
ქართულ მედიას ახალი გამოცემა – ჟურნალი "ექსკლუზივი” შეემატა, რომლის მიზანიც ქვეყანაში მოქმედი ბრენდ-კომპანიების საქმიანობის გაშუქება და კომპანიების ფასდაკლების ბარათების წარმოდგენაა. “City Club”-ში ჟურნალის პრეზენტაციას ქართული მედიისა და ,,ექსკლუზივის“ პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჟურნალი კომპანია ,,პრომოუთერმა” წარმოადგინა. გამოცემა თავდაპირველად თბილისში გაიყიდება, მომავალში კი საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოიცავს.
ჟურნალისის სარედაქციო კოლეგიის შეფასებით, “ექსკლუზივი” ნოვაციური ჟურნალია, რომელიც მკითხველს საქართველოში არსებული წამყვანი ბრენდების შესახებ ინფორმაციას გააცნობს. ჟურნალში უკვე განთავსებულია სხვადასხვა კომპანიის ფასდაკლების ბარათები, რომლითაც შეუძლია მომხმარებელმა ისარგებლოს. პირველ ნომერში მხოლოდ 40 კომპანიის ფასდაკლების ბარათია, შემდეგ ნომერში კი, როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მინიმუმ 100 ფასდაკლების ბარათი იქნება.
დღესვე ჟურნალისტებს შორის გათამაშებაც გაიმართა და გამოვლინდა ,,ექსკლუზივის” საუკეთესო დევიზის ავტორი. გამარჯვებული გაზეთ ,,კვირის პალიტრის” ჟურნალისტი ეკა ლომიძე გახდა, რომელიც ,,ექსკლუზივის” პარტნიორი კომპანია MMLM TECHNOLOGY-მ დაასაჩუქრა. დასაჩუქრდნენ, ასევე პრეზენტაციაზე მყოფი სხვა ჟურნალისტები, რომლებსაც ჟურნალის პარტნიორი კომპანიებისგან ფასდაკლების ბარათები გადაეცათ.
ჟურნალი ყოველთვიურად გამოვა და მისი ფასი 3 ლარი იქნება.
არჩილ კაიკაციშვილი