ეკონომიკური თვალსაზრისით, წარმატებები იყო, თუმცა, გადაუჭრელი რჩება ყველაზე მთავარი პრობლემა - სოციალური
საჭიროა საბანკო სექტორის ეფექტურობა და შიშის სინდრომის მოხსნა, რომელიც არსებობს.
- ბატონო ნიკო, როგორ შეაფასებთ 2010 წელს, რა მთავარ მოვლენებს გამოყოფდით?- ეს წელი მაინც მშვიდობიანი იყო და ეს მნიშვნელოვანია. გლობალური გააზრებით, რთული პერიოდია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მსოფლიოსთვის. 2010 წელი სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, გარკვეული მიმართულებებით, ამბიციების დაფიქსირების წელი იყო. საინტერესო იყო რუსულ-ამერიკული ურთიერთობები, გლობალური გადანაწილებებისადმი მისწრაფებები, რაც, ჩემი აზრით, დამახასიათებელია ასეთი კრიზისული პერიოდებისთვის. ბუნებრივია, აქ საქართველოს დიდი და განსაკუთრებული როლის თამაში არ შეუძლია, მაგრამ გარკვეული ადგილი უჭირავს, რადგანაც კავკასია, პრაქტიკულად, ნელ-ნელა ხდება მსოფლიო პოლიტიკური დაპირისპირების ადგილი. ამ მხრივ, 2010 წელი მოსამზადებელი პერიოდივით იყო. ამასთან, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდგომი პერიოდი გრძელდება და ფაქტობრივად, ვერანაირი გარღვევა ვერ ხდება. მეორე მხრივ, საქართველოში გაძლიერდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება, რაც სასიამოვნოა. ამასთან, საოცარი არეულობაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პოლიტიკური კულტურა ჯერ კიდევ სათანადო დონეზე არ გვაქვს. ეკონომიკური თვალსაზრისით, წარმატებები იყო, თუმცა, გადაუჭრელი რჩება ყველაზე მთავარი პრობლემა - სოციალური. ამ კუთხით რაიმე გარღვევას ადგილი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანის ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან რთული გახდა.
- თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ როგორც პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის, ისე ბიზნესში საქმიანობის. ამიტომ, არ შემიძლია არ ვისარგებლო შემთხვევით და არ გკითხოთ აზრი, ერთი მხრივ, მთავრობის საქმიანობაზე 2010 წელს და, მეორეს მხრივ, ბიზნესგარემოზე. მე იმედი მაქვს, რომ მიუხედავად თქვენი ამჟამინდელი ამპლუისა, თქვენ ბიზნესმენი ბრძანდებით, თქვენთვის დამახასიათებელი პირუთვნელობით შეაფასებთ მოვლენებს. დავიწყოთ მთავრობით, რამდენად ეფექტიანად მომუშავე მთავრობა გვყავდა ამ წელს, განსაკუთრებით ეკონომიკურ ბლოკში?- ვთვლი, რომ მთავრობა გარკვეული მიმართულებებით ეფექტურად მუშაობდა. ესაა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ბევრი რამ კეთდება რეგიონებში, რაც თვალსაჩინოდ ჩანს, როცა ჩახვალთ და გაივლით. გაკეთდა გზები, წყალსადენები და ა.შ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეკონომიკური ბლოკის მხრიდან ძალიან ბევრი წინადადება იქნა წარდგენილი პარლამენტში. ვთქვათ, ახალი საგადასახადო კოდექსის სახით, სამინისტროების ოპტიმიზაციის დაწყებით. ამ ინიციატივებს ინტენსიური ხასიათი ჰქონდა. ბევრი რამე გაიოლდა კანონმდებლობის გამარტივებისა და საგადასახადო სამსახურების ეფექტურობის თვალსაზრისით. მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ მთავრობას ბიზნესთან ურთიერთობისას სჭირდება გარკვეული აქცენტების შეცვლა. ფაქტია, ბიზნესი ცოტა შეშინებულ მდგომარეობაშია, რადგანაც ბევრი შემთხვევა იყო, როცა სხვადასხვა კომპანიებს, მათ შორის მსხვილ კომპანიებს, სახელმწიფოსთან მთელი რიგი საკითხების გარკვევა მოუწია. ძირითადად, ეს ეხებოდა საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებულ მრავალ დავას. ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ მოიქცევა ლოიალურად იმ კომპანიების მიმართ, რომლებსაც დამალული გადასახადები აქვთ, მაგრამ არის მეორე შემთხვევაც, რომ ბიზნესთან სახელმწიფოს ურთიერთობა უნდა ჰქონდეს იმგვარად, რომ ბიზნესმენი იყოს მართალი. ნებისმიერი პრობლემის დროს, რომელიც ეხება ბიზნესსტრუქტურასა და სახელმწიფოს დამოკიდებულებას, სახელმწიფო თავის დამოკიდებულებას ყოველთვის უნდა იწყებდეს იმით, რომ ბიზნესი უნდა იყოს მართალი და არა იმით, რომ რაც უფრო მეტ კომპანიას აღმოაჩნდება დავალიანება და აქედან შემოსავალი ექნება, ასე ვერაფერს მივაღწევთ. ჩემი აზრით, ჩვენი ეკონომიკის განვითარების აქცენტები მაინც არ არის დასმული ისე, როგორც საჭიროა. რაც არ უნდა ინფრასტრუქტურული პროექტები ვაკეთოთ, განვავითაროთ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა, ვთქვათ, ტურიზმი, ამას თუ არ დაემატა მრეწველობის ამოქმედება, თუნდაც მცირე საწარმოების სახით, პრობლემა არ გადაწყდება. კვების მრეწველობაში ამოქმედდა რამდენიმე საინტერესო საწარმო, მაგრამ საჭიროა კომპლექსურად განვითარდეს მთელი ინდუსტრია. მაგალითად, ტურიზმი. მას სჭირდება მსუბუქი მრეწველობის განვითარება, სხვადასხვა ქარხნების მშენებლობის სტიმულირება, რადგანაც ტურიზმს ბევრი სფეროს მომსახურება სჭირდება, თეფშიდან დაწყებული კბილის ჯაგრისით დამთავრებული. ჩვენთან სულ ყველაფერი უცხოეთიდან შემოდის. თურქეთში, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურაა, დომინირებს თურქული ნაწარმი. უნდა ჩამოყალიბდეს სტრატეგია, რომ ტურიზმის განვითარებას მიჰყვეს სხვა დანარჩენი მიმართულებების განვითარება. მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განვითარებაც. მგონია, რომ დიდი პრობლემები შეიქმნა სოფლის მეურნეობაში იმის გამო, რომ სუბსიდირება სხვადასხვა დარგების მიმართ არ არის მთლად ზუსტად გამოკვეთილი, ჩამოყალიბებული, აქ დიდი რეზერვებია და საჭიროა, რომ ამას მიექცეს ყურადღება. ზოგჯერ კარგი მუშაობა არ ნიშნავს ეფექტურობას იმიტომ, რომ ეფექტურობა განისაზღვრება სწორად დასმული აქცენტებით. ჩვენ ვვითარდებით ისეთი დარგებით, რომელიც საკმარის სამუშაო ადგილებს ვერ ქმნის. ამჟამად პრიორიტეტულ დარგებს უჭირს ბიუჯეტის შევსება. სუფთა საწარმო უფრო ავსებს ბიუჯეტს, ვიდრე სასტუმრო, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ გზები კეთდება, წესრიგდება ინფრასტრუქტურა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, გადაადგილების საშუალებებს იძლევა ახალი აეროპორტები. ამიტომ სამომავლოდ გასათვალისწინებელი სწორი აქცენტები ეს უფრო დიდ ეფექტს მოგვცემდა.
- ეკონომიკურმა კრიზისმა განსაკუთრებით სამშენებლო სფერო დააზარალა. თქვენ ამ სფეროს კარგად იცნობთ. რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ამ სფეროს კრიზისიდან გამოსაყვანად გადადგმული ნაბიჯები?- ვერ ვიტყვი, რომ ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებით სამშენებლო სფეროს შეეხო, რადგანაც კრიზისი ყველას შეეხო. უბრალოდ, სამშენებლო სფერო ჩანს. როცა ხედავ, რომ დაწყებული მშენებლობები გაჩერებულია, თავისთავად ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ ამ სფეროს კრიზისიდან გამოსაყვანად ძალიან საინტერესოა თბილისის მერიის პროექტი: `ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე~, მაგრამ ესაა ერთი მიმართულება. გლობალურად, სამშენებლო სექტორის ამოქმედებისთვის საჭიროა საბანკო სექტორის გააქტიურება. დღეს საბანკო სექტორმა ეს სფერო საერთოდ ჩაკეტა და ყველანაირი ურთიერთობები დაამთავრა. დავიწყებული იპოთეკური სესხების გაცემაც არსებულ ქონებასთანაა დაკავშირებული და არა განვითარებასთან. თუკი ადამიანმა თავისი პრობლემის გადასაჭრელად იპოთეკური სესხი აიღო, ეს განვითარებას არ უწყობს ხელს. სამშენებლო სექტორთან მიბმულია სხვა ინდუსტრიაც. მაგალითად, ცემენტის, ბეტონის, რკინის ქარხნები. ამიტომაც, ამ სექტორის გაჩერებამ გამოიწვია ბევრი საწარმოს დახურვა, რომლის ჩამოთვლაც ათეულობით შემიძლია. დღეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროს გამოცოცხლება და უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. თუ შეძლებს ხელისუფლებამ საბანკო სფეროს რაღაცნაირად უნდა შეუწყოს ხელი, რათა დაფინანსდეს არსებული პერსპექტიული პროექტები. ამით სამშენებლო სექტორი ამუშავდება. საჭიროა საბანკო სფეროს შემობრუნება და სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ საბანკო სფეროს აწყობდეს ამ სახის პროექტების დაფინანსება.
- რამდენად მისაღებად გეჩვენებათ ლარის დოლართან მიმართებაში გამყარების, უსაფუძვლო და ხელოვნური გამყარების კურსი. ბენდუქიძე - ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ავტორი, ამტკიცებს, რომ ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, რამდენად ასეა ეს, რას უწყობს მყარი ლარი ხელს და რას უშლის?- არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ეროვნული ვალუტის კურსს არ არეგულირებდეს. რეგულაცია საჭიროა, რადგან თუ კურსი არ არის სტაბილური, ბიზნესს ძალიან გაუჭირდება. არსებობს ხელშეკრულებები, შეკვეთები, ერთობლივი ურთიერთობები, რომლებზეც ლარის კურსის მკვეთრი რყევა ცუდ ზეგავლენას ახდენს. ლარის კურსის გამყარებას, ერთის მხრივ, ვემხრობი, მეორეა, შეუწყობს თუ არა ეს ხელს ეკონომიკის ზრდას, ყოველშემთხვევაში, სერიოზულ რყევებს არ გამოიწვევს. იმიტომ, რომ ეკონიმიკის ზრდა სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ამიტომ მხოლოდ ლარის კურსის გამყარება ან გაუფასურება, ეკონომიკის ზრდაზე დიდად არ იმოქმედებს. ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაგრძელდეს და არ უნდა გამოვიდეს გარკვეული ჩარჩოებიდან. რეგულირებაც არ უნდა იყოს ძალიან მკაცრი, რადგანაც მაშინ შეიძლება მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ. ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა არ არის ცუდი, თუმცა ამ საქმეს ყოველდღიური, მაღალკვალიფიციური ზედამხედველობა სჭირდება.
- მთავრობა ამტკიცებს, რომ ჩვენი ინფლაცია საერთაშორისო ინფლაციის შედეგია, ასეთი ტერმინიც შემოიღეს ახლა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ინფლაცია მომავალ წელს გაიზრდება. პრეზიდენტი რომ ამას იტყვის, რომც არ იყოს მოსალოდნელი ინფლაცია, მაინც გაიზრდება. თქვენი აზრით, რა მასშტაბების იქნება ინფლაცია მომავალ წელს და რა უნდა მოიმოქმედოს მთავრობამ მისი შესაძლო უარყოფითი შედეგების მინიმიზებისთვის?- ინფლაცია რაც უფრო დაბალია, მით უფრო უკეთესია. საერთოდ, 5-%-იან ფარგლებში ინფლაცია მისაღებია და მთავრობა უნდა ეცადოს, რომ ამ ფარგლებში იმოქმედოს. ინფლაციის ზრდა არ არის კარგი მოვლენა, რაც არ უნდა საერთაშორისო მასშტაბებთან გვქონდეს საქმე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ინფლაცია იყოს დაბალი, თუმცა, რა მასშტაბების იქნება ინფლაცია, ეს დამოკიდებულია მთავრობის ქმედებაზე.
- ახლა მთელი აქცენტი ტურისტულ ინდუსტრიაზეა გადატანილი და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე. მთელი უცხოური დახმარებები შემცირებული სესხები და ინვესტიციები ამ სფეროსკენ არის მიმართული, ხალხი კი ქვეყნიდან უწყვეტ ნაკადად გაედინება. არის ასეთი ეკონომიკური კურსი გადარჩენის გზა?- ტურიზმი ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. ის, რაც კეთდება მისასალმებელია, იგივე სვანეთის რეგიონის, სანაპირო ზოლის განვითარება და თუ ამას დაემატება იმ დარგების მხარდაჭერა, რაც ტურიზმს ემსახურება, იქნება ძალიან ეფექტური. სამრეწველო ინდუსტრიის ამოქმედებას პარალელურად ხელისუფლების მხრიდან სერიოზული დახმარება სჭირდება. ასეთ განვითარებას მხარს ვუჭერ, რადგანაც ეს არის სამუშაო ადგილების შექმნის საშუალება, რაც ხალხის გადინებას შეაჩერებს. თუკი ადამიანს სამუშაო აქვს, ლოგიკურად, ის არ წავა ქვეყნიდან.
- შვიდი წელი ეს ხელისუფლება ბიუჯეტში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლების ხელფასს დებდა. ახლა დაიწყო ინტენსიური ლაპარაკი მარცვლეული კულტურების მოყვანაზე, ბურების ჩამოსახლებაზე და ა.შ. დაგვიანებული ხომ არ არის ეს? სოფელი ფაქტობრივად მიზანმიმართულად ხომ არ ჩანაგდება, რომ სოფლის მოსახლეობამ მიატოვოს თავიანთი საცხოვრებელი და შემდეგ გამოთავისუფლებული მიწები უცხოელებს, ვთქვათ, არაბებს და სხვებს მიჰყიდონ?- საერთოდ, ჩამოსახლების მიმართ დადებითი დამოკიდებულება არ მაქვს, ვინც გინდა ის იყოს. ჯერ ჩვენი მოსახლეობა გვყავს მისახედი და ჩვენ გვაქვს ისეთი რეგიონები, სადაც ჩვენებს უნდა დახმარება და შემდეგ ისინი გააკეთებენ იმას, რაც საჭიროა. შემდგომ, შეიძლება დავუშვათ ჩამოსახლებები, რადგანაც დღეს მსოფლიო ღიაა და თავისით განავითარებს ყველაფერს. ბუნებრივია, მარცვლეული კულტურებისთვის ხელის შეწყობა სწორია და ასეც უნდა მოხდეს. ჩვენ ციტრუსოვანი, ჩაის კულტურის, მეღვინეობის ქვეყანა ვართ, რასაც მხარდაჭერა სჭირდება. ის, რაც ახლა კეთდება, ძალიან კარგია, მაგრამ განვითარება სტრატეგიულად არის საჭირო. კატეგორიულად არასწორად მიმაჩნია, როდესაც ამბობენ, რომ სუბსიდიას მივცემთ იმას, ვისაც აქვს 5 ჰექტარზე ნაკლები მიწა. საფრანგეთმა და იტალიამ თავის დროზე ათეული წლები მოანდომეს მეურნეობების გადიდებას, ჩვენ კი ასეთი პოლიტიკით მეურნეობის დაწვრილმანების გზით მივდივართ. ვთქვათ, თუკი 15 ჰექტარი მიწა გამაჩნია და ამ ტერიტორიაზე მოყვანილ ყურძენს ვერაფერს მოვუხერხებ, არავინ ჩაიბარებს, რაში მჭირდება. ამას მირჩევნია გავყიდო სამ-სამ ჰექტრად, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, თავად მოსავალი კარგი არ იქნება. დანაწილებულ მოსავალს დანაწილებული მოვლა-პატრონობა აქვს. ქართული ღვინო და ვენახი ეს არის საფრანგეთის, იტალიისა და ასეთი დიდი მეღვინეობის ქვეყანა და პატარ-პატარა მეურნეობებით ვერასდროს მოიყვან კარგ მოსავალს, არ გამოვა. უნდა ვეცადოთ, რომ მოხდეს გამსხვილება, გლეხები გაერთიანდნენ, იყოს დიდი ტერიტორიები. ჩვენთან ერთი მიმართულებით განვითარება არ გამოვა, რადგანაც ქვეყანა დიდი რესურსის მატარებელია. ერთი მიმართულებით განვითარება საბჭოეთში იყო, სადაც უკრაინაში დაწინაურებული იყო მარცვლეულის მოყვანა, საქართველოში მეხილეობა და მეჩაიეობა. საქართველოს ბუნება უნიკალურია, რადგანაც ჩვენთან ეს თავისთავადაა განაწილებული. მაგალითად, სიმინდი გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, სხვაგან კიდევ სხვა კულტურაა. ჩვენი რეგიონალური ტრადიციებისა და შესაძლებლობების განვითარება უნდა ხდებოდეს იმის მიხედვით, რაც ადგილზეა. სოფლის მოსახლეობა მიატოვებს საკუთარ სახლებს რამდენიმე ფაქტორის გამო: მას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ბავშვმა ისწავლოს ნორმალურ სკოლაში, ოჯახს ჰქონდეს რაღაცა შემოსავალი, თუ მან სოფლის მეურნეობა ვერ განავითარა, ბუნებრივია, სხვა გზის მოძებნას დაადგება. უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს სკოლების ოპტიმიზაციასთან. მიმაჩნია, რომ ძალიან მაღალმთიან რაიონში, სოფელში, ერთი ბავშვიც რომ იყოს, მასწავლებელი უნდა მივიყვანოთ, რომ ის ერთი ოჯახიც არ წამოვიდეს. ჩვენთან ისეთი სისტემა გაკეთდა, რომ ბავშვს სკოლამდე 20 კილომეტრი უწევს ფეხით გავლა. შვეიცარიას ვედრებით, იქ ბავშვებს ავტობუსი ემსახურება და ამას განათლების სისტემა უზრუნველყოფს. როდესაც ამას ვეღარ წვდება ოჯახები, ბუნებრივია, ჩამოვიდნენ ბარად. სოფლისთვის ერთი ადამიანის დაკლებაც დანაშაულია. ის, რომ სოფელში გზები კეთდება და ინფრასტრუქტურა, ეს მაინც ვერ დააკავებს ადამიანს. თუ მშიერი ხარ, კარგი გზა ვერ გიშველის. გლეხის მეურნეობისადმი მიდგომაა შესაცვლელი. ცალმხრივი განვითარება, მე მგონია, არაფერს მოიტანს.
- ბიზნესგარემოს შესახებ რეიტინგებში მაღალი ადგილები გვიჭირავს, ავტორიტეტული ჟურნალის "ეკონომისტის" დემოკრატიის რეიტინგში 103-ე. როგორ შეაფასებთ ბიზნეს-გარემოს საქართველოში, რა მახასიათებლებს გამოყობთ დადებითი და უარყოფითი კუთხით?- საქართველოში ბიზნესის გაკეთება ადვილად შეიძლება და ამას არ სჭირდება ბევრი საბუთი. სახელმწიფოსთან ურთიერთობაშიც ბევრი რაღაც მოწესრიგდა, მაგრამ როცა ბიზნესს იწყებ, გაფორმდები, ჩამოყალიბდები, საწყისი მდგომარეობიდან მომუშავე მდგომარეობაში გადასვლა უკვე პრობლემებთან არის დაკავშირებული. ავიღოთ, საბანკო სექტორის აქტიურობა. ადამიანი, რომელიც იწყებს საქმიანობას, აქვს იდეა, მას სჭირდება საწყისი კაპიტალი, მაგრამ საწყისი ფული რომ მოიპოვო, ამისთვის საჭიროა დიდი ქონება, რომელიც რომ გქონდეს, ბანკი სულ არ დაგჭირდება. ეს ურთიერთობა ლაბირინთივითაა, შეხვალ და მიადგები კედელს, წინ ვეღარ მიდიხარ და უკან უნდა დაბრუნდე. ამიტომაც საჭიროა საბანკო სექტორის ეფექტურობა და შიშის სინდრომის მოხსნა, რომელიც არსებობს. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ ინვესტორზე, მოლოდინით ვუყურებთ მას, ისიც ითქვა, რატომ ქართველი ინვესტორები არ არიან აქტიურები. ვერ გეტყვით, რომ საქართველოში არიან ისეთი კომპანიები, რომლებსაც დიდი პროექტების განხორციელება შეუძლიათ. ჯერ ამისი ხელშეწყობა უნდა მოხდეს. ჩვენთან ძირითადად შემოდიან ისეთი ქვეყნის ინვესტორები, რომლებიც დიდად არ არიან განსაკუთრებული ბიზნესით აღჭურვილები. აღსანიშნავია, რომ ვიდრე აგვისტოს ომი მოხდებოდა, ინვესტორების და ბიზნესის სერიოზული აქტიურობა იყო. იმედი მაქვს, რომ შენელებული ტემპი გადაილახება და 2011 წელი ამ მხრივ გარდამტეხი იქნება.
- რას იტყვით ქართველი ბიზნესმენის ფენომენზე, რატომ ვერ იცავენ ისინი თავიანთ უფლებებს, რატომ არის ამდენი ქიშპი და დაპირისპირება მათ შორის, ხომ არ არის ეს არაკონკურენტული ბიზნესგარემოს შედეგი, ხომ არ დათრგუნა ბიზნესმენების პიროვნება ხელისუფლების დგომამ კანონზე მაღლა?- ჩვენთან რეალური ბიზნესგაერთენებები აღარ არსებობს. დიდ შეცდომად მიმაჩნია, როდესაც საქართველოს გადამხდელთა კავშირი თავის დროზე გადააკეთეს ბიზნესმენთა ფედერაციად, რომელიც გადაიქცა ელიტარულ, 20-30 კომპანიის ადგილად და ძალიან დიდი საზოგადოება დარჩა გაერთიანებისა და ურთიერთობის გარეშე. ადრე იყო რაიონული, რეგიონული ორგანიზაციები, გადამხდელთა კავშირი კი ევროპის ასოციაციის წევრი იყო, ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა, მას ევროსაბჭო აფინანსებდა. მისმა გაუქმებამ დააქცია ყველაფერი. ახლა არის რაღაც ბიზნეს-ასოციაციები, მაგრამ ამ ასოციაციებში ეს ყველაფერი არის გაფანტული და ერთმანეთთან კავშირისა და იმედის მომენტი მოიშალა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენადაა მათ შორის ქიშპი და დაპირისპირება, არ ვიცი, მაგრამ კონკურენცია, რომ არის, ფაქტია. მეორე საკითხი – უნდა მოიხსნას ბიზნესის შიშის სინდრომი, რაც შესაძლებელია, თუკი სახელმწიფო ეცდება ბიზნესმენს, ბიზნესს კომპანიებს დაუდგეს გვერდით და მისცეს საშუალება თავისუფლად იგრძნონ თავი.
- კორუფცია შევარდნაძის ხელისუფლებაში და კორუფცია დღევანდელ ხელისუფლებაში, მასშტაბებით განსხვავდება თუ არა ეს ორი ფენომენი?- ადრე ეს ყველაფერი იყო ისეთ დონეზე, როდესაც ყოველდღიურად ეხებოდა ადამიანი, ქუჩაში თუ სტრუქტურასთან ურთიერთობაში, ყოველდღიური ფენომენი იყო. ბუნებრივია, ის, რაც იყო, დღეს აღარ არის. რომელ ეშელონში რა არის, მიჭირს თქმა. ყოველ შემთხვევაში, პოლიციაში, რეესტრებში, საგადასახადო სტრუქტურებთან კორუფცია ძალიან შემცირებულია და შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად არ არის.
- ნაციონალური ხელისუფლება ამერიკელების მხარდაჭერით ახალ ქართულ ელიტას ქმნის, რომელიც 80-90-იანი წლების ელიტისგან არსებითად არაფრით განსხვავდება, კლანური ეკონომიკა, განაწილებული გავლენის სფეროები, კორუფცია, კანონის საკუთარ ინტერესებზე მორგება. ძველი გამოცდილი და ამავე დროს პატიოსანი ხალხი 40 წლიდან ზევით გაყრილია სარბიელიდან. რატომ არ ამოიღებთ ხმას, თუნდაც თქვენ პირადად, განა შეიძლება მცირერიცხოვანი ქვეყნის მოსახლეობის ინტელექტუალური პოტენციალის განზრახ შემცირება?- მე რატომ უნდა ამომეღო ხმა. ამოეღოთ პოლიტიკოსებს. მე აღარ ვარ პოლიტიკაში და სიმართლე გითხრათ, არც მცალია მაგისთვის. რასაც ბრძანებთ, საჯარო პოლიტიკის საკითხია. სახელმწიფო უნდა ეცადოს, რომ სერიოზულად და კარგად გამოიყენოს იმ ხალხის პოტენციალი, რომელსაც აქვს რაღაც გამოცდილება. ხაზის გავლება, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოსთვის კარგი შედეგები მოიტანოს. ამასთან, მარტო სახელმწიფოს მხრიდან არის განცალკევება? ბიზნესში არ არის? აბა, მივიდეს 40 თუ 50 წლის ადამიანი ბანკში, თუ შეარჩევენ?! ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს პრობლემა. ესაა გლობალურად და ყველაფერში ასეა. თვითონ ბიზნესი გაახალგაზრდავდა და ახალგაზრდა ბიზნესმენებს მიაჩნიათ, რომ უფროსი ასაკი არ უნდა იყოს, რაც, ჩემი აზრით, არასწორია. არის დარგები, მაგალითად, საინჟინრო კადრები და როცა ამ კადრების არქონაზეა საუბარი, ისინი, ძირითადად, ასაკოვანი ადამიანები არიან. ჩვენს პარლამენტში არ არიან ხანშიშესული ადამიანები, მაგრამ თუ გადავხედავთ რომელიმე ქვეყნის პარლამენტს, იქ საკმაოდ გამოცდილი ხალხია წარმოდგენილი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევანის დონეზეც კი რატომ არ შეიძლება ასაკოვანი ხალხის წარდგენა? აღარ არიან ნუთუ ბრძენი, ჭკვიანი ადამიანები? ესეც პრობლემაა.
- ბატონო ნიკო, თქვენ პატივისმცემელი გყავთ, თქვენ ნაღდი თბილისელი ბრძანდებით, ხალხს უყვარხართ თქვენს მშობლიურ კუთხეში - რაჭაში. ბევრი მოგისაკლისებთ პოლიტიკაში, ხომ არ აპირებთ პოლიტიკაში დაბრუნებას?- ამ წუთში გიპასუხებთ, რომ არა. გამიცრუვდა და შემიმცირდა პოლიტიკისადმი ლტოლვა. როცა ვუყურებ ამ სიტუაციას, მე აზრს ვერ ვხედავ. რა იქნება ხვალ და ზეგ, არ ვიცი. მთავარია ჯანმრთელობა.
- რა განწყობით ხვდებით თქვენ, თქვენი მეუღლე და მრავალრიცხოვანი ოჯახი ახალ წელს. თქვენს მეუღლეს, ქალბატონ მელანო ტორონჯაძეს, საზოგადოება იცნობს, როგორც ღირსეულ ქალბატონს, რას საქმიანობენ თქვენი ქალიშვილები და სიძეები, რამდენი შვილიშვილი გყავთ, რას უსურვებთ მათ და სრულიად საქართველოს დამდეგ 2011 წელს?- ჩვენ ხუთი შვილიშვილი გვყავს, მეხუთე ახლა შეგვეძინა. ჩემი შვილები და სიძეები სხვადასხვა სფეროებში საქმიანობენ, ჩემი მეუღლეც მუშაობს. ახალ წელს ყველა იმედით ხვდება, რომ უკეთესობა იქნება ყველა თვალსაზრისით. ვუსურვებ საქართველოს, რომ 2011 წელი ყოფილიყოს მშვიდობის, ყველა ოჯახს ეპოვოს თავისი ადგილი, აუცილებელია ადამიანს ჰქონდეს ბედნიერების შეგრძნება. ყველა დასაქმებულიყოს და ყველას მიეღწიოს თავისი ოცნებისთვის. ამ წელს ვუსურვებ საქართველოს, რომ ერთი მძლავრი ნაბიჯი გადაედგას გაერთიანებისკენ.
- გმადლობთარჩილ კაიკაციშვილი