წლის ადამიანად მე მაინც მიხეილ სააკაშვილი მიმაჩნია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : წლის ადამიანად მე მაინც მიხეილ სააკაშვილი მიმაჩნია
ნანახია: 509

წლის ადამიანად მე მაინც მიხეილ სააკაშვილი მიმაჩნიაბურჯანაძე-გაჩეჩილაძის სკანდალმა აჩვენა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, აღარ არსებობს

ინტერვიუ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან

- ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით 2010 წელს, რა ფაქტებსა და მოვლენებს გამოყოფდით?
- მოდი, ზურაბ, ჯერ შევთანხმდეთ, რომ ამჯერად ვისაუბრებთ ამ წელიწადზე საქართველოსთან მიმართებაში. მსოფლიოს მასშტაბით მომხდარ უმნიშვნელოვანეს ძვრებს, თუ გნებავთ, შევეხოთ, მაგრამ ვეჭვობ, ერთი ინტერვიუს ფარგლებში ეს შევძლოთ
- კი, ბატონო! თუმცა, დამეთანხმებით, ძნელია ეს ორი თემა გამიჯნო. დღევანდელ, ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში გლობალიზაციამ უკვე თქვა საკმაოდ წონადი თავისი სიტყვა, როგორც კატაკლიზმებისა და კატასტროფების გენერირების, ისე პროგრესის და ჰუმანიზმის საყოველთაობის დამკვიდრების თვალსაზრისით
- ჩემი აზრით, როგორც გლობალიზაცია, ისე კერძოდ, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ცალკეული გარეგნული და ზედაპირული ატრიბუტების გარდა არაფრით შეხებია საქართველოს. მე ხაზგასმით შევნიშნავ, რომ თავისუფალი და ხელისუფლების წნეხისაგან გათავისუფლებული ბიზნესის, თავისუფალი და ფინანსურად თვითკმარი მედიის, კონკურენტული გარემოს, მათ შორის, სარეკლამო ბაზარზე, თავისუფალი სასამართლოს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარეშე საქართველო ვერ გასცდება ავღანეთი-პაკისტანი-უზბეკეთი-ყაზახეთი-ბირმა-მიანმარი-კამბოჯა-სიერალეონე-ბელარუსი-რუსეთის ჩაკეტილ წრეს. რომელ ევროპულ მიმართულებაზე ლაღობენ ჩვენი კარგად დაგრანტული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაერთიანებების თუ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, როცა ზოგიერთ გაზეთთან, ტელეკომპანიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან მიმართებაში ზოგიერთი სახელმწიფო უწყება, მათი წარმომადგენლები, ფონდების ხელმძღვანელები, გაერთიანებები კულუარებშიც და ოფიციალურ შეკრებებზეც მოუწოდებენ ცალკეულ პირებს თუ ქვემდებარე სტრუქტურებს, რომ არ დააფინანსონ ხელისუფლების საქმიანობისადმი თუნდაც სამართლიანად, მაგრამ კრიტიკულად განწყობილი ეს სტრუქტურები თუ ორგანიზაციები. მე კონკრეტულად მაქვს უამრავი ფაქტი ასეთი განცხადებების შესახებ, მაგრამ ამჯერად მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ, და როგორც ერთი მოქალაქე ამ ქვეყნის, მივმართავ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს, ბატონ გიგა ბოკერიას, რომლის მსოფლმხედველობრივ პრინციპებსაც ასეთი რეალობა არ შეესაბამება, აღმოფხვრას ეს მავნე და ქვეყნისთვის უაღრესად საზიანო პრაქტიკა. სხვა შემთხვევაში, სულ ამერიკის ელჩის, ბატონ ბასის პრობლემა იქნება ჩვენი დემოკრატიის 103-ე ადგილი დემოკრატიის ავტორიტეტულ რეიტინგში. აი, ასეთი ვითარებაა გასული წლის მთავარი შედეგი საქართველოსთვის, იმის საფუძველი, რომ ბატონი ობამა დიდი ხნის განმავლობაში არ ხვდებოდა ჩვენს პრეზიდენტს.
- იქნებ ეს მხოლოდ შემთხვევითობა იყო. მიხეილ სააკაშვილმა წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა როგორც ავტორიტეტი საერთაშორისო არენაზე, ისე გაიმყარა პოზიციები ქვეყნის შიგნით.
- ფაქტია, რომ ასეა. მაგრამ, მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს მოხდა საკმაოდ პრობლემური ადგილობრივი თვითმმართველობისა და თბილისის მერის არჩევნების შემდეგ, რომელიც სამმა ყველაზე ავტორიტეტულმა პროფილურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" და "სამართლიანმა არჩევნებმა" არასამართლიან გარემოში ჩატარებულად მიიჩნიეს და ეს შეფასება მათი ხელმძღვანელი მშვენიერი ქალბატონებისგან მე პირადად მოვისმინე ტელეეთერში, ეს მოხდა ქართული ოპოზიციის სრული დეზორგანიზაციის და დეზორიენტაციის ფონზე და ფაქტობრივი ეკონომიკური კრიზისის პირობებში.
- რახან პრეზიდენტზე ჩამოვარდა საუბარი, ახლა წლის ბოლოა და ყველა მედია-საშუალება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს წლის ადამიანის და წლის ადამიანების საკუთარ ვერსიას. თქვენ ვინ მიგაჩნიათ 2010 წლის ადამიანად?
- წლის ადამიანად მე მაინც მიხეილ სააკაშვილი მიმაჩნია. მე ასე მესმის წლის ადამიანის დასახელების რაობა - ამ პიროვნებას საქართველოში და საქართველოსთან დაკავშირებულ მოვლენებში უნდა ჰქონდეს შესრულებული განსაკუთრებული როლი, არ არის აუცილებელი, რომ ეს როლი იყოს ყოველთვის დადებითი. ჩემი აზრით, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა შეასრულა ყველაზე დიდი როლი ქვეყნის ცხოვრებაში. მან სრულად გამოიყენა სახელისუფლო რესურსი და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, შექმნა ისეთი ვითარება ქვეყანაში, როგორიც მას სურდა. დაასუსტა და, როგორც მას უყვარს თქმა, გააფარჩაკა ოპოზიცია, ზოგი, შესაძლოა მოისყიდა, ზოგი გადაიბირა, ზოგი გააძევა არენიდან, შექმნა საქართველოსა და უცხოეთში, მის საკმაოდ მოზრდილ ნაწილში განწყობა, რომ საქართველოში შედეგიანი რეფორმები ხორციელდება, რომ ქართული გამოცდილება ღირებულია, რომ რუსეთისთვისაც კი, რომ არაფერი ვთქვათ, ჯერ უკრაინაზე, ხოლო შემდეგ ბელარუსზე, ჩვენ სამაგალითო ქვეყანა ვართ. მან თავს მოახვია ოპოზიციას თამაშის თავისი წესები და ოპონენტები სტატისტებად აქცია. ერთ-ერთ ჩემს ადრინდელ ინტერვიუში ამ პროცესს მე `სააკაშვილი ტრიუმფი~ ვუწოდე.
მე გავეცანი რამდენიმე რეიტინგს. `კვირის პალიტრის~ მკითხველები უწმიდესსა და უნეტარესს მიიჩნევენ წლის ადამიანად, ჟურნალ `ტაბულის~ მკითხველები - კახა ბენდუქიძეს. ვერაფერს იტყვი - კაცია და გუნება. უწმიდესი და უნეტარესი, რა თქმა უნდა, ერის აღიარებული სულიერი მამა და ლიდერია, მისმა ძალისხმევამ კიდევ ერთი უმძიმესი წელი გადაატანინა საქართველოს, მაგრამ ის ღირებულებები, რომელთაც მართლმადიდებლური ეკლესია ამკვიდრებს და მიესწრაფვის, სამწუხაროდ, ვერ დომინირებს საზოგადოებაში. პირიქით, მასთან დაპირისპირებული ძალები ხშირად უსაფუძვლოდ, ზოგჯერ სამართლიანად აკრიტიკებენ ჩვენს დედა-ეკლესიას. რაც შეეხება კახა ბენდუქიძის პირველობას, `ტაბულის~ მკითხველს მისი არა მარტო სწამს, არამედ სჯერა კიდეც. არც მთლად უსაფოძვლოდ. ბატონი ბენდუქიძე ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი იდეოლოგია, ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ავტორი, ისაა პრემიერიც, ფინანსთა მინისტრიც, ეკონომიკის მინისტრიც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც, განსაკუთრებით ბოლო დროს, როცა მისი გავლენით პრეზიდენტმა წარუმატებლობების მიზეზად გატარებული რეფორმების ბოლომდე მიუყვანლობა და ნაკლები რადიკალიზმი დაასახელა. ბენდუქიძე მას არწმუნებდა, ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპით შუაევროპულ დონეს საქართველო 30-40 წლის შემდეგ თუ მიაღწევს. ამიტომ, აუცილებელია ქვეყნის სინგაპურიზაცია, ოფშორიზაცია, თუნდაც სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი დათმობის და დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლის გზით, რაშიც, სავარაუდოდ, იგულისხმებოდა, ქართველების ეროვნულ უმცირესობად გადაქცევა თავისივე სამშობლოში. კახა ბენდუქიძეა პერსპექტივის მქონე უნივერსიტეტის მეპატრონე, რომლის კადრებსაც მწვანე შუქი აქვთ როგორც სახელმწიფო დაწესებულებებში, ისე სახელისუფლო კლანების კუთვნილ კომპანიებში, კახა ბენდუქიძე პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს მედიის მნიშვნელოვან სეგმენტს, როგორც ელექტრონულ, ისე ბეჭდურ მედიაში. ასე რომ, ამ ორივე ვერსიას თავისი საფუძველი აქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი გავლენა საქართველოს ბედზე და მის გარშემო ორომტრიალზე მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა. ამიტომ, ის წლის ადამიანია.


ბურჯანაძე-გაჩეჩილაძის დაპირისპირებამ ცხადყო, რომ არამარტო ოპოზიციაა გაფარჩაკებული. საქართველო, როგორც სახელმწიფო, აღარ არსებობს

- სხვა მნიშვნელოვან მოვლენათაგან რას გამოყოფდით?
- ზურაბ, ნუ მაიძულებ გავაკეთო ის, რაც არ მიმაჩნია სწორად, მოვლენების კლასიფიკაცია და დალაგება მნიშვნელობის მიხედვით უმადური საქმეა. ის, რაც დღეს გვეჩვენება მნიშვნელოვნად, გარკვეული დროის შემდეგ, როგორც დიდი გერმანელი ფილოსოფოსი, ჰეგელი იტყოდა, `ერთგვარი ისტორიული სიშორიდან, შეიძლება სრულიად უმნიშვნელო რამ აღმოჩნდეს~. მაგრამ გვერდს ვერ ავუვლი ნინო ბურჯანაძისა და ლევან გაჩეჩილაძის დაპირისპირებას. ამ ფაქტმა, მისმა პერიპეტიებმა, ცხადყო, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, აღარ არსებობს. როცა სერიოზული პიროვნება, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სასაზღვრო ჯარების სარდალი, პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული ადამიანი და თუ არ ვცდები, მისი ნათესავიც კი, სოფელ ცხრუკვეთიდან, სადაც ბატონი პრეზიდენტი თავისი ბებიის სოფელში ხშირად ჩადიოდა, აცხადებს, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ქალბატონ ნინო ბურჯანაძის, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებული მომავალი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და თბილისში გამარჯვებული საპრეზიდენტო კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის თანდასწრებით, აგრეთვე, სხვა პირების მონაწილეობით, საუბარი იყო ვაჭრობასა და გარიგებაზე, სხვა დროს ოპერირებაზე მილიონებით და ჩანაწერზე, სადაც ბატონ ბადრი ბიწაძის განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს თავისი მოთხოვნები ჩამოუწერა, ყოველივე ამის შემდეგ კი დღემდე არ არის აღძრული საქმე ამ ფაქტთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ აქ სახელმწიფო აღარ არსებობს, არცერთი ინსტიტუცია არ ფუნქციონირებს, ეს უდავოა. მიუხედავად ამისა, მე, ამ ქვეყნის ერთი, რიგითი მოქალაქე, მოვითხოვ:


დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტის მონაწილეთა მიმართ
სხვა შემთხვევაში, ხალხს კიდევ უფრო გაუმყარდება რწმენა, რომ ქართულმა სახელმწიფომ არამარტო ტერიტორიები დაკარგა, არამედ მოიშალა სახელმწიფო ხელისუფლების სისტემა და ყველაფერი ტაკიმასხრობად იქცა.
ამ ბოლო დროს სიტყვიერი ბატალიებიდან ამოვარდა ჩანაწერი, სადაც ბატონ ბადრი ბიწაძის თქმით, ლევან გაჩეჩლაძემ მოთხოვნები ჩამოუწერა მიხეილ სააკაშვილს: 5 მილიონი, 10-12 მილიონი საადგილმამულო ბანკისთვის, პრემიერ-მინისტრობა და პარაშუტი. სად გაქრა ეს ჩანაწერი? შეეშვით კალამბურებით ლაპარაკს! თუ იყო ჩანაწერი, იყო. თუ არ იყო, არ იყო. ამას მე, თქვენ, ზურაბ და თქვენი მკითხველი როგორ გავარკვევთ? აქ "შპილკაობით" ფონს ვერავინ გავა. ვერც ხელისუფლების და ვერც ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი რომ მილიონებს ეთამაშებიან, საქართველოს მოსახლეობის 80% საარსებო მინიმუმუსთვის იბრძვის და ნაგვის ურნებში იქექება. ხალხი, ამის შემყურე იქცა ბრბოდ, `ოხლოსად~, მასად, საზოგადოება აღარ არსებობს. რომ არსებულიყო, ის ამ ტრაგიკომედიის მონაწილეებს პასუხს მოსთხოვდა. აქვე მინდა შევნიშნო, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, რომ იმის თქმა, რაც ბადრი ბიწაძემ თქვა დიდ მოქალაქეობრივ სიმამაცეს მოითხოვდა, ხოლო "ასავალ-დასავალის" იქედნურად მოხსენიება საკუთარი უმწეობის დემონსტრირებაა. იქნებ იმათ, ვინც ამ გაზეთს აბაიბურებს რამდენიმე, ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი გაზეთი და ვებ-გვერდი დაასახელონ, ტელევიზიებზე აღარაფერს ვამბობ. მათი რიცხვი ერთ ათეულს არ ასცდება. ასე რომ, თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამ ქვეყანაში არსებობს მართლმსაჯულება და შანსი, რომ ქართული დემოკრატია შედგება, დაიწყეთ ამ ფაქტის გამოძიება, რომელშიც ფიგურირებს ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტის უმაღლესი ეშელონი.


ბოლშევიკი კომისრებიდან ნაციონალურ კომისრებამდე
სერიოჟა ქავთარაძიდან და მალაქია ტოროშელიძიდან სანდრო კვიტაშვილამდე
ამ წელს საბოლოოდ დასრულდა უნივერსიტეტის ავტონომია საქართველოში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტზე მოგახსენებთ. ქართული ეროვნული უმაღლესი სკოლის ფლაგმანი ამ თავლსაზრისითაც სამაგალითოა ყველა სხვა უნივერსიტეტისთვის. ბევრ უბირს და უნიადაგო ფანტაზიორს ვერ გაუგია, რომ საქართველოში "ყველაზე მაგარი" უნივერსიტეტი თსუ უნდა იყოს. სწორედ აქ, უპირველეს ეროვნულ და სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნდა ამზადებდნენ ევროპული დონის პროფესიონალ კადრებს, აქ უნდა იყოს შესაბამისი ევროპული ქარტიის დონის ავტონომია და ადმინისტრაციისგან და მთავრობისგან დამოუკიდებელი სტუდენტური თვითმმართველობა.
რეალურად კი რა ხდება? ჩატარდა ფარსი, რომლის შედეგადაც თსუ-ს რექტორი გახდა შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ყოფილი მინისტრი სანდრო კვიტაშვილი. თავისთავად სანდრო კვიტაშვილი კარგი პიროვნებაა, მშვენივრად მსჯელობს სხვადასხვა საკითხზე და აშკარად კომუნიკაბელური ადამიანიცაა, მაგრამ რა დამსახურებების გამო აირჩიეს ის თსუ-ს რექტორად, აბსოლუტურად გაუგებარია. მენეჯერია კარგი? განა ჯანდაცვის სამინისტროს რაიმე წარმატება ჰქონდა მისი მინისტრობის დროს? განა ჯანდაცვის სისტემის ნგრევა შეჩერდა, განა ამ სფეროში რეფორმამ შვება მოჰგვარა საქართველოს მოსახლეობას, უმუშევრობა შემცირდა ქვეყანა, პენსია გაუტოლდა საარსებო მინიმუმს და ამისთვის იბრძოლა მინისტრმა კვიტაშვილმა? ახლა უნივერსიტეტს რას უპირებს?
- თქვენ მიიჩნევთ, რომ რექტორის არჩევნები თსუ-ში არადემოკრატიული იყო?
- ბატონო ზურაბ, თქვენ მალე პოლიტოლოგიის დოქტორი გახდებით, ჩახედეთ ნებისმიერ სახელმძღვანელოს, მერე მიადევნეთ თვალი რექტორის არჩევის სისტემას თსუ-ში. სად არის იქ დემოკრატია? რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს. აკადემიურ საბჭოს როგორ ირჩევენ, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ამის თაობაზე? მოკლედ, ამ თემაზე საუბარიც კი არ ღირს. ეროვნული მოძრაობის საწყის ეტაპზე, როცა მიმდინარეობდა ბრძოლა უნივერსიტეტების ავტონომიისთვის, ვინმესთვის რომ გეთქვა, რექტორს დღეს თუ ცეკა ნიშნავს, მომავალში განათლების მინისტრი შაშკინი დანიშნავსო პირველთან შეთანხმებით, სიცილით ჩაბჟირდებოდნენ ეროვნული მოძრაობის მაშინდელი ლიდერები. მივიღეთ თუ არა ისლამ კარიმოვის უზბეკეთი და ლუკაშენკოს ბელარუსი? იტრაბახეთ ახლა ვარდების რევოლუციისგან აღმართული მოციმციმე დემოკრატიის შუქურით. სერიოჟა ქავთარაძეს და მალაქია ტოროშელიძეს, ბოლშევიკ კომისრებს, ზუსტად ისევე უნიშნავდნენ რექტორად უნივერსიტეტს, როგორც სანდრო კვიტაშვილი დაუნიშნეს.


მანდატურები დირექტორებად ანუ პოლიცია სკოლაში
- კიდევ რა სანიშანსვეტო მოვლენას გამოყოფდით?
- მე განზრახ ავუარე გვერდი ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს, რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და მთელი ქვეყნისთვის. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ამ სფეროებში ცოტაა შედეგი და ბევრი მიმართულებითაა კატასტროფული მდგომარეობა.


ბიუჯეტის 5%-ი ევრობონდების ნახევარმილიარდიანი ვალის დაფარვას მოხმარდება ყოველწლიურად
იქნებ, უფლებამოსილმა პირებმა აუხსნან ხალხს, რაში დაიხარჯა ეს საკმაოდ ძვირი, 7,5%-იანი სესხი, რა სიკეთე მოუტანა ქვეყანას, ბიუჯეტს, თითოეულ ქართველს, ან მოუტონს მომავალში. ვინმემ ჰკითხა საქართველოს მოსახლეობას ამ სესხს, რომ იღებდნენ, ახლა ამ გასაცოდავებულ, შიმშილის ზღვარზე მყოფ 75%-ს ბოლო ლარებს რომ აცლიან ჯიბიდან? ამ თემებს ჩაღრმავებული და ვრცელი საუბარი სჭირდება.


უკეთესის მოფიქრებაც შეიძლებოდა - ფსიქოლოგიური ტესტირების შემდეგ კრიმინალისკენ მიდრეკილი მოზარდების იზოლირება სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში
ეს ჩვენს ბიუჯეტს გაცილებით იაფი დაუჯდებოდა, ვიდრე მოთვალთვალე კამერების დაყენება სკოლებში და მეთვალყურე მანდატურები ჯერ საფრთხობელებად, ხოლო შემდეგ დირექტორებად. სხვათაშორის, ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად, ტოტალიტალურ რეჟიმებს წარსულში უკეთესი მეთოდებიც გამოუყენებიათ. ჰიტლერი, კასტრო და კადაფი ასოციალურ ადამიანებს გემზე შეყრიდნენ ხოლმე, გაიყვანდნენ ღია ზღვაში და გემიანად ძირავდნენ.
ჩვენ დემოკრატია გვინდა და განა ისეთ საკმაოდ ნიჭიერ მოღვაწეებს ვამბობ ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე, როგორებიც არიან ვანო მერაბიშვილი, ზურა ადეიშვილი, გიგა ბოკერია, დიმიტრი შაშკინი, განა მათ დემოკრატიული და ცივილიზებული პრინციპებით სკოლაში და საზოგადოებაში წესრიგის დამყარება არ შეუძლიათ? მე ეს არ მჯერა. მანდატური სკოლაში, ეს რაღაც შუალედურია ტოტალიტალური და ფუნდამენტალისტური პრინციპების ერთგული ქვეყნების პრაქტიკიდან.


ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!
- და მაინც რა იყო წელს მთავარი?

- ლოპე დე ვეგას დავესესხები. მთავარია, რომ ჩვენ ვცოცხლობთ, ჩვენ ვიბრძვით. ჩვენ, სამწუხაროდ, აღარ გვაქვს ეფექტიანად ფუნქციონირებადი სახელმწიფო, აღარ გვყავს ოპოზიცია, ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია და `სახალხო წარმომადგენლობითი კრების~ იდეა დისკრედიტებულია, თუმცა საქართველოს ჰყავს პატრიარქი და ნონა გაფრინდაშვილი და ვიდრე ისინი ჰყავს, გქონდეთ იმედი, რომ საქართველო იქნება დემოკრატიული და აყვავებული ქვეყანა, საქართველოს ჰყავს პაატა ბურჭულაძე, საქართველოს აღარ ჰყავს მოწვეული ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელები, რომლებსაც მილიონებს უხდიდნენ და მერე ატკატებს იბრუნებდნენ, მაგრამ ჰყავს თემურ ქეცბაია და კიდევ მრავალი, და ვიდრე ისინი ჰყავს, საქართველო შედგება, როგორც ძლიერი, ღირსეული სახელმწიფო, ვინც ამ გზით, ამ ადამიანების გზით და ჩვენი წინაპრების გზით ივლის, ჩვენი ლიდერებიც ისინი იქნებიან, გნებავთ მიხეილ სააკაშვილი იყოს იგი, და გნებავთ კახა შარტავა, გნებავთ ვინმე სხვა.
ოღონდ ერის ნებითა და თანხმობით.
- გმადლობთ.

ესაუბრა ზურაბ კუკულაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48