ნანახია: 1260
გაეროს ექსპერტთა განმარტებით თეზ-ი (ოფშორული ზონა, თავისუფალი ეკონომიკური ზონა) არის ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, განსაკუთრებული ეკონომიკური, სამართლებრივი, ადმინისტრაციული და საგადასახადო რეჟიმით, რომელიც უზრუნველყოფს საგარეო პოლიტიკური კავშირების გაფართოებას, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვას და ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, ძირითადად ექსპორტზე ორიენტირებული თანამედროვე საწარმოების შექმნას. ოფშორულ ცენტრებში არსებული შეღავათებისაგან ოთხი ჯგუფის გამოყოფა შეიძლება. ესენია: საგარეო სავაჭრო, საგადასახადო, ფინანსური და ადმინისტრაციული უპირატესობები. აღნიშნული თეზ-ებში კომპანიების შექმნასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ემსახურება. ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი მოწინავე ოფშორული ცენტრი, როგორც "საგადასახადო სამოთხე", ისე მოიხსენიება. თუმცა ოფშორული ცენტრები ხშირად საგადასახადოსგან განსხვავებულ შეღავათებს სთავაზობენ მომხმარებლებს და ამიტომ მათი გაიგივება "საგადასახადო სამოთხეებთან"არაა მიზანშეწონილი. ოფშორული ცენტრები იქმნება შემდეგი 2 ძირითადი ნიშნის მიხედვით: ტერიტორიული - ამ დროს ზონა წარმოადგენს სახელმწიფოსგან ერთგვარად გამოცალკევებულ ტერიტორიას, სადაც მოქმედებს განსხვავებული, "მსუბუქი" საკანონმდებლო სისტემა, რის ხარჯზეც ყველა საწარმო სარგებლობს საქმიანობის შეღავათიანი პირობებით, ხოლო თეზ-ის მეორე სახე გახლავთ ფუნქციონალური –ეს შეღავათიანი რეჟიმი გამოიყენება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ვრცელდება გარკვეული სახის სამეწარმეო საქმიანობებზე. ზემოთ აღნიშნული ორივე სახის თეზ-ისათვის შემდეგი ნიშნებია დამახასიათებელი: - არარეზიდენტებისთვის (ე.ი. მოცემული სახელმწიფოს `არამოქალაქეებისთვის~ ან სხვა სახელმწიფოს საწარმოებისთვის) ბიზნესის წარმოების გამარტივებისთვის აუცილებელი ფინანსური ინსტიტუტების არსებობა, - ფინანსური სისტემები, რომლებშიც უცხოური აქტივები და პასივები სჭარბობს შიდა აქტივ-პასივებს; - იმ ცენტრების არსებობა, რომლებიც მომხმარებლებს შემდეგ მომსახურებებს სთავაზობენ: - დაბალი ან ნულოვანი გადასახადი, - შეღავათიანი ფინანსური რეგულაცია, - საქმიანობის ანონიმურობა. ოფშორული ცენტრები, მათი მომხრეების განცხადებით, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ საფინანსო საქმიანობისა და ვაჭრობის გლობალიზაციის საქმეში, სთავაზობენ რა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მნიშვნელოვან შეღავათებს. ამასთან, აღნიშნული ზონებს ზემოგების მოტანა შეუძლიათ იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებშიც ისინი არიან შექმნილნი, რადგან ხელს უწყობენ ინვესტიციების მოზიდვას, სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნას, ადგილობრივი მუშახელის დასაქმებას და ა.შ. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ყველაზე წარმატებული თავისუფალი ეკონომიკური ზონის მაგალითი - ჩინეთის ქალაქი შენჟენი, რომელიც სულ რაღაც 20 წელიწადში უბრალო სოფლიდან მეგაპოლისად გარდაიქმნა. თუმცა თეზ-ებს მოწინააღმდეგეებიც არ აკლიათ, რომელთა აზრით ისინი ამარტივებენ ისეთი არალეგალური საქმიანობის წარმოებას (მსუბუქი საკანონმდებლო რეგულაციის გამო), როგორებიცაა გადასახადებისთვის თავის არიდება და ფულის გათეთრება. სკეპტიკოსების ამ მოსაზრებას ზურგს ის გარემოებაც უმაგრებს, რომ სამეწარმეო საქმიანობა თითქმის სრულადაა გასაიდუმლოებული და იმ პირის ან კომპანიის ანონიმურობა, რომელიც ოფშორულ ზონაში თანხას რიცხავს, მკაცრადაა დაცული. ასეთ ზონებში საკანონმდებლო სისტემებზე საუბრისას ყურადსაღებია ის ფაქტიი, რომ ოფშორული ცენტრებში მოქმედებს "მსუბუქი, მაგრამ ეფექტური" კანონმდებლობა, რომელიც, ძირითადად, არეგულირებს დიდ რისკებთან დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობას, როგორიცაა: საბანკო საქმე, დაზღვევა... დღეისათვის მსოფლიოში უამრავი ოფშორული ზონა არსებობს, მათ შორის ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა: აშშ, შვეიცარია, ტაილანდი, გერმანია, ჩინეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ავსტრია და ა.შ. ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური მახასიათებლები გაცილებით დაბალია. დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში ოფშორული ბიზნესი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, საქართველოში იგეგმება (აგვისტოს მოვლენებმა შეაფერხა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა ფოთში. პირველ რიგში, მოდით, განვსაზღვროთ, თუ რა არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. როგორც ცნობილია, იგი თავისუფალი ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი ნაირსახეობაა (სხვა სახეობებია: თავისუფალი სავაჭრო ზონა, თავისუფალი საბაჟო ტერიტორია, თავისუფალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური ზონა და სხვ. ). იგი შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც მკაფიოდ შემოფარგლული ტერიტორია, რომელზეც მეწარმეობის სტიმულირების, მეურნეობის პრიორიტეტულ სფეროებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით მყარდება ეკონომიკურ-ფინანსური საქმიანობის განსაკუთრებული რეჟიმი. თავისუფალი ინდუსტრიული ზონები (თიზ-ები), ძირითადად, იქმნება განვითარებადი ქვეყნების რეგიონებში ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. ქვეყნების უმრავლესობაში (მათ შორის, საქართველოში) თავისუფალი ზონის დაარსების გადაწყვეტილებას მთავრობა ღებულობს. საქართველოში ეს შეიძლება განხორციელდეს როგორც მთავრობის ინიციატივით, ისე ფიზიკური ან იურიდიული პირის (თიზ-ის ადმინისტრატორის) მოთხოვნით. ზოგი ქვეყნის კანონმდებლობა ზღუდავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიის მასშტაბებს. მაგალითად, საქართველოში თიზ-ის ფართობი 10 ჰექტარს უნდა აღემატებოდეს. მისი შექმნა დაცულ ტერიტორიებზე დაუშვებელია. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედ ფირმებს უსაფრთხოების ზომების დაცვასა და გარემოსადმი ზიანის მიყენების რისკის მინიმუმამდე დაყვანას ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ავალდებულებს. ასევე ყველგან სავალდებულოა მუშებისთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა, მათ ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე ზრუნვა - საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნების შესაბამისად. თავისუფალ ზონაში მოქმედი მეწარმე, ხშირ შემთხვევაში, ვალდებულია მომუშავე პერსონალისა და მათი ოჯახის წევრებისთის ზონის ტერიტორიაზე გააშენოს პარკები, დასასვენებელი ადგილები და საბავშვო ბაღები. თუმცა საქართველოს კანონით "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ" აღნიშნული გათვალისწინებული არ გახლავთ. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ინფრასტრუქტურის განვითარება მრავალ ქვეყანაში თავად სახელმწიფოს ეკისრება, თუმცა საქართველოში ინფრასტრუქტურის შექმნის მოვალეობის ინვესტორებზე "გადაკისრება", რა თქმა უნდა, უფრო ხელსაყრელი იქნება (სხვა თუ არაფერი, ბიუჯეტიდან არარეალური სახსრების ჩამოწერისგან მაინც ვიქნებით დაზღვეული). თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში იმპორტ-ექსპორტზე საბაჟო მოსაკრებელი მოხსნილია. ამის მიუხედავად, მეწარმეები ვალდებულნი არიან აწარმოონ აღრიცხვა და ყოველწლიურად წარადგინონ დეკლარაცია, სადაც ყველა პროდუქცია და ოპერაცია უნდა იყოს ასახული. მრავალ ქვეყანაში (მაკედონია, თურქეთი, განა, გვატემალა, კოსტა-რიკა) მეწარმეები თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისაგანაც. თუმცა კოსტა-რიკაში, გვატემალაში და განაში ეს შეღავათები მხოლოდ პირველი 10 წლის განმავლობაში მოქმედებს. დღგ-სგან მეწარმეები გათავისუფლებულნი არიან რუსეთის, გვატემალისა და განას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, აქციზის გადასახადისაგან - რუსეთის ფედერაციაში, უძრავ ქონებაზე გადასახადისაგან - გვატემალაში და ა.შ. თიზ-ის შექმნა საქართველოში ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ფოთის ნაკლებადგანვითარებულ რეგიონში სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნასა და სპეციალისტების დასაქმებას. თუმცა საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის ანალიტიკური განყოფილების დასკვნის თანახმად, თიზ-ების შექმნისას უარყოფითი გამოცდილებაც უნდა გავითვალიწინოთ: პირველ რიგში, უცხოელი ინვესტორები, როგორც წესი, "ცარიელ ადგილზე" არ მოდიან. ისინი თავისუფალი ზონით მხოლოდ იმ შემთხვევაში ინტერესდებიან, თუ იქ უკვე შექმნილია სათანადო ინფრასტრუქტურა, ან მისი შექმნის ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ინფრასტრუქტურის შექმნის ხარჯები კი ზოგჯერ მთლიანი ინვესტიციის თითქმის 80%-ს შეადგენს. ასე რომ, მოსაზრება ყველა ხარჯის უცხოელი ინვესტორის მიერ დაფარვის თაობაზე ყოველთვის არ მართლდება. გარდა ამისა, ქვეყნის მთავრობა, ხშირ შემთხვევაში, თვალს ხუჭავს თავისუფალ ზონაში გარემოს დაბინძურებაზე, მუშახელის აუტანელ სამუშაო პირობებზე, სხვა დარღვევებზე და ინვესტიციის მოზიდვის მიზნით, უცხოელ მეწარმეებს გადასახდებისგან გარკვეული ვადით მაინც ათავისუფლებს. თუმცა, არ ითვალისწინებს, რომ განვითარებადი ქვეყნების სიმრავლე საერთაშორისო კორპორაციებს ფართო არჩევანს აძლევს. შეღავათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ისინი ადვილად პოულობენ სხვა ქვეყანას, სადაც თავს ისევ აარიდებენ გადასახადებს და თავის საქმიანობას კვლავ უკეთეს პირობებში გააგრძელებენ. ამასთან, ზოგიერთ ქვეყანაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნა კორუფციის წყაროდ იქცა. გარკვეული გარიგების საფუძველზე მთავრობის მიერ უცხოური კომპანიებისთვის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაწესებული შეღავათები ზოგჯერ ადგილობრივი მეწარმეობისა და მთლიანად ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს. აქედან გამომდინარე, საჭიროა პლიუსებისა და მინუსების შეწონა მანამ, სანამ თავისუფალ ზონას საქართველოს ტერიტორიაზე შევქმნით. სასურველია კანონმდებლობის იმგვარი მოდიფიცირება, რომ ინვესტორთა მხრიდან მინიმუმამდე იყოს დაყვანილი საქართველოს "მოტყუების" შესაძლებლობები, თორემ ოფშორული ზონა, რომელსაც ხშირად უწოდებენ "სათაგურს ინვესტორთათვის", შეიძლება ქართველთათვის, როგორც ინვესტორებზე მონადირეთათვის, ხაფანგად იქცეს.
|