ისინი დახმარებას ბათუმში თურქეთის საკონსულოს სთხოვენ
საქართველოს პრეზიდენტამდე ამბის მისატანად ბათუმში თურქეთის კონსულს რომ მიმართეს, გონიოელები "ბათუმელებთან" ადასტურებენ, მაგრამ უარყოფენ იმას, რომ მათ თურქეთის სახელმწიფოს ყარსის ხელშეკრულების ამოქმედება სთხოვეს. აჭარის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან. თურქეთის საკონსულოში კი საქართველოს მოქალაქეების მიღებას ადასტურებენ, მაგრამ კომენტარს არ აკეთებენ. ემზარ დიასამიძე გასულ კვირას გონიოში მიწის აღიარების კომისიამ ის დოკუმენტები ცნო ბათილად, რითაც მტკიცდებოდა, რომ 270 ოჯახი ამ სოფელში მიწის მესაკუთრე იყო. ამ აქტით დასახლებაში აღარ დარჩა ოჯახი, რომელსაც მიწა საკუთრებაში ექნება. უმიწოდ დარჩენილმა გლეხებმა აქტის გამოცემამდე რამდენიმე აქცია მოაწყვეს აჭარის მთავრობის სახლის წინ.
"მთავრობისგან პასუხი ვერ მივიღეთ. ვარშალომიძიდან პასუხი რომ არ იყო, თურქეთის საკონსულოში მისვლა გადავწყვიტეთ. მერე დაინტერესდნენ ვიღაცები და დაგვიწყეს ნამუსზე აგდება, არ გრცხვენიათ, თურქეთის კონსულთან რომ მიხვედითო. მათთან ჩვენი მისვლის მიზანი ის იყო, რომ როგორმე სააკაშვილისთვის მიგვეწვდინა ხმა, თორემ ადგილობრივებს ვერ გავაგებინეთ ვერაფერი", _ ამბობს გურამ მიქელაძე.
გურამ მიქელაძე საკონსულოში გამართული შეხვედრის შესახებ გვიამბობს:
"თურქეთის კონსულმა კარგად მიგვიღო, თურქულმა ტელეარხებმა აჩვენეს ჩვენი მიღების ამბავი...
აჭარის მთავრობასთან 200 კაცი ვიყავით მისული, წვიმაში ვიდექით, პოლიციელები საქონელივით გვერეკებოდნენ, აქ არ შეიძლება დგომა, იქეთ დადექითო". თურქეთის საკონსულოში ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. როგორც საკონსულოში გვითხრეს: "კონსულის მიერ მოქალაქეების მიღება და ამა თუ იმ საკითხზე საუბარი, ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს შეხვედრაც ამ ფორმატის იყო".
გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თურქეთის კონსულს ყარსის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმართეს გონიოელებმა დასახმარებლად, აქციის მონაწილეები გამორიცხავენ. სამაგიეროდ, გასულ კვირას ყარსის ხელშეკრულებაზე უცხოურ მედიაში დაიწერა.
გამოცემა Eurasia Review-ის რეპორტიორის, მაიკლ ჩეჩირეს წერილში საუბარია "ვიკილიკსის" სკანდალურ ინფორმაციაზე. სტატიაში- "თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ" 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე წერია. სტატიის მიხედვით, "ვიკილიკსის" მიერ გამოქვეყნებული საიდუმლო მიმოწერის თანახმად, ომის დროს, როცა რუსეთის ჯარებმა მსვლელობა დაიწყეს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში, თურქეთის დელეგაციამ მოსკოვში პრეზიდენტ მედვედევს ყარსის ხელშეკრულება შეახსენა და ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ თურქეთის საზღვართან ახლოს 100 კილომეტრის რადიუსში შევიდოდა რუსეთის ჯარი, თურქეთი მას სამხედრო წინააღმდეგობას გაუწევდა.
ავტორი წერს, რომ თუკი "ვიკილიკსის" სახელით გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, "ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთმა საქართველო, განსაკუთრებით კი ავტონომიური აჭარა, რომელზეც თურქეთი ფორმალურად ერთგვარ კონტროლს ინარჩუნებს 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით, თავის რეგიონალურ სისტემაში ჩართო, როგორც მისი ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი".
ხელისუფლება და უმიწო გონიოელებიაჭარის მთავრობის პროტოკოლისა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ბაჩუკი ჩხეიძე აცხადებს, რომ გონიოს მიწების საკითხი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განსახილველი საქმეა: "მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩვენ ვერ ჩავერევით. ამ საკითხზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საკუთრების აღიარების კომისია მუშაობს და მათ კომპეტენციას განეკუთვნება. რაც შეეხება თურქეთის კონსულთან ხალხის ვიზიტს, არ ვიცი, თუ მიიღო ისინი კონსულმა, რაიმე დაჰპირდა, გააკეთა თუ არა რაიმე განცხადება. ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ".
გონიოელებისთვის გაუგებარია, რატომ არ ესმის მათი აჭარის ხელისუფლებას. ისინი ამბობენ, რომ მათ ხელისუფლებიდან მხოლოდ ერთი კაცი, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე, ბადრი ფარტენაძე ესაუბრა და ასე დაამშვიდა: "სააკაშვილი თავის დროზე შეცდა, თქვენ ეგ მიწები რომ მოგცათო".
"ხელვაჩაურის კომისია ყველაფერს იტყუება. ეტყობა, ზევით მფარველები ჰყავს. ფარტენაძე ამბობს, რომ გონიოს ციხესიმაგრე მსოფლიო მნიშვნელობისაა. ეს ასე არ არის. იგი რესპუბლიკური მნიშვნელობისაა. ამასთან, მიწას ყველას უუქმებენ. არც ერთი კაცი არ დარჩა, მიწა რომ არ ჩამოერთვათ. ჩვენ მიწა, როგორც საარსებო წყარო, არ გვრჩება", _ ამბობს გონიოელი ენვერ ირემაძე.
ენვერ ირემაძისა და სხვა გლეხების აზრითაც, მათთვის მიწის ჩამორთმევის მიზეზი გონიოს ქალაქ ბათუმის საზღვრებში მოქცევაა: "საინტერესოა, ეს კანონი მარტო ციხის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილზე რატომ ვრცელდება (ანუ მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც საკუთრების აღიარების კომისიამ გადმოგვცა) და არ ვრცელდება დასავლეთსა და ჩრდილოეთზე".
ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიამ გონიოელებს მიწაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები იმ მოტივით გაუუქმა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის _ გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწები კერძო საკუთრებაში უკანონოდ გაიცა. ენვერ ირემაძის აზრით, ქართული კანონი არა მარტო მიმდებარე ტერიტორიის, არამედ თავად ძეგლის გასხვისების საშუალებასაც კი იძლევა: "კანონი ძეგლიდან 70 მეტრის რადიუსში ითვალისწინებს სპეციალური ხელშეკრულების დადებას ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან. ჩვენ შემთხვევაში კი, რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაც ჩამოართვეს მიწები. თუ არასწორად გაგვიფორმეს მიწა, გლეხები რა შუაში ვართ? თუ საჭიროა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან სპეციალური ხელშეკრულების გაფორმება, ჩვენ მზად ვართ, ახლავე წავიდეთ და გავაფორმოთ".
ირემაძეს მიწა ხელვაჩაურის კომისიამ 2007 წლის დეკემბერში გადასცა საკუთრებაში. მიწის ნაკვეთი გონიოს ციხიდან 250 მეტრის მოშორებით, ბათუმი-სარფის მაგისტრალთან მდებარეობს. ირემაძეს შეჰპირდნენ, რომ იქ სახლის აშენების უფლებას მისცემდნენ: "ყველა სპეციალისტმა და ხელვაჩაურის არქიტექტურის სამსახურმაც მითხრა, რომ სახლს ამაშენებინებდნენ. პროექტი შევიტანე. სახლი რომ ამეშენებინა გონიოში, ბინა გავყიდე. შემდეგ მომწერეს: "კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით უარი გეთქვათ პროექტის დამტკიცებაზეო". ნაკვეთზე შევიტანე ჯიხური, გავალამაზე იქაურობა და დავიწყე ცხოვრება. ახლა ეს მიწაც გამიუქმეს. ღია ცის ქვეშ დავრჩი".
არასამთავრობო ორგანიზაცია "ექსპერტთა კავშირის თავმჯდომარე", თამაზ ცინცაძე აცხადებს, რომ თავის დროზე პრეზიდენტის 525-ე ბრძანებულებით მიწების გადაცემით "ბევრი უკანონობა მოხდა და ბევრმა არასწორად მიიღო მიწა საკუთრებაში. თუმცა კანონს უკუქცევის ძალა არა აქვს და რადგან გადასცეს საკუთრებაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთივე აქტით ჩამორთმევაც შეიძლება. საკუთრების ჩამორთმევის უფლება საქართველოს კანონით, მხოლოდ ექსპროპრიაციის დროს ხდება და ისიც მხოლოდ სასამართლოს წესით".
მიუხედავად იმისა, რომ "ძალიან ბევრს ჩამოართვეს მიწა უკანონოდ და სასამართლოებში სამართალს ვერავინ მიაღწია", გონიოელები საკუთრების უფლებების დარღვევის გამო სასამართლოში ჩივილს მაინც აპირებენ. მათ დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნების საელჩოებსაც უნდა მიმართონ.
გონიო-აფსაროსის არქეოლოგიური ზონა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, 2006 წელს დამტკიცდა. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით (რომელიც 2007 წლის მაისში შევიდა ძალაში), არქეოლოგიური დაცვის ზონაში მიწის ნაკვეთის გასხვისება უნდა განხორციელებულიყო კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობით. ასეთი შეთანხმება თავის დროზე სამინისტროსა და აღიარების კომისიას შორის არ შემდგარა. აქედან გამომდინარე, 2010 წლის 8 ნოემბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გონიოს არქეოლოგიურ ზონაში მიწის ნაკვეთების გასხვისების კანონიერების საკითხი დააყენა. ხელვაჩაურის "მიწის კომისიამ" კი 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ადრე გაცემული საკუთრების მოწმობები ბათილად ცნო.
და ბოლოს, 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების მე-6 მუხლში აჭარასთან მიმართებაში შემდეგი ჩანაწერი არსებობს: "ოსმალეთი თანხმდება დაუთმოს საქართველოს სუვერენიტეტი ბათომის ნავთ-სადგურსა და ქალაქზე და იმ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლში საზღვრის ჩრდილოეთით და რომელიც შედიოდა ბათომის ოლქში იმ პირობით, რომ 1) მოსახლეობა იმ ადგილებისა, რომელიც ნაჩვენებია ამ მუხლში, ისარგებლებს ფართო ადგილობრივი ავტონომიით ადმინისტრატიულის მხრით, რომელიც უზრუნველყოფს თითეული თემის კულტურულ და სარწმუნოებრივ უფლებებს და რომ მოსახლეობას მიეცემა საშუალება დაადგინოს ისეთი საადგილმამულო კანონი, რომელიც ეთანხმება მის სურვილებს".
გაზეთი ”ბათუმელები”