
2011 წლიდან საჯარო სკოლების დაფინანსების მოდელი იცვლება. დაფინანსების ახალ წესს სპეციალური ფორმულით განსაზღვრავენ, რომელსაც სკოლაში მოსწავლეების რაოდენობის, სკოლის მდებარეობის, სასწავლო კურიკულუმისა და „სკოლის საჭიროებების" მიხედვით გამოითვლიან. მანამდე კი, სკოლები მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით ფინანსდებოდნენ, რამაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით ვერ გაამართლა და სკოლებს გარკვეული პრობლემებიც კი შეუქმნა. სწორედ ამიტომ, დღის წესრიგში დადგა სკოლების დაფინანსების სრულიად ახალი ფორმულის შექმნის საკითხი.
”შემუშავდა ფორმულა, რომელიც თანაბარ პირობებში აყენებს როგორც მაღალმთიან, ასევე დიდი ქალაქების სკოლებს. ხელისუფლების მიზანია, ქალაქსა თუ მაღალმთიან სოფელში ყველა ბავშვს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს”, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
ახალ ფორმულაში საბაზო დაფინანსების პრინციპები იგულისხმება. საბაზო დაფინანსება კი ნიშნავს იმას, რომ გამართულად ფუნქციონირებისთვის, ყველა სკოლამ, ვაუჩერის გარდა, სახელმწიფოსგან მოჭრილი თანხა მიიღოს და სკოლის სიდიდის მიხედვით, მისი დაფინანსება 10-დან 30 ათას ლარამდე განისაზღვოს.
ძველი მოდელით, სახელმწიფო თითოეულ მოსწავლეზე ვაუჩერების ერთსა და იმავე თანხას გამოყოფდა. ვაუჩერის თანხა (300-დან 600 ლარამდე) კი იმ სკოლებს ერიცხებოდა, რომელსაც მოსწავლე აირჩევდა. თუმცა, ზოგიერთი სკოლისთვის, განსაკუთრებით კი მცირეკონტიგენტიანი სკოლებისთვის, ვაუჩერების პარალელურად, განათლების სამინისტრო დამატებით თანხებსაც გამოყოფდა. თუმცა, სკოლებს საკუთარი ფინანსების მთლიანად დამოუკიდებლად განკარგვა არ შეეძლოთ - სამინისტროსთან უნდა შეეთანხმებინათ.
2011 წლისთვის, განათლების სამინისტრომ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის გზით, სკოლების ვაუჩერული დაფინანსება 44 მილიონი ლარით გაზარდა. მინისტრის თქმით, მათ მიერ შემუშავებული ახალი ფორმულის მიხედვით, ბიუჯეტში დანაკლისი არცერთ სკოლას აღარ ექნება.
„საქართველოში 2200-მდე სკოლაა. აქედან სკოლების 60-65%-ს დანაკლისი ჰქონდა. ამ დანაკლისს მათ სამინისტრო უნაზღაურებდა. 2010 წელს დანაკლისმა 40 მილიონი ლარი შეადგინა. ამას ვერანაირი სწორი მენეჯმენტი ვერ გამოასწორებდა. სწორედ ამიტომ შემოვიდა საბაზო დაფინანსება. დაფინანსების ახალი ფორმულა მოსწავლეთა რაოდენობაზე, ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სკოლის საჭიროებებზეა მიბმული. ძველსა და ახალ მიდგომებს შორის სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება,“ - ამბობს დიმიტრი შაშკინი და იქვე განმარტავს, რომ 2005 წელს შემუშავებული დაფინანსების პროგრამა მხოლოდ მოსწავლეთა რაოდენობასა და სოფელ-დაბა-ქალაქებზე იყო გათვლილი, რაც სკოლების ბიუჯეტს დიდ პრობლემებს უქმნიდა, რადგან სკოლების ნაწილი საკუთარი ფინანსების ათვისებას ვერ ახერხებდა, ნაწილს კი ბიუჯეტი არ ჰყოფნიდა. ახლად შემუშავებული სისტემის მეშვეობით კი ყველა სკოლას გაუჩნდება გარკვეული სახსრები იმისთვის, რომ განავითაროს სკოლის ინფრასტრუქტურა. ეს გახდის სკოლას უფრო დამოუკიდებელს და ხელს შეუწყობს სკოლების დეცენტრალიზაციას.
მინისტრის განცხადებით, ახალი ფორმულის შემუშავებაზე თითქმის ერთი წლის განმავლობაში აშშ-ის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით სამინისტროს ექსპერტები უცხოელ სპეციალისტებთან ერთად მუშაობდნენ. კონსულტაციები ჩატარდა ფინანსთა სამინისტროს ექსპერტებთან და საბოლოოდ, საქართველოს მთავრობამ საბაზო დაფინანსების ცნების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.