ნანახია: 594
ვეხმაურებით სტატიას "სავაჭრო–სამრეწველო პალატა სამშენებლო კომპანიად იქცა", რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ "ბანკები და ფინანსებში". ზემოთხსენებულ სტატიაში, თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ალექსანდრე გორგიჯანიძე აცხადებს, რომ საინვესტიციო კომპანიის 50% დაბლოკილია საქართველოს სამრეწველო პალატის მიერ და მიუთითებს მოსამართლის უყურადღებობაზე, ეს მტკნარი სიცრუეა. მოგახსენებთ სიმართლეს, საინვესტიციო კომპანიაში ალექსანდრე გორგიჯანიძის 50% დაყადაღებულია მისი მეუღლის, მზია დანელიას, მიერ სასამართლოში შეტანილი განცხადების საფუძველზე, ალექსანდრე გორგიჯანიძესა და მზია დანელიას თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის გამო. მოსამართლემ სამართლებრივად მოახდინა წილის დაყადაღება. როგორც ჩანს, აღნიშნული სტატიით ალექსანდრე გორგიჯანიძე ცდილობს მოსამართლეზე ზეწოლა მოახდინოს, როგორც ეს შესძლო დიდუბე–ჩუღურეთის პროკურატურაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რაც მის მიერ ოჯახიდან ფარულად გატანილი ნივთების ქურდობის ფაქტზე იყო აღძრული და პროკურორ ბაქარ ბეჟუაშვილის მიერ შეწყვეტილი. ამას ახორციელებს მის უკან მდგარი წრე, რომლებსაც წარმოადგენენ ფინანსთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე გოგა კერვალიშვილი, მისი მეუღლე ლანა მეზვრიშვილი, მისი სიდედრი ლიანა ქობულაძე და ორი პროკურორი ბაქარ ბეჟუაშვილი და სალომე ჯანუაშვილი, რომლებიც ეხმარებიან მას დანაშაულებრივ მოქმედებაში (ფინანსური და პირადული დაინტერესების გამო) და მუქარის მეშვეობით ხელს უშლიან ოჯახს ორი მცირეწლოვანი ტყუპი ბავშვის მოვლა–პატრონობაში. ზემოთხსენებულ პირებზე შეტანილი საჩივარი გენერალური პროკურატურის მიერ დაბრუნებული იქნა დიდუბე–ჩუღურეთის პროკურატურაში, სადაც კვლავ ბეჟუაშვილმა უარი განაცხადა საჩივრის შესწავლაზე. გოგა კერვალიშვილის სიდედრმა, ლიკა ქობულაძემ, ალექსანდრე გორგიჯანიძის ნდობა მოიპოვა, თავის სახელზე გადააფორმებინა ოჯახის ავტომანქანა, იმისათვის რომ გორგიჯანიძის შვილის მიერ ნაყიდი მანქანა გადაფორმდეს მის შვილზე , მზია დანელიას სძალავს თანხას ყველა მეთოდებით. სტატიაში გორგიჯანიძე არეულად აყალიბებს თბილისის სავაჭრო–სამრეწველო პალატის, საინვესტიციო კომპანიისა და საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის ურთიერთობებს, საუბრობს სასტუმროების მშენებლობის მოცულობებზე და შესაძლებლობებზე, სტატიის შინაარსი კი საერთოდ გაურკვეველია. ალექსანდრე გორგიჯანიძე, როგორც ჩანს, ასრულებს ზემოაღნიშნული პირების დაკვეთას სამომავლოდ დიდი შემოსავლის მიღების მიზნით, აქ ხომ 20 მილიონზეა საუბარი, ალბათ, გოგა კერვალიშვილისთვის უმჯობესია ალექსანდრე გორგიჯანიძეზე ამოფარებით მიიღოს თავისი პირადი ინტერესი, ანუ მას არა ხალხი აინტერესებს, არამედ პირადი კეთილდღეობა. საკითხის განსჯა მიმინდია საზოგადოებისთვის.
პატივისცემით მზია დანელია
რედ. ჩვენ უცვლელად შემოგთავაზეთ მოქალაქე მზია დანელიას გამოხმაურება ”ბ&ფ”-ში დაბეჭდილი წერილზე. რაც შეეხება მის დასკვნას, რომ ”სტატიის შინაარსი საერთოდ გაურკვეველია”, მისთვის ასევე გაურკვეველი შეიძლება იყოს კანტის ”წმინდა გონების კრიტიკა” ან გაცილებიტ მარტივი ტექსტები. ეს უკვე ქ-ნ მზიას პრობლემაა. მის საპასუხო წერილში მოტანილია ფაქტები და შეფასებები, რომელთა უტყუარობაზე, ბუნებრივია, ”ბ&ფ” არ არის პასუხისმგებელი. ჩვენ სიამოვნებით დავბეჭდავთ თემასთან დაკავშირებით ყველა გამოხმაურებას, რასაც მკითხველი თავად განსჯის.
|