
საახალწლო სუფრა მუდამ სიუხვით, მრავალფეროვნებითა და განსაკუთრებული ელფერით გამოირჩევა. საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ახალისებს ლამაზად გაწყობილი სუფრა, სამშვენისები, გემრიელი კერძები, ტკბილეული და სადღესასწაულო სასმელები. ქართული სუფრა მუდამ სიუხვით, მრავალფეროვნებით და ტრადიციით სავსე სუფრაა, ამისთვის კი ადამიანები ხშირად უკანასკნელ კაპიკებსაც კი ხარჯავენ.
ახალი წელი საქართველოში ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ყველა ოჯახი, თავისი სოციალური სტატუსის მიუხედავად, ცდილობს დღესასწაულს კარგად შეხვდეს და ამისათვის ბევრი უკანასკნელ დანაზოგსაც არ იშურებს. ამ ძირძველ ქართულ ტრადიციაზე ადეკვატურად რეაგირებს სამომხმარებლო ბაზარი, რომელიც ახალი წლის დადგომამდე ერთი კვირით ადრე მნიშვნელოვნად ძვირდება.
ახალი წლისთვის პროდუქტზე ფასი ერთი ორად იმატებს, ფასების მატება კი 20 დეკემბრიდან იწყება და აქიდან გამომდინარე კარგი სუფრის მომზადება ცოტა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ წელს სიძვირე არც თუ ისე თვალშისაცემია, ვინაიდან მთელი წლის განმავლობაში იმდენჯერ მოიმატა პროდუქტზე ფასებმა, რომ უფრო მეტად გაძვირება უხერხულიც იქნებოდა.
საახალწლო სუფრა ტრადიციული საცივით და გოზინაყით, აგრეთვე სამარხო საჭმელებით სავსე სუფრა უნდა იყოს, ვინაიდან საერო ახალი წელი მარხვას ემთხვევა.G
გარდა ამისა, 2011 წელი ჰოროსკოპის მიხედვით კატა, კურდღელის წელიწადად ითვლება და კარგი იქნება თუ თქვენს სუფრაზე პრიორიტეტი მიეცემა რძის პროდუქტებს, ხორცეულ ნაწარმს, ძეხვეულს, იკრძალება კურდღლის ხორცის გამოყენება, კარგია საახალწლო სუფრაზე თუ იქნება ბოსტნეული და მწვანილიც.
საბოლოო ჯამში სუფრა არც მდიდრული და არც ზედმეტად ღარიბული რომ გამოგივიდეთ, საშუალოდ 350 ლარიდან 550 ლარამდე დაგიჯდებათ.
ამიტომ თუ კი კილო ინდაურის ფასი 9 ლარია და ნიგოზი 18 ლარი, თქვენ კი ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ ქათმის საცივიც არ იქნება ურიგო, რომლის ფასი 5,50 ლარია. თუ თქვენ ესეც ძვირად მოგეჩვენათ ამისთვის არის უცხოური ბარკლები რომლის ფასი 3-დან 4 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ტკბილეულს მისი ფასი საშუალოდ 10 -15 ლარია.
ვინც სამარხო კერძებით ამზადებს სუფრას მისი მომზადება არც მათთვისაა იაფი, ვინაიდან ერთი კილო თევზი საშუალოდ 8-დან 13 ლარამდე მერყეობს, აგრეთვე სუფრის აუცილებელი ატრიბუტია ყურძენი, ვაშლი, მსხალი, ჩირი, და ჩურჩხელა, მათი ფასი კი 3-დან 6 ლარამდე მერყეობს.
წინასაახალწლოდ ფასები უმნიშვნელოდ იმატებს საჩუქრებსა და სამომხმარებლო საქონლის ნაწილზე, თუმცა, ფასდაკლების სისტემის გამო, ახალი ნივთების შეძენა ძველ ფასებში მაინც შესაძლებელია. ხოლო ტანსაცმლისა და საოჯახო ტექნიკის მაღაზიები, რომელთა მომხმარებელი ამ პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება, მყიდველებს 25-30%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ. საქართველოში არსებული მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, საახალწლოდ მაღაზიები მყიდველთა ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან.
მათ, ვისაც ჯიბე აძლევს საშუალებას, ახალი წლის საღამო ოჯახის გარეთ, რესტორანში, გაატაროს, ამ ტიპის დაწესებულებები საკმაოდ მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობენ; ფასებიც, სუფრისა და პროგრამის შესაბამისად, 100-დან 600 ლარამდე მერყეობს.
ხოლო მათთვის, ვისთვისაც საახალწლო მდიდრული სუფრა და რესტორანი, სამწუხაროდ, მიუწვდომელი ფუფუნებაა ან, უბრალოდ, სურვილი აქვს 2011 წელს ქუჩაში შეხვდეს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართულ უფასო კონცერტებსა და სახალხო სეირნობებში მონაწილეობით შეუძლიათ გაიხალისონ ცხოვრება.
ირინა დეისაძე