
რამდენიმე დღეში სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო სურსათის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს დაიწყებს. საწყის ეტაპზე სააგენტო ხორც-პროდუქტებისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შეამოწმებს. სააგენტოს უფროსის დავით კობერიძის განმარტებით, 2011 წლის განმავლობაში 200 კომპანია შემოწმდება. "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები პარასკევს სასტუმროში "შერატონ მეტეხი პალასში" შეკრებილ ბიზნესმენებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა გააცნეს.
"2011 წლის 3 იანვრიდან ძალაში შევიდა სახელმწიფო კონტროლი სურსათის მწარმოებელი კომპანიებისათვის, რაც იმას ნიშნავს რომ მაღალი რისკის საწარმოები ინსპექტირებას დაექვემდებარებიან. შესაბამისად ვცდილობთ, რომ ჩვენი საქმიანობა ბიზნესთან მიმართებაში პარტნიორულ საფუძვლებზე იყოს დამყარებული. სააგენტო გეგმიურ ინსპექტირებას იანვრის ბოლოდან დაიწყებს",- აცხადებს დავით კობერიძე.
მისივე განმარტებით, 2010 წელს სამსახურის მიერ 51 ექსპორტიორი კომპანია შემოწმდა, ხოლო 2011 წელს 200 სურსათის მწარმოებელი კომპანია შემოწმდება.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ამბობს, რომ სურსათის მწარმოებელ კომპანიებს საწარმოს კანონით გაწერილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ერთი წელი აქვთ.
ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე კი ადგილობრივ ბაზარზე უხარისხო პროდუქციის არსებობაზე აკეტებს აქცენტს და მიიჩნევს, რომ ამ მხრივ ადგილობრივი კომპანიები კიდევ უფრო უნდა გააქტიურდნენ და ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე იმპორტს კონურენცია გაუწიონ. მისი თქმით, "არის ბიზნესი რომელსაც აღნიშნული საკითხი აწუხებს და შესაძლოა სამომავლოდ გარკვეული პრობლემებიც შექმნას. თუმცა არიან კომპანიები, რომელთათვისაც სურსათის უვნებლობის კანონის სრულფასოვანი ამოქმედება სასიკეთოც იქნება, რადგანაც ქართულ ბაზარზე ბევრი უხარისხო პროდუქცია შემოდის და ამ ფონზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი პროდუქციის დაცვა".
ცნობილი ხდება, რომ "სურსათის ეროვნულ სააგენტოს" დამოუკიდებლად, კომპანიაში შესვლისა და მონიტორინგის უფლება არ აქვს. დავით კობერიძე აცხადებს, რომ სამსახურს გეგმიური შემოწმების გარდა, არაგეგმიური შემოწმების უფლებაც აქვს, თუმცა არაგეგმიური შემოწმების განსახორციელებლად სამსახურს სასამართლოს ნებართვა ესაჭიროება.
"გეგმიურთან ერთად არსებობს ასევე არაგეგმიური ინსპექტირება, როდესაც სასამართლოს საფუძველზე საშუალება გვაქვს ესა, თუ ის საწარმო შევამოწმოთ",- აცხადებს კობერიძე.
სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის მწარმოებელ საწარმოში გამოვლენილი დარღვევის შემდეგ, საწარმოს რეკომენდაციას და პრობლემების აღმოსაფხვრელად გარკვეულ ვადას აძლევს, თუმცა თუ გაწერილ ვადაში კომპანიამ პრობლემა არ მოაგვარა, მაშინ მეწარმე ჯარიმდება.
აღსანიშნავია, რომ კანონის ყველა მუხლის ამოქმედება 2010 წლის 1 იანვრიდან იყო დაგეგმილი. ექსპერტების აზრით, ეს პროცესი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს - თავდაპირველად ექსპორტიორი ფირმებისთვის, შემდეგ მაღალი რისკის კომპანიებისთვის და შემდეგ ყველა დანარჩენისთვის. პირველ რიგში კი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ უნდა მოხდეს აღნიშნულ საწარმოთა რეგისტრაცია, რათა არსებობდეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი საწარმოა და ვინ რას აწარმოებს.
სურსათის უვნებლობის მართვის თანამედროვე სისტემების შემოღება სურსათის მწარმოებელ კომპანიებს ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტულობის ამაღლებასა და საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება.
ნინო დარბაისელი