვი, რომ ეს შეიძლება ხდებოდეს პლასტმასის გადამუშავების მიზნით, გამოირიცხა, ვინაიდან გრანულების შეძენა ბევრად იაფი ჯდება. მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ფედერაციის აზრით, აშკარად ფალსიფიცირებაზე მიუთითებს. 6 თებერვალს საქართველოს სამომხმარებლო ფედერაციამ მიიღო საერთაშორისო სამომხმარებლო ფედერაციის წევრობის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომელშიც მსოფლიოს 115 ქვეყნის 220 მომხმარებელთა უფლებების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. ამ ფედერაციის ეგიდით, ტარდება ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებზე ლაბორატორიული კვლევა, რომლის შედეგებიც მალე გახდება ცნობილი. აგრეთვე დაგეგმილია კარაქზე კვლევების ჩატარება. პრესკონფერენციის შემდეგ, ფედერაციის ორგანიზებით, ჩატარდა ყავის სხვადასხვა სახეობათა დეგუსტაცია დამსწრეთათვის, რომელთათვის უცნობი იყო, თუ რომელ ყავას მიირთმევდნენ. კონკურსში გამარჯვება ყავა "რიო გრანდემ"მოიპოვა.
გვანცა ზავრაშვილი
|