ნანახია: 791
განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, პენსიის მოცულობა პრაქტიკულად განუწყვეტლივ იზრდება. პენსიის ზრდა როგორც კეთილდღეობის ამაღლებას, ასევე ინფლაციას უკავშირდება. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სოციალური დაცვის ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ძირითადი მოთხოვნა ხანდაზმული მოქალაქეების სიღატაკისგან დაცვაა - გამონაკლისის გარეშე. გარდა ამისა, პენსიამ უნდა უზრუნველყოს პენსიაზე მყოფთა სათანადო საცხოვრებელი პირობები. თანამედროვე საპენსიო სისტემა ორ ძირითად პირობას უნდა აკმაყოფილებდეს: 1.სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მინიმალური უზრუნველყოფა - მინიმალურში იგულისხმება საარსებო მინიმუმზე მეტი, რომელიც სამომხმარებლო კალათის მიხედვით გამოიანგარიშება. 2.სამართლიანობა - პენსია პროპორციული უნდა იყოს მოქალაქის აქტიური შრომითი საქმიანობის ხანგრძლივობისა და საპენსიო ფონდში შენატანებისა. პენსია ასაკში შესულ ადამიანებს ეძლევა მათ მიერ გაწეული სამსახურის სანაცვლოდ. აქ ორი საკითხი უნდა განვასხვავოთ: 1. პენსიას ადამიანი იღებს იმის მიხედვით, თუ რამდენი ხანი იმუშავა, რა ხელფასი ჰქონდა და რა რაოდენობის გადასახადებს უხდიდა სახელმწიფოს; 2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის კი სოციალური პროგრამები უნდა არსებობდეს. საპენსიო სისტემის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია დასაქმებულებსა და პენსიონერებს შორის დიამეტრულად განსხვავებული შეფარდების არსებობა. დაახლოებით სამი მოსამსახურე ერთ პენსიონერს უნდა ინახავდეს, რათა მას ღირსეული პენსია ჰქონდეს. ჩვენთან სამი პენსიონერია და ერთი მუშაობს. ამიტომ ამ სისტემის ხელოვნურად ჩამოყალიბება და რომელიმე ქვეყნის საპენსიო მოდელის პირდაპირ გადმოტანა შეუძლებელია. გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული ეკონომიკის ზრდის ტემპები, მისი განვითარების დონე, ინფლაცია და ა.შ. საპენსიო სისტემის დამკვიდრება უფრო საფინანსო ეკონომიკური რეფორმაა, ვიდრე სოციალური. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 24 იანვარს პირდაპირ ეთერში ისაუბრა: "ომიდან და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობას დასახული პროგრამის ვადების გარკვეულწილად შეცვლა მოუწია, თუმცა მიუხედავად ამისა, სოციალური პაკეტი გავზარდეთ. ჩვენ პენსიონერებს შევპირდით, რომ 50 თვის განმავლობაში მათი პენსია 100 დოლარს მიაღწევდა და ეს პირობა ამ დროის განმავლობაში შესრულდა კიდეც." მიხეილ სააკაშვილმა დასძინა, რომ უახლოეს მომავალში ის მთავრობას მომავალი წლიდან სტაჟისა და დამსახურების მიხედვით საპენსიო დანამატის გაზრდის შესახებ დავალებას მისცემს. შეგახსენებთ, რომ 2009 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალური პაკეტი - 169 მლნ. ლარით გაიზრდება, უნარშეზღუდული ადამიანების დახმარება - 5 ლარით, სახელმწიფო პენსია - 10 ლარით, ხოლო სამუშაო სტაჟის მქონე მოქალაქეები წახალისდება - 10 ლარით. მაგრამ სახელმწიფო პენსიების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად დღეისათვის მინიმალური პენსია 55 ლარს შეადგენს რაც, ცხადია, ბევრად ნაკლებია საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასახელებულ თანხაზე. სახელმწიფო, ცხადია, უნდა ცდილობდეს ღარიბი მოსახლეობის დახმარებას, რომლებიც საქართველოში ძალიან ბევრია. საქართველოს ხელისუფლებას ორი გზა აქვს: ან არსებული სიტუაცია უნდა შენარჩუნდეს და ველოდოთ, ვიდრე რესურსები არსებული პენსიების გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემენ (ეს შეიძლება რამდენიმე თაობის ცვლის შემდეგ მოხდეს) ან დასაქმებულთათვის ნებაყოფლობითი საპენსიო სქემები შემოვიღოთ. საპენსიო ფონდის გაზრდა ეკონომიკის ზრდის ტემპთან შეთანხმებაში უნდა ხდებოდეს და მხოლოდ მთავრობის სურვილი ამ საკითხს ვერ გადაჭრის. საქართველოში არ არსებობს არანაირი წინაპირობა იმისა, რომ სოციალური პაკეტის გაზრდა ინფლაციის ზრდას არ გამოიწვევს. რა შედეგებს მოუტანს სოციალური პაკეტის გაზრდა სახელმწიფო ბიუჯეტს და იქონიებს თუ არ ის გავლენას ინფლაციის ზრდაზე - ამას დრო გვიჩვენებს.
ნინო თამაზაშვილი
|