
ტაქსების მძღოლებს ერთწლიან 1300 ლარიან ლიცენზიას სთხოვენ. თუ ისინი ლიცენზიას არ შეიძენენ, ახალი წლიდან სამუშაოდ არ დაიშვებიან. ეს, ბუნებრივია, სერიოზული ფინანსური დარტყმაა იმ მძღოლებისთვის, რომელთა ოჯახებსაც სხვა შემოსავალი არ აქვთ და ყოველდღიურად ნაშოვნი 10-20 ლარით სულდგმულობენ.
იმათ რაოდენობას, ვინც "ტაქსაობს", ზუსტად ვერავინ გეტყვით. ეჭვგარეშეა, რომ ისინი თავიანთი ოჯახების ძირითადად ერთადერთი მარჩენალნი არიან. ოჯახის წევრებთან ერთად, ეს დრაკონული ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ხელისუფლება გეგმავს, მრავალ ათას ადამიანს შეეხება. დაკვირვებული თვალი იოლად შეამჩნევს, რომ "სატაქსაოდ" გამოსული მანქანების უმეტესობა ძველი და ამორტიზებულია. ხშირად ტაქსისტებს დღიური შემოსავალი მანქანის აუცილებელ, სიძველის გამო ხშირ რემონტსა და საწვავშიც კი არ ჰყოფნით. მათი უმრავლესობა იძულებული გახდება მანქანა გააჩეროს და აღარ იმუშაოს.
მძღოლების მდგომარეობა ისედაც რთულდება, რადგან საწვავზე ფასი გაიზარდა და, როგორც ვარაუდობენ, კიდევ უფრო გაიზრდება. ეს, თავისთავად, გამოიწვევს იმათი რიცხვის მნიშვნელოვან კლებას, ვისაც ტაქსით მგზავრობის საშუალება ექნება. თუ ამას ლიცენზიის პრობლემასაც დავუმატებთ, ცხადი გახდება ჩვენს თანამოქალაქეთა ამ საკმაოდ მრავალრიცხოვანი ფენის არასახარბიელო პერსპექტივა.
მერიისა და საკრებულოს კულუარებში საუბრობენ მავანთა კიდევ უფრო შორსმიმავალ გეგმებზე. არ არის გამორიცხული სტანდარტების შემოღება კერძო ტაქსის სტატუსით მომუშავე მანქანებისთვის. საუბარია ეგრეთწოდებულ "ევროსტანდარტზე", რომელსაც იმათი მანქანების 80% ვერ დააკმაყოფილებს, ვინც დღეს თბილისში "ტაქსაობს". ზოგიერთები ხელისუფლებასთან ახლოს მყოფი ბიზნეს-კლანების ინტერესებზე მიუთითებენ, რომლებიც ახალი მანქანების შემოყვანას და ამ ბიზნესის მთლიანად ხელში ჩაგდებას აპირებენ. აქა-იქ გაიგონებთ საუბარს ყველა ლიცენზირებული მანქანა-ტაქსის ერთ ფერში გადაღებვაზე, გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმის დაწესებაზე და სხვა წინაღობების ოფიციალურად დაკანონებაზე, რაც, საბლოო ჯამში, გამოიწვევს დღეს მოტაქსავე მანქანების გაყრას თბილისის ქუჩებიდან და მოედნებიდან. სამარშრუტო ტაქსების რეფორმა და მისი მიმდინარეობა ამ ვერსიის რეალურობის საკმაოდ მყარი არგუმენტია.
თემურ შანყულაშვილი