
თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეების რონ ფუქსისა და ზეელ ფრენკელის საქმეებში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. საქმე ეხება გასული წლის 14 ოქტომბერს, ბათუმის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში განხორციელებულ დაკავებას. გამოძიების თანახმად, ებრაელი ბიზნესმენები ფინანსთა მინისტრის მოადგილის ავთანდილ ხარაიძის მოქრთამვას ცდილობდნენ და სახელმწიფო მოხელისთვის 7 მლნ დოლარის მიცემას აპირებდნენ. გამოძიების თანახმადვე, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულმა, რონი ფუქსის კომპანია “ტრამექსმა” საქართველოში ნავთობის მოპოვების უფლება 1991 წელს მიიღო. თუმცა, კომპანიას ეს უფლება 1995 წელს ჩამოართვეს და ის საქართველოს გაზისა და ნავთობის კომპანიას გადასცეს. ამის შემდგომ “ტრამექსმა” საქართველოს სხვადასხვა საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლომ კი საქართველოს “ტრამექსის” სასარგებლოდ, 100 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, რის გასაჩივრებასაც ქართული მხარე აპირებდა. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად, ფრენკელმა და ფუქსმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ავთანდილ ხარაიძის მოქრთამვა გადაწყვიტეს. ე ბრაელი ბიზნესმენები მინისტრის მოადგილისგან ითხოვდნენ, ეიძულებინა საქართველოს ხელისუფლება, არ გაესაჩივრებინა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება. სანაცვლოდ, მას 7 მილიონ დოლარს ჰპირდებოდნენ. საქმის მასალების მიხედვითვე, ფულს ხარაიძე მას შემდეგ მიიღებდა, რაც, სასამართლოს მიერ საქართველოს სახელმწიფოსთვის დაკისრებული თანხა “ტრამექსის” ანგარიშზე ჩაირიცხებოდა, თუმცა ავთანდილ ხარაიძემ აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდა.
არჩილ კბილაშვილი, ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატი: „ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ დასრულდება საქმე და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა 13 იანვარს განახლდა. სხდომაზე საქმეში არსებული რამდენიმე ვიდეოჩანაწერიდან ერთ-ერთის ჩვენება. მასში ზეელ ფრენკელი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ხვდება და მასთან მორიგების პირობების შესახებ მართავს მოლაპარაკებას. პროცესი მხოლოდ ამ ჩანაწერის ჩვენებით შემოიფარგლა, რაზეც შეფასებები, როგორც დაცვის, ისე მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან უკვე შემდეგ სხდომებზე გაკეთდება. მომდევნო სასამართლო სხდომაზე უკვე სხვა ვიდეოჩანაწერების ჩვენება მოხდება. გასულ პროცესზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები იქნა განხილული, თუმცა მოსამართლემ ისინი არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ სულ 10 შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურისა და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანის მოწმის სტატუსით დაკითხვის საკითხი. ბრალდებულები წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებენ.ედებათ. ბიზნესმენებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვთ წაყენებული. ბრალდებულებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ“. თბილისის საქალაქო სასამართლოში ებრაელი ბიზნესმენების საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას ყურადღებით ეცნობა საქართველოში ისრაელის საელჩოც. დიპლომატიურმა კორპუსმა დაკავებაზე ოფიციალური შეტყობინება 15 ოქტომბერს მიიღო. საქართველოს საგარეო უწყებამ ისრაელის საელჩოს ოფიციალური ნოტა გადასცა.თავიდანვე გაჩნდა მოლოდინი, რომ დაკავებული ებრაელი ბიზნესმენები საპროცესო გარიგებით გაათავისუფლდებოდნენ, თუმცა ამ მხრივ შუამდგომლობებიც არ დაყენებულა. ბრალდებული პირების გასამართლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გადაწყდა. კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს საქართველოში მოიხდიან. ექსტრადიციის საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგებოდა, თუკი ორ ქვეყანას შორის გაფორმებული იქნებოდა შესაბამისი ხელშეკრულება. ექსტრადიცია, ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ისრაელის სახელმწიფოს უნდა მოეთხოვა. კანონის თანახმადვე, თუ ბრალდებული ორივე ქვეყნის მოქალაქეა, პირის სასჯელის მოხდის საკითხი სახელმწიფოებს შორის ურთიერთშეთანხმებაზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული, მაგრამ როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დღემდე არ არსებობს ხელშეკრულება სისხლის სამართლის სფეროში ურთიერდახმარების შესახებ და სხვა ნორმატიული ბაზა, რომლითაც ბრალდებულების ექსტრადიციას სამართლებრივი საფუძველი მიეცემოდა.
შეგახსენებთ, რომ რონი ფუქს თურქეთში ისრაელის საპატიო კონსული იყო. ქართულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა საქმეში ერთ-ერთ ბრალდებულ იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც ამჟამად მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
ამავდროულად ცნობილი ხდება, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს "მკაცრ წერილს" უგზავნის.ისრაელის მთავარი დიპლომატი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელისგან, ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებული ისრაელელი ბიზნესმენების, რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. წერილში ავიგდორ ლიბერმანი ისრაელის მოქალაქეების დაკავებას "უსაფუძვლოს" უწოდებს და "გამოგონილი მიზეზით" ხსნის. ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს იმასაც უსვამს, რომ აღნიშნული ფაქტი ორი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას იქონიებს. "ბიზნესმენების დაკავები ფაქტი ანგრევს ყველანაირ ეკონომიკურ კონტაქტებს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდებობა. მომხდარის შემდეგ საქართველოში ბიზნესის წარმოების სურვილი ისრაელელ ბიზნესმენებს აღარ აქვთ", - ნათქვამია წერილში. აღსანიშნავია, რომ ისრაელიდან წერილის მიღების შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყებაში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. წერილის შესახებ ინფორმაციას ებრაული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
ებრაელი ბიზნესმენების სასამართლო პროცესს საქართველოში პოლიტიკური შეფასებები უკვე მიეცა. პირველი განცხადებები ლეიბორისტებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. პარტიის გენერალური მდივან გიორგი გუგავას განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილი კავკასიის ჰიტლერად იქცა. ჩვენი მოძმე ერის, ებრაელების მიმართ მისი ანტისემიტური დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც ნაცისტურ გერმანიაში იყო. პრეზიდენტი ამით მოძმე ერებს შორის 26 საუკუნოვან მეგობრობას შეურაცხყოფს.“ ლეიბორისტული პარტია დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების გათავისუფლებას ითხოვს. გიორგი გუგავას თქმით, ჯერ იყო და ამ ანტისემიტურმა დამოკიდებულებამ მეცენატი ბადრი პატარკაციშვილი შეიწირა და მის ქონებას უკანონოდ დაეპატრონა, ხოლო შემდგომ სომალელი მეკობრეებივით დაატყვევა გავლენიანი ებრაელი ბიზნესმენები.
არჩილ კაიკაციშვილი