ნანახია: 977
- ბატონო ირაკლი, როგორია პროფკავშირების, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუტის გაგება დღევანდელ საქართველოში, რამდენად სწორად ესმის მოსახლეობას პროფკავშირების ფუნქცია? - ქართული პროფკავშირები 1886 წლიდან იღებს სათავეს. ზოგადად, მსოფლიო პროფკავშირების ისტორია უფრო ძველია. ამ თარიღს იმიტომ ვასახელებ, რომ ქვეყანაში პროფკავშირები კომუნისტურ სისტემასთან არ უნდა ასოცირდებოდეს. კომუნისტური რეჟიმის არსებობის პირობებში ეს ინსტიტუტი გაწითლდა. სწორედ ამ დროს დამახინჯდა საზოგადოებაში პროფკავშირების გაგება. საბჭოთა პერიოდში პროფკავშირები მხოლოდ არსებული რეჟიმის ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა, რასაც ამ ორგანიზაციის ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი ჰქონდა. დღესდღეობით საზოგადოებაში პროფკავშირების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. საზოგადოების ნაწილი, ვისაც პროფკავშირების ძველი სისტემიდან გარკვეული სიკეთეები ახსოვს, ვგულისხმობ საგზურებს, ბინებს, მანქანებს და ასე შემდეგ, მისტირის იმ პროფკავშირს, უფრო სწორედ იმ ორგანიზაციას, რომელსაც პროფკავშირები ეთქვა. თუმცა, მე მას პროფკავშირს არ ვეძახი. საზოგადოების მეორე ნაწილს, რომელიც უფრო ახალგაზრდა თაობაა და მეტნაკლებად იცნობენ დასავლურ პროფკავშირებს, უფრო სწორი მოლოდინები აქვს. მთავარი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არის ის, რომ პროფკავშირები ლამის ერთადერთი დემოკრატიული ინსტიტუტია მსოფლიოში, რომლის მთავარი ძალაც სოლიდარობაშია. რაც უნდა ჭკვიანი და ძლიერი იყვნენ კონკრეტული პიროვნებები და ლიდერები, პროფკავშირების მთავარი ძალა თანადგომა და სოლიდარობაა. ქართულ საზოგადოებას სწორედ სოლიდარობის გაგების კუთხით აქვს პრობლემა. ჩვენთან ნაკლებად შეიმჩნევა ერთმანეთის პრობლემებისადმი თავდადება. საზოგადოებრივი ჰარმონია არ მიიღწევა, თუ მოსახლეობაში არ გაჩნდება განცდა, რომ დასაქმებულები და უმუშევრები არიან ერთმანეთის ძმები და რომ მათ უნდა იბრძოლონ ერთმანეთის უფლებების დასაცავად. კრიზისის დროს მთელი იტალია, საფრანგეთი, გერმანია არის გარეთ და რაღაცას ითხოვს. ასე უნდა მოხდეს საქართველოშიც. ყველაზე მტკივნეული მომენტი საქართველოს პროფკავშირულ მოძრაობაში არის საზოგადოების განათლება, რომელიც, ამ კუთხით, ნამდვილად არ არის 21-ე საუკუნის შესაბამისი. - როგორია დღევანდელი პროფკავშირების დაფინანსების სქემა, საიდან ფინანსდება ეს ორგანიზაცია? - დაფინანსების მხრივ ეს არის ყველაზე ღია ტიპის ორგანიზაცია, ყოველ შემთხვევაში დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პროფკავშირები ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაცია გამხდარიყო. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საშუალება ვებ-გვერდით, ჩვენს საფინანსო სამსახურთან მოთხოვნის საფუძველზე, მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია პროფკავშირების დაფინანსების შესახებ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი კოზირი, რატომაც ვოპონირებთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენს ოპონირებას, საბოლოო ჯამში, შედეგი მოჰყვება, გახლავთ სწორედ დაფინანსება, ვგულისხმობ არა მის მოცულობას, არამედ წარმომავლობას. ჩვენ არ ვფინანსდებით სახელმწიფოსგან და არ ვფინანსდებით ამა თუ იმ დონორი ორგანიზაციებისგან, რომლებიც შემდგომ მუსიკას უკვეთავენ შემსრულებელს. ჩვენი მთავარი დამკვეთიც და დონორიც არის ჩვენი წევრები. საქართველოს პროფკავშირების ბიუჯეტის შემოსავლების 92.5%-93% გახლავთ ჩვენი წევრების მიერ გადახდილი საწევრო გადასახადები. საიჯარო და სხვა შემოსავლებზე მხოლოდ 7,5% მოდის. რაც შეეხება სქემას, არსებობს 25 იურიდიული სუბიექტი, ესენია სხვადასხვა ეკონომიკური სფეროს მიხედვით ჩამოყალიბებული დარგობრივი პროფკავშირები, მათ დაფუძნებული აქვთ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება. ეს 25 იურიდიული სუბიექტი, საქართველოს მასშტაბით, თვის წილად აერთიანებენ 9357 პირველად ორგანიზაციას. მაგალითად, მედიცინის პროფკავშირები აერთიანებს რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამშობიაროებს და ა.შ. რაც შეეხება საწევროს, პროფკავშირებში გაერთიანებული ადამიანები იხდიან თავიანთი ხელფასის 1 %-ს. ამ თანხას პირველადი ორგანიზაცია აგროვებს. თანხის მხოლოდ 10% მოდის გაერთიანებულ პროფკავშირებში. ჩვენი ქვეორგანიზაციები გაწევრიანებულები არიან 10 სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც ისინი, ბუნებრივია, იხდიან სხვადასხვა საწევრო გადასახადს. რაც შეეხება გაერთიანებულ პროფკავშირებს, ჩვენ ვართ მსოფლიო პროფკავშირული კონფედერაციისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირული ორგანიზაციის წევრები. საქართველო გახლავთ ერთადერთი ქვეყანა და საქართველოს პროფკავშირები არის ერთადერთი პროფკავშირები, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ევროკავშირის წევრი, გაერთიანებულია ევროკავშირის პროფკავშირებში. - ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლომა, ბუნებრივია, გარკვეული ხასიათის რეკომენდაციებისა და მითითებების გატარებასა და გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებას გულისხმობს. რა შედეგები მოიტანა ამ ევროპული სტრუქტურის წევრობამ? - მას შემდეგ, რაც პროფკავშირებში დღევანდელი ხელმძღვანელობა მოვიდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობები და სტანდარტები ადამიანური, 21-ე საუკუნის შესაბამისი ყოფილიყო. თუმცა ჩვენ ერთგვარი "ქვის კედელი"დაგვხვდა წინ, ჩვენი მოთხოვნები არავინ მოისმინა. დღეს არსებული შრომის კოდექსი ევროპული სოციალური ქარტიის 19 მუხლის 64 პუნქტის სრული უგულველყოფაა, იგნორირებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, გაეროს და სხვა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებები. იგნორირებული იყო ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც ასევე რატიფიცირებული დოკუმენტია. ევროპული პროფკავშირების წევრობამ ის შედეგი მოიტანა, რომ ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას დაუწესა დრო და ვადა, რომ 2009 წელს თუ არ შეცვლის შრომის კოდექსს, საქართველო ვეღარ მიიღებს ევროკავშირის ქვეყნებთან დღეს მოქმედ პრეფერენციებს, ანუ სავაჭრო ურთიერთობებში გარკვეულ შეღავათებს. - მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში უამრავი სამუშაო ადგილი უქმდება. შექმნილი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმედ აისახება საქართველოზე, სამსახური დაკარგა უამრავმა ადამიანმა. არსებულ სიტუაციაში, რამდენად სწორია მთავრობის მიდგომები უმუშევრად დარჩენილი ადამიანების მიმართ და როგორ იცავს არსებული შრომის კოდექსი ჩვენს მოქალაქეებს? - გლობალური ეკონომიკური კრიზისი და კრიზისი, რომელიც საქართველოშია, სამწუხაროა, მაგრამ ეს გახლავთ, როგორც მსოფლიო, ისე საქართველოს პროფკავშირების პროგნოზების გამართლება. იმ ურთიერთობებს და იმ ნეოლიბერალურ იდეოლოგიას, რომლის კარნახიც მსოფლიო კაცის მკვლელი ბუშების ოჯახიდან ხდებოდა და რომლის გამავრცელებელი მტრედებიც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები გახდნენ, აუცილებლად მოჰყვებოდა არასტაბილურობა და კრიზისი. მიმდინარეობდა პირდაპირი ლობირება აზრის, რომ სუსტი უნდა მოკვდეს და ძლიერმა გაიმარჯვოს. ამ იდეოლოგიის მიმდევრების აზრით, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს არანაირ ურთიერთობებში და არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა სუსტ მოქალაქეზე, რომელიც უმუშევრად დარჩა, რომელსაც სამუშაო არა აქვს და რომლის პროფესიაზეც ბაზარზე მოთხოვნა არ არის. ეს ნეოლიბერალური, ლამის ფაშიზმის ტოლფასი მიმართულებები, საშუალებას გვაძლევდა გვევარაუდა, რომ საქართველოში მალე შეიქმნებოდა კრიზისული სიტუაცია. პროფკავშირებს არ ჰყავს ჯარი, არ აქვს შეიარაღება, ჩვენი საქმე არის პროტესტი და იმ ადამიანების გაფრთხილება, რომლებსაც გარკვეული საფრთხეები ემუქრებათ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შრომის კოდექსი, რომელიც გაჯერებული იყო ნეოლიბერალური იდეოლოგიით და კიდევ უფრო შორს, სიმახინჯემდე და დისკრიმინაციამდე მიდიოდა, მიუღებელი იყო. ჩვენ გარკვევით ვაცხადებდით, რომ არცერთი ნორმალური უცხოელი ინვესტორი, ასეთი შრომითი ურთიერთობების პირობებში ინვესტიციებს არ ჩადებდა. დღეს არსებული შრომის კოდექსი კარგი საშუალებაა კრიმინალური ფულის მოსაზიდად, მაგრამ არა პატიოსანი ბიზნესისა და პატიოსანი ინვესტიციის მოსაზიდად. ოლიგარქები, რომლებიც უცებ, გარკვეული მაქინაციებით გამდიდრდნენ, ყოველთვის ისეთ გარემოს ეძებენ, სადაც ჩადებენ ფულს და მაქსიმუმს მოიგებენ. გრძელვადიანი პროგნოზებით მოქმედი, პატიოსანი, ევროპელი ბიზნესმენები ასეთ ქვეყნებში ფულს არ დებენ. იმიტომ, რომ დღეს თუ არა ხვალ, მსგავსი შრომის კოდექსის პირობებში, საწარმოო კონფლიქტები ელოდებათ. - შექმნილ სიტუაციაში, როგორ აპირებს პროფკავშირები მოქმედებას, რა რეკომენდაციები და შეთავაზებები გაქვთ ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის? - ჩვენ ახლაც, ამ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დაყრუვდა და არ ესმოდა ჩვენი გოდება, სათანამშრომლოდ მზად ვართ. ჩვენ აქტიურ საპროტესტო მოძრაობას ვგეგმავთ. თქვენი გაზეთის საშუალებით, მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ 3 თებერვალს, სამშაბათს, 3 საათზე პროფკავშირები და მისი მხარდამჭერები ერთად ვაპირებთ, პარლამენტის შენობასთან მივიტანოთ ყველა ის კანონპროექტი, რომლებიც ქვეყანაში კრიზისის დასაძლევად მოვამზადეთ. ამ წინადადებების გარკვეული გათვალისწინება თუ მოხდება, ვფიქრობთ, ეს ზომები დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს შედარებით უმტკივნეულო გახადონ ის მოვლენები, რომლებიც ქვეყანაში ხდება. დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც კრიზისი სულ უფრო მწვავდება, როდესაც ხალხს მასობრივად უშვებენ სამსახურებიდან, როდესაც ეკონომიკის ყველა სფეროს, თუ უკვე არ შეეხო, მალე შეეხება კრიზისი, საჭიროა ქმედითი ღონისძიების გატარება. მე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მადლობელი ვარ, იგი ნამდვილად განიცდის ამ პრობლემებს და ესმის რა საფრთხეების წინაშეა ქვეყანა, ბატონი კვიტაშვილი ჩვენთან დიალოგშია შემოსული. სამწუხაროდ, ეს არ ესმის მთავრობის მთლიან შემადგენლობას და არ ესმის პარლამენტს. არ შეიძლება, კრიზისის დროს, მოქალაქეების ერთ ჯგუფს გაუზარდო ხელფასები და ადმინისტრაციული ხარჯები და ამავე დროს გყავდეს, როგორც მინიმუმ, 300.000-350.000 უმუშევარი. ამ დროს კი ელემენტარულად უმუშევრობის შემწეობა არ მოქმედებს. რეალურად სახელმწიფო ამ ადამიანებს ეუბნება, შენ კი დაიბადე, აგღრიცხე, როგორც საქართველოს მოქალაქე და მოქალაქეობის პასპორტი უფასოდ მოგეცი, მაგრამ ამით დამთავრდა ჩემი პასუხისმგებლობა შენს წინაშე, თუ სამსახურს ვერ პოულობ, მოკვდი შიმშილით. ამ დროს 87 მილიონით იზრდება თავდაცვის სამინისტროს ხარჯები, 150 კაციანი პარლამენტის ბიუჯეტი 7.5 მილიონით გაიზარდა, 50 მილიონით გაიზარდა პრეზიდენტის ფონდი. ჩვენ კი 115 მილიონი ლარი გვჭირდება იმისთვის, რომ 350.000 ქართველი არ დარჩეს იმ საფრთხის წინაშე, რასაც შიმშილით სიკვდილი ჰქვია და მიღოს მინიმალური პენსიის დონის უმუშევრობის ანაზღაურება მაინც. - თქვენ თქვით, რომ გაქვთ კონკრეტული შეთავაზებები და კანონპროექტები, დეტალურად რაზეა საუბარი? - ვფიქრობ, რომ ამ მოთხოვნებში ადეკვატურნი ვართ. ეს პროგრამები საზოგადოებას სჭირდება. პირველი - როგორც უკვე მოგახსენეთ, ქვეყანაში არ გახლავთ უმუშევრობის შემწეობა. ყველა მეტნაკლებად ნორმალურ ქვეყანაში ეს შემწეობა არსებობს. ჩვენ ვითხოვთ, რომ პირველ ეტაპზე ის მინიმალური პენსიის ოდენობით მაინც დაწესდეს, ამით ხელისუფლებამ და სახელმწიფომ უნდა გამოხატოს პოლიტიკური ნება იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შრომისუნარიანები არიან, თუმცა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე არსებობენ. ამ ეტაპზე, ეს შემწეობა მინიმუმ 6 თვის ვადით უნდა დაწესდეს, მოქალაქეებს უნდა გაუჩნდეთ იმის განცდა, რომ სახელმწიფო ერთის მხრივ ზრუნავს მათზე, მეორეს მხრივ კი აღიარებს იმ შეცდომებს, რომელიც მან ეკონომიკის განვითარების დაგეგმვისას დაუშვა. ეს კომპენსაცია, გარკვეულად ბოდიშის მოხდაა იმაზე, რომ სახელმწიფო ვერ ასაქმებს შრომისუნარიან მოქალაქეებს. მეორე – მე თქვენთან საუბარში, რამდენჯერმე ვახსენე შრომის კოდექსის ნაკლოვანებები. ჩვენ ვითხოვთ შრომის კოდექსში შესწორებების შეტანას და იმ დისკრიმინაციის აღმოფხვრას, რომელიც, სამწუხაროდ, არსებობს. საჯარო მოხელეც და კერძო სექტორში დასაქმებულიც არის საქართველოს მოქალაქე. რატომღაც, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, საჯარო მოხელეს ეძლევა ორთვიანი კომპენსაცია ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანს, თუ ის გათავისუფლდა დამსაქმებლის ინიციატივით, ეძლევა ერთი თვის კონპენსაცია. ესეც იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს განსხვავებული კონტრაქტი და ისიც უვადო. კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები, თუ მათ აქვთ ვადიანი ხელშეკრულებები, სამსახურიდან გათავისუფელბის შემთხვევაში, კომპენსაციას არ იღებენ. ეს დისკრიმინაციაა. საერთოდ, ორი თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაცია უკვე ზნეობის პრობლემაა. კომპენსაცია იმ პერიოდზე უნდა იყოს გათვლილი, სანამ ეს ადამიანი ახალ სამსახურს იშოვის, ან გადაემზადება იმ პროფესიაზე, რომელზე მოთხოვნაც ბაზარზე დიდია. ამ სოციალურ ფონზე, რომელზეც დღეს ქვეყანაშია, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ორი თვე ის ვადაა, როდესაც ადამიანი გადაემზადება, სხვა პროფესიას შეიძენს და ახალ სამსახურს იშოვნის. ჩვენი მესამე ინიციატივა შეეხება დეკრეტულ შვებულებებს. ეს ინიციატივა პარლამენტში არ შედის, რადგან ეს არის წესი დეკრეტული შვებულებების შესახებ, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გამოსცემს, ეს შეთანხმებული უნდა იყოს პრემიერთან, მთავრობასთან. ჭიპაშვილის მინისტრობის პერიოდში დემოგრაფიულ ფონდთან დაკავშირებით საინტერესო მიღწევები გვქონდა. სწორედ ამ დროს დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ზედა ზღვარი 600 ლარი გახდა, ეს ის თანხაა, რომლითაც ქალბატონმა ფეხმძიმობის დროს, 4 თვის განმავლობაში უნდა ირჩინოს თავი. თვეში 150 ლარიანი ანაზღაურება, შეიძლება ითქვას, დისკრიმინაციაა, ეს არის პირდაპირი მითითება, რომ დასაქმებულმა ქალბატონებმა არ გააჩინონ ბავშვი. ჩემი შეფასებები ნამდვილად არ არის გადაჭარბებული. შექმნილ სოციალურ სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის გაჩენა წმიდათა წმიდა ვალია და ამას არცერთი ხელფასი არ შეედრება, ქალბატონები უკვე სერიოზულად დაფიქრდებიან, შეუძლიათ თუ არა მათ ბავშვის გაჩენა და გაზრდა. ჩვენ დავიანგარიშეთ, რომ მარტოხელა ქალბატონს ბავშვთან ერთად თვეში მინიმუმ 380 ლარი სჭირდება. ოფიციალური საარსებო მინიმუმი 129 ლარი და 60 თეთრია. ცალკე საკითხია, როგორ გამოიანგარიშება ეს საარსებო მინიმუმი, თუ ადამიანს თვის განმავლობაში 5 კილოგრამი ხორცი სჭირდება, ის ჩაანაცვლეს 5 კილოგრამი ბადრიჯნით. დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებით, ჩვენ ვითხოვთ, რომ დეკრეტულ შვებულებაში გასული ქალბატონისთვის ერთი თვის ანაზღაურება მინიმუმ სამომხმარებლო კალათის ტოლფასი მაინც იყოს. ეს დაახლოებით 270-280 ლარს შეადგენს. რამდენიმე დღის წინ ჩვენი წინადადება ჯანდაცვის მინისტრს გავაცანით, რომელიც სამედიცინო დაზღვევას ეხება. შესაბამისი საკანონმდებლო უზრუნველყოფის შემთხვევაში, საქართველოს პროფკავშირები იღებს პასუხისმგებლობას, რომ 10-20 ლარის ფარგლებში დააზღვიოს ყველა დასაქმებული. სად უნდა მოვიძიოთ ეს თანხები? თუ ქვეყანას უჭირს, მაშინ ყველამ უნდა გაიჭირვოს. შეიკვეცოს თავდაცვის სამინისტროს, პარლამენტის, კანცელარიის, საქართველოს პრეზიდნტის რწმუნებულების, პრეზიდენტის ფონდები, რომლებიც უაზროდ არის გაბერილი. კრიზისის პირობებში, ამ სტრუქტურების დაფინანსება არ უნდა გაიზარდოს, ჩვენი რესურსები ისე უნდა გადავანაწილოთ, რომ 21-ე საუკუნეში შიმშილით აღარავინ კვდებოდეს. - კრიზისის პირობებში კიდევ ერთი დარტყმა მიიღეს თვითდასაქმებულებმა, უამრავმა ადამიანმა დაკარგა საკუთარი საქმე, რომლითაც არსებობდა. მათ სახელმწიფო დასაქმებულებად თვლის და, ალბათ, თქვენს მიერ ხსენებული უმუშევართა შემწეობაც არ შეეხებათ. - საქართველოს თვითდასაქმებულები არიან ყველაზე საამაყო ადამიანები. ამ ადამიანების დასაქმებაზე არავის უზრუნია. ამ ადამიანებმა კანცელარიასთან დგომისა და მოთხოვნის გარეშე, ამ ეკონომიკის პირობებში იპოვეს შესაძლებლობები, რომ დასაქმებულიყვნენ, პატიოსნად ეშრომათ და იხდიან გადასახადებს. სამწუხაროა, მაგრამ ისინი ყოველთვის, როცა რომელიმე თავქარიან ჩინოვნიკს მოესურვება, დისკრიმინაციისა და დარტყმის ქვეშ არიან, მათ ხან ფართებს უძვირებენ, ხან გადასახადებს. ესენი არიან ელიავაზე მდგომი ხალხი, ტაქსის მძღოლები და ა.შ. საქართველოში მათ თვითდასაქმებულებს, ევროპაში კი არატრადიციულად დასაქმებულებს უწოდებენ. ჩვენი ინიციატივები, ბუნებრივია, ყველას შეეხება, ვინც საარსებო საშუალება დაკარგა. ცვლილებები სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებსაც შეეხება, ჩვენ ამ პროექტით მივაღწევთ იმას, რომ თუ ადამიანი არის პროფკავშირის წევრი, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, ის ავტომატურად იღებს დაზღვევას. შექმნილ სიტუაციაში, მთავარია საზოგადოებამ გამოიჩინოს სოლიდარობის განცდა, ითანამშრომლოს პროფკავშირებთან და ხელისუფლებას ერთად შევახსენოთ არსებული პრობლემები.
ესაუბრა ზურაბ კუკულაძე
|