
ნოემბერში, საქართველოში კომუნალური ადმინიტრირების მსოფლიოში უნიკალური სისტემა დაინერგა. თურმე წყალს თუ არ გადაიხდი ელექტროენერგია უნდა გაგეთიშოს. აი, ჭკვიანი მთავრობა როგორ ზრუნავს თავის ხალხზე, აღარ მოგიწევს ყველა კომუნალურის გადახდაზე ცალ-ცალკე ფიქრი, ადგები და ერთიანად გადაიხი, ან ვერ გადაიხდი და 21 საუკუნეში, იჯექი უშუქობაში.
კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების სისტემით დაფარვა თბილისის მოსახლეობას 2011 წლის პირველივე თვიდან უწევს. თუმცა, კონკრეტული თარიღი ამ დრომდე არ დასახელებულა. “თელასში” აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს კომუნალური მომსახურების სხვა კომპანიებთან, რომელიც უახლოეს ხანებში დასრულდება და ამის შემდეგ თარიღიც გამოცხადდება.
ერთიანი ქვითრის ამოქმედება თებერვლიდან მოხდება. გაზის, ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების ერთიანი ქვითრით გადახდის ადმინისტრირება პარლამენტმა გასული წლის ბოლოს დააკანონა.
"ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” მხარდასაჭერად იქნა მიღებული, ალბათ არავის აქვს იმის ილუზია, რომ მერიის დასუფთავების სამსახური აქ რაიმესთან კავშირშია, რადგან იგი სახელმწიფო კომპანიაა და დამერწმუნეთ, მთავრობას ის უფრო აწყობს, რომ მოსახლეობას ნაგვის გადასახადის დავალიანება ჰქონდეს დაგროვილი, ვიდრე მას ყველა პირნათლად იხდიდეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ გავიხსენებთ ბოლო რამდენიმე არჩევნებს, ეს განსაკუთრებით არსებულ ხელისუფლებას ეხება, ყოველი არჩევნების წინა პერიოდში ხდებოდა მოსახლეობისთვის ნაგვის დავალიანების ჩამოწერა, რითაც სახელისუფლებო გუნდი საკმაოდ ბევრი პლიუსის ჩაწერას ახდენდა თავის აქტივში, წინასაარჩევნოდ.
რაც შეეხება ”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს”, ჩემთვის სრულიად გაუგებარია კერძო კომპანიას რატომ ეხმარება მთავრობა საკანონმდებლო დონეზე, რატომ ზრუნავს მთელი პარლამენტი, ენერგეტიკის სამინისტრო და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ამ კომპანიის შემოსავლის ზრდაზე? ის ხომ პრივატიზებულია დაე, ფირმის ხელმძღვანელობამ თავად იზრუნოს მოსახლეობიდან დავალიანების ამოღების გზის ძიებაზე. მოსახლეობის რა ბრალია, თუ კომპანიას არ უნდა წარმოებაში ინვესტიციის ჩდება, რათა მოხდეს გამრიცხველიანება, რომელიც საშუალებას მისცემს ”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს” ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად მიუდგეს. იმის გამო, რომ კომპანიას ფულის დახარჯვა არ უნდა მომხმარებელს სხვა პროდუქტის მოხმარებას უზღუდავენ.
ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება ანგრევს ყოველგვარ ლიბერალურ თუ ლიბერტარიანულ ეკონომიკურ მიდგომებს, რომლებითაც ასე ამაყობენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ავიღოთ ოთხი სხვადასხვა სფერო - წყალი, დენი, გაზი, ნაგავი. გვყავს ოთხი ბუნებრივი მონოპოლისტი, ახლა ხელისუფლებამ ამ ოთხი მონოპოლისტის კიდევ უფრო მონოპოლიზება მოახდინა. ამ ნაბიჯით არსებული ბუნებრივი მონოპოლისტები, ფაქტობრივად, ერთ დიდ მონოპოლიად ჩამოაყალიბეს”, - განაცხადა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა.
ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ეს გადაწყვეტილება არღვევს მომხმარებელსა და კომპანიას შორის არსებულ ხელშეკრულებებს. როდესაც მოქალაქეს ”თელასთან” ყველა ვალდებულება გასტუმრებული აქვს, რა უფლებით უთიშავენ დენს იმის, გამო, რომ სხვა, სრულიად უცხო კომპანიასთან მომხმარებელმა დავალიანება არ გადაიხადა? ამ პრინციპით თუ ვიმოქმედებთ, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, პარლამენტმა შემოგვთავაზოს შემდგები სახის კანონები - არ გადაიხდი ინტერნეტს, გაგეთიშება ელექტროენერგია, დააგვიანებ საბანკო კრედიტის გადახდას, კვლავ უშუქობა გემუქრება. ეს ბოლო იდეა ბანკებს განსაკუთრებით მოეწონებათ, ამის მეშვეობით, ხომ ისინი უფრო მარტივად ამოიღებენ უიმედო სესხებს.