
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველწლიურად აფასებენ ვითარებას სხვადასხვა ქვეყანაში, ცხადია, საქართველოშიც. გასულ წელს საქართველომ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში სხვადასხვა ადგილი "მოიპოვა". გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსიფრეზერის ინსტიტუტის (Fraser institute) 2010 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების მოხსენების (Economic Freedom of the World: 2010 Annual Report) მიხედვით, საქართველო, წინა წელთან შედარებით, 22 პოზიციით დაწინაურდა და 141 ქვეყანას შორის 23 ადგილზე (7,47 ქულით) იმყოფება. გასულ წელს გამოცემულ აღნიშნულ რეიტინგში, საქართველო 45-ე ადგილს (7,24 ქულით) იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს გამოცემული მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: გერმანია (24-ე ადგილი), ლიტვა (33), ბულგარეთი (36), ესპანეთი (39), ბელგია (43), სომხეთი (50), ლატვია (55), საბერძნეთი (60), იტალია (66), რუსეთი (84), აზერბაიჯანი (93) და სხვა.
რეიტინგში პირველ ადგილზე ჰონკონგი, ხოლო ბოლოზე ზიმბამბვე იმყოფება.
2010 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების მოხსენებაში, საქართველოს პოზიციის დაწინაურება განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: ქვეყანაში სახელმწიფო დანახარჯების წილის შემცირება; მდგრად ვალუტაზე ხელმისაწვდომობის ზრდა (ფულის მოცულობის ზრდა ეკონომიკაში და დაბალი ინფლაციის სტანდარტული გადახრა); საერთაშორისო ვაჭრობის ზრდა, სავაჭრო ბარიერების, ბიზნესის რეგულირების ბიუროკრატიული დანახარჯებისა და პროცედურების შემცირება, ბიზნესის დაწყების გამარტივება და სხვა.
ბიზნესის კეთების რეიტინგისაქართველომ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში `ბიზნესის კეთება 2010~, ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილი დაიკავა. თუ ჩვენ აღნიშნულ კვლევას გადავხედავთ, სტატისტიკა მართლაც ამას გვეუბნება. თუმცა სიტუაცია უფრო სერიოზულია. "ბიზნესის კეთება 2010"-ის კვლევის გაანალიზებისას, ცხადი ხდება, რომ საქართველომ დაკავებული მეთერთმეტე ადგილი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან კრიტერიუმებში წარმატების ხარჯზე მოიპოვა, ხოლო უფრო მეტად მნიშვნელოვან კრიტერიუმებში საქართველოს შედეგები არც თუ ისე სახარბიელოა.
პირველი კრიტერიუმი, რომელსაც კვლევაში ვხვდებით, ახალი ბიზნესის დასაწყებად საჭირო დროს, პროცედურებს, ხარჯებსა და მინიმალურ საწესდებო კაპიტალს შეეხება. აღნიშნული კრიტერიუმის თანახმად, საქართველოს მსოფლიოში მეხუთე ადგილი უკავია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. თუმცა, მეორე მხრივ, მეწარმედ დარეგისტრირება ავტომატურად ბიზნესის დაწყებას არ ნიშნავს. შესაძლებელია, ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები, დარეგისტრირებულნი იყვნენ მეწარმეებად, მაგრამ მათი საქმიანობა რეგისტრაციის ფურცელს არ ცდებოდეს.
კვლევაში დაფიქსირებული მეორე კრიტერიუმი სამშენებლო ნებართვების ასაღებად საჭირო პროცედურებს, დროს, ხარჯებს, შემოწმებებს და ა.შ. შეხება. საქართველოს მიერ დაკავებული ადგილი აღნიშნულ გრაფაში მეშვიდეა.
შემდეგი კრიტერიუმი სამუშაო ძალის დაქირავებას, დაქირავების სირთულეს, სამსახურიდან გაშვების სირთულესა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს შეეხება. ჩვენი ქვეყნის ადგილი ამ კრიტერიუმშიც ერთ-ერთი მოწინავეა და მეცხრე საფეხურით განისაზღვრება.
მეოთხე კრიტერიუმი საკუთრების დარეგისტრირებას - კომერციული უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს, დროსა და ხარჯებს შეეხება. აღნიშნული კრიტერიუმის თანახმად, საქართველო მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში, რაც ყველა კრიტერიუმში დაფიქსირებულ შედეგზე მაღალია.
მომდევნო კრიტერიუმი კრედიტის აღებას, უფრო ზუსტად კი კრედიტის აღების იურიდიულ მხარეებს, კრედიტის აღების შესახებ ინფორმაციის დეტალურობას შეეხება. საქართველოს პოზიცია, აღნიშნული კრიტერიუმის თანახმად, მხოლოდ ოცდამეათეა. ეს სწორედ ის კრიტერიუმია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან მიუხედავად ბიზნესუბიექტების რეგისტრაციის სიმრავლისა, მათი ფინანსური რესურსის უზრუნველყოფის გარეშე ბიზნესის განვითარებაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია.
მეექვსე კრიტერიუმი ინვესტორთა დაცვის საკითხს შეეხება და ამ მხრივ საქართველო კიდევ უფრო ცუდ, ორმოცდამეერთე პოზიციაზეა. დამაფიქრებელია აღნიშნული პოზიცია რეკლამირებული საინვესტიციო გარემოს ფონზე.
მომდევნო კრიტერიუმი გადასახადებს შეეხება. კერძოდ, საუბარია გადასახადების რაოდენობაზე, გადასახადების გადახდა-დაბრუნებისთვის საჭირო დროზე. საქართველოს მდგომარეობა ამ მხრივ კიდევ უფრო მეტად გაუარესებულია და ის სამოცდამეოთხე ადგილით არის შეფასებული. გადასახადები, კრედიტის აღების სიმარტივესთან და ინვესტორთა დაცვასთან ერთად, ბიზნესის განვითარების უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია. თუმცა, როგორც ჩანს, მიუხედავად ფართოდ რეკლამირებული ლიბერალური საგადასახადო სისტემისა, ამ მხრივ პრობლემები საგრძნობია.
მერვე კრიტერიუმი საერთაშორისო ვაჭრობას, ექსპორტისა და იმპორტისათვის საჭირო დოკუმენტაციას, დროსა და ხარჯებს შეეხება და საქართველოს აქაც, არცთუ სახარბიელო, ოცდამეათე ადგილი აქვს დაკავებული. საინტერესოა, რომ საქართველოს საბაჟოს და, ზოგადად, საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია, ძირითადად, საიმპორტო საკითხებთან, სულ ცოტა ხნის წინათ საქართველოს პრეზიდენტმაც უარყოფითი შეფასება მისცა.
მომდევნო კრიტერიუმი კომერციული დავების მოსაგვარებლად საჭირო დროს, პროცედურებსა და ხარჯებს შეეხება. ამ კრიტერიუმის მიხედვით, საქართველო ორმოცდამეერთე ადგილს იკავებს.
ბოლო, მეათე კრიტერიუმი ბიზნესის დახურვასა და გაკოტრების პროცედურებს შეეხება. ამ მხრივ ჩვენი კანონმდებლობა საკმაოდ მოუქნელია და საქართველოს სახელმწიფოს შედეგიც დაფიქსირებულ მთელ ათ კრიტერიუმში ყველაზე ცუდი, ოთხმოცდამეთხუთმეტე ადგილით განისაზღვრება. ამ მხრივ, რუანდის, ირიბატის, კამბოდიასა თუ კაპე ვარდეს მსგავს ქვეყნებთან უპირატესობა საქართველოს ვერანაირ შეღავათს ვერ აძლევს.
წარმოდგენილ კვლევაში ჯამურად დაფიქსირებული მეთერთმეტე ადგილი მნიშვნელოვანია, თუმცა, აღნიშნული ადგილის განსაზღვრაში უკეთესი იყო, ბიზნესის რეგისტრაციისა თუ სამშენებლო ნებართვების სიმარტივის ნაცვლად, მნიშვნელოვანი როლი საგადასახადო სისტემის მოქნილობას, ინვესტორთა დაცვას, ან კრედიტის აღების სიმარტივეს შეესრულებინა.
ვაჭრობის სტიმულირების რეიტინგივაჭრობის სტიმულირების რეიტინგში საქართველო 37–ე ადგილზეა და რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. მისი პოზიციები ასევე ერთ–ერთი ყველაზე კარგია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის: აზერბაიჯანი რეიტინგში 77–ე ადგილზე გავიდა, სომხეთი 52–ზე. რუსეთი 114–ე აღმოჩნდა, უკრაინა 81–ე, ყაზახეთი კი 88–ე.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოხსენების თანახმად, ისევე როგორც შარშან, რეიტინგის ლიდერი სინგაპურია ინდექსით 6,06. მას ჰონკონგი, დანია და შვედეთი მოსდევს. საუკეთესო ხუთეულის ბოლო ადგილზე კი შვეიცარიაა.
ვაჭრობის სტიმულირების ინდექსი სამი სფეროს მონაცემების მიხედვით დგება. "ბაზარზე ხელმისაწვდომობის" კატეგორია აჩვენებს, რამდენად ხდება უცხოური საქონლის ბრუნვის სტიმულირება ადგილობრივ ბაზარზე. ასევე, რამდენად თავისუფალია ადგილობრივი მწარმოებლებისთვის უცხოურ ბაზრებზე გასვლა.
კვლევა ასევე ეფუძნება საზღვარზე არსებული ადმინისტრირების დონესაც – რამდენად უწყობს ხელს ამ სფეროში მოქმედი მექანიზმები საქონლის ეფექტურ გადაადგილებას.
მესამე ფაქტორი ბიზნესგარემოა, რომელიც იმპორტისა და ექსპორტის რეგულირებას განსაზღვრავს. რაც შეეხება სატრანსპორტო ინფასტრუქტურასა და ტელეკომუნიკაციებს, ექსპერტები ამ სფეროს იმის შესაფასებლად იკვლევენ, რამდენად უწყობს ეს სექტორები ხელს საქონლის მოძრაობას ქვეყნის შიგნით და მის გარეთ.
ვაჭრობის სტიმულირების რეიტინგში წელს 125 ქვეყანა მოხვდა. საქართველო, ისევე როგორც სერბეთი, ჩერნოგორია, ბოსტვანა და ისლანდია, რეიტინგში პირველად შევიდნენ.
დემოკრატიის ინდექსიბრიტანული ჟურნალის "ეკონომისტის" ანალიტიკურმა კვლევითმა კომპანიამ The Economist Intelligence Unit მსოფლიოს ქვეყნების 2010 წლის დემოკრატიის ინდექსი გამოაქვეყნა (Dემოცრაცყ Iნდეხ 2010).
გამოქვეყნებული ინდექსი ასახავს სახელმწიფოების მდგომარეობას 2010 წლის ნოემბრისთვის და მასში შესულია 167 ქვეყანა. საქართველო რეიტინში 103-ე ადგილზეა.
მსოფლიოს ქვეყნების დემოკრატიის ინდექსი განსაზღვრავს დემოკრატიის დონეს სახემწიფოშო და ეფუძნება ექსპერტული შეფასებების მეთოდოლოგიას, ასევე საზოგადოებრივი აზრის კვლევას შესაბამის ქვეყნებში. ინდექსი დემოკრატიულბის 5 საკვანძო მაჩვენებელს ეფუძნება.
მათ შორსაა საარჩევნო კოდექსი და პლურალიზმი, მთავრობის საქმიანობა, პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება.
კონკურენტუნარიანობის ინდექსისაერთაშორისო კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო 139 ქვეყანას შორის 93 ადგილზეა, ასეთია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის დასკვნა. საქართველოში ამ ინდექსის შესახებ ბევრი არაფერი იციან.
ხელისუფლება გულმოდგინედ მალავს გაცილებით საინტერესო ინდიკატორის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებულ საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ინდექსს (The Global Competitiveness Index - GCI). საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ინდექსი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პროდუქტიულად იყენებს ქვეყანა მის ხელთ არსებულ რესურსებს. GCI ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ კეთილდღეობაზე მეტყველებს, რაც ჩვენი ქვეყნის მონაცემებით არცთუ ისე სახარბიელოა. 139 ქვეყანას შორის საერთო მაჩვენებლით, ვიმყოფებით 93-ე ადგილზე, მაგრამ უფრო უარესადაა საქმე ცალკეული მიმართულებების მიხედვით.
GჩI-ის დათვლისას მონაცემები ჯგუფდება 12 ნაწილად და თითოეული ნაწილი წარმოადგენს კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვან დეტერმინანტს. კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, საქართველო კიდევ უფრო უარეს შედეგებს აჩვენებს. მაგალითად, საკუთრების დაცვლის კუთხით 139 ქვეყანას შორის ვართ 120-ე ადგილზე. ამ ფონზე, ბიზნესის დაწყების სიმარტივეს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საკუთრების დაცვის დაბალი დონე ბიზნესის დაცვის დაბალ დონეზე მეტყველებს. ეროვნული დაგროვების ინდექსით საქართველო 110 ადგილზეა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება ვერ ქმნის დანაზოგს და მთელი მისი შემოსავალი ხარჯებზე ნაწილდება, რაც ქმნის კრიზისის წინაპირობას.
კორუფციის აღქმის ინდექსი2010 წლის 26 ოქტომბერს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებული "კორუფციის აღქმის ინდექსის" (CPI) მიხედვით საქართველომ 178 ქვეყანას შორის 68-ე ადგილი დაიკავა. "კორუფციის აღქმის ინდექსი" შიდა პოლიტიკურ და საჯარო სექტორში არსებული კორუფციის საზომია. საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3.8 ქულა მიიღო. გასულ წელს, საქართველომ 4.1 ქულით 66-ე ადგილი დაიკავა. თუმცა, 2009 წელთან შედარებით საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.
სასამართლო სისტემაში რეფორმის გადაუდებელი აუცილებლობა, კერძო საკუთრების უფლების დაცვა, სახელმწიფო ხარჯების (პრეზიდენტის, თბილისის მერისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების) გამჭვირვალობის ნაკლებობა, ელიტური კორუფცია მაღალ ეშელონებში, გაურკვევლობა მედიის მფლობელობისა და დაფინანსების საკითხებში, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების საჯარო პოლიტიკის წარმოებაში ჩართულობის დაბალი დონე – ეს იმ საკითხების ნუსხაა, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემურად რჩება.
პრესის თავისუფლების რეიტინგიავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველო, პრესის თავისუფლების მხრივ, 18 საფეხურით ჩამოქვეითდა, გასულ წელთან შედარებით.
ანგარიშში "მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი 2010", სადაც 178 ქვეყანაში პრესის თავისუფლების ხარისხია შეფასებული, საქართველოს, 27 ქულით, 99-ე ადგილზე იმყოფება. გასული წლის ანგარიშში საქართველოს 81-ე ადგილი ეკავა. ახალი რეიტინგში საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები 99-100 ადგილებს იყოფენ (27-27 ქულა). იმავე რეიტინგში საქართველოს მოსდევს სომხეთი, 27,5 ქულით. რომელსაც 101-ე ადგილი უკავია.
პოსტსაბჭოთა სივრცეში პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მე-5 ადგილზეა. ერთი პოზიციით უკან დგას სომხეთი, რუსეთი კი, 15 ქვეყანას შორის, მერვე ადგილზეა. მასზე ერთი პოზიციით წინა არის უკრაინა, რომელმაც 2009 წლის შემდეგ რეიტინგი საგრძნობლად გაიუარესა. რუსეთის შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი, ბელორუსი და სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნები.
მსოფლიოს პირველი რეფორმატორიდა ბოლოს, კვლევა, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საქართველო, 174 ქვეყანას შორის, ნომერ პირველი რეფორმატორია – ასეთია მსოფლიო ბანკის კვლევის Doing bussines 2011-ის დასკვნა.
საქართველო ბიზნესის კეთების სიადვილის მხრივ, მსოფლიოში მე-12, ევროპაში – მე-5 ადგილზეა. მეზობლებს – სომხეთს, თურქეთს, რუსეთს და აზერბაიჯანს კი – საშუალოდ 61 ადგილით უსწრებს. მსოფლიო ბანკის დაკვირვებით, ძალიან ცოტაა ქვეყანა, რომელიც რეფორმირებას სტაბილურად აგრძელებს. სწორედ ამ ნიშნით გახდა საქართველო მსოფლიოს პირველი რეფორმატორი.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქონების დარეგისტრირებისა და საერთაშორისო ვაჭრობაზე ბიუროკრატიის ტვირთის ინოვაციური და ეფექტიანი შემცირების გამო, საქართველო ე.წ. გოოდ პრაცტიცე ანუ სხვა ქვეყნებისთვის სანიმუშო მაგალითია. ქვეყანამ დანერგა ცენტრალური რეგისტრაციის ელექტრონული ბაზა, რომლითაც სარგებლობა ონლაინ-რეჟიმშია შესაძლებელი და გაამარტივა საბაჟო პროცედურები. ქონების დარეგისტრირების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-2 ადგილზე და 172 ქვეყანაზე წინაა. საერთაშორისო ვაჭრობის მიხედვით კი – 35-ე ადგილზე და 139 ქვეყანაზე წინ.
საქართველო მშენებლობის ნებართვების გაცემისა და ბიზნესის დაწყების სიადვილის მიხედვით მსოფლიო ათეულში შედის; ხოლო კრედიტზე ხელმისაწვდომობისა და ინვესტორთა დაცვის მიხედვით – მსოფლიო ოცეულში.
კიდევ უფრო გასამარტივებელია გადასახადების ადმინისტრირება და ბიზნესის დახურვის პროცედურები: გადასახადების გადახდის კომპონენტის მიხედვით, საქართველო 61-ე ადგილზე და 113 ქვეყანაზე წინაა. ბიზნესის დახურვის მხრივ კი – 105-ე ადგილზე და 69 ქვეყანაზე წინ.
ნინო თამაზაშვილი